ჩემი სამსახური

ეს ჩემი მეორასე პოსტია. ნეტავ, თითქმის ორი წლის განმავლობაში ეს ბევრია თუ ცოტა? თუმცა, ალბათ, არც ერთი და არც მეორე, და საერთოდ, ამას რა მნიშვნელობა აქვს : )))
ბოლო დროს სულ პირადზე ვწერდი, არადა სამსახურშიც საინტერესო ამბები ხდება: გუშინწინ გვქონდა თათბირი, სადაც ჩვენმა boss-მა გვითხრა, ამ ეტაპზე ამდენი ჟურნალისტი არ გვჭირდებაო. რედაქტორს და მის მოადგილეს მეორე დღისთვის საბოლოო სიის გადაცემა დაავალა.
იმ დღეს ყველა დაძაბული იყო სამსახურში, მათ შორის მეც, მაგრამ დამტოვეს და ძალიან გამიხარდა.
მე, ძირითადად, უცხოეთის სიახლეებზე ვიმუშავებ, თუმცა ვფიქრობ სოციალურ საკითზებზეც გავაკეთო რეპორტაჟები.

სამსახურში


მე მიყვარს ჩემი სამსახური და მინდა, რომ ერთერთი ყველაზე მაგარი საინფორმაციო სააგენტო გახდეს :)
P.S: თუ გაინტერესებთ, სად ვმუშაობ, დააჭირეთ აქ და აქაც : ))

მე-ნატ-რე-ბი

რამდენჯერმე დავიწყე პოსტის წერა, ხან რაზე, ხან რაზე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ერთადერთი რაც ეხლა მინდა, არის ნოდოსთან ლაპარაკი. უკვე 2 დღეა მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, არ ვიცი, როგორაა, სადაა (ნუ, ჩინეთში როა ეგ არ ითვლება), რას აკეთებს.
ბოლოს რომ ველაპარაკე სტამბულის აეროპორტიდან იყო შემოსული fb-ზე ზუსტად 5 წუთით. ფრენა დილამდე გადაიდოო და მთელი ღამე იქ უნდა გაეთენებინათ. არ ვიცი ამის გამო მისი ჩამოსვლის თარიღი შეიცვლება თუ არა. მე კიდევ ძალიან მიჭირს. წინ კიდევ 3 დღე დარჩა. ალბათ, გავგიჟდები ერთხელ მაინც რომ ვერ მოახერხოს ინტერნეტში შემოსვლა ან დარეკვა.
კარგი, ამ 3 დღეს როგორმე გაუძლებს კაცი. ბოლოსდაბოლოს, ვიცი, რომ 31ში უკვე აქ მეყოლება (რა კარგად ჟღერს ეს სიტყვა), მაგრამ, იცით, რისი მეშინია? ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ ერთ გასტროლზე მიდიან, თან გაცილებით ხანგრძლივზე : ((( ეს 3 დღე ძლივს გადავაგორე და წარმომიდგენია მერე როგორ გამიჭირდება.
ჩემი დაქალი, რომელიც ასევე მოცეკვავეა, 6 თვით იყო წასული ჩინეთში და როცა ამ ერთ კვირაზე ვწუწუნებ, საკუთარ გამოცდილებას მახსენებს, მაგრამ მას სასტუმროში ინტერნეტი ჰქონდა და ყოველდღე თუარა, ძალიან ხშირად ელაპარაკებოდა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და შეყვარებულს.
მოკლედ, ეს რომ არ დამეწერა, ალბათ, გავსკდებოდი… აი, კიდევ ერთი დღეც მიიწურა (ამის აღსანიშნავად ჩემს კედელზე ჩამოკიდებულ organizer-ს დღევანდელი დღის შესაბამის ფირფიტაზე ახალი მაგნიტი შეემატება) … 29, 30 და მე ისევ ვნახავ მას!

სულ შენზე ვფიქრობ

სულ შენზე ვფიქრობ

Halloween

Halloween ახლოვდება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვიცი წავალ თუ არა მის აღსანიშნავად. ამისთვის სამი მიზეზი მაქვს:
1) event-ების უმეტესობა 30 ოქტომბერს იმართება, ნოდო კიდევ 31ში ჩამოდის და მე მაინცდამაინც მასთან ერთად მინდა წასვლა.
2) კარგი, ვთქვათ ვიპოვე 31 რიცხვში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ნოდო წამომყვება. მიზეზები:
ა ქვეპუნქტი – დიდად არ უყვარს ასეთი წვეულებები, მით უმეტეს, თუ კოსტუმირებულია.
ბ ქვეპუნქტი – ძალიან დაღლილი იქნება ფრენით და შეიძლება გამოძინება ვერ მოასწროს (ზუსტად არ ვიცი, რომელ საათზე ჩამოდის).
3) წარმოდგენა არ მაქვს, რა ჩავიცვა. გუშინ google-ში დავათვალიერე სურათები და რამდენიმე მომეწონა, მაგრამ ასეთებს თბილისში ვერ შეიძენ. შესაკერად კი არც დროა საკმარისი და არც ფინანსები.

