Friendship never ends..?

აუ, ეხლა ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ, რომ რა გითხრათ.

დავიწყოთ იქიდან, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ძალიან გავბრაზდი ბავშვობის მეგობარზე, მისი ბევრი საქციელი და მოქმედება გავაანალიზე და მივხვდი, რომ ამ ადამიანთან საერთო აღარაფერი მაქვს… ახლა რომ გამეცნო, დარწმუნებული ვარ, არ დავუახლოვდებოდი. ცუდის სათქმელად ენა (კლავიატურა) არც კი მომიბრუნდება. ყველაფრის მიუხედავად, მიყვარს და მთელი 13-14 წელი მაკავშირებს მასთან (ბაღი, სკოლა…), მაგრამ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ საერთოდ არ მესმის მისი: დამირეკა, 2საათი მეჭორავებოდა, მე კი ხანდახან არც ვუსმენდი.

არვიცი, იქნებ პრობლემა ჩემშია??? უბრალოდ, ბოლო დროს ახლობელ ადამიანებს რენტგენში ვატარებ და ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ. როდემდე შევძლებ თვალის დახუჭვას იმ უსიამოვნო აღმოჩენებზე, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებ?

მიყვარს, მაგრამ არ მომწონს… აი, ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ. დღეს იმასაც ვფიქრობდი, ნეტა ერთი სულელი გოგო ვიყო, ტანსაცმლის, ფულის და ბიჭების მეტი რომ არაფერი აინტერესებსმეთქი… იმას კი არ ვამბობ, რომ მე არ მაინტერესებს ეს ყოველივე, არც ძალიან ჭკვიანი მგონია ჩემი თავი, მაგრამ ეს ყალბი ურთიერთობები მანგრევს.

ვიცი, აჯაფსანდალი პოსტია, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა.

ნეტავ, მე მაინც არ გავუცრუებდე ჩემს მეგობრებს იმედებს.

P.S: არადა, იცით, ჯერ კიდევ 2 თვის წინ, ჩემს დაბადების დღეზე მეგობრობის სადღეგრძელო დავლიეთ და ასეთი სიტყვები ვთქვი (მე არ მეკუთვნის, ავტორი დამავიწყდა, სასაჩუქრე წიგნში ამოვიკითხე):

ვიცი, რომ ჩემს მტრებს ვიმსახურებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემი მეგობრები დავიმსახურე…

მინდა, მინდა ისევ ასე ვფიქრობდე :(

Advertisements

TSU the disappoinTer

პატარა რომ ვიყავი, ბებია ხშირად მასეირნებდა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში და იმ დროზე მიყვებოდა, როცა იქ სწავლობდა… ალბათ, სწორედ ამიტომაც, ჩემთვის სტუდენტობა ყველაზე მეტად ამ უნივერსტეტთან ასოცირდებოდა.
ჰოდა, გავიდა წლები და მეც “შევაღე” ჩემი საოცნებო კარები… ასე თუ ისე, წარმოდგენა მქონდა, რომ იქ არც თუ ისე მოწესრიგებული სიტუაცია დამხვდებოდა, მაგრამ ჩაბარების ეიფორიით აჟიტირებულს ჩემი მაღალკურსელი მეგობრების რჩევა-გაფრთხილებებისთვის გულისყურით არც მომისმენია. პირველ სემესტრში შედარებით უმტკივნეულოდ მოგვარდა ყველაფერი… მართალია, თავიდან ცხრილი განუწყვეტლივ იცვლებოდა, მაგრამ ნელნელა დალაგდა და შევუდექი თსუ-ს შეცნობას…

ახლა, როცა პირველი სემესტრი დავამთავრე და გარკვეულწილად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოუწესრიგებელ სისტემაში გავერკვიე, ახალი თავსატეხი გამიჩნდა. კერძოდ კი, აი რა: ძალიან მიყვარს კინოხელოვნება, მაგრამ ვთვლი (უფრო სწორად, ფაქტია) რომ არც ისე კარგად ვერკვევი მასში და გადავწყვიტე, მეორე სემესტრიდან ე.წ. minor პროფესიად კინო-ტელე ხელოვნება ამეღო. თანაც, ბევრი ისეთი საგანი ისწავლება, რაც ჟურნალისტს ნამდვილად გამოადგება…

