ბოლო 1 კვირა

ბოლო დღეებში ჩემს ცხოვრებაში საინტერესო და პოზიტიური ამბები ხდება.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე დავინახე ერთი კაცი, რომელსაც ზუსტად მეტროსთან გამოტანილი ჰქონდა ტელესკოპი და მსურველებს 1 ლარად ახედებდა. იმ დღეს მთვარე ჩანდა განსაკუთრებულად და, ასევე, იუპიტერიც. თუმცა ამ კაცის ტელესკოპი პირდაპირ მთვარისკენ იყო მიმართული და აქეთ-იქით ტრიალი აღარ დამიწყია. მით უმეტეს, რომ სახლში საკუთარი ტელესკოპიც მეგულებოდა. ე.ი. დადგა მისი გამოცდის საღამო – სასწრაფოდ ავაწყე და გავიტანე ჩემს ქუჩაზე, შედარებით შესაფერის ადგილას. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რადგან მთვარე თითქმის ისე მოაახლოვა, როგორც დიდმა ტელესკოპმა. იუპიტერს რაც შეეხება, სხვა ციურ სხეულებთან შედარებით გამოკვეთილად ჩანდა, გვერდზე თანამგზავრებიც დავინახე (4 აქვს, მაგრამ მე მარტო 3 შევამჩნიე) და გახარებულმა გადავწყვიტე, რომ მივყვე ამ გეგმას, რომელიც ჩემმა დაქალმა დამიპოსტა ვოლზე. ე.ი. შემდეგი გაჭყეტა 2 თებერვლისთვის მიწევს.

13 events

კიდევ, გუშინ ძალიან კარგი ამინდი იყო და ბევრი ვისეირნე – საბაგიროთი ავედი მთაწმინდის პარკში, შემდეგ კი იქიდან ფეხით დავეშვი ნარიყალაზე, სადაც ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად ვიყავი : )) ნარიყალადან ისევ საბაგიროთი ჩამოვედი რიყეზე > ლესელიძეზე > რუსთაველზე და ბოლოს სახლში.

წინა კვირას “კულინარიის აკადემიასაც” ვესტუმრე მეგრული სამზარეულოს დღეზე – გავაკეთე ხარჩო, ჭვიშტარი, ღომი, ელარჯი და ფუჩხოლია. ეს კერძი მთელი ცხოვრება მაწონში ან რძეში ჩაფშვნილი პური მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყოფილა ყველის და პიტნის საკმაოდ გემრიელი კომბინაცია, რომელიც ძალიან უხდება ღომს.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პირველი მცდელობით აღფრთოვანებული დავრჩი. აი, მაგალითად, ჭვიშტარი ცოტა სქელი გამომივიდა და შიგნით კარგად არ გამოცხვა. თან, ვიზუალურადაც კატლეტს უფრო გავდა :D

chvishtari

სამსახურში ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან საინტერესო პროექტების დაწყებას ვგეგმავთ და ერთი სული მაქვს, ისე ველოდები.

უნივერსტეტის გამოცდებსაც ვაბარებ ნელნელა. პრინციპში, არც ისე ნელა, მაგალითად, ხვალ 3 ერთად მაქვს :D

მოკლედ, ასე მგონია, რომ სრული ბედნიერებისთვის გაზაფხულიღა მაკლია, თუმცა რაღა დარჩა …

spring

Advertisements

My best friend

“სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე.”

ბესიკ ხარანაული

დღეს გავიგე, რომ ჩემს ბლოგს მინიმუმ ერთი მკითხველი მაინც ყავს – ჩემი მეგობარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი.

nuca chat

ჰოდა, გადავწყვიტე მას მისივე თავის შესახებ ვუამბო.

ჩვენი უკვე 16 წლიანი ნაცნობობის მანძილზე სამნაირი ნუცა მაგონდება.

ისეთი, როგორიც იყო სკოლაში.

ისეთი, როგორიც იყო სკოლის დასრულების შემდეგ

და ისეთი, როგორიც არის ახლა.

