Imagine NO politics

 

21 წელია პოლიტიკით ვარ შეწუხებული-მეთქი ვერ ვიტყვი. რატომღაც ეს ბნელი და ბევრისთვის საძულველი 90-იანებიც კი ტკბილად მახსენდება. ალბათ, იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი და იმის მეტი სადარდელი არ მქონდა, რომ დედას “5 წუთით” კიდევ დავეტოვებინე ეზოში სათამაშოდ.

ჩემი პოლიტიკური მეხსიერება უფრო 2003 წლიდან იწყება. ვარდების რევოლუცია რომ მოხდა 12 წლის ვხდებოდი. 23 ნოემბერს მეც ვიდექი პარლამენტის წინ და იმავე საღამოს შევარდნაძე გადადგაო, რომ გამოაცხადეს ტელევიზორში, ისე გამიხარდა, ვითომ რამის აზრზე ვიყავი.

მაშინ მართლა არ მქონდა ჩამოყალიბებული წარმოდგენები ამ საკითხზე და უფრო ოჯახის გავლენით ვაზროვნებდი ( ჰო, ვიცი, ცუდია ბავშვებისთვის თავსმოხვეული პოლიტიკა, მაგრამ მაგ მდგომარეობიდან დღესაც ვერ გამოვსულვართ და 10 წლის წინ რა გასაკვირია ?! )

ბოლო ხანებში უფრო დალაგდა ჩემს ტვინში აზრები და აღარც მშობლების პოლიტიკურ შეხედულებებს ვიზიარებ ბრმად. ამის გამო რამდენჯერმე შევკამათდით კიდეც, მაგრამ ეგ არაფერი. ღმერთმა დაგვიფაროს ყველანი ერთნაირად ვფიქრობდეთ, თუმცა…

ძალიან დამღალა ერთმანეთის სიძულვილმა, ლანძღვამ, დაცინვამ და მიწასთან გასწორებამ.

no-politics

დღესდღეობით Facebook-ზე უკეთესი დასაკვირვებელი საშუალება არ მეგულება და დასკვნებსაც მასზე დაყრდნობით ვაკეთებ. ჩემი ზოგიერთი friend-ის ან friend of friend-ის პოლიტიკურ ანგაჟირებას და ამის საფუძველზე აგრესიას საზღვარი აღარ აქვს. ნუ, მესმის რომ ქვეყანაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, პოლიტიკურად აქტიური პერიოდია და არც საქართველოა იმ მდგომარეობაში, რომ მოქალაქეებმა “არ იცოდნენ პრეზიდენტი ვინაა”, მაგრამ როგორ შეიძლება პოლიტიკური შეხედულებების გამო ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი, მართლა ვერ ვხვდები.

მამაჩემმა მომიყვა ამას წინათ, მისი ბავშვობიდან მოყოლებული სამეზობლოში 2 გოგო მეგობრობდა განსაკუთრებით, მაგრამ 90-იან წლებში ზვიადისტებსა და შევარდნაძისტებს შორის დაპირისპირების შემდეგ ეს გოგონებიც (ნუ, მაშინ უკვე ქალები) სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და იქამდე მივიდნენ, რომ უკვე წლებია ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.

ნუ, ეს “ვიღაცისტობა” და ადამიანის გაკერპება ჰო საერთოდ ცალკე საკითხი და პრობლემაა. არ მინდა ახლა მორალის კითხვა გამოგვივიდეს, მაგრამ კრიტიკული აზროვნების და შეფასების უნარი არ უნდა დავკარგოთ არავის მიმართ და საერთოდ, საკუთარ ცხოვრებასაც თუ არ დავკარგავთ და არ გადავაყოლებთ პოლიტიკურ პროცესებს, მგონი, კარგი იქნება…

პოსტკრიპტუმად ჩემი ერთ-ერთი მეგობრის სტატუსს შემოგთავაზებთ ისევ და ისევ facebook-დან.

სტატუსი

ნუ, მე უფრო მეტი და უფრო “მოკრძალებით” ვილაპარაკე, მაგრამ საბოლოო ჯამში იმავე აზრზე ვდგავარ და ვეთანხმები :)

Advertisements

ორი ამბავი 2008 წლის აგვისტოდან

 

ეს დღეები ძალიან ბევრ ისტორიას ვისმენ ოკუპაციასთან დაკავშირებით – შორეული წარსულიდან მოყოლებული 2008 წლის აგვისტოს ჩათვლით.

