Redhead wanna be…

უკვე დიდი ხანია თმის წითლად შეღებვა მინდა, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი: რომ არ მომიხდეს? ის ფერი რომ არ დაჯდეს, რაც მინდა?

ეს სურათი რომელიღაც საიტზე გავაკეთე.

აქ კიდევ ფოტოგრაფმა ”გამარიჟავა”… მგონი, არც ისე ცუდია, არა?

ხოდა, მომბეზრდა ეს ოქროსფერი თმა:
ხვალისთვის ჩავეწერე სალონში. იმედია, შევარჩევ კარგ საღებავს და შემდეგ პოსტს უკვე redhead დავწერ : )))

Advertisements

წუწუნი

ძალიან მოწყენილი ვარ ნოდოს გარეშე. სახლიდან გასვლაც კი მეზარება.
დღეს, უკვე ვინ იცის, მერამდენედ გავაცდინე ნორვეგიული, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, საპრეზენტაციო უნარები… არც დანარჩენ 3 საგანზე სიარულით ვიკლავ თავს. არადა, სულ ერთი თვე დარჩა სემესტრის დასრულებამდე. მე კი, შეიძლება, გამოცდაზე გასასვლელი ქულებიც კი ვერ დავაგროვო.
არ ვიცი რა ვქნა, როგორ ვაიძულო თავი, რომ სულ ელემენტარული ვაკეთო – უბრალოდ ლექციებს დავესწრო, ხანდახან სემინარებზე დავალება ჩავაბარო.
რა თქმა უნდა, ტრაგედია არ იქნება, თუ რამე შემეტენება, მაგრამ შეიძლება სამომავლოდ პრობლემები შემექმნას… მაგრამ რა? აი, ბლოგზე დავპოსტავ და მერე ისევ გავაგრძელებ უსაქმურობას.
ნოდო რომ აქაა, სახლიდან მაინც გავდივარ… როცა რეპეტიცია აქვს, ლექციაზე შევდივარ. დღეს კი გარეთ გასვლა სულ არ მინდა. რაც გავიღვიძე კომპიუტერს არ მოვშორებივარ. აქაც შემიძლია დავალებები გავაკეთო, მაგრამ გულს ვერ ვუდებ…
მოკლედ რა… რაღაც უნდა მოვიფიქრო!

მოკლედ და კონკრეტულად

მართალია, ჩემს ბლოგს კაციშვილი აღარ კითხულობს, მაგრამ მე მაინც ვწერ :) რატომღაც ერთ კვირაზე მეტია ბლოგროლზე აღწერა მიმდინარეობს და შემოგვაკლდა ვიზიტორები…

გუშინ ღამით ნოდო იტალიაში გაფრინდა. წინა პაესტკასთან შედარებით ეხლა უფრო მშვიდად ვარ. თითქოს შევეგუე იმ აზრს, რომ ხანდახან მოგვიწევს ხოლმე მცირეხნიანი განშორებები.

ხო, მართლა, ხვალ ალბათ წავალ კავკასუსის ოფისში და მოვაგვარებ გე დომენზე გადასვლის ამბებს. გადავწყვიტე, ახალ ბლოგზე ძველი პოსტები არ გადავიტანო და, როგორც იტყვიან, ყველაფერი ნულიდან დავიწყო.

exploring… step 2

მას შემდეგ, რაც შევარჩიე კანდიდატი უნივერსიტეტი და გავეცანი პროგრამას, გადავწყვიტე უფრო მეტი გამეგო მის შესახებ და ჩემი მოთხოვნები/ინტერესები პუნქტებად ჩამომეყალიბებინა.

1) შევძლებ თუ არა სწავლა განვაგრძო იმავე კურსზე, რომელზეც ვარ ჩაბარების წლის მიხედვით?
2) ფინანსური მხარე.
3) სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტში.

პირველ საკითხთან დაკავშირებით მივმართე უშუალოდ საქართველოს უნივერსტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორს. მან მიპასუხა, რომ თეორიულად შესაძლებელია სწავლის ჩვეულებრივად გაგრძელება, თუმცა ამისთვის საჭიროა ჩემ მიერ აქამდე გავლილი საგნების ჩამონათვალი დაემთხვეს იმ საგნებს, რომელთა შესაბამისი კრედიტებიც დამჭირდება სუ-ში გადასვლის შემთხვევაში.

რაც შეეხება მეორე საკითხს. ამ ეტაპზე საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის გადასახადი არის 3950 ლარი. ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 70%-იანი დაფინანსებით ჩემს გადასახადს უნდა შეედგინა 2375 ლარი, თუმცა, როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა (საქართველოს უნივერსტეტი, სამართლის სკოლა, მეორე კურსი), ის იხდის 6000 ლარს და თუ მეც მის შესაბამის კურსზე გავაგრძელებდი სწავლას, იმავე თანხის გადახდა მომიწევდა (ანუ სახელმწიფოს დაფინანსებით 4425).