საბოლოო ჯამში, ალბათ, მომიწევს საკუთარი ფანტაზიისა და მარჯვე ხელების იმედზე ყოფნა. მთავარია, ვიპოვო ადგილი, სადაც მოგვინდება წასვლა და დროის გატარება.

მალე ჩამოდი, რა

დღეს ნოდო გაფრინდა. სულ რაღაც 5 დღით, მაგრამ საოცრად მებევრება :(
რაც ერთად ვართ, მხოლოდ ორჯერ ვერ მოვახერხეთ ერთმანეთის ნახვა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში გვქონდა კონტაქტი, ეხლა კიდევ მაქსიმუმ ერთხელ თუ მოახერხებს დარეკვას, კარგი იქნება.

ჰო, მართლა, გუშინწინ ფილარმონიაში ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი იყო, ნოდომაც იცეკვა ხორუმში, ჰოდა ”დედაგენაცვალოს” სახით ვუყურებდი : )) ნუ, ვერ ვიცანი და ყველა მოცეკვავე ეგ მეგონა, მაგრამ არაუშავს : )) ნოემბერში სოლოკონცერტი აქვთ და იქ, იმედია, გავარჩევ.

მოკლედ, მის ჩამოსვლამდე მინდა, რომ რაღაც სიახლეები შევიტანო გარეგნობაში. ალბათ, თმას შევიჭრი და შევიღებავ… მმმ, კიდევ რა დავწერო? ა, ჰო, ჰელოუინზე წესით აქ იქნება და მინდა ერთად წავიდეთ სადმე, ასე რომ ისიც მოსაფიქრებელი მაქვს, რა ჩავიცვა.

მოკლედ, ცოტა აჯაფსანდალი პოსტია, მაგრამ… არაუშავს :ჵ

carpe diem

მართალია, უკვე თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ გადავწყვიტე მაინც დავწერო ჩემს პირველ საზღვარგარეთულ ვოიაჟზე თურქეთში.
30 აგვისტოს, ღამის პირველ საათზე სააკაძის მოედნიდან ავიღეთ გეზი. ავტობუსით მგზავრობა საკმაოდ დამღლელი გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ღამეს. სულ გზაში 36 საათი გავატარეთ და პირველ სექტემბერს როგორც იქნა ჩავაღწიეთ კუშადასში, სასტუმროში “Carpe Diem”.

მანამდე სასტუმროში არასდროს ვყოფილვარ, თანაც 5 ვარსკვლავიანში. მე კი ვიდექი უზარმაზარ ფოიეში (reception) და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.

ეს არის ოთახი, სადაც ვცხოვრობდი. სიმართლე გითხრათ, მენატრება ჩემი საწოლი. ძალიან ”გემრიელი” იყო : ))

სასტუმრო უზარმაზარ ტერიტორიაზეა, აქვს VIP ვილებიც. სიმართლე გითხრათ, ათი დღის განმავლობაში ვერ მოვასწარი მისი მთლიანად ”შესწავლა”, ამიტომ მხოლოდ იმ ადგილებს დაგათვალიერებინებთ, სადაც მე დავდიოდი.
დილა იწყებოდა საუზმით, თუმცა მე გვიან ვიღვიძებდი და პირდაპირ აუზზე ჩავდიოდი, სადაც იყო რამდენიმე fast food რესტორანი და იქ ვჭამდი ხოლმე.

ეს არის ერთერთი აუზთაგანი, სადაც ყველაზე ხშირად დავდიოდი. 11 და 3 საათზე გვიტარდებოდა aqua aerobica, ეს სურათი სწორედ მაგ დროსაა გადაღებული : ))
როცა ძალიან დაგვცხებოდა, ავდიოდით დახურულ აუზზე, სადაც იყო ჯაკუზი, თურქული აბანო, საუნები. ასევე სპა ცენტრი, მაგრამ ეს მომსახურება ფასიანია და მე არც ერთხელ არ მისარგებლია.

სასტუმროს ჰქონდა საკუთარი აკვაპარკიც, სადაც ძალიან ბევრი ატრაქციონი იყო. სამწუხაროდ, მე მეშინოდა და მხოლოდ რამდენიმეზე გავბედე ჩამოსრიალება :(

დღის საატებში იყო ცეკვის, თურქული ენის გაკვეთილები, სხვადასხვა სახის თამაშები. ქართველებში ყველაზე დიდი პოპულარობით waterpolo სარგებლობდა.(3 თუ 4 ქართველი ოჯახი ვიყავით. ყველაზე მეტი დამსვენებელი ბელორუსიიდან იყო).

საღამოობით ჩავდიოდით ამფითეატრში, სადაც 10 საათზე იწყებოდა სასტუმროს ანიმატორების მიერ მომზადებული შოუები. მანამდე, 9 საათზე, ბავშვებისთვის იყო minidisco და 11 საათიდან ”till happy together” დისკოთეკა უფროსებისათვის carpe diem-ის კლუბში (მგონი maximus ერქვა).

