აპრილი

იანვრიდან მოყოლებული თვის ბოლოს ვწერ ხოლმე შემაჯამებელ პოსტს, რა წავიკითხე, რომელი ფილმი/სპექტაკლი მომეწონა და ა.შ.
აპრილში ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კვენტინ ტარანტინოს “უსახელო ნაბიჭვრებმა” მოახდინა (მოახდინეს). საკმაოდ დიდი ფილმია, მძიმეც, მაგრამ ძალიან არ მინდოდა მალე დამთავრებულიყო. არ ვიცი გავხდები თუ არა ტარანტინოს თაყვანისმცემელი, მაგრამ ვიცი, რომ ბრედ პიტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა – ის არ არის უბრალოდ ჰოლივუდელი კრასავჩიკი. ის ძალიან კარგი მსახიობია.
ისევე როგორც ტილ შვეიგერი (იმედია, სწორად გამოვთქვამ). მართალია, ამ უკანასკნელს მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა, მაგრამ ძალიან კი მოუხდა.
მოკლედ, აუცილებლად, აუცილებლად უყურეთ ამ ფილმს. ვფიქრობ ბოლო ხანებში გადაღებული ერთერთი საუკეთესო ფილმია :X

წიგნს რაც შეეხება, ამჟამად ვკითხულობ ჯორჯ ორუელის “1984” და მკითხველთა კლუბიდან “ნადირობა ცხვარზე”. ჯერ არც ერთი არ დამიმთავრებია და მათ შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით დავწერ (პრინციპში, ჩემს ტემპს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა მაისი შემაჯამებელ პოსტშიც კი ) …

აპრილშივე ვიყავი რამდენიმე გამოფენაზე. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმემ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაოხდინა. სამაგიეროდ, ძაალიან, ძალიან მომეწონა ახალგაზრდა და ნიჭიერი პოეტის, გოგა ჩაჩუას პოეზიის საღმო, რომელსაც უკვე მეორედ დავესწარი და ერთი სული მაქვს მესამედაც როდის მოვუსმენ.

მემგონი, სულ ეს იყო. ტრადიციულად, უკეთესი მომავლის იმედით დაგემშვიდობებით :D

BaBy, did u forget..?

თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც არ დამიწერია ბლოგზე… ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, ისეთი არაფერია, მოსაყოლად რომ ღირდეს. ამ წამს თავში რაც მიტრიალებს (უფრო სწორად, ვინც) დათოა. აღდგომის მერე მარტო ინტერნეტი კი არა, ეგეც გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ვერ გავიგე, რა მოხდა, ერთ ღამეში რა შეიცვალა, მაგრამ აი, ასე – ადგა და გაქრა… კი არ წავიდა, კი არ მითხრა, მომბეზრდა ეს ურთიერთობაო, პირიქით… თითქოს რაღაცას აპირებდა, თითქოს უფრო გათავისუფლდა, თითქოს საკუთარ თავში გაერკვაო…
ან იქნებ, მართლაც გაერკვა, ოღონდ ისე არა, მე რომ მინდოდა.

მოკლედ, ბევრი და დიდი კითხვის ნიშნები დამიტოვა და ვერც იმაში დამადანაშაულებთ, გარკვევა არ ცადეო. მივწერე, არ მიპასუხა… თავიდან დიდად არ განმიცდია, ხანდახან არც კი მახსოვდა, თან თითქოს სხვებს “ვაყოლებდი გულს”. მერე მონატრება ნელნელა შემომეპარა, თანაც გაურკვევლობასთან ერთად. არ მასვენებს იმაზე ფიქრი, რომ რაღაც მოხდა, რაღაც გაიგო, დაინახა, გაიფიქრა…

WhaT happened To us, whaT happened To me????
WhaT happened as I leT iT slip??? :S

აი ემ ბექ

დავბრუნდი… ინტერნეტი არ მქონდა და ძალიან მომენატრა, პირველ რიგში ჩემი ბლოგი და მერე ის ბლოგები, რომლებსაც ვკითხულობ.
ეხლა ლექციაზე მივდივარ და მოგვიანებით უფრო ვრცელ პოსტს ან პოსტებს დავწერ. აი ჰევ სამ სიახლეები : ))

აღდგომა და ათეისტები on my mind

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა…

მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ ან რა უნდა დავწერო? უბრალოდ მინდა ჩემი შეშფოთება, აღშფოთება თუ რაც გინდათ ის დაარქვით, გაგიზიაროთ.

