საახალწლოდ…

 

ნახევარ საათში ახალი, 2012 წელი დგება.

არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ მისგან ყველაფერ საუკეთესოს ველი. ამბობენ, რომ აღმართს ყოველთვის მოჰყვება დაღმართი (თუ პირიქით :? ), ჰოდა მეც მინდა რომ მძიმე და ნეგატიური 2011-ის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ვიცი, ბევრი რამე ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობს გარემოფაქტორები, რომლებზეც მე ვარ დამოკიდებული. იმედია, ისინი ჩემს სასარგებლოდ იმოქმედებენ.

ახლა კი წავედი, უნდა მოვემზადო, ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდე და მერე მეგობრებთან წავიდე. გილოცავთ ყველას და ბედნიერებას გისურვებთ!!!

შევხვდებით 2012-ში <3

რას ვაკეთებდი 20 წლის განმავლობაში

მინდოდა ჩემი დაბადების დღის შესახებ დამეწერა ვრცელი პოსტი, თავისი ფოტოებით და ამბებით, მაგრამ რაღაც ვერ მოვაბი თავი, არადა უკვე 4 დღე გავიდა…

მოკლედ, გავხდი 20 წლის და ამ დღემ არც ისე ცუდად ჩაიარა, როგორი განწყობაც მქონდა… პირიქით, ყველაფერი ძალიან კარგი იყო <3

ხუმრობით ეკითხებიან ხოლმე ერთმანეთს… აბა როგორია იყო 20 წლის? 32 წლის? 57 წლის?…

ბოლო ორ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გამაჩნია, აი 20 წელს რაც შეეხება – ჯერ მთელი სამასსამოცდარაღაცა დღეა წინ, თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ რადგან 20 წლის გავხდი, დავიწყე ფიქრი ასეთ რამეებზე:

აი, უკვე საუკუნის მეხუთედი და საშუალო ცხოვრების (80) მეოთხედი გავლიე… რა გავაკეთე ამ ოც წელიწადში მნიშვნელოვანი? 

  • დავიბადე
  • ვიარე ბაღში
  • ვიარე სკოლაში
  • ბალეტზე
  • ქართულ ცეკვაზე
  • ხატვაზე
  • მუსიკაზე
  • ციგურებზე
  • ცურვაზე
  • თხილამურებზე
  • თეატრალურ წრეზე
  • ჟურნალისტიკის კურსებზე
  • ინგლისურზე
  • რუსულზე
  • მოვემზადე მასწავლებლებთან
  • დავამთავრე სკოლა (ვერცხლის მედალზე :))
  • მივიღე ნოუთბუქად შერაცხული ნეტბუქი თუ რაღაც… არც ვიცი… დედაჩემი თამაშობს ხოლმე პასეანსს
  • ჩავაბარე უნივერსტეტში, სადაც მინდოდა
  • ავიღე 70%იანი გრანტი
  • მერე აღარ მინდოდა, მაგრამ მაინც…
  • გადავედი მეორე კურსზე
  • გადავედი მესამე კურსზე
  • მყავდა 3 შეყვარებული
  • მქონდა 3 ბლოგი
  • შევიძინე არც ისე ცოტა და არც ისე ბევრი მეგობარი
  • ა, ჰო… პიარის კურსებზეც ვიარე
  • “ვიმუშავე”
  • ვიარე გასაუბრებებზე

კიდევ ბევრი რამე გავაკეთე, მაგრამ რაც ერთ ამოსუნთქვაზე გამახსენდა, სულ ეს იყო… ))

Hi, fashionTV. I am Tamta from Georgia : ))

ბოლო დროს ჩემს თავს ვამჩნევ, რომ მიზანდასახული და გაბედული გავხდი. ადრე ეს ორი თვისება მაკლდა, არც ახლა მაქვს საკმარისი დოზით, მაგრამ პროგრესი აშკარად არის.

ალბათ, გახსოვთ 4 დეკემბრის პოსტში ამერიკულ შოუზე ვწერდი და ვახსენე კიდეც, რომ “მეც მომინდა მოდელობა”…

ჰოდა…

მე თვითონაც არ მჯერა, რომ სამოდელო სააგენტოში მივედი. ყოველთვის მეცინებოდა ამაზე, არ ვთვლიდი თავს იმდენად ლამაზად, რომ მოდელობაზე მქონოდა პრეტენზია. არც ეხლა ვარ საკუთარ გარეგნობაზე ნარცისივით შეყვარებული, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა.

არ ვიცი ყველა გოგოს ასე ეუბნებიან თუ არა, მაგრამ იქ მომუშავე ადამიანებისგან დადებითი შეფასებები მივიღე, რამაც ძალიან გამახარა. არ ვიცი რა იქნება რეალურად, ჯერ მხოლოდ 2 გაკვეთილზე ვიყავი, მაგრამ მიზანი მაქვს, რომ ჩემი სხეული იმდენად იდეალური გავხადო, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თვალსაჩინოებისთვის, ჩემი პარამეტრები 88/65/95-ზე მინდა იქცეს 88-62-92-ად.

