ჩემი სისუსტეები

 

დღეს, დილის 7 საათზე სიცხემ, გაჭედილმა ცხვირმა, საკუთარმა ხველებამ და  საბანმა, რომელსაც ღამით მართკუთხედის, დილით კი ხინკლის ფორმა აქვს ხოლმე (ამაზე დიდხანს ნუ იფიქრებთ) ერთდროულად გამაღვიძა. ცოტა ხანში წყურვილმაც შემომიტია, საწოლიდან წამოვდექი და სამზარეულოს გზას გავუდექი. როდესაც ჭიქას წყლით ვავსებდი, ვიგრძენი, თვალებში მიბნელდებოდა. იქვე ვაშლი იდო, ავიღე და ისევ ჩემი საძინებლისკენ წამოვფრატუნდი. მუხლებში ძალა მეცლებოდა, ნაბიჯს ავუჩქარე… როგორც იქნა, მივაღწიე ჩემს ოთახამდე, წყლიანი ჭიქა მაგიდაზე დავდგი და მე, ვაშლთან ერთად საწოლში გავგორდი.

თავბრუსხვევამ მაშინვე გადამიარა, ვაშლი ჩავკბიჩე და სიამაყე დამეუფლა. ”რა ძლიერი ვარ”, – გავიფიქრე – ” ხომ შეიძლებოდა, გზაში წავქცეულიყავი. მე კიდევ სისუსტე დავამარცხე!!!”

მოკლედ, ამ გადასახედიდან ეს მონოლოგი საკუთარ თავთან, რა თქმა უნდა, ავადმყოფის ბოდვას გავს, მაგრამ იმ მომენტში მართლა ძალიან ამაყი ვიყავი და გონებაში იმ სისუსტეების სიას ვადგენდი, რომელიც ასეთივე წარმატებით უნდა მომეშორებინა თავიდან.

  1. სიზარმაცე – ჩემი აქილევსის ქუსლი!!! რომელიც, ქვეპუნქტებადაც შეიძლება დაიყოს:  სიზარმაცე სწავლა-განათლებაში, სიზარმაცე საოჯახო საქმეებში, სიზარმაცე ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასე, უსასრულოდ…
  2. დრო – დიახ, დიახ, დრო!!! შეიძლება ითქვას, მე და ჩვენს პრეზიდენტს საერთო სისუსტე (ან გნებავთ ნაკლი) გვაქვს. ადრე თავი ძალიან პუნქტუალური მეგონა, მაგრამ რაც სტუდენტი გავხდი, ყველგან და ყოველთვის ვაგვიანებ. მაგალითად, ლექციებზე ვაგვიანებ იმიტომ, რომ უნივერსტეტთან ახლოს ვცხოვრობ და ყოველ ჯერზე მგონია, თუ ნახევარი საათით ადრე გავიღვიძებ, მერე ცოტა ხანს კომპიუტერთანაც დავჯდები და დიდხანს ვიფიქრებ იმაზე, თუ რა ჩავიცვა, ლექციაზე მაინც დროულად მივალ… ასევე, დამჩემდა ჩვეულებრივ შეხვედრებზე დაგვიანებაც (ან საერთოდ არმისვლა). მგონი, ჩემი ამ სისუსტის ყველაზე დიდი მსხვერპლი ირმაა.
  3. უმიზნობა – ოცნებები იცოცხლე, ოხრად მაქვს. მათგან ბევრი სრულიად რეალურია, მაგრამ მე არაფერს არ ვაკეთებ, რომ მიზნებად ვაქციო და მათ მისაღწევად ვიბრძოლო.

ისე, ახლა რომ ვუკვირდები, ამ 3 სისუსტიდან ბოლო 2 პირველში ერთიანდება. ანუ, ყველაფრის თავი და თავი სიზარმაცეა!!!

ჰოდა, ვიწყებ ბრძოლას მის დასამარცხებლად: როგორ, რანაირად არ ვიცი და ეს ამხელა პოსტიც იმისთვის დავწერე, რომ რჩევები და რეკომენდაციები თქვენგან მოვისმინო :)

Advertisements

10 საინტერესო ფაქტი ჩემ შესახებ

ბლოგოსფერიში ბოლო დროს პოპულარული თეგთამაშია ” X რამ ჩემზე”…

მე არავისაც არ დავუთაგივარ, მაგრამ მერე რა ?

