რა კარგად გამოიყურები :)

რატომღაც მომინდა, რომ დამეწერა იმ დღეებზე, როდესაც კარგად გამოიყურები. ამას ყველა აღნიშნავს და პირველ რიგში შენ ამჩნევ, როდესაც დილით იღვიძებ, სარკეში იხედები და, ვუალა: შენი კანი და თმა თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია.

skin

პირველი არ ვარ ვინც ამას ამბობს, მაგრამ ჩემი თავიც და ბევრი სხვაც მაკიაჟის გარეშე ბევრად უფრო მომწონს, თუმცა ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად ვახერხებ ტონალურის გარეშე გარეთ გასვლას.

ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, უძილობაა. ახლა რომ ღამის 4 საათია ზუსტად იმას ნიშნავს, რომ დილით იდეალური კანით ვერც ერთ ვარიანტში ვერ გავიღვიძებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვალების უპეები მექნება ჩაშავებული და მომიწევს კონსილერით გავიღიავო.

ყოველდღე ვპირდები ჩემს თავს, რომ ადრე დავიძინებ, მაგრამ სანამ უკიდურესად არ დავიღლები, ამას ვერ ვახერხებ. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვცადო და ამ ყველაფერს ერთგვარი ჩელენჯის ფორმა მივცე. წლების განმავლობაში წაკითხული და გაგონილი რჩევებიდან 3 მაინც რომ გავითვალისწინო, იქნებ შედეგიც დავინახო და წლების შემდეგ ჩემს შვილიშვილებს “სილამაზის საიდუმლო” გავანდო.

ცოტა ხნით დავივიწყოთ  თავის მოვლის ძვირადღირებული საშუალებები, ხილ-ბოსტნეულისგან სახლში დამზადებული ნიღბები და ვიზიტები კოსმეტოლოგთან. ალბათ, ეს ყველაფერი ვერაფერს გიშველის თუ ძირითად რუტინას არ ასრულებ:

  1. გძინავს 7-8 საათი მაინც და ისიც თავის დროულად – ახლა რომ დავიძინო და შუადღისას გავიღვიძო, ალბათ, არ ჩაითვლება. იდეალური დრო 12-დან დილის 8-მდეა.
  2. სვამ საკმარისი რაოდენობის წყალს – ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავ საკუთარ თავს. დღის განმავლობაში 2,5 ლიტრს მაინც ვიღებ, თუმცა მაინტერესებს, იქნებ ონკანის წყალი სულაც არ ითვლება?
  3. არ ეწევი – No comment.
  4. ერიდები ულტრაიისფერ სხივებს – სოლარიუმში არასოდეს ვყოფილვარ. მზეს რაც შეეხება, მგონი, პირიქით, მისი ნაკლებობა მაქვს. ზამთარში განსაკუთრებით, თითქმის მთელ დღეს indoor ვატარებ. თუმცა, უცოდველი ნამდვილად არ ვარ – ზაფხულობით გასარუჯად არანაირ დამცავს არ ვიყენებ და SPF-ის შესახებ საერთოდ 2 თვის წინ გავიგე.
  5. მაკიაჟს ყოველთვის იშორებ სახიდან – ნამდვილად ასეა! როგორც კბილების გამოხეხვის გარეშე ვერ დავიძინებ, ასევე მაკიაჟით ვერ ჩავწვები საწოლში.

ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ჩემი გამოწვევა მომდევნო 10 დღის განმავლობაში. შედეგს აუცილებლად გაგიზიარებთ და დამატებით რჩევებსაც სიამოვნებით მოვისმენ. იქნებ მე რაიმე გამომრჩა?

 

 

Advertisements

Updates

უკვე იმდენი თვე გავიდა ჩემი უკანასკნელი პოსტიდან, აღარც ვიცი რა უნდა მოვყვე. ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და, რეალურად რომ გესაუბრებოდეთ, ალბათ, რამდენიმე საათს გაუჩერებლად ვილაპარაკებდი (ეს, როგორც წესი, არ მახასიათებს, მაგრამ მაინც).

liv

ბოლოს სად გავჩერდით? დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე და დღემდე ასეა. ნახევარი წელი გავატარე ჩემს პატარა, მყუდრო ბინაში. უფრო სწორად, საძინებელში :) ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, სახლში ძალიან გვიან მოვდივარ ხოლმე, თუმცა ეს დრო მაინც იმდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ აქაურობა ძალიან შემიყვარდა.