88-ს პლასტიკური ჩარევის გარეშე არაფერი ეშველება, სამწუხაროდ :D

მოკლედ, ასე… თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება, აუცილებლად შეგატყობინებთ. ამ ეტაპზე, აერობიკისგან კუნთები მტკივა და კიდევ, 10 სანტიმეტრიან ქუსლებზე ვდგავარ (მხოლოდ დეფილეს გაკვეთილზე : )

ჩემი ოქროს დაბიდუბი

5 დღეში 20 წლის ვხდები ანუ ე.წ. “ოქროს დაბადების დღე” მაქვს. პრინციპში, ჩემთვის ჩემი ყველა დაბადების დღე ოქროსი იყო. მშობლებმა ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს მის აღნიშვნას – ხან ვიწრო წრეში, ხანაც  შედარებით გრანდიოზულად. ყოველი მათგანი ჩემთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო , მეორე დღიდან კი ვიწყებდი იმაზე ფიქრს, როგორი იქნებოდა ჩემი შემდეგი დაბადების დღე.

განსაკუთრებული მოლოდინი ზუსტად 20 წლისთვის მქონდა. სიმბოლური რიცხვია, მრგვალი და ლამაზი. თან თინეიჯერობის წლები მთავრდება და თითქოს ახალ ეტაპს იწყებ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ 20 დეკემბერს ვარ დაბადებული.

მაგრამ, აი, მოახლოვდა ეს თარიღი და გავაცნობიერე, რომ ცხოვრებაში პირველად არ მინდა მისი გადახდა. ჩემთვის ის მაინც არ იქნება ერთი ჩვეულებრივი დღე, ვერც იმ ადამიანებს გავუგებ, რომლებსაც საკუთარი დაბადების დღეები სძულთ. იქნებ მომავალ წელს სულ სხვა განწყობა მქონდეს. მით უმეტეს, რომ მაიას ტომების კალენდარს თუ დავუჯერებთ, ჩემი დაბადების დღე ბოლო მშვიდობიანი დღე უნდა იყოს კაცობრიობის ისტორიაში (20.12.2012) : )))

წელს კი… წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება. ისე, როგორც აქამდე არასოდეს არ ყოფილა.

და მე ეს მომწონს!

რატომ მინდა მარტო ცხოვრება ?!

ჩემ გარშემო, მგონი, ყველამ იცის, რომ ძალიან მინდა მარტო ცხოვრება. პრინციპში, მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც მსგავსი სურვილი აქვს. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და თანატოლი “ოცნებობს” ამაზე. ბრჭყალებში იმიტომ, რომ მარტო ცხოვრება არანაირად არ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს და ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია, თუ ამას მართლა მოინდომებს.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ძალიან მოსაწყენია. როგორც ჩანს, ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული… და კიდევ იმაზე, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, სტუდენტობის პერიოდში ნამდვილად არ მაწყენდა საკუთარი ბინის ქონა.

არ მინდა ჩემი სიზარმაცე მხოლოდ გარემო ფაქტორებს დავაბრალო, თუმცა, ფაქტია, რომ სახლში, სადაც 5 ადამიანი ცხოვრობს, სადაც საღამოს 5-დან 12 საათამდე ტელევიზორი მუდმივ რეჟიმშია ჩართული, სადაც ყველა ხმამაღლა საუბრობს და სადაც ჩემს პატარა საძინებელ-კაბინეტს საერთო ოთახისაგან კედლის მაგივრად შემინული კარები ყოფს, თითქმის შეუძლებელია თუნდაც, შენს გემოზე იმეცადინო, დაიძინო, გაიღვიძო და ა.შ.

ვიცი, ჩემი მშობლებისთვის ცოტათი გაუგებარი და მიუღებელია ჩემი ასეთი სურვილი, მაგრამ თუ ოდესმე მექნება იმის შესაძლებლობა, რომ თავს ამ “ფუფუნების” უფლება მივცე, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები…

მეორე მხრივ, ვიცი, რომ ოთხნიშნა ხელფასის მქონე ადამიანებიც კი გაჭირვებით ქირაობენ ნორმალურ ბინებს. ამ შემთხვევაში ერთ ალტერნატივას განვიხილავ:

 ბინის ქირაობა 1 ან მაქსიმუმ 2 მეგობართან ერთად.

კარგი იქნება, თუ ამ მეგობრებს დაახლოებით ჩემნაირი გრაფიკი ექნებათ. მაგალითად, თუ ჯგუფელები ვიქნებით, გვეყოლება საერთო წრე. გამოცდების პერიოდში ერთად ვიმეცადინებთ, თავისუფალ დროს ერთად გავერთობით და ერთმანეთს ხელს არ შევუშლით და ნერვებს არ მოვუშლით ))

დარწმუნებული ვარ, მარტო ცხოვრება ძალიან კარგი და სასარგებლო გამოცდილება იქნება ჩემთვის. გავხდები უფრო დამოუკიდებელი, ვისწავლი საჭმლის კეთებას, წყლის მოტანას, საწოლის დალაგებას… )))