მოკლედ, გუშინწინ მივაშურე მეხუთე კორპუსს, სადაც კაბინეტიდან კაბინეტში სირბილის შემდეგ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტუტორმა “დამაკვალიანა” და მირჩია ის საგნები, რომელთაგანაც ერთერთის არჩევა ჩემთვის მიზანშეწონილი იქნებოდა.

ამ ამბით გახარებულმა, დღეს თსუ-ს ფორუმზე ვიკითხე, საოპერატორო ხელოვნების ესა და ეს ლექტორი როგორია მეთქი და ის-ის იყო, ჩემი მომავალი ჯგუფელების თუ თანამეორადპროფესიელების გასაცნობად მოვემზადე, ერთერთმა მათგანმა მითხრა, რომ ამ საგნის არჩევა პირველ ეტაპზე არ შეიძლებოდა და თუ იქ ვიქნებოდი, სხვებთან შედარებით, ვისაც უკვე გავლილი აქვს ეს საგანი, არაფერი მეცოდინებოდა…

რომ ვკითხე, ეს ყველაფერი ტუტორებმა რატომ არ მითხრეს მეთქი, იმათ ბევრი საქმე აქვთ და ისე იღლებიან, საკუთარი სახელი აღარ ახსოვთო… ვერ გავიგე, მურაბას ხარშავენ იქ თუ ეგენი არემონტებენ პირველ კორპუსს? რაც მაგათი საქმეა, იამზე თუ ვერ გამცეს ნორმალური პასუხი და ელემენტარული ინფორმაცია ვერ მომაწოდეს, აბა რაღა ღლით???

აი, ძალიან გაბრაზებული ვარ, რა! ხვალ ისევ უნდა წავიდე მეხუთე კორპუსში და ვეცადო, კრიჭაშეკრული ტუტორის დამადლებული საუბრიდან რაღაც დასკვნა მაინც გამოვიტანო… არა, მე, პირადად, ის შთაბეჭდილება მრჩება, რომ დაღლილობა არაფერ შუაშია, უბრალოდ თვითონ არ იციან რა სისტემაა და ყველა ისე ჭრის და კერავს, როგორც მოესურვება…

არვიცი, კიდევ 3 წელი ამას როგორ უნდა გავუძლოთ?

We are Humans…!

ძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, ოღონდ მარტო ნაცნობებზე კი არა, უცხოებზეც…
მაგალითად, ზღვაზე როცა ვარ, პლიაჟზე წამოწოლილი, ამოვარჩევ ხოლმე ერთ ობიექტს ან ობიექტა ჯგუფს და ვიწყებ “შესწავლას”. მათი ქცევის, მეტყველების და სხვა გარეგნული მონაცემების მიხედვით მთელი ისტორიის შეთხზვა შეიძლება. მერე რა, რომ შესაძლოა, სიმართლისაგან ძალიან შორს იყოს. იმ მომენტში არაჩვეულებრივი გასართობია და, უფრო მეტიც, ხანდახან ძალია დადებით შეგრძნებებს გიტოვებს…
მაგალითად დღეს დილით დიღომში ვიყავი, რაღაც საქმეზე. მარშუტკას გზაში 40 წუთი მაინც ჭირდება, ჰოდა მეც დავიწყე ფანჯრიდან ხალხის თვალიერება. ცოტა ხანში, ორი მოხუცი ამოვიდა, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარი.
ბებოს ხელში თონის პურები ეჭირა, ბაბუმ კარი გამოუღო, წინა სკამებზე დასხდნენ. არ ვიცი, აქ ოდესმე მითქვამს თუ არა, მაგრამ ვგიჟდები მოხუცებზე, განსაკუთრებით კი ბაბუებზე. ალბათ იმიტომ, რომ ბაბუს მახსენებენ. მე კი ის ძალიან, ძალიან მიყვარდა და მენატრება…
ჰოდა, რომ ჩავიდნენ, ბაბუმ პურები გამოართვა, ხელი შეაშველა და უცბად წარმოვიდგინე, რომ ეს წყვილი დიდი ხანია ასე ერთად და ბედნიერად არის. არვიცი, ალბათ სიტყვებით გამიჭირდება იმის გადმოცემა, რაც ვიგრძენი, მაგრამ გული გამითბა, რა…


