შვიდი “ახალი” საოცრება მსოფლიოში

ეს პოსტი არის დავალება

თანამედროვე მსოფლიოს ისტორიული გეოგრაფიის კურსისათვის,

რადგან ჩემმა ჯგუფელებმა, მგონი, ყველა ლინკი ატვირთეს, რაც კი ინტერნეტში მოიპოვება  :D

დღეს, როცა მსოფლიოს 7 საოცრებიდან თვალსაჩინოებისათვის მხოლოდ ერთია შემორჩენილი, ჩვენ ვსაჭიროებთ ახალ საოცრებებს. აი, ისინიც:

1) ჩინეთის დიდი კედელი

 china great wall

მისი მშენებლობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში დაწყებულა და ასწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა. დღესდღეობით, 21 196 კილომეტრზე გადაჭიმული კედელი დედამიწაზე ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. ეს ფოტო სწორედ იქ გაშვებული ერთერთი თანამგზავრიდანაა გადაღებული

great_wall_from_space

2) კოლიზეუმი

Colosseum

ეს არის რომაული ამფითეატრი, რომლის მშენებლობაც ასევე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1 საუკუნეში დაიწყო და დასრულდა კიდეც. სწორედ აქ იმართებოდა გლადიატორთა ცნობილი ორთაბრძოლები, დღეს კი ტურისტების ინტერესის საგანსა და რომის სიმბოლოს წარმოადგენს.

შუა საუკუნეების საგალობელი:

რამდენ ხანსაც იქნება კოლიზეუმი, იმდენ ხანს იქნება რომი.

თუ კოლიზეუმი დაეცემა, მასთან ერთად დაეცემა რომიც,

ხოლო თუ რომი მოკვდება, მასთან ერთად მოკვდება მთელი მსოფლიოც”

3) მაჩუ-პიკჩუ

machu-picchu

ანდების ერთერთ მწვერვალზე გაშენებული ეს ქალაქი კი უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის მონაპოვარია, იგი მე-15 საუკუნეში აიგო, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1911 წლამდე ადგილობრივი მოსახლეობის გარდა მის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. ასე გამოიყურებოდა მაჩუ-პიკჩუ მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც იელის უნივერსიტეტის პროფესორმა და არქეოლოგმა ჰორამ ბინგემმა ის თავიდან აღმოაჩინა.

Machupicchu_1911

4) პეტრა 

petra

კიდევ ერთი გასაოცარი ქალაქი, რომელიც თანამედროვე 7 საოცრების სიაში მოხვდა იორდანიაში მდებარეობს. მისი სახელწოდება “პეტრა” კლდეს ნიშნავს და, როგორც ფოტოზე ხედავთ, ქალაქი სწორედ კლდეშია გამოკვეთილი. ისევე როგორც წინა შემთხვევაში, მსოფლიოს დიდმა ნაწილმა მისი არსებობის შესახებ საკმაოდ გვიან, 1812 წელს, შვედი არქეოლოგის ექსპედიციის შემდეგ გაიგო. თუმცა ეს ქალაქი ჯერ კიდევ 2 000 წლის წინ სამყაროს სავაჭრო ცენტრადაც კი მიიჩნეოდა.

5) ტაჯ-მაჰალი

taj-mahal

ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარე მავზოლეუმი 1653 წელს შაჰ ჯაჰანის ბრძანებით აიგო. მშენებლობა 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მსოფლიოს რომელი წერტილიდან აღარ ეზიდებოდნენ ძვირფას ქვებსა და მასალებს.

ამ “სასახლის” ისტორია ასეთია – შაჰის ცოლი, მუმთაზ მაჰალი მე-14 შვილის გაჩენის შემდეგ გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ კი მოინდომა საყვარელი ქალისთვის ქვეყნად ყველაზე მშვენიერი სამარხი მიეძღვნა… და, მგონი, გამოუვიდა კიდეც.

6) ჩიჩენ-იცა

chichen-itza-pyramid

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ამ საოცრების შესახებ დღევანდელ დღემდე არაფერი მსმენოდა. თუმცა, სწავლა სიბერემდეო და ახლა მეც ინტერესით გავეცნობი მისი აგებისა და არსებობის ისტორიას.