პირველი მოგონება შენზე, ალბათ, მესამე-მეოთხე კლასიდან მაქვს. შენთან ვარ სახლში, მგონი, საგანგებოდ დამპატიჟე. ფოტოებს მათვალიერებინებ და მეუბნები, ნახე, ბავშვობაში რა ლამაზი ცხვირი მქონდაო. მერე “დენდიზე” ან “სეგაზე” (ზუსტად არ ვიცი) ალადინს (?) ვთამაშობთ და ბოლოს ის მომენტიც დგება სიამის ტყუპებზე ნანახი ფილმის გავლენით სადარბაზოში ერთმანეთზე მიკრულები რომ ჩავდივართ.

მერე მე სხვებთან ვმეგობრობ, შენ სხვებთან. აღარ მახსოვს “დაქალები” როდის ვხდებით, თუმცა შემდეგ უკვე ყველაფერი ზეპირად ვიცი – ფოტოსესიები შენთან სახლში, შეყვარებულებთან პაემნებზე ერთმანეთის წაყვანები, დაბადების დღეები, საღამოობით ვერა-ვაკის დალაშქვრა, წყნეთში ასვლები, ვიღაც-ვიღაცების მოსახიბლად დაგეგმილი “ოპერაციები”, ბოლო ზარისთვის და ბანკეტისთვის მზადება.

თამთა და ნუცა

სკოლის მერე, თითქოს, მართლა გავიზარდეთ. იესემმაც მაგრად შეგცვალა, ჩემი აზრით, კარგისკენ – უფრო თავდაჯერებული და მხიარული გახდი. მე ხომ ვერც ერთ შენს ჯგუფელს დავარწმუნებ იმაში, რომ კლასში თითქმის ხმას არ იღებდი ?! : )))

ეგ უკვე მეორე ეტაპის ნუცაა – შეყვარებული, გახარებული, იმედგაცრუებული, გულნატკენი. გიყურებდი ამ წლების განმავლობაში და ვფიქრობდი, როგორ შეგეძლო ყოფილიყავი ასეთი ერთგული. ამის გამო, კიდევ უფრო გაფასებდი და მიყვარდი.

ჩვენი ზაფხულები – რამდენი რამე მახსენდება ჯერ ქობულეთის და მერე გონიოს ამბებიდან. ყველაზე სასაცილო მაინც ის ღამე იყო, სოფელში რომ გაშინებდით. და ყურებიდან არასოდეს ამომივა ის ხმა, შუქჩამქვრალ ოთახში რომ მარტო დაგტოვე და რომ მთხოვდი, გამოდიო : )))

1aaaa

ეხლა კიდევ უფრო სხვანაირი ხარ – ბედნიერი !

ძალიან მიხარია ასეთს რომ გხედავ და გიყურებ. მიხარია, რომ ვხედავ როგორი ძლიერი ხარ და როგორ მიდიხარ შენი მიზნისკენ.

იმას ვაცნობიერებ, რომ ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით – თითქმის არაფერზე გვაქვს ერთნაირი აზრი ან შეხედულება, მაგრამ შენ ის იშვიათი გამონაკლისი ხარ, ვისთანაც ამის მიუხედავადაც კი კომფორტულად ვგრძნობ თავს.

axali

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი ცუცუ ხარ და მიყვარხარ !

Exploring

ბოლო წლებია ავიჩემე, რომ მაძიებელი ვარ. თუ ვინმე მთხოვს რომ საკუთარი თავი ერთი სიტყვით დავახასიათო, სწორედ ამას ვუპასუხებ.

explore

ბევრ რამეს ვეძებ – სიყვარულს, წარმატებას, თავგადასავალს, ემოციებს, შეგრძნებებს… არ მეშინია იმის, რომ ოდესმე ყველაფერს ვიპოვი და აღარ მეცოდინება რა გავაკეთო.

ყველაზე მეტად მაინც ჩემს თავს ვეძებ. ერთი შეხედვით სტაბილური გოგო ვარ – სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე, აი, მუშაობაც დავიწყე… ლოგიკურად რამდენიმე წელში უნდა გავთხოვდე (ამ სიტყვას ვერ ვიტან), ე.ი. დავოჯახდე ჯობს.. მერე შვილები გავაჩინო, კარიერაშიც რაღაც წარმატებებს მივაღწიო. ხანდახან უბედურიც უნდა ვიყო, მაგრამ მაინც ტკბილად დავბერდე და შვილიშვილებით გარშემორტყმულმა (იქნებ ერთ შვილთაშვილსაც მოვესწრო) დავლიო სული.