მანვე არ მირჩია საქართველოს უნივერსტეტში გადასვლა. ძირითადი მიზეზი, რომელიც სხვებისგანაც მოვისმინე არის ის ფაქტი, რომ თითქოს ხდება საგნების სპეციალურად ”შეტენვა”. მაგალითად, თუ ფინალურზე გამსვლელი ქულაა 20, გიწერენ 19.5-ს და გადაბარებაში გახდევინებენ დამატებით თანხას (თუ არ ვცდები 200-400 ლარის ფარგლებში). მე არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს ხმები სიმართლეს, თუმცა როდესაც 10-დან 9 კაცისგან იღებ უარყოფით შეფასებას, ბუნებრივია გიჩნდება შიში.
მით უმეტეს, რომ ახლა ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ მაქვს…

ისღა დამრჩენია სასურველი პროფესიის შესაბამისი პროგრამის ძებნა სხვა უნივერსტეტებში განვაგრძო…

exploring… step 1

პირველი ეტაპი – ეს არის სასურველი პროფესიის ძიება.
ამისათვის, გონებაში თვალი გადავავლე ჩემს მისწრაფებებს და გამახსენდა ერთი ფაქტი. როცა ჯეონიუსში ვმუშაობდი, ნიუსების წერაზე მეტად მინდოდა, რომ საიტის პიარზე მეზრუნა (მაგალითად, fb-ზე შევუქმენი გვერდი). აქედან გამომდინარე, დავასკვენი, რომ ჩემი მომავალი პროფესია pr-თან უნდა დამეკავშირებინა. ინტერნეტში გადავხედე საქართველოში არსებულ პროგრამებს და ჩემი ყურადღება მიიპყრო გაუ-ს პიარსკოლამ, სადაც არის ერთი ძალიან საინტერესო კურსი: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.
თუმცა ამ ეტაპზე მე ვეძებ საბაკალავრო პროგრამას. ამიტომ დავიწყე მსგავსი კურსების უმაღლეს სასწავლებლებში ძებნა. მარკეტინგი, როგორც წესი, მხოლოდ ბიზნესსკოლებში ისწავლება, რაც ჩემთვის მოუხერხებელია 2 მიზეზის გამო: თსუ-დან სხვა უნივერსტეტში გადასვლა მინდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწავლას გავაგრძელებ ისევ იმ კურსზე, რომელზეც უნდა ვიყო ჩაბარების წლის მიხედვით. ნებისმიერ ბიზნესსკოლაში კი ჩემ მიერ ამ 2 წლის განმავლობაში დაგროვებული კრედიტებიდან უმრავლესობა გამოუსადეგარი იქნება და მომიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მათემატიკურ საგნებთან ცოტა მწყრალად ვარ. მართალია, კარგად მესმის და ალღოს ადვილად ვუღებ, მაგრამ ჩემთვის ძალიან უინტერესოა მხოლოდ დასახელებებიც კი: ბიზნესსტატისტიკა, ფინანსური აღრიცხვები და ა.შ.

აქედან გამომდინარე განვაგრძე ძიება და საქართველოს უნივერსიტეტში ვიპოვე საბაკალავრო პროგრამა სახელწოდებით ”საზოგადოებასთან ურთიერთობა”. მისი წაკითხვის შემდეგ, გამიჩნდა აზრი, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც ვეძებდი…

ვნახოთ, მართლა ასეა თუ არა…

ჩემი გზა

რა რთულია ადამიანმა სწორად განსაზღვრო და აირჩიო შენი მომავალი პროფესია… როცა ვაბარებდი მეგონა, რომ ჟურნალისტობა იდეალური იყო ჩემთვის, მაგრამ თსუ-ში გატარებულმა წელიწადნახევარმა და ჯეონიუსში მცირეოდენი გამოცდილების მიღებამ დამანახა, რომ სულ სხვაგან მოვხვდი.

არ ვიცი, თქვენც გამოგიცდიათ თუ არა ის გაურკვევლობა, რაც ამ დროს გეუფლება ადამიანს. თითქოს სადღაც დაიკარგე, დაბნეული და შეშინებული ხარ. ხვდები, რომ მარტო აღმოჩნდი იმ სიძნელის წინაშე, რომლის გადალახვაშიც მხოლოდ შენი თავის იმედი უნდა გქონდეს.

ასეა თუ ისე, მე მაინც მიხარია, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და ბევრი დრო არ დამიკარგავს. აბა, წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა 10 ან 15 წელი სწავლობ, მუშაობ და ნელნელა აცნობიერებ – ”ეს ხომ ის არაა, რაც მე მინდა?!”

კარგი, ერთია გაიგო რა არ გინდა და მეორე, თუ რა გინდა. ჩემთვის ეს უფრო საპასუხისმგებლო პროცესია: მაქვს მეორე შანსის ხელიდან გაშვების უფლება? ახლაც რომ შეცდომა დავუშვა?

მაგრამ იმასაც ვაანალიზებ, რომ დასაკარგი დრო არაა. უნდა ვიფიქრო, ვიმოქმედო… სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შევარჩიო პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩემს მონაცემებს, უნარებს, მოთხოვნებს.

თუ თქვენ გაინტერესებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩემს ბლოგს და მე ნაბიჯ-ნაბიჯ გაგაცნობთ ყოველ დეტალს. იმედი მაქვს, ეს გზა საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანს.

ამარჩევინეთ ჩექმა

ხვალამდე უნდა ავირჩიო ამ ორიდან ერთერთი, დამეხმარეთ:


რომელი უფრო მოგწონთ? (სამწუხაროდ, პოლის გაკეთება არვიცი : ))