11-12 წლამდე, მგონი, არც მეგონა ვინმეს თუ არ წამდა ღმერთი. მერე მახსოვს, ჩემმა ორმა მეგობარმა გამომიცხადა “ათეისტები ვართო” (სხვათა შორის, ერთერთმა მათგანმა გუშინ ჩემს ბლოგს მოაგნო. ქეთ, სალამი!)… ამას წინათ იმ დროინდელი წერილები ვიპოვე, გაკვეთილზე მე და ჩემი სხვა დაქალი, რომ ვმსჯელობდით, რატომ არ სწამდათ მათ ღმერთის და ა.შ.
იმ ასაკში ეს მართლაც ბავშვური ახირება იყო, იმიტომ რომ, ორივეს მალე გადაუარა…
მთავარი შოკი კი წინ მელოდა. დაახლოებით 13-14 წლიდან დავიწყე ფორუმებზე “მოღვაწეობა” და აი, იქ ნამდვილად “განვნათლდი”. გავიგე რა იყო ათეიზმი, ძირითადად რა კითხვები უჩნდებოდათ ადამიანებს, რის საფუძველზეც უქრებოდათ რწმენა და ა.შ.
მახსოვს ერთხელ ცხარე კამათიც კი მომივიდა ერთერთ ბიჭთან. იმ დღის შემდეგ ვთქვი, რომ რელიგიაზე და ჩემს რწმენაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი, მითუმეტეს, არ ვიკამათებდი. გინდათ გითხრათ რატომ?
ნამდვილად არ მაქვს იმხელა რელიგიური განათლება, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო (ახლა თორმეტივე მოციქულის სახელსაც კი ვერ ჩამოგითვლით). ზოგი თვლის, რომ სწორედ ესაა თავი და თავი. ბევრისგან თუ არა, არაერთისგან გამიგია, რომ ღმერთის გაუნათლებელ ადამიანებს წამთ. რელიგია ხომ მეცნიერებას ებრძვისო…

მე არ მაქვს არცერთ მათ კითხვაზე პასუხი, არც ციტატები ვიცი ბიბლიიდან… მწამს ღმერთის, იმიტომ რომ ვგრძნობ და სულ ესაა. არ ვერევი არავის რწმენის საკითხში და არ ვანსხვავებ ადამიანს რელიგიის მიხედვით (ერთი ესაა, სექტანტები არ მევასებიან, მაგრამ არანაირი შეხება არ მაქვს და არც არაფერს ვერჩი… რომც მქონდეს, უბრალოდ, თავს ავარიდებდი).

შემიძლია, პატივი ვცე ყველა ადამიანს, ვინც ამას დაიმსახურებს ჩემგან, თუნდაც ათეისტი იყოს, მერე რა?

ახლა კი პოსტის კვანძს მივადექით… დღეს ერთერთ თინეიჯერულ ფორუმზე შევედი. თემა იყო გახსნილი წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით და იქ ამბავი დამხვდა, დედა შვილს რომ არ იყვანს და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს… იცით რამ გამაღიზიანა? ადამიანები, რომლებიც სხვა თემაში (მაგალითად “არაორდინალური ჩაცმულობა”) დგანან და წუწუნებენ, რომ მათ ქუჩაში დამცინავი მზერის და რეპლიკების ატანა უწევთ ვარდისფერი თმის ან გახვრეტილი ტუჩის გამო (ამას სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ, დამიჯერეთ, მართლა ბევრია ასე), თვითონ დაცინიან უფრო ძვირფასს სხვა ადამიანებისათვის.

იყავი ათეისტი, მაგრამ რატომ ახვევ თავს სხვას შენს მოსაზრებებს? მითუმეტეს, ცინიკური და ირონიული ტონით? და საერთოდაც, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად გაიაზრე და უბრალოდ სხვებს არ აყევი?