ჩემი მეხსიერება მხოლოდ ამ უკანასკნელ თარიღს სწვდება. მე ორი პატარა ამბავი მაქვს, რაც ყველაზე მძაფრად დამამახსოვრდა.

  1. იმ ზაფხულს კოჯორში ვისვენებდი, 6 ან 7 აგვისტოს წამოვედი თბილისში და ვაპირებდი ზღვაზე წასვლას. მეორე დღეს უკვე გავიგეთ, რომ ომი იწყებოდა. ღამით კაკუნმა, უფრო ბრახუნმა გამაღვიძა. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელს რატომღაც მეგონა, რომ რუსის ჯარი ჩემს სახლს მოადგა. კარის გასაღებად წასულ ბებიაჩემს ვეუბნებოდი, არ შემოუშვა-მეთქი, მაგრამ მერე ხმები გავარჩიე და მივხვდი, რომ ოჯახის დანარჩენი წევრებიც წამოსულან კოჯრიდან (იქ მდებარე სამხედრო ბაზის გამო). 
  2. 13 აგვისტოს ბაბუა გარდამეცვალა. თუ ცხოვრებაში რამეზე თავის დადება შემიძლია, ერთ-ერთი ისაა, რომ ბაბუაჩემი ძალიან კარგი ადამიანი იყო, ბევრს უყვარდა და ბევრსაც უნდოდა უკანასკნელ გზაზე მისი გაცილება, თუმცა საკუთარი დაც კი ვერ ჩამოვიდა ძმის დასასაფლავებლად.

ზუსტად არ ვიცი რა აქციაა დღეს, რატომ გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქციები ამ და ამ ტიპის სხვა ვიდეოებმა

მაგრამ მე მართლა არ მინდა, რომ ეს ყველაფერი განმეორდეს არც ჩვენს და არც რომელმე სხვა ქვეყანაში

Just another To Do list

 

ჩემი გეგმების ჩამოწერა მიყვარს ხოლმე. ერთი პერიოდი ვიფიქრე, ასე საჯაროდ რომ ვფენ და მერე ვერ ვასრულებ, ტეხავს-მეთქი, მაგრამ ვინ მიზის და მიკონტროლებს, აბა შეასრულე თუ არაო? სინამდვილეში მარტო ჩემს თავთან უნდა მიტყდებოდეს რამეს თუ არ ან ვერ გავაკეთებ, ამიტომ თამამად ვიწყებ წერას, რას ვაპირებ გაზაფხულზე.

  • ZUMBA fitness – ძალიან მომენატრა ცეკვა და ვარჯიში. ამ პროგრამაში კი ორივე ერთიანდება. თან გავერთობი, თან სხეულს ფორმაში მოვიყვან <3
  • მართვის მოწმობა – ერთხელ და სამუდამოდ, ღმერთმანი !!!
  • სწავლა – 4 მარტიდან უნივერსტეტის ბოლო სემესტრი იწყება :)
  • მუშაობა – ახლაც ვმუშაობ, თუმცა გაზაფხულიდან სამსახურში ახალ-ახალი პროექტები და საქმეები დამემატება
  • მოგზაურობა – მარტის ბოლოსთვის ერთ გემრიელ თრიფს ვგეგმავ საქართველოს ფარგლებს გარეთ (fingers crossed რომ გამოვიდეს) და ჩვენი სამშობლოს მთა-ბარშიც მინდა ბოდიალი.

სულ ეს არის – არაფერი შეუძლებელი!

To Do's

თქვენ რა გეგმები გაქვთ საგაზაფხულოდ? (ზრდილობის გულისთვის არ გეკითხებით, მართლა მაინტერესებს : )

იდეები ვალენტინობისათვის

 

14 თებერვალი ჩემთვის განსაკუთრებული თარიღი არასოდეს ყოფილა, თუმცა ამ დღის მიმართ უარყოფითად განწყობილი ნამდვილად არ ვარ და ვიცი, რომ ბევრი წყვილი აღნიშნავს კიდეც. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა უკვე მომმართა თხოვნით, მერჩია თუ რა საჩუქარი შეურჩიონ საყვარელ გოგოს ან ბიჭს.

მე ორიგინალური იდეების მოყვარული ვარ. რა თქმა უნდა, კარგია თუ ძვირადღირებული სუნამოს ან საათის ჩუქება შეგიძლია, ზოგიერთს ფუმფულა სათამაშო და ყვავილების თაიგულიც უხარია, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი საჩუქარი სპეციალურად შენთვის შექმნილი საჩუქარია – შეიძლება ისეთი, რომელიც შენმა მეორე ნახევარმა საკუთარი ხელით გამოაცხო/მოქსოვა/ააწყო და ა.შ.