მერე რა, რომ მინიდისკო ბავშვებისთვისაა, ჩვენც მშვენივრად ვერთობოდით :) მე გვიანობამდე არ ვრჩებოდი, იმიტომ რომ სკპ-ში ნოდო მელოდებოდა, ამიტომ 12 საათზე უკვე ნომერში ვიჯექი : )))
ამის გამო, დღემდე დამცინიან და მეუბნებიან, რისთვის წამოხვედი, ვერ გავიგეთო, მაგრამ მე მაინც კარგად მახსენდება ეს ათი დღე და ბედნიერი ვიქნები თუ ისევ მომიწევს ამ სასტუმროში დასვენება (ოღონდ უმჯობესი იქნება მეგობრებთან ან სულაც, ნოდოსთან ერთად <3)

ვაყალიბებთ ბენდს

გუშინ თინის ბლოგს ვესტუმრე. საკმაოდ საინტერესო პოსტი ჰქონდა ქართული შოუბიზნესის შესახებ. სიმართლე გითხრათ, ბოლო ხანებში მეც მაღელვებს ეს საკითხი… არა, მაღელვებს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მინდა, რომ წინ წავიდეთ : ))
ჰოდა, კონკრეტული იდეა მაქვს ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მთლად ჩემი იდეაც არაა, რადგან უკვე არსებობს შოუ Making The Band, მაგრამ საქართველოში აზრად არავის მოსვლია მისი განხორციელება.
მე რომ ვიყო პროდიუსერი, მქონდეს საშუალება მოვიზიდო ბევრი სპონსორი, აუცილებლად გავაკეთებდი ძალიან მაგარ, ხარისხიან და მაღალი დონის შოუს.

აქვე პატარა გადახვევა: დღეს ვუყურე რუსთავი 2-ის ახალ პროექტს ”ბრავო”, რომელმაც იმედები გამიცრუა (იმედები ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ მართლა მეტს ველოდი ანონსებიდან). არ მომეწონა არაფერი: ფორმატი, წამყვანები (არადა ვანიკო ”ნიჭიერში” ჩემს სიმპათიას იმაახურებდა), ჟიური, გეგა ფალავანდიშვილი : )))

მოკლედ, დავუბრუნდეთ ”ჩემს იდეას”:
პროექტის მიზანია შექმნას ჯგუფი, რომელიც დააკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. კარგი, ყველანი ვთანხმდებით(?), რომ პოპი არ არის საუკეთესო მუსიკალური მიმდინარეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ისაა, რაც გვჭირდება.
კასტინგის შედეგად შევარჩიოთ 10-12 მონაწილე, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს (მაგალითად, თუ გოგოების ჯგუფს ვქმნით, აუცილებლად უნდა იყვნენ გარეგნულად გამორჩეულები, სასურველია ძალიან კარგად მღეროდნენ (თუმცა საშუალო დონეც დასაშვებია), ყურადღება მიექცევა პალსტიკასაც. საბოლოო ჯამში, მათი გარეგნობაც, სიმღერაც და მოძრაობებიც პროექტში დაიხვეწება.
ნუ, ხომ ხვდებით, თვეების განმავლობაში ეს გოგონები იცხოვრებენ ერთ სახლში. მათზე იმუშავებენ პროდუსერები, დიზაინერები, ქორეოგრაფები, ვოკალის მასწავლებლები და კიდევ ათასი ადამიანი…

საბოლოოდ დარჩება 3 ან 4 მონაწილე და დაიწყება შოუს მეორე ნაწილი: მათი ბენდად ჩამოყალიბება. აი, რაღაც pussycat dolls-ის პონტში წარმომიდგენია : ))

ამ ყველაფერს კი დასჭირდება ძალიან ბევრი ფული : )))) მაგრამ მიზანი უნდა იყოს დახარჯული თანხების ამოღება და დიდი მოგების ნახვაც, რის შედეგადაც კიდევ გაგრძელდება სხვა სეზონებიც და დროთა განმავლობაში, ჩვენც გვეყოლებიან popstar-ები, რომლებიც თვალებდახუჭულები კიარ იმღერებენ, სცენაზე ნამდვილ შოუს დადგამენ და თავიანთ დასავლელ კოლეგებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ.

ჭირი იქა, ლხინი აქა..: )))

coming soon…

უკვე დიდი ხანია ბლოგის ge დომენზე გადატანა მინდოდა, მაგრამ ხან რა მიშლიდა ხელს და ხან რა…
ახლა კი, სულ მალე LILAC.GE ვიქნები და ძალიან მიხარია.
რეგისტრაცია უკვე გავიარე, ახლა კავკასუსის ოფისში მისვლა და 30 ლარის გადახდაღა დამრჩა. (ჰოსტინგს სამსახურიდან უფასოდ მაძლევენ + ჩემი თანამშრომელი ბლოგის დიზაინს მიკეთებს).
მოკლედ, მადლობა დაქუცის : ))))