მოკლედ, აი, ის 10 რამ, რაც თქვენ არ იცით და ასე ძალიან გაინტერესებთ:

  1. არ მიყვარს წიგნების დაბრუნება პატრონებისთვის, თუ ვიცი, რომ ეს წიგნი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მათთვის.
  2. მინდა მიყვარდეს ლუდი და სიგარეტი, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვიტან : (
  3. ხანდახან ვოცნებობ მარტოხელა დედობაზე.
  4. არ შემიძლია ცალმხრივი სიყვარული (არა მხოლოდ ბიჭის მიმართ, საერთოდ…).
  5. მინდა, ჩემს ცხოვრებაზე კარგი წიგნი დაიწეროს (მაგალითად, ავტობიოგრაფიული).
  6. …და ამ წიგნის მიხედვით ასევე კარგი ფილმი გადაიღონ : )
  7. თან მომწონს და თან მეშინია საკუთარი ხასიათის.
  8. არავინ მეზიზღება, მაგრამ ბევრი მაღიზიანებს.
  9. გულახდილი ვარ, იშვიათად ვიტყუბი, მაგრამ…
  10. …თქვენ კიდევ ბევრი რამე არ იცით ჩემზე ^_^

აღდგომა და ათეისტები on my mind

ჩემი შარშანდელი, სააღდგომო პოსტი ძველი ბლოგიდან :)

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა…

მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ ან რა უნდა დავწერო? უბრალოდ მინდა ჩემი შეშფოთება, აღშფოთება თუ რაც გინდათ ის დაარქვით, გაგიზიაროთ.

11-12 წლამდე, მგონი, არც მეგონა ვინმეს თუ არ წამდა ღმერთი. მერე მახსოვს, ჩემმა ორმა მეგობარმა გამომიცხადა “ათეისტები ვართო” (სხვათა შორის, ერთერთმა მათგანმა გუშინ ჩემს ბლოგს მოაგნო. ქეთ, სალამი!)… ამას წინათ იმ დროინდელი წერილები ვიპოვე, გაკვეთილზე მე და ჩემი სხვა დაქალი, რომ ვმსჯელობდით, რატომ არ სწამდათ მათ ღმერთის და ა.შ.
იმ ასაკში ეს მართლაც ბავშვური ახირება იყო, იმიტომ რომ, ორივეს მალე გადაუარა…
მთავარი შოკი კი წინ მელოდა. დაახლოებით 13-14 წლიდან დავიწყე ფორუმებზე “მოღვაწეობა” და აი, იქ ნამდვილად “განვნათლდი”. გავიგე რა იყო ათეიზმი, ძირითადად რა კითხვები უჩნდებოდათ ადამიანებს, რის საფუძველზეც უქრებოდათ რწმენა და ა.შ.
მახსოვს ერთხელ ცხარე კამათიც კი მომივიდა ერთერთ ბიჭთან. იმ დღის შემდეგ ვთქვი, რომ რელიგიაზე და ჩემს რწმენაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი, მითუმეტეს, არ ვიკამათებდი. გინდათ გითხრათ რატომ?
ნამდვილად არ მაქვს იმხელა რელიგიური განათლება, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო (ახლა თორმეტივე მოციქულის სახელსაც კი ვერ ჩამოგითვლით). ზოგი თვლის, რომ სწორედ ესაა თავი და თავი. ბევრისგან თუ არა, არაერთისგან გამიგია, რომ ღმერთის გაუნათლებელ ადამიანებს წამთ. რელიგია ხომ მეცნიერებას ებრძვისო…

მე არ მაქვს არცერთ მათ კითხვაზე პასუხი, არც ციტატები ვიცი ბიბლიიდან… მწამს ღმერთის, იმიტომ რომ ვგრძნობ და სულ ესაა. არ ვერევი არავის რწმენის საკითხში და არ ვანსხვავებ ადამიანს რელიგიის მიხედვით (ერთი ესაა, სექტანტები არ მევასებიან, მაგრამ არანაირი შეხება არ მაქვს და არც არაფერს ვერჩი… რომც მქონდეს, უბრალოდ, თავს ავარიდებდი).

შემიძლია, პატივი ვცე ყველა ადამიანს, ვინც ამას დაიმსახურებს ჩემგან, თუნდაც ათეისტი იყოს, მერე რა?

ახლა კი პოსტის კვანძს მივადექით… დღეს ერთერთ თინეიჯერულ ფორუმზე შევედი. თემა იყო გახსნილი წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით და იქ ამბავი დამხვდა, დედა შვილს რომ არ იყვანს და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს… იცით რამ გამაღიზიანა? ადამიანები, რომლებიც სხვა თემაში (მაგალითად “არაორდინალური ჩაცმულობა”) დგანან და წუწუნებენ, რომ მათ ქუჩაში დამცინავი მზერის და რეპლიკების ატანა უწევთ ვარდისფერი თმის ან გახვრეტილი ტუჩის გამო (ამას სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ, დამიჯერეთ, მართლა ბევრია ასე), თვითონ დაცინიან უფრო ძვირფასს სხვა ადამიანებისათვის.