რა იცვლება? ბოლომდე მეც არ ვიცი რატომ, თუმცა გადავწყვიტე ახალ ბინაში გადასვლა და მეგობართან ერთად ცხოვრება. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია, რომლამდეც სულ რაღაც 1 თვე მაშორებს. Flatmate-ები აქამდეც მყოლია და თანაც 5! მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ EVS მხოლოდ რეპეტიცია იყო დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის. მაშინ არ მიწევდა კომუნალურებზე, დოლარის ვალუტაზე და ასეთ რამეებზე ფიქრი. დღეს კი უკვე ვიცი, თუ შემთხვევით დენის ფულის გადახდა დამავიწყდა, სახლში მოსულს თავის მოწესრიგება სანთლის შუქზე მომიწევს. (დიახ, ეს ერთხელ მოხდა და, სხვათა შორის, იმ ღამეს ადრე დავიძინე : )

სხვა რა ხდება? ამ ექვსთვიან მონაკვეთში ახალი და, შეიძლება ითქვას, საოცნებო სამსახური დავიწყე. შარშან ამ დროს გადავწყვიტე, რომ მარკეტინგულ სააგენტოში მინდოდა მუშაობა. ცდა ჯინჯერსიდან დავიწყე, თუმცა მოგვიანებით რედბერიში გადავინაცვლე და უბრალოდ შეყვარებული ვარ მასზე!

რამეს ხომ არ დაამატებდით? კი! სულ რამდენიმე დღეა დავბრუნდი მოგზაურობიდან, რომლის მთავარი მიზანიც ნიქ ქეივის კონცერტზე დასწრება იყო. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ სასწაულს, რაც ვარშავაში 24 ოქტომბერს მოხდა. ჩემი საყვარელი მომღერალი თავის ჯგუფთან ერთად კიდევ უფრო შემიყვარდა.

ასეთი ამბებია ჩემკენ, თქვენ როგორ ხართ?

5 რჩევა მათ, ვისაც ბინის ქირაობა სურს

უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ჩემს პატარა, მყუდრო ბინაში დავსახლდი, თუმცა ამის შესახებ უფრო ვრცლად სხვა პოსტში მოგიყვებით. აქ კი გაგიზიარებთ გამოცდილებას, რაც ბინის ძებნის, შერჩევისა და ქირაობის პროცესს უკავშირდება.

ჰომმ

  1. სანამ ძებნას დაიწყებთ, პირველ რიგში, თქვენთვის წარმოიდგინეთ იდეალური ვარიანტი, სადაც აუცილებლად გაითვალისწინებთ ადგილმდებარეობას, ფასს, ფართს, მდგომარეობას და სხვა დეტალებს. მაგალითად, მე, ვეძებდი:
  • ერთ ან ოთახნახევრიან ბინას
  • საბურთალო-ვერა-ვაკეს მიდამოებში
  • მაქსიმალური ბიუჯეტი – 500 ლარი
  • სუფთა, თუნდაც ძველი რემონტი
  • მაღალი სართული/აივანი – სასურველი იყო
  • ტრანსპორტი – ქირა საგრძნობლად დაეტყობა თქვენს ჯიბეს, ამიტომ თუ აქამდე სულ ტაქსით სარგებლობდით, დროა გაარკვიოთ რა ნომერი ავტობუსი მიდის თქვენი ახალი ბინიდან სამსახურისკენ :)

ეს მონაცემები ძალიან დამეხმარა განცხადებების გაფილტვრაში და საბოლოოდ არც ისე ბევრი ბინიდან მომიწია ამორჩევა, რადგან ამ ფასად ამ უბნებში ძალიან ცოტა თუ აქირავებდა.

2. ნუ გადადებთ ბინის ნახვას – ძებნის პროცესში აღმოჩნდა, რომ განცხადებების უმეტესობა სააგენტოების განთავსებულია და მათთან ურთიერთობა არც ისე კომფორტულია. მაგალითად, ერთი და იგივე ბინის განცხადება, 2-3 საიტზე სხვადასხვა სააგენტოს ედო და რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ სანამ მე ერთს დროზე ვუთანხმდებოდი, მეორემ უკვე გააქირავა. ასე რომ, შეეცადეთ მაშინვე წახვიდეთ ბინის სანახავად და, თუ ძალიან მოგეწონებათ, ბევრიც არ იყოყმანოთ – როგორც ჩანს, გასაქირავებელ და, თანაც, შედარებით იაფიან ბინებზე დიდი მოთხოვნაა.

