100-ზე მეტი დღე

 

დღეს სამსახურში ვიჯექი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვადევნებდი თვალს ჩემი ვირტუალური მეგობრების სტატუსებსა და კომენტარებს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით. იქ დინამიკები არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი გასული 100 დღე შეაფასა. ახლა ამ პოსტს ვწერ და პარარელურად ტელევიზორიც ჩართული მაქვს, სადაც სრულიად ქართული მედია განიხილავს მის გამოსვლას.

რადგან ცოტათი მაინც მეც მივეკუთვნები ამ სივრცეს და ასეც რომ არ იყოს, როგორც უბრალო მოქალაქე ვიწყებ ჩემი აზრის დაფიქსირებას.

100-ზე ცოტა მეტი დღის წინ, 30 სექტემბერს ერთერთი არასამთავრობოდან ყაზბეგის რაიონში, არჩევნებზე დასაკვირვებლად მიმავლინეს. თავიდან ვყოყმანობდი, მენანებოდა ჩემი ხმა, თუმცა მერე მივხვდი, რომ არც ვიცოდი თუ ვისთვის უნდა მიმეცა ის. ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი ყაზბეგში, დამეცვა სხვების ხმები და ამაში ცოტა ფულიც ამეღო.

“ხმების დაცვის” ჟინი იქ უფრო გამიმძაფრდა. 12 საათის განმავლობაში თითქმის შეუსვენებლად ვიმუშავე – ვაკვირდებოდი, ვინიშნავდი, კითხვებს ვსვამდი. ჩემი გაუფრთხილებლობის გამო (ერთი ჟაკეტის ამარა წავტანტალდი თბილისიდან) სიცხე მომცა, ამიტომ ხმების დათვლაზე ვეღარ დავრჩი. ჩემს ძმას “პარარელური დათვლის” ოქმი ჩავაბარე და სასტუმროში წამოვედი.

11 საათისთვის ჩვენი უბნის შედეგები უკვე ცნობილი იყო. “ქართულმა ოცნებამ” დიდი უპირატესობით გაიმარჯვა (დაახლოებით 75% მიიღო). დილისთვის უკვე მთელი საქართველოს ხმები იყო დათვლილი, საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობდა. თბილისში დაბრუნებულს facebook-ზე უამრავი მისალოცი სტატუსი დამხვდა – ზოგს “ოცნების” ახდენა ახარებდა, ზოგს დემოკრატიული არჩევნების პრეცედენტი. ბევრი უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა – ზოგთან უკვე შუქიც წასული იყო, ლურჯი “კერასინკა” გამოდგმული და ბნელი დრო დაბრუნებული.

მე არ ვიცოდი რა მეფიქრა. ნეიტრალურ განწყობას ვინარჩუნებდი. ახალი მთავრობა ხიბლში არ მაგდებდა, თუმცა არც ძველს მივტიროდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, დამკვირვებლის როლიდან ჯერ არ გამოვსულიყავი.

ამის მიუხედავად, ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ნამდვილად არ ჩავრთულვარ (იმ დონეზე რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო). მხოლოდ ზედაპირულად ვეცნობოდი ისეთ თემებს, როგორებიცაა:

  • უმაღლესი განათლების საფასურის ზრდა (რომელიც სინამდვილეში სულ სხვა რამე აღმოჩნდა, მაგრამ მარგველაშვილის გაურკვევლმა ინტერვიუმ ყველა დააბნია)
  • პრეზერვატივები, როგორც ასეთი : )
  • ციხის ვიდეოების ავ-კარგი
  • პოლიტიკური თუ “დამსახურებული” პატიმრები ?
  • ტელეიმედის პატარკაციშვილის ოჯახისათვის დაბრუნება
  • ტარიფების ცვლილება
  • ამნისტია და კრიმინალის ზრდა (გაგებით რომ უნდა მოვეკიდოთ)

და კიდევ ბევრი წვრილი თუ მსხვილი საკითხი, რომელთაც ახლა ვერ ვიხსენებ. თუმცა, ვფიქრობ ეს ჩამონათვალიც საკამრისია ამ ეტაპზე, რადგან იმდენი კომპეტენცია ნამდვილად არ გამაჩნია, რომ თითოეული მათგანი ცალცალკე ავიღო და შევაფასო (თუმცა, საინტერესო იქნებოდა და თუ დრო და ენერგია გამოვნახე, შეიძლება ცოტა უფრო ჩავუღრმავდე კიდეც).

ერთადერთი, რა დასკვნის გაკეთებაც ახლა შემიძლია ისაა, რომ ახალმა მთავრობამ ვერავინ ვერაფერში დაარწმუნა. ის ხალხი, ვინც თავიდანვე “ოცნების” მხარდამჭერი იყო, ახლაც მათ გვერდში დგას (ალბათ, გამონაკლისებიც იქნებიან), თუმცა ისინი ვინც მეტნაკლებად სკეპტიკურად ან ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი (თავიდანვე მოწინააღმდეგეებზე აღარაფერს ვამბობ) არა მგონია მათ მუშაობას კარგ შეფასებას აძლევდნენ.

მე მხოლოდ იმას ვხედავ, რომ ქვეყანაში და, პირველ რიგში, მთავრობაში ქაოსია, რასაც ძველი ხელისუფლება ფანტასტიკურად იყენებს.  არ ვიცი, იქნებ 100 დღეც არ არის საკამრისი საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად?

ამ შემთხვევაში, ალბათ, ისღა დამრჩენია, რომ კვლავ დაკვირვების რეჟიმში განვაგრძო ყოფნა, ოღონდ ამჯერად უფრო აქტიურად და მეტი ინტერესით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s