არ მინდა საკუთარი ოჯახი ისე შევქმნა, რომ ეს ყველაფერი არ გამოვცადო. იმედია, მე ამას შევძლებ ^_^

Diary of a bad year

ყოველთვის ხდება კარგი და ცუდი რამეები, წელსაც ასე იყო, მაგრამ რომ ვუფიქრდები, ცუდი უფრო მეტი მახსენდება, ვიდრე კარგი… ანუ დასკვნა: 2011 ჩემი წელი არ იყო. ეს დასკვნა, რა თქმა უნდა, შეიცვლება თუ დარჩენილ 20 დღეში რაიმე ჩემთვის სასიკეთო მოხდება, ვნახოთ…

ჯერ ვაპირებდი, დეკემბერში მნიშვნელოვანს არაფერი გამეკეთებინა, მაინც არ გამომივა-მეთქი, მაგრამ ახლა გადავწყვიტე რამდენიმე “ფლანგზე” ვცადო ბედი. ბოლოს და ბოლოს, თუ მართლა არ გამოვიდა, ავდგები და ისევ 2011 წელს დავაბრალებ ^_^

არ მინდა დაწვრილებით ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე. მარტო იმას გაგიმხელთ, რომ ყველა მათგანი ეხება კარიერას, სწავლას, განვითარებას… ერთდროულად რამდენიმეს ვიწყებ და იმედი მაქვს, ერთს მაინც მივიყვან ბოლომდე. საერთოდ ვთვლი, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი მაინც ისეთი საქმე, რომელიც ძალიან კარგად ეცოდინება. “საქმე” აუცილებლად სამსახურს არ გულისხმობს – ვიღაც შეიძლება კარგად ქსოვდეს, ვიღაც შეიძლება კარგად უკრავდეს გიტარაზე, ვიღაც შეიძლება ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აცხობდეს…

ჰოდა, მეც მინდა ვიპოვო ჩემი მოწოდება, რომელიც მთელი გულით მეყვარება და რომლისთვისაც ბოლომდე დავიხარჯები. როცა ამ მიზანს მივაღწევ, მაშინ ჩავთვლი, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვარ ისევ და ისევ საკუთარ თავთან შედარებით )

America’s next top model

 

ვერ ვიტყვი, რომ სამოდელო სფეროში დიდად ჩახედული ადამიანი ვარ, თუმცა ბოლო ხანებში ძალიან გამიტაცა ერთმა რიალითი შოუმ, რომელიც ზუსტად ამ თემატიკაზეა.

გადაცემის ავტორი და წამყვანი არის ტაირა ბენკსი. მისი სახელი პირველად ამ შოუდან გავიგე, არადა ძალიან პოპულარული მოდელი ყოფილა, რამდენიმე წლის წინ ვიქტორია სეკრეტის ანგელოზიც იყო.

მოკლედ, თავიდან ირჩევენ 12-15 გოგოს მთელი ამერიკის მასშტაბით და ამ გოგონების ცხოვრებაში იწყება აბსოლიტური სიგიჟე: გადაღებები, მოგზაურობები, ჩვენებები (ეს უკანასკნელი შედარებით იშვიათად)…

ყოველ კვირას ვარდება ერთი მათგანი, თუმცა ხანდახან ყოფილა რომ ორიც გაუგდიათ და, მგონი, პირიქითაც – ყველა დაუტოვებიათ.

ეხლა მე ვარ მეოთხე სეზონზე ანუ 2005 წელში. წინა სეზონის გამარჯვებული გახდა ევა მარსილი (Marcille), რომელიც პროექტის დაწყებისას ასე გამოიყურებოდა:

შემდეგ კი ნამდვილ ტოპმოდელად იქცა:

მართალია, ეხლა უკვე მეთვრამეტე სეზონი მიმდინარეობს და, დარწმუნებული ვარ, გაცილებით საინტერესო იქნება, მაგრამ არც მეოთხე სეზონია მოსაწყენი. უკვე თითქმის ბოლოში გავედი. მყავს ჩემი ფავორიტი, რომელიც წინასწარ ვიცი, გამარჯვებული არ გამხდარა (შემთხვევით შემეჭყიტა ვიკიპედიაზე :)), მაგრამ მაინც მას ვგულშემატკივრობ:

სხვათა შორის, რაც ამ შოუს ყურება დავიწყე, მეც მომინდა მოდელობა… ამერიკაში რომ მეცხოვრა, აუცილებლად ვცდიდი ბედს, მაგრამ საქართველოში სამოდელო ბიზნესი დღესდღეობით ახლოსაც კი ვერ მიდის თუნდაც იმასთან, რაც იქ 2005 წელს ხდებოდა…

გამარჯვებულს საჩუქრად 100 000 $-იან კონტრაქტს უფორმებენ, მაშინ როცა 2011 წელს ერთ ჩვენებაში მოდელი 20, ჰაჰა 50 ლარს იღებს…)

მოკლედ, თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ უყუროთ ამ საიტზე ნებისმიერ სეზონს… ან თქვენს ტელევიზორში მოძებნოთ sony ent.television და შემომიერთდეთ მეოთხე სეზონის მიწურულიდან :))