გთავაზობთ სურათებს ინსპირაციისათვის და ასევე, პოსტის ბოლოს, სასარგებლო ბმულებს, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ ამ იდეების განხორციელებაში:

Valentine cookies

Valentine

love cupcakes

scrapbook

love calendar

reasons why I love u

შოკოლადის სახელოსნო  – აქ შეგიძლიათ დაამზადებინოთ სასურველი ფორმის შოკოლადი ნებისმიერი წარწერით

ჰოპიპოლა – გემრიელი და ლამაზი ქაფქეიქები

ჩაინიშნე – ბლოგერ ქეით ალუკარდის ჰენდმეიდ სანიშნები <3 წინა კვირას მეც დამიმზადა ერთი, აი :

მთვარე

ხელნაკეთი მაისურები – შესაძლოა ეს გვერდიც გამოგადგეთ, თუ საყვარელი ადამიანისათვის ორიგინალური მაისურის ჩუქებას გადაწყვეტთ :)

100-ზე მეტი დღე

 

დღეს სამსახურში ვიჯექი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვადევნებდი თვალს ჩემი ვირტუალური მეგობრების სტატუსებსა და კომენტარებს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით. იქ დინამიკები არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი გასული 100 დღე შეაფასა. ახლა ამ პოსტს ვწერ და პარარელურად ტელევიზორიც ჩართული მაქვს, სადაც სრულიად ქართული მედია განიხილავს მის გამოსვლას.

რადგან ცოტათი მაინც მეც მივეკუთვნები ამ სივრცეს და ასეც რომ არ იყოს, როგორც უბრალო მოქალაქე ვიწყებ ჩემი აზრის დაფიქსირებას.

100-ზე ცოტა მეტი დღის წინ, 30 სექტემბერს ერთერთი არასამთავრობოდან ყაზბეგის რაიონში, არჩევნებზე დასაკვირვებლად მიმავლინეს. თავიდან ვყოყმანობდი, მენანებოდა ჩემი ხმა, თუმცა მერე მივხვდი, რომ არც ვიცოდი თუ ვისთვის უნდა მიმეცა ის. ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი ყაზბეგში, დამეცვა სხვების ხმები და ამაში ცოტა ფულიც ამეღო.

“ხმების დაცვის” ჟინი იქ უფრო გამიმძაფრდა. 12 საათის განმავლობაში თითქმის შეუსვენებლად ვიმუშავე – ვაკვირდებოდი, ვინიშნავდი, კითხვებს ვსვამდი. ჩემი გაუფრთხილებლობის გამო (ერთი ჟაკეტის ამარა წავტანტალდი თბილისიდან) სიცხე მომცა, ამიტომ ხმების დათვლაზე ვეღარ დავრჩი. ჩემს ძმას “პარარელური დათვლის” ოქმი ჩავაბარე და სასტუმროში წამოვედი.

11 საათისთვის ჩვენი უბნის შედეგები უკვე ცნობილი იყო. “ქართულმა ოცნებამ” დიდი უპირატესობით გაიმარჯვა (დაახლოებით 75% მიიღო). დილისთვის უკვე მთელი საქართველოს ხმები იყო დათვლილი, საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობდა. თბილისში დაბრუნებულს facebook-ზე უამრავი მისალოცი სტატუსი დამხვდა – ზოგს “ოცნების” ახდენა ახარებდა, ზოგს დემოკრატიული არჩევნების პრეცედენტი. ბევრი უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა – ზოგთან უკვე შუქიც წასული იყო, ლურჯი “კერასინკა” გამოდგმული და ბნელი დრო დაბრუნებული.

მე არ ვიცოდი რა მეფიქრა. ნეიტრალურ განწყობას ვინარჩუნებდი. ახალი მთავრობა ხიბლში არ მაგდებდა, თუმცა არც ძველს მივტიროდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, დამკვირვებლის როლიდან ჯერ არ გამოვსულიყავი.