იყავი ათეისტი, მაგრამ რატომ ახვევ თავს სხვას შენს მოსაზრებებს? მითუმეტეს, ცინიკური და ირონიული ტონით? და საერთოდაც, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად გაიაზრე და უბრალოდ სხვებს არ აყევი?

P.S: პოსტის ბოლოს, თუ ის გაუგებრადაა დაწერილი, მინდა მოკლედ დავაფიქსირო, რომ იგი მიზნად არ ისახავს რომელიმე აღმსარებლობის ან კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფას.

3 აპრილი, 2010 წელი

chaos in my life

აპრილი იწურება. მომავალი თვიდან ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადავდივარ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გაუ-ში აღარ ვივლი. 30 აპრილს დიპლომებს გადმოგვცემენ და მორჩა.

დარწმუნებული ვარ, მომენატრება ხოლმე, მაგრამ ახლა მაინც მიხარია -საღამოებს მეგობრების წრეში გავატარებ, აღარ მექნება საფიქრალი, რომ პრეზენტაცია მაქვს წინ და ა.შ.

მაისიდან ვაპირებ:

  • აერობიკაზე და ავტოსკოლაში სიარულს
  • თმის წაბლისფრად შეღებვას
  • ისევ და ისევ, სამსახურის ძებნას

აპრილის ბოლო კვირა

სააღდგომო არდადეგების შემდეგ, რომელიც სამშაბათს მთავრდება, რამდენიმე კოლოკვიუმი უნდა მოვიშორო. მათ შორის, ნორვეგიულისაც – არადა, ამ სემესტრში ნორვეგიულის ლექციაზე ერთხელაც არ ვყოფილვარ.

ბოლოსკენ მოვიტოვე, ჩემი პირადი ცხოვრების ყველაზე პირადი ნაწილი – ნოდო… 2 კვირა არაა, რაც შევრიგდით, მაგრამ ისევ არასტაბილური ურთიერთობა გვაქვს. ჰოდა, ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარია, რაც შეიძლება მალე გავერკვე ამ გაუგებრობაში. ყოველ საღამოს ვფიქრობ, რომ ჩვენ არაფერი გამოგვივა და დილით მაინც მის სანახავად გავრბივარ.

მოკლედ, აპრილის ბოლო დღეები ლაგებაში უნდა გავატარო – საკუთარი ოთახიდან დაწყებული ურთიერთობებით დამთავრებული (მიზნებისა და გეგმების გავლით : )

ის, რაც ჩემი თვალით ვნახე!

გუშინ საღამოს უნდა გამართულიყო (და გაიმართა კიდეც) საინიციატივო ჯგუფ ”თარგმნეს” პრეზენტაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი. საღამოს მეგობრებისგან გავიგე, რომ იქ მთელი ამბები დატრიალებულა.

იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვყოფილვარ, მოდით, არ მოგიყვებით იმას, რაც საკუთარი თვალით არ მინახავს… სამაგიეროდ, დავწერ იმაზე, რასაც დღეს ნამდვილად შევესწარი:

2-ის ნახევარზე მომავალ ჟურნალისტებს მეექვსე კორპუსში ახალი ამბების ლექცია გვქონდა. ცოტა ადრე მივედი, ბავშვები გარეთ იყვნენ. მათ შორის ჩემი 2 მეგობარი (ორივე ბლოგერი), გიორგი გოგუა და ლაშა ქავთარაძე . ასევე, გიორგი ხატიაშვილი, რომელსაც გუშინდელი პრეზენტაციის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სანამ მე გიორგის ველაპარაკებოდი, ლაშასთან და ზეროსთან მივიდა 3 ბიჭი და ხუთივენი ერთად დაიძრნენ მეორე კორპუსის ეზოსაკენ. რა თქმა უნდა, ყველანი მივხვდით, რომ ეს გუშინდელი ამბის გაგრძელება იყო (რა მოხდა გუშინ – წაიკითხეთ ზეროს ბლოგზე ).

სულ რამდენიმე წუთში ორივენი დაბრუნდნენ ნაჩხუბრები და ნაცემები. როგორც გაირკვა, მეორე კორპუსის ეზოში მათ კიდევ დახვედრიათ რამდენიმე ბიჭი, რომლებმაც ლაშას მხრიდან გუშინ საღამოს გამოთქმული შენიშვნები თვითმართველობისა და უნივერსტეტის ადმინისტრაციის მიმართ, რატომღაც პირად შეურაცხყოფად მიიღეს და ძველბიჭური გარჩევები დაიწყეს.