3. გაიკითხეთ ნაცნობებში – პირადად მე, ბინა საბოლოოდ მაინც განცხადების და მაკლერის საშუალებით ვიპოვე, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირდაპირ მეპატრონესთან კონტაქტზე გასვლა გაცილებით გაგიმარტივებთ საქმეს. ორკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, facebook-ზე სტატუსი გამოვაქვეყნე და რამდენიმე ვარიანტი მაშინვე გამოჩნდა, თუმცა ზოგის ფასი არ მაწყობდა და ზოგის ადგილმდებარეობა – ვინ იცის, იქნებ თქვენ უფრო გაგიმართლოთ?

4. ბინის სანახავად მარტო ნუ წახვალთ – მართალია, მარტო ცხოვრებას აპირებთ, თუმცა სასურველია, თუ სანახავად თან მეგობარს ან ოჯახის წევრს გაიყოლებთ. მით უმეტეს, თუ პირველად ქირაობთ ბინას. შეარჩიეთ ისეთი ადამიანი, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. იმავეს გირჩევთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეპატრონეს ბეს ან მთლიან თანხას ხელზე გადასცემთ.

5. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს – ბინა, რომელიც ვიქირავე 100%-ით ემთხვეოდა ჩემს თავდაპირველ, სასურველ ვარიანტს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არის დეტალები, რომლებსაც ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება.

მაგალითად, აზრადაც კი არ მომსვლია შემემოწმებინა მუშაობდა თუ არა სარეცხი მანქანა, იკეტებოდა თუ არა აივნის კარი და ა.შ. ეს ხარვეზები მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინე, რაც საცხოვრებლად გადმოვედი.

თუმცა ძალიან კარგი მფლობელი შემხვდა – მაგალითად, როცა ბინის ქირაობიდან 2 კვირის შემდეგ ვუთხარი, რომ სარეცხ მანქანას ვერ ვრთავდი, ეჭვიც კი არ შეპარვია ჩემს სიტყვებში, ისე გამომიგზავნა ხელოსანი. ასევე, თავიდანვე თვითონ გამაფრთხილა უცნაური “შტეფსელების” შესახებ, რომელთაც გადამყვანი სჭირდება, თორემ მე ტელეფონის დაჯდომამდე არც კი გამახსენდებოდა ამის შემოწმება :)

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი რჩევები.

თუ უკვე გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით, აუცილებლად გამიზიარეთ. დარწმუნებული ვარ, რაღაც გამომრჩა :)

ჩემთვითონ

პატარა რომ ვიყავი ამ სიტყვას თურმე ხშირად ვიყენებდი ხოლმე. ფაქტია, ძალიან მომწონდა ყველაფრის “ჩემთვითონ” კეთება. არის რაღაც თვისებები, რაც ბავშვებს კოჭებშივე ეტყობათ და ჩემს შემთხვევაში ეს თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვა იყო.

pippi

ზუსტად ამიტომ გახდა პეპი ჩემი საყვარელი პერსონაჟი – პატარა, მაგრამ ძლიერი და დამოუკიდებელი გოგონა, რომელიც მარტო ცხოვრობდა და ნებისმიერ გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, კიდევ უფრო ბევრი წიგნიც წავიკითხე, მაგრამ პეპი გრძელიწინდა დღემდე რჩება იმ პერსონაჟად, რომელთანაც თავს ვაიგივებ (ოღონდ ბესო ჩუბინიძეს არ უთხრათ).

ახლა კი მთავარი ამბავი: უკვე თითქმის 1 თვეა, რაც ბინა ვიქირავე და საცხოვრებლად გადავედი. ამაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ბლოგზეც არაერთხელ დამიწერია და, როგორც იქნა, 25 წლის ასაკში I did it !

სწორედ ამიტომ, ვამატებ ახალ კატეგორიას ამავე სათაურით “ჩემთვითონ”, სადაც შევეცდები აქტიურად გაგიზიაროთ გამოცდილება მარტო ცხოვრების შესახებ.

 

ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი

ნანახი გაქვთ ეს ფილმი? მე არა.

