გამოუფხიზლებელი პოსტი

ბოლოს როდის გავიღვიძე ასე ადრე და თან ასე გამოძინებულმა არ მახსოვს.

მგონია, რომ ძილი დავამარცხე და მიხარია!

ჯერ მთელი დღე წინ მაქვს, რამდენი რამე შემიძლია გავაკეთო. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.

თუმცა, ძილს ორგანიზმი რომ არ მოითხოვდეს, სიზმრების გამო მაინც მეყვარებოდა.

მე არ ვიცი, როგორი სიზმრები გაქვთ თქვენ, მაგრამ ჩემი სიზმრები ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, ჩახლართული და გაუგებარია.

იქ თითქოს ყოველღამე თავიდან იბადები და ცხოვრობ.

ამ ყველაფერს აშკარად ეტყობა ცოტა ხნის წინ გაღვიძებული ადამიანი რომ წერს. ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზდლი ბოლომდე, მაგრამ მთავარია, რომ აღარ მეძინება.

თქვენ?

 

ლოლიტა

 

ალბათ, 10-11 წლის ვიქნებოდი, “ლოლიტას” პირველად რომ ვუყურე. ბუნდოვან შინაარსთან ერთად (შუა ხნის მამაკაცი, რომ პატარა გოგოზეა შეყვარებული) ორი კადრი ჩამრჩა მეხსიერებაში:

ეს

და აი ეს კაცი დერეფანში რომ მირბის გაღეღილი ხალათით…

გუშინ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მენახა ფილმი, რადგან აუდიოწიგნის მოსმენას ვაპირებ რუსულ ენაზე და მინდოდა ისეთი მომენტები აღმედგინა, რომელთა აღქმაც შეიძლებოდა ვიზუალის გარეშე გამჭირვებოდა.

თავიდან ძალიან ავღშოთდი, გული მერეოდა ამ პედოფილ კაცზე, რომელიც 12 წლის გოგოსთან იწვა:

მაგრამ ბოლოს ზიზღის მაგივრად სიბრალული ვიგრძენი და ცრემლებიც კი წამომივიდა მათი ბოლო შეხვედრის სცენაზე. შემეცოდა ეს კაცი, რომელიც ავადმყოფურად იყო შეყვარებული ერთ პატარა, გარყვნილ გოგოზე, რომლისთვისაც ის თურმე არაფერს ნიშნავდა.

მართალია, არ ვიცი ამ წიგნისა თუ ფილმის ისტორია, რა რეზონანსი მოჰყვა და ა.შ., მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი გააკრიტიკებდა მასში აღწერილი ამორალური სცენების გამო.

მე კი, ვფიქრობ, რომ ეს ერთერთი ყველაზე სევდიანი სიყვარულის ისტორიაა, რომლის შესახებაც ოდესმე მსმენია…

ზამთარია, სიცივეა…

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიჭირს წერა. ასე მგონია, უკვე ყველაფერი მოგიყევით, მაგრამ მაინც, ყოველდღე ვხსნი new post-ის ფანჯარას და 5 წუთიანი მიშტერების შემდეგ ხელის ერთი დაწკაპუნებით ვრთავ.

არვიცი, ამ პოსტსაც იგივე ბედი ეწევა თუ არა, მაგრამ რადგან ბეჭდვა დავიწყე, ალბათ, ბოლომდე მივიყვან.

ჩემი თქმა რად გინდათ, ისედაც გეცოდინებათ, რომ ძალიან ცივი თებერვალია. არასოდეს მახსოვს, როგორი ამინდები იყო წინა ზამთარს, ამიტომ, მგონია, რომ ახლა ყველაზე მეტად მცივა – მარტო გარეთ არა… ყველგან – ქუჩაში, სახლში, სულში. ღამით, თბილ საბანში გახვეული გაყინულ ფეხებს ძლივს ვითბობ და ეს კიდევ უფრო ახანგრძლივებს ჩემს ისედაც გახანგრძლივებულ ჩაძინების პროცესს.

“სულში სიცივეს” რაც შეეხება, სხვა დროს ამას არაფრის დიდებით არ დავწერდი, მაგრამ უცბად მივხვდი, რომ ეგრეა. საერთოდ, ბოლო დროს გავაცნობიერე, რომ ძალიან მარტოსული ადამიანი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ჩემი მეგობარ-ნაცნობების რაოდენობა ყველაში გაოცებას/აღშფოთებას/აღფრთოვანებას და ა.შ ემოციებს იწვევს.

ჰოდა, კიდევ, ამ სიცივეზე სულ ეს სიმღერა მახსენდება ხოლმე:

… და ვფიქრობ – შარშან უფრო საშინელი და ცივი ქარი თუ ქროდა და მე ეს არ მახსოვს, იქნებ მართლაც იმიტომ, რომ “მაშინ ჩემთან იყავ” და “სულ არ მეშინოდა” ?

ამაზე პასუხს, ალბათ, მომავალ ზამთარს გავიგებ …