P.S: პოსტის ბოლოს, თუ ის გაუგებრადაა დაწერილი, მინდა მოკლედ დავაფიქსირო, რომ იგი მიზნად არ ისახავს რომელიმე აღმსარებლობის ან კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფას.

My fuTure profession

თუ ჩემს ბლოგს კითხულობთ, ალბათ გეცოდინებათ, რომ თსუ-ში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ, ჟურნალისტიკის განხრით.
ზუსტად არ მახსოვს, რატომ გადავწყვიტე ჟურნალისტობა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მემგონი უფროს მეგობარს ავყევი… თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს მართლაც იდეალური პროფესია იყო ჩემთვის: ბავშვობიდან ვწერდი და თანაც გამომძიებლობაზე ვოცნებობდი. ჰოდა, გადავყწვიტე, ჟურნალისტურ გამოძიებას მივყოფ ხელს და შემდეგ ამაზე დავწერ მეთქი…:)

მას შემდეგ წლები გავიდა. სხვა პროფესიაზე აღარც მიფიქრია და აი, დღეს ამ ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. მაგრამ მგონია, ბევრს ვერაფერს მივაღწევ. რეალურად, ამას მხოლოდ ჟურნალისტიკაზე არ ვამბობ. რა საქმესაც არ უნდა მოვკიდო ხელი, შრომა მეზარება. დღემდე არ წამიკითხავს საჭირო ლიტერატურა, არადა ზოგიერთ ჩემს კურსელს გადაბულბულებული აქვს. მარტო ეგეც ხომ არაა. თითქოს ყველაფრის მიმართ დაკარგული მაქვს ინტერესი. იმის მაგივრად, წიგნს წიგნზე “ვბრდღვნიდე”, ინტერნეტში საინტერესო სიახლეებსა და ინფორმაციებს ვეძებდე, სტატიებს ვწერდე და უნივერსტეტის გაზეთში მაინც მიმქონდეს, ვდევარ სახლში, კომპიუტერთან, facebook-ზე მეგობრების სურათებს ვათვალიერებ და მავანთა ბლოგებს ვკითხულობ… ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როცა მხოლოდ ეს არის, უკვე ძალიან ცუდია…

საიდან დავიწყე და სად წავედი… მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ რამდენიმე დღის წინ ეჭვი შემეპარა, ნამდვილად ჟურნალისტობა მინდა მეთქი?! ამას ისიც დაემატა, რომ ჩემმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, მითხრა, თუ ამ პროფესიით საკუთარი თავის გამოხატვა გინდა, ჯობს ახლავე გადაიტანო საბუთებიო… მართალია, იქ ახალი ამბების ჟურნალისტიკაზე ვსაუბრობდით, მაგრამ რავიცი… საბოლოო ჯამში, არ ვეთანხმები მის აზრს. მართალია, მან ჩემზე ბევრი იცის ამ საკითხში, მაგრამ ჟურნალისტიკა მხოლოდ ახალი ამბებით ხომ არ შემოიფარგლება ?

მოკლედ, არც ისე ბევრი, მაგრამ საკამო რაოდენობის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე რომ არცერთი სხვა პროფესია ისე არ მიზიდავს, როგორც ჟურნალისტიკა (“მეორადი” კინო-ტელე ხელოვნებაც კი…), თანაც, დარწმუნებული ვარ, ყველგან ასე ვიქნები, როგორც აქ – ზარმაცი და უსწავლელი. ანუ პრობლემა ჩემშია და არა პროფესიაში.

ჰოდა, გადავწყვიტე ეს ყველაფერი შევცვალო. დავიწყო აქტიური პროფესიული ცხოვრება, რომელიც პირველ ეტაპზე შემეცნებით, მეორე ეტაპზე კი ამ ცოდნის გამოყენებით მესახება… ჩამოყალიბებული გეგმა ჯერ არ მაქვს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ გაგაცნობთ ჩემს ქმედებებს.

წინ, ჟურნალისტიკისაკენ! :)