სათაური გამახსენდა უბრალოდ, იმიტომ რომ მოლოდინზე მომინდა დაწერა. მოკლედ, აი ისეთ მოლოდინზე, რაღაც დიიიდი ცვლილება რომ კარს მოგდგომია, მაგრამ ჯერ ბოლომდე გაცხადებულიც არ არის, ერთი სული გაქვს როდის ამოთქვამ და მოსდებ ქვეყანას, მაგრამ ცოტაც უნდა მოითმინო და ხარ ასე გარინდული, როგორც ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი :)

 

comfortably.

Hello!

Is there anybody in there?

Just nod if you can hear me.

Is there anyone at home?

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბლოგზე წერა ძალიან მომენატრა და სამუშაო დროიდან ნახევარი საათის მოპარვა გადავწყვიტე.

ბოლოს რომ შევხვდით ნოემბერი იყო და “უკანასკნელი ფოთლის” ჩამოვარდნას ველოდებოდი, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

change

Life has been treating me quite well lately. ან პირიქით – მე შევხედე ცხოვრებას სხვა მხრიდან. ჰო, ჰო, ასეა!

დოდკამ დაწერა რამდენიმე კვირის წინ პოსტი ახალ ბლოგზე “Fail Fast” და ტრადააამ! ყველაფერი განათდა: პროექტი, რომლის წამოწყებასაც მე და ნუცა ვაპირებდით და რომლის ჩაშლაზეც დაახლოებით ისე ვინერვიულე, როგორც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი განშორების ჟამს, ჯერ არც კი არსებობდა. ანუ I failed even faster :)

დღეს რა ხდება ჩემს ცხოვრებაში? – ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ

  • 2 თვეა დავიწყე მუშაობა Gingers-ში – პატარა, საყვარელ მარკეტინგულ სააგენტოში, რომელიც ჯერ 1 წლისაც კი არ არის. ბოლო დროს აჩემებული მქონდა ამ სფეროში გადმობარგება და აი, მეც აქ ვარ.
  • ასევე, 2 თვეა დისტანციურად ვეხმარები ჩემს მეგობარს სარეკლამო კომპანიის მართვაში. ორივე შემთხვევაში, ვსწავლობ ბევრ საინტერესო და საჭირო რამეს.
  • ბოლო წლების განმავლობაში, მგონი, პირველად ვარ single ამდენი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, არ ვთვლი პატარ-პატარა ფლირტუშკებს :)
  • მაქვს ერთი, კონკრეტული და დიადი მიზანი და ზუსტი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები.
  • საკუთარ თავთან ვარ სრულ ჰარმონიაში და ველი გაზაფხულს.

როგორ ხართ თქვენ? :)

 

 

Childhood memories

ეს პოსტი ძალიან მიყვარს და, მგონი, იმსახურებს აქ ყოფნას ♡

ვილა ყიყლიყო

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ვილა ყიყლიყო” wordpress-ზე დავარეგისტრირე, თუმცა მხოლოდ დღეს გადავწყვიტე პირველი პოსტის დაწერა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო… ალბათ, ჩემი ბავშვობიდან.

სურ0 90-იანების ფოტოატელიე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღვნიშნეთ. მე ზუსტად იმ წლის 20 დეკემბერს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე, თუმცა მეორე დღეს სამოქალაქო ომი და, როგორც ამბობენ “ბნელი” 90-იანების ერაც დაიწყო. ახლა ვხვდები, რად უჯდებოდათ ჩვენს მშობლებს იმ პერიოდში ცხოვრება, თუმცა მათივე წყალობით ბავშვებმა ეს ნაკლებად ვიგრძენით.

ჩემს საყვარელ მაგალითს მოგიყვანთ – მაშინ, როცა შუქი ქრებოდა (ეს კი საკმაოდ ხშირად ხდებოდა) მამა დამალობანას გვათამაშებდა ხოლმე. ჯერ სამალავის პოვნაში გვეხმარებოდა (მახსოვს, ჩემი ძმა ერთხელ კარადის თავზეც კი შემოსვა), მერე კი მინიშნებებს გვაძლევდა – “ცივა/ცხელას” სახით. ალბათ, ეს უფრო ზამთრის გასართობი იყო, რადგან თბილ ამინდებში მთელ დროს ეზოში ვატარებდით. ჩვენს ქუჩაზე ძალიან ბევრნი ვიყავით და ხშირად გაიგებდით შემდეგ ფრაზას: “დე, 5 წუთიც ვიქნები და ამოვალ” :)

ხანდახან კონცერტებსაც ვატარებდით – მახსოვს, როგორ გულმოდგინედ ვრეპეტიციობდით…

View original post 488 more words