რა კარგია, როგორ მიყვარს, როცა ვხედავ, რომ ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ, ხელჩაკიდებულები დადიან, გულწრფელად ეხუტებიან…
ხანდახან რა ადამიანურია ურთიერთობები… <3

Bend iT like Beckham

სიმართლე გითხრათ, სპორტის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. ბავშვობიდან მოყოლებული, კი ვამტკიცებ, მანჩესტერ იუნაიტედი ჩემი საყვარელი კლუბია მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ იქ ოდესღაც ბექჰემი თამაშობდა და სწორედ იმ პერიოდში მასზე, უფრო სწორად კი მის ვიზუალზე ვიყავი შეყვარებული…

მას შემდეგ დევიდ ბექჰემმა “ათასი” საფეხბურთო კლუბი და კიდევ უფრო მეტი სარეკლამო რგოლი გამოიცვალა. ახლა ზუსტად არც ვიცი სად თამაშობს, თუმცა გუშინ შემთხვევით მოვკარი ყური ობოლაძის კომენტარს, საინტერესოა ბექჰემს თუ მოუწევს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშიო და, ვინაიდან ვიცი, რომ მანჩესტერში იყო, ლოგიკურად დავასკვენი, ახლა მილანს უნდა ამშვენებდეს… (მთელი ლოგიკა იმაშია, რომ გუშინ სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოდა ჩემპიონთა ლიგის მერვედ- ან მეოთხედფინალში.)

პოსტი ისე დავიწყე, ალბათ გაგიკვირდათ, “ამდენი” ცოდნა რომ გამოვავლინე. მიზეზი კი ძალიან ელემენტარულია. ბოლო 2 დღეა livescore-ზე ვცხოვრობ და ყოველ წამს ვამოწმებ, როდის დამთავრდება ესა თუ ის თამაში.

ის კი არა, სპორტული ინტუიციაც კი გამოვავლინე და სრულიად არაფრის საფუძველზე “ვიწინასწარმეტყველე” ლიონის მოგება… მოიგო!

დღეს ბაიერნს ვგულშემატკივრობ. რატომ???

არა, ტოტალიზატორში თამაში არ დამიწყია…

მაგრამ ჩემს ამ პოსტს თუ გადახედავთ, შეიძლება ყველაფერი უფრო ნათელი გახდეს :blush:

P.S: სათაურს რაც შეეხება, ადრე ვუყურე ერთ ფილმს (სხვათა შორის, კირა ნაითლის მონაწილეობით) , ამავე სახელწოდებით და ვინაიდან, პოსტი ფეხბურთზე, ბექჰემზე და მათ მიმართ გოგოს (ანუ ჩემს) დამოკიდებულებაზე იყო, ვიფიქრე, თემატურად კარგად ჩაჯდებოდა…

კითხვები მოითხოვენ პასუხებს !

ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ბლოგზე მხოლოდ ჩემი ნაცნობები შემოდიან (ყოველ შემთხვევაში კომენტარებს ისინი ტოვებენ). ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობსო და, არც უცნობი მკითხველების წინააღმდეგი ვარ.

ასე რომ, მოობრძანდით.