ამ ყველაფერს თურმე მშვიდად უყურებდა იქვე მდგომი დაცვის 2 წევრი, რომლებიც ჩვენი ლექტორის ჩარევის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მაგრამ ამით ხომ არაფერი დამთავრდება? ამ პატარა ბიჭებმა რაღაც ძალაუფლება იგრძნეს და ჭკუაზე აღარ არიან. მე მართლა არ ვარ ჩახედული თვითმართველობის საკითხებში, თუმცა ეს ფაქტიც საკმარისია იმისთვის, რომ მათზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნას.

მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები შესაბამისად უნდა დაისაჯონ და საერთოდ, ეს რაღაც კაგებეშნიკური წიკები მოიშორონ. უნივერსტეტში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. ადამიანებს არ უნდა ცემდნენ იმის გამო, რომ მათ საკუთარი, თავისუფალი აზრი გააჩნიათ. და ამ ლაწირაკებს არ უნდა ეგონოთ, რომ რადგან თვითმართველობის წევრები არიან, უნივერსტეტი მათ გარშემო ბრუნავს!!!

არ ვიცი, რა გაგრძელება მოყვება გუშინდელსა და დღევანდელ დღეს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები მიხვდებიან, თუ რამხელა ძალაა ჩვენს ხელში და როგორ შეგვიძლია ყველაფრის უკეთესობისაკენ შეცვლა…

მოკლედ :)

არ მახსოვს, ვინ, მაგრამ რომელიღაც ბლოგერმა დაწერა, როდესაც კარგად ვარ, ვერაფერს ვპოსტავო : )) დაახლოებით მაგ მდგომარეობაში ვარ, თავს კარგად ვგრძნობ : )) თან, მზემაც გამოანათა და გარეთ უფრო მეტ დროს ვატარებ.

კიდევ უნივერსტეტში კოლოკვიუმების კვირა მაქვს. ვერ ვიტყვი სწავლით ვიკლავ-მეთქი თავს, მაგრამ რაღაცას მაინც ვაკეთებ და, რა თქმა უნდა, გაუ-ს ფინალურისთვისაც ვემზადები: ორშაბათს ტესტირება მაქვს, პარასკევს კიდევ პროექტის პრეზენტაცია.

ასევე, ამ კვირაში ვაპირებ Cv წავიღო ერთ კარგ ადგილას და ჩემს გარდერობს რამდენიმე ნივთი შევმატო.

მოკლედ, სასიამოვნოდ დატვირთული ვარ,

და შეყვარებული :)

გოგონა გარეუბნიდან – product placement

ბოლო რამდენიმე კვირაა თამუნამ და ანჩომ პიარის კურსებზე დაიწყეს სიარული. (ვინ არიან თამუნა და ანჩო ? – ”გოგონა გარეუბნიდან”)

პირველად ეს კურსები ”PR სკოლის” სახელით მოიხსენიეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჯიპაში ჩაუბარებიათ.

წინა კვირას მათმა ლექტორმა, რომელიც სტუდენტებთან ზედმეტად ოფიციალური მეჩვენება (?), ისეთი დავალების შესრულება შესთავაზა, სადაც product placement იქნებოდა გამოყენებული.

რა არის product placement? – თუნდაც ის, რასაც ”ჯიპა” აკეთებს ამ სერიალში, ანუ არაპირდაპირი რეკლამა: და თუ თქვენ გადაწყვეტთ, გაიაროთ პიარის კურსი, ამავდროულად უყურებთ ”გოგონას გარეუბნიდან”, პირველი თავში აუცილებლად ”ჯიპა” მოგივათ.

მე, უბრალოდ, ერთი რამე მიკვირს: ჩვენთან (ვგულისხმობ გაუ-ს pr სკოლას) ლექტორსა და სტუდენტებს შორის ასეთი დაძაბული გარემო ნამდვილად არაა. დარწმუნებული ვარ, დაგვიანების შემთხვევაში, არც ერთი ლექტორი არ მეტყვის, რომ ”ახლა ახსნა-განმარტებების დრო არ არის” და არ აინტერესებს, რა შემემთხვა.

იხილეთ 8 აპრილის სერია.

ახლა შეიძლება თქვათ, რომ რადგან შენ პოსტი დაწერე, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათმა რეკლამამ იმოქმედა, მაგრამ მე ეს პოსტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ თავად ვსწავლობ pr სკოლაში და ვიცი, რა სიტუაციაცაა იქ.

ასე რომ, თუ თქვენ გინდათ გყავდეთ მეგობრული და პროფესიონალი ლექტორები, მოდით გაუ-ში : ))