სიმართლე რომ გითხრათ ასეთი სცენარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მთავარი აქ დეტალებია. თორემ ასეთ გზას მსოფლიოში მილიონობით ქალი გადის.

დეტალებში იმ წუთებს, საათებს, დღეებს და კვირებს ვგულისხმობ, რომლებიც მარტო ჩემი იქნება. რომლებსაც, ალბათ, სხვა ადამიანებთანაც გავიზიარებ, თუმცა მეცოდინება, რომ ჩემს ადგილას ვერავინ და ვერასოდეს აღმოჩნდება – იქ, ისე და იმ დროს…

ჰო “ჯერ ახალგაზრდა ვარ, ჯერ ყველაფერი წინაა” – მაგრამ რეალურად არასდროს არ ვიცით რა არის წინ და საერთოდ არის თუ არა რამე. ამიტომ ვფიქრობ ბევრს წასულზე, რადგან მის არსებობაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი და გული მწყდება დაკარგულ დროსა თუ მომენტებზე. გული მწყდება იმაზე, რომ შეიძლებოდა უფრო მეტი მომესწრო ამ 21 წლის განმავლობაში – გამეცნო უფრო მეტი ადამიანი, მომენახულებინა უფრო მეტი ადგილი, წამეკითხა უფრო მეტი წიგნი, მენახა უფრო მეტი ფილმი, მომესმინა უფრო მეტი მუსიკა, მქონოდა უფრო მეტი ინტერესი და გამეცა უფრო მეტი სითბო.

რატომ ველოდებოდი ყოველთვის ორშაბათებს, ახალი თვის პირველ რიცხვებს, 20 დეკემბრებს და 1 იანვრებს?

ახლა ვხვდები რომ ამის არანაირი საჭიროება არაა. სინამდვილეში ეს ყველაფერი უბრალოდ დროის ათვლის გასამარტივებლად გამოგონილი თარიღებია. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი დაბადების დღე და ახალი წელი. ორშაბათსაც შემთხვევით მოუწია ორშაბათობა, თორემ სავსებით შესაძლებელია ოთხშაბათი ყოფილიყო. და თუ ზაფხულში 10 საათზე ღამდება, ზამთარში კი 5-ზე, ე.ი. არც დღე-ღამეში ყოფილა 24 საათი.

ვიცი, ვერ გავთავისუფლდები ამ წესებისგან. ყოველ შემთხვევაში, თუ ისე ვაპირებ ცხოვრებას, როგორც ვცხოვრობ. თუ მინდა რომ ქალაქის რიტმს ფეხი ავუწყო (არადა, რა რიტმი აქვს თბილისს მსოფლიოს ქალაქებთან შედარებით…), მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ ჩემს გონებაში დანგრეული შეზღუდვები – ეს უკვე კარგი რამაა. ჯერ ზუსტად ვერ ვაცნობიერებ რა, მაგრამ როცა ამაზე ვფიქრობ ტვინი სიხარულის იმპულსებს უშვებს და გულზე ხელის დაუდებლადაც ვგრძნობ, რომ მარცხენა მხარეს, მკერდთან რაღაც გამალებით ფეთქავს…

უკომენტაროდ

 

9 აპრილის მოვლენებზე, ნატო თათარაშვილის “ჟურნალისტიკის საკითხები”.

თქვენ შეაფასეთ:

საქართველოში აღმავლობის გზაზე დამდგარი ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციისთვის 1988 წლის მანძილზე ნებისმიერი ეროვნული ხასიათის მიტინგი თუ დემონსტრაცია საინფორმაციო პროგრამებსა და გამოშვებებში ფასდებოდა როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მასში მონაწილე ადამიანები კი ხულიგნებად და ნარკომანებად იყვნენ წარმოდგენილნი. ამის მიუხედავად, 1989 წლის გაზაფხულზე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მაინც დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. თავდაპირველად, აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. აპრილში რუსთაველის პროსპექტზე მთლიანად შეწყდა ტრანსპორტის მოძრაობა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ სცადა დიალოგზე წასვლა, თუმცა მოვლენები უკვე ისე ვითარდებოდა, რომ შეუძლებელი იყო მათი შეჩერება. 7 აპრილს, მთავრობის მხრიდან დაიწყო სატელევიზიო გაფრთხილებების გაცემა, რომლებიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ამ ცდებს შედეგი არ მოჰყოლია და 1989 წლის 9 აპრილს, დილის 4 საათზე რუსულმა სპეცნაწილმა სასტიკად დაარბია მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ხალხი. დაიღუპა 20 ადამიანი. იმავე საღამოს ქალაქში გამოცხადდა კომენდანტის საათი, ტელევიზია კი აშუქებდა და აფასებდა მომხდარ მოვლენებს ისე, ვითომ რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილნი იყვნენ ლოთები და ნარკომანები, რომლებიც თავს ესხმოდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს. მთელი პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე ეროვნულ მოძრაობას ეკისრებოდა და ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი ხელისუფლების შეცდომებზე.

1 თვე – stats

დღეს ჩემს ბლოგზე პირველი პოსტის დადებიდან ერთი თვე გავიდა.

ამ ერთი თვის განმავლობაში სულ გვყავდა 1035 ვიზიტორი.

ეს, რა თქმა უნდა, “ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის” დამსახურებაა… 11 იანვარს გამოქვეყნებული პოსტი 448 ადამიანმა წაიკითხა და სწორედ ეს იყო Best ever დღე ჩემი ბლოგის ერთთვიან ისტორიაში.

კომენტარების მხრივ დიდად ვერ დავიკვეხნი – 17 პოსტზე სულ 38 კომენტარია. აქედან, ნახევარი ჩემი :D

<3

2012 boys

მინდა თქვენ, ყველას, გითხრათ შემდეგი სიტყვები…

შენ ხარ ეგოისტი ადამიანი, რომლისთვისაც საკუთარი თავი და სიამოვნება ყველაფერზე მაღლა დგას. ადამიანი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ერთ ადგილას გაიყინა და ჩემგანაც ამას მოითხოვს. ადამიანი, რომელიც არაფერს არ სცემს პატივს, არაფერზე არ ფიქრობს, მთავარია თვითონ კარგად იგრძნოს თავი და თუ ამის ხარჯზე მე ცუდად ვიქნები, მერე რა…

შენ ხარ მატყუარა ადამიანი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ მე მომატყუე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის მოატყუე, ვისაც ცხოვრება უნდა დაუკავშირო. ცუდად მაგონდები, რადგან შენ ხარ ჩემი შეცდომა, რომელზე პასუხისმგებლობასაც საკუთარი თავის გარდა ვერავის ავკიდებ. თუ გახსოვს, ერთხელ მკითხე, ოდესმე შემზიზღდებოდი თუ არა, და, მგონი, შემზიზღდი…

შენ ხარ სუსტი ადამიანი. არ შეგიძლია საკუთარი ბედნიერებისათვის ბრძოლა და თუ შენი თავის იმედი არ გაქვს, სხვას ვის უნდა ეიმედებოდე? მეტს ვერაფერს გეტყვი, რადგან აღარ მახსოვს რას ვგრძნობდი შენ მიმართ.

შენ ხარ მშიშარა ადამიანი. სხვების ზურგს ამოფარებული. არ შეგიძლია საკუთარ თავზე და სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღება. ხარ არა ის, ვინც შეიძლება რომ შეიძულო, არამედ ის, ვინც ეცოდებათ ხოლმე და მგონია, თავმოყვარე ადამიანს ურჩევნია ეზიზღებოდეთ, ვიდრე ებრალებოდეთ…

შენ კარგი ბიჭი ხარ.

Wisteria

 

 

Wisteria

 

დღეს, Pinterest-ზე წავაწყდი ამ ულამაზეს ხეს, რომელსაც თურმე Wisteria ქვია და ქართულად ითარგმნება, როგორც ცის ვაზი <3

ჰოდა, ეხლა ვიხსენებ ცნობილ ვისტერია ლეინზე (სასოწარკვეთილი დიასახლისებიდან) იყო ასეთი მცენარე?

თითქოს, ბუნდოვნად მახსოვს…