ამის მიუხედავად, ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ნამდვილად არ ჩავრთულვარ (იმ დონეზე რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო). მხოლოდ ზედაპირულად ვეცნობოდი ისეთ თემებს, როგორებიცაა:

  • უმაღლესი განათლების საფასურის ზრდა (რომელიც სინამდვილეში სულ სხვა რამე აღმოჩნდა, მაგრამ მარგველაშვილის გაურკვევლმა ინტერვიუმ ყველა დააბნია)
  • პრეზერვატივები, როგორც ასეთი : )
  • ციხის ვიდეოების ავ-კარგი
  • პოლიტიკური თუ “დამსახურებული” პატიმრები ?
  • ტელეიმედის პატარკაციშვილის ოჯახისათვის დაბრუნება
  • ტარიფების ცვლილება
  • ამნისტია და კრიმინალის ზრდა (გაგებით რომ უნდა მოვეკიდოთ)

და კიდევ ბევრი წვრილი თუ მსხვილი საკითხი, რომელთაც ახლა ვერ ვიხსენებ. თუმცა, ვფიქრობ ეს ჩამონათვალიც საკამრისია ამ ეტაპზე, რადგან იმდენი კომპეტენცია ნამდვილად არ გამაჩნია, რომ თითოეული მათგანი ცალცალკე ავიღო და შევაფასო (თუმცა, საინტერესო იქნებოდა და თუ დრო და ენერგია გამოვნახე, შეიძლება ცოტა უფრო ჩავუღრმავდე კიდეც).

ერთადერთი, რა დასკვნის გაკეთებაც ახლა შემიძლია ისაა, რომ ახალმა მთავრობამ ვერავინ ვერაფერში დაარწმუნა. ის ხალხი, ვინც თავიდანვე “ოცნების” მხარდამჭერი იყო, ახლაც მათ გვერდში დგას (ალბათ, გამონაკლისებიც იქნებიან), თუმცა ისინი ვინც მეტნაკლებად სკეპტიკურად ან ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი (თავიდანვე მოწინააღმდეგეებზე აღარაფერს ვამბობ) არა მგონია მათ მუშაობას კარგ შეფასებას აძლევდნენ.

მე მხოლოდ იმას ვხედავ, რომ ქვეყანაში და, პირველ რიგში, მთავრობაში ქაოსია, რასაც ძველი ხელისუფლება ფანტასტიკურად იყენებს.  არ ვიცი, იქნებ 100 დღეც არ არის საკამრისი საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად?

ამ შემთხვევაში, ალბათ, ისღა დამრჩენია, რომ კვლავ დაკვირვების რეჟიმში განვაგრძო ყოფნა, ოღონდ ამჯერად უფრო აქტიურად და მეტი ინტერესით.

ირმა, თამთა, Redon

ცხოვრება თავისი გზით მიდის.

ჩემთან კი ყველაფერი კარგადაა – ვმუშაობ და დღითი დღე მიყვარდება ჩემი საქმე, გამოცდები ჩავაბარე და მივუახლოვდი უნივერსტეტის ბოლო სემესტრს, კიდევ ერთი ადამიანი გავიცანი, რომელთან ურთიერთობაც ძალიან მომწონს და სტიმულს მაძლევს…

ერთადერთი ისაა, რომ ხვალ ირმა მიდის.

რაც ვიცნობ სულ საფრანგეთზე ოცნებობდა და დადგა ეს დღე, როცა მისი ოცნება უნდა ასრულდეს. სადღაც ატლანტიკის ოკეანისპირა ქალაქში იცხოვრებს. ასე წარმომიდგენია, რომ საღამოობით დაჯდება ოკეანის ნაპირზე, თავიდან მარტო ხოლმე, შემდეგ უკვე აღარ : ))

ვითომ ირმა

ჰოდა ექნება ისეთი ისტორიები, რომ თავი იმ ფრანგულ ფილმებში ეგონება, თვითონ რომ უყურებს და უყვარს.

ერთ დღეს მეც მინდა ავდგე და წავიდე სადმე – ახალ ქვეყანაში, ახალ ქალაქში, ახალ ქუჩაზე, ახალ სახლში, ახალ ხალხში და თან სულ მარტო.

საერთოდ არ მეშინია იმ სიძნელეების, რაც შეიძლება რომ მსგავს სიტუაციაში შემხვდეს. პირიქით, მგონია რომ კიდევ ერთი სასარგებლო გამოცდილება იქნება ჩემთვის და უამრავი თავგადასავალი, რომლებზეც ვგიჟდები და წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოსაწყენია მათ გარეშე ცხოვრება.

თუ ამ პოსტს კითხულობ, იცოდე რომ ბევრ თავგადასავალს გისურვებ… 

(ეხლა აღმოვაჩინე, რომ რედონი მაინცდამაინც ოკეანის პირას არ ყოფილა, მაგრამ არაუშავს, ნახეთ მაინც რა ლამაზია <3 )

Redon