ჰო, კიდევ მინდა ერთ რამეში გამოგიტყდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბლოგი არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მინდა ამ საქმეს ხელი უფრო სერიოზულად მოვკიდო და ბოლო დროს ge დომენზე გადასვლაც ავიკვიატე. უბრალოდ, კარგად ვერ ვერკვევი მსგავს ამბებში და თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი ან კეთილი ნება, სიამოვნებით მივიღებ თქვენს ნებისმიერ რჩევა-დარიგებას.

კერძოდ კი, აი რა მაინტერესებს?

1) რა თანხა ესაჭიროება წლიურად ბლოგის ge დომენზე არსებობას?
2) რამდენად სანდოა ეს ყოველივე? ანუ არის იმის შანსი, რომ ერთ დღეს შევიდე საიტზე და ყველაფერი გამქრალი დამხვდეს?
3) მატერიალური დანახარჯის გარდა, ბევრი დრო იკარგება??? (თუნდაც იმაში, რომ ეს ძველი პოსტები იქ გადავიტანო?)
4) სხვა კითხვები მგონი არ მაქვს, მაგრამ თუ თვლით, რომ არის კიდევ რამე მნიშვნელოვანი საკიტხი, რაც უნდა ვიცოდე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და მომწერეთ ;;)

მადლობას გიხდით წინასწარ! (და ბოდიშსაც, სათაურის აატეგორიული ტონისთვის, ჰუჰ)

P.S

^wanTed^

მე და… შენ! (?)

O LaLa… ;;)

რა კარგი იყო გუშინ, სულ შენთან ჩახუტებული ცეკვა. რაზეც მანამდე ვნერვიულობდი, ყველაფერი მომეხსნა და ნამდვილად არ მინანია, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი.
მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ მაინც ადრეა რამე სერიოზულზე ფიქრი და ლაპარაკი, მაგრამ ეს ასეც რომ დარჩეს, მაინც არაფრის შეცვლას არ მოვისურვებდი…

იმიტომ რომ, ძალიან, ძალიან კარგი იყო…! იყავი, უფრო სწორად… არა, კი არ იყავი, ხარ :X

P.S: მალე მორჩეს რა ბარსას თამაში, გელოდებიიიიიი! : ))

AiKi

ალბათ იცით, რომ კინოთეატრ “რუსთაველში” არის იაპონური ფილმების უფასო ჩვენება. ერთერთ მათგანს დღეს მეც დავესწარი და ძალიან კმაყოფილი ვარ.
სანამ ფილმის მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებდეთ, უნდა აღვნიშნო, რომ არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია იაპონური ენის არცოდნას, რუსული სუბტიტრების მეშვეობით მშვენივრად მოვახერხე ფილმის შინაარსისა და სიუჟეტის აღქმა.

“Aiki” ეს არის იაპონელი რეჟისორის, დაისუკე ტენგანის ფილმი (2002 წელი) ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ბოქსში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ავარიაში მოყვება და ექიმები მძიმე “განაჩენს” გამოუტანენ: ტაიტი ვეღარასოდეს გაივლის.
ამის მოსმენის შემდეგ მას სიცოცხლე აღარ უნდა, შორდება შეყვარებულს, მეგობრებს და იწყებს საძილე აბების შეგროვებას, რათა თავი მოიკლას, მაგრამ პალატის მეზობელი შენიშნავს ამას და დაარწმუნებს, რომ ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულიც კი შეძლებს ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვასა და ბედნიერების პოვნას.
მართლაც, ტაიტი აგრძელებს ცხოვრებას და ბევრი პრობლემის, წინააღმდეგობისა და დაბრკოლების მიუხედავად ეძებს გზას სრულფასოვნებისაკენ.

აუცილებლად გირჩევთ ამ ფილმის ნახვას. დამიჯერეთ, ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. სხვათა შორის, მთავარი როლის შემსრულებელი საკმაოდ სიმპათიური და ნიჭიერი მსახიობია (ჰარუკიტო კატო).
ფილმი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც აინტერესებს იაპონური ცხოვრების წესი, კულტურ და განსაკუთრებით კი მათი საბრძოლო ხელოვნება.