ეს პირამიდა მაიას ტომებს მექსიკის ტერიტორიაზე მდებარე იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩვენი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში აუშენებიათ. როგორც ვიცით, მაიას ტომებს ასტრონომია და ასტროლოგია ძალიან უყვარდათ (ბოლოს და ბოლოს, ჩემი ბლოგის ინსპირატორებიც კი არიან), ჰოდა ეს ძეგლიც ამ მეცნიერული გათვლებით აუგიათ: კიბეებზე, მაიას 18 თვიანი კალენდრის შესაბამისად, სულ 18 მწკრივია, ხოლო საფეხურები კი მზის წელიწადს აღნიშნავს, ე.ი. სულ 365 საფეხურია და თითოეული მათგანი წელიწადის თითო დღეს უდრის.

7) ქრისტეს ქანდაკება

Jesus Christ Brazil

ჩემთვის ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე.

ქრისტეს ქანდაკება და მისი არაჩვეულებრივი ხედი ჯერ კიდევ მაშინ შემიყვარდა პატარა რომ ვიყავი და ბრაზილიურ სერიალებს ვუყურებდი, იმის შემდეგ ოცნებად მაქვს ასე ხელებგაშლილმა კორკოვადოს მთიდან ერთხელ მეც გადავხედო რიოს ნაპირებს. თანამედროვე მსოფლიოს მეშვიდე საოცრება დანარჩენებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა – იგი რიო-დე-ჟანეიროს თავზე 1931 წლის ოქტომბერში წამოიმართა.

შიმშილის “თამაშები”

მთელი ქვეყანა, მთელი ქვეყანა არჩევს ვინ არის დამნაშავე: მშობლები, მეზობლები, ნათესავები, საპატრიარქო, მთავრობა თუ საზოგადოება…

გუშინ დილით დავალებას ვწერდი, წინა საღამოს საინფორმაციო გამოშვებები უნდა მენახა და შემედარებინა ერთმანეთისთვის.

რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება დაეთმო პატარა გოგიტა აბაშიძის ამბავს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა დავალების კეთების პარარელურად, Facebook-დან გავიგე, რომ ზუსტად იმ ღამეს გარდაცვლილა.

არადა, ზუსტად 2 წუთით ადრე ვუსმინე დედამისის სიტყვებს, იმედს მაძლევენ, რომ არის გადარჩენის შანსიო. (თუმცა ტელევიზიითვე გაკეთებული ექიმის კომენტარიდან მე სულ სხვა დასკვნა გამოვიტანე).

ხშირად მსმენია, საქართველოში შიმშილით არ მოკვდები, რადგან ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ლუკმას მოგაწვდიანო.

ეჭვიც არ მეპარება, რომ აბაშიძეებსაც უყოფდნენ მეზობლები პურს, თუმცა არა მგონია ისინიც ისეთი დალხენილები ყოფილიყვნენ, რომ მთელი ოჯახი გამოეკვებათ. როგორც ჩანს, პატარა გოგიტას ორგანიზმი ყველაზე სუსტი აღმოჩნდა.

ალბათ, ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როცა ადამიანი უსახსრობის გამო იღუპება. დღესაც, ვხედავთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელის დახმარებას და ბევრი მათგანის სიცოცხლის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება რომ იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

ახლა დგომა და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა რას მოგვიტანს, არ ვიცი. ისიც არ ვიცი, შეიძლება თუ არა ასეთი ტრაგედიების თავიდან აცილება. ვიცი, ბევრი აკეთებს კეთილ საქმეს – ვიღაც, უბრალოდ, ქუჩაში ხელგამოწვდილ ადამიანს ეხმარება ხურდა ფულით, ვიღაც კი ძვირადღირებული ოპერაციისათვის რიცხავს ოთხ ან სამნიშნა თანხას, მაგრამ არის ეს საკმარისი?

არამგონია…

ვფიქრობ, პირველ რიგში მაინც სოციალური სამსახურების როლი უნდა გააქტიურდეს. ჰო არსებობენ ადამიანები, რომელთა უშუალო მოვალეობა და პროფესიაა, რომ იარონ კარდაკარ, აღმოაჩინონ გაჭირვებული და ელემენტარულ პირობებს მოკლებული ადამიანები, შემდეგ კი მიიტანონ მათი პრობლემა შესაბამის ინსტანციებამდე, რომლებიც აბსოლიტურად გაუგებრად და უაზროდ შემუშავებული ქულათა სისტემის და “ნაჩუქარი ტელევიზორის” გამო რაღაც 20 ლარის დამადლებას კი არ დაიწყებენ, არამედ მართლა იზრუნებენ იმაზე, რომ ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომელთა წინაშეც მათ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვთ აღებული, შიმშილისგან, სიცივისგან და უსახსრობისგან სიკვდილი არ დაემუქროთ…

My Music

 

5 წლის წინ, როცა ამ პოსტს ვწერდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე Coldplay აღარ მეყვარებოდა.

მაგრამ დღეს თითქმის აღარ მინდება მათი მოსმენა, მით უმეტეს ახალი სიმღერების.

საინტერესოა, კიდევ 5 წლის შემდეგ თუ მეყვარებიან ის მუსიკოსები, რომელთაც ახლა გამორჩეულად ვუსმენ?

Placebo 

Spiritualized

Archive

P.S.: რა თქმა უნდა, ამ სამი ბენდით არ შემოიფარგლება ჩემი play list, უბრალოდ ერთი პოსტისთვის მეტი ვეღარ გავიმეტე :P

Where Do We Go Now

 

ფილმს ამ სათაურით, დაახლოებით 1 თვის წინ ვუყურე.

პირველივე სცენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მაშინვე ჩამითრია და რომ დამთავრდა, გადავახვიე და კიდევ ერთხელ ვნახე დასაწყისი.

(უცნაურია, რომ ვერ მივაგენი ცალკე ამოჭრილ ეპიზოდს იუთუბზე, მაგრამ არაუშავს, იმედია, უფრო დაინტრიგდებით და აუცილებლად ნახავთ)

ფილმი ეხება საკმაოდ მძიმე, მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას – რელიგიურ დაპირისპირებას, მაგრამ, ამის მიუხედავად საოცარი სიმსუბუქით, იუმორით, სიმღერით და სიყვარულით ვითარდება.

ველოსიპედს არ გამოვიგონებ თუ ვიტყვი, რომ რელიგია არც ისეთი უწყინარი რამეა, როგორც ერთი შეხედვით უნდა იყოს. არ დავიწყებ ახლა შორეული ისტორიიდან მოყოლებული უახლოესი წარსულის ჩათვლით მაგალითების მოყვანას, რამდენჯერ გახდა კონფლიქტის, დავის, ომის და სისხლისღვრის საგანი.

ასე ხდება ამ ფილმშიც – ერთ ძალიან მშვიდობიან, საყვარელ სოფელში, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქრისტიანი და მუსლიმი ოჯახები, განხეთქილება სწორედ რელიგიურ საფუძველზე ღვივდება. ბავშვები, რომლებიც გუშინ ერთად თამაშობდნენ, ახლა ერთმანეთს ერჩიან; კაცები, რომლებიც გუშინ ერთად აშენებდნენ, ახლა ერთმანეთს უბღვერენ და პატარა მიზეზზეც კი საჩხუბრად იწევენ…

და, აი, ამ დროს – გინდათ სექსისტი მიძახეთ და გინდათ ფემინისტი – რას შვებიან ქალები?

where-do-we-go-now

აი, ეს შავებში ჩაცმული, უბრალო, მხიარული, ჭკვიანი ქალები …

რომლებმაც დაკარგეს ქმრები, ძმები, მამები და შვილები და რომლებმაც იციან, რომ ის თუ რა ჰქვია შენს ღმერთს, სინამდვილეში არაფერს ნიშნავს!

მე ვფიქრობ, რომ ამ ფილმს უნდა უყუროს ყველამ – განსაკუთრებით კი მათ, ვინც რელიგიისა და ღმერთის სახელით თავს უფლებას აძლევს შეიძულოს სხვა, დაივიწყოს პატივისცემა, სიყვარული და ყველა ის ცნება, რასაც წესით რელიგიები გვასწავლიან.

ღიმილიანი (და გვირილიანი) გოგონა

 

სიცოცხლით სავსე ადამიანები მიყვარს – აი, სულ რომ დაცქრიალებენ, ლაპარაკის დროს სახე რომ უცინით, თვალებში ნაპერწკლები რომ აქვთ, სხვებზე მეტად რომ გრძნობენ და სხვებზე მეტად რომ გაგრძნობინებენ.

ასეთი გოგოა თამთა, ჩემი თანამშრომელი.

თამთა გრიგოლია

გუშინ თამთას და მისი მეგობარი გოგონას პოეზიის საღამო იყო. ვიჯექი ძალიან შესაფერის, მყუდრო, რომანტიკულ, სანთლებიან და წითელღვინიან გარემოში, ვუსმენდი და ვუყურებდი მას, მიხაროდა რომ ყველა ლექსი, მათ შორის ისიც კი, რომელიც პირველად წაიკითხა, მე უკვე ვიცოდი.

და კიდევ – ძალიან მომინდა, მეც შემძლებოდა ცხოვრების ასე განცდა და შემდეგ ყველაფრის ასე ლამაზად გადმოცემა …

დასასრულის დასაწყისი

მოდი და თვალებში ჩახედვით მითხარი სიმართლე,

მერე კი გავმართოთ გრძნობების ნამდვილი მარულა,

ამქვეყნად სად არის (ან კიდევ) შენ რომ გთხოვ სიმართლეს,

გავიქცეთ ფარულად!..

რძისფერი ცრემლი სდის ჩემ ირგვლივ აგებულ საუფლოს,

მკერდზე კი ნაცრისფერ ტკივილს განიცდიან ქალები,

მასწავლე შენამდე სულ მოკლე ბილიკი, უფალო,

დავხარე თვალები…

გულში ჩამეწვეთა წამება _ უჟმური ამინდი,

სიზმარშიც ვერ ვუშლი სურვილებს ირიბად ზმორებას,

არ მინდა, გეტყვი, რომ არასდროს არვისთან არ მინდა

კვლავ განმეორება…

ფიქრში აწყობილი ყველა მოგონება დავშალე,

საკუთარ სხეულში (დღეს) უმისამართო გზირი ვარ,

და ვეღარც მომავლის იმედის მოვირგე თავშალი,

კუთხეში ვტირი-ვარ…

ხმაც მიმისუსტდა და აღარ შემიძლია ყვირილი,

თვალდასიებული გავყურებ წვიმიან მაისებს,

მივტირი უჩემოდ დაკრეფილ ცრემლიან გვირილებს

და…  ედელვაისებს…

ვენებში შხამიან სისხლს მიშვებს ვიღაცა ურჯულო,

ვგრძნობ, როგორ თანდათან (შენიდან ჩემამდე) შემცივდა,

დღეს შენ ხარ წარსულის აწმყოსთან გამრიგე მსაჯული,

ხმა მესმის ზეციდან…

რამდენჯერ გითხარი, ძახილი ხვეწნა არ გეგონოს,

როგორმე უშენოდ ვისწავლი ფიქრების აწყობას,

ვიღაცა გაზეთში კითხულობს ჩემს და შენს ნეკროლოგს,

მომიკვდა განწყობაც…

მიწასაც გვაყრიან, ხანდახან ბელტებსაც, გისოსებს

ღებავენ ვერცხლისფრად (არ ვიცი, ან) როგორც წესია,

ჩვენი თვე, აქამდე ვარდობის, დღეს შავებს იმოსავს,

ცრემლი სდის მესიას…

ეზოში სიჩუმე პატარა ბეღურამ აკენკა,

ცხენებიც კვნესიან უჩვენოდ ჩვენსავე თავლაში,

ისევ ნიღაბს ვირგებ ჩემ მიერ მოგონილ სარკესთან _

შევწყვიტე თამაში…

თამთა გრიგოლია

ჩვენი საპატიო “კომენტატორი”

 

რამდენიმე კვირის წინ, როცა ბლოგზე ძველი პოსტები გადმოტანილი არც მქონდა, სიყვარულოვნამ საპატიო, 50-ე კომენტარი დამიტოვა. ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, რომ მადლიერების ნიშნად მისთვის ბლოგის სახელით საჩუქარი გადამეცა.

როცა ვუთხარი, მკითხა რამდენჯერაც ახალ ბლოგს გააკეთებ, იმდენ 50-ე კომენტარზე საჩუქრები უნდა არიგოო ? :)

თუმცა მე მართლა აღარ ვაპირებ ამ მისამართიდან ფეხის მოცვლას, მით უმეტეს ახლა, როცა მთელი 4 წლის ნაღვაწი აქ გადმოვიტანე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნათია იმსახურებს ჩვენგან საჩუქარს.

ამ ხნის განმავლობაში დატოვებული 1718 კომენტარიდან, ყველაზე მეტი (ჩემს შემდეგ :D ), 112 სიყვარულოვნას ეკუთვნის <3

საჩუქარი უკვე ჩანთაში მიდევს და ველოდები მისი მომავალი მფლობელის 113-ე გამოხმაურებას იმის თაობაზე, თუ სად და როდის მივაწოდო :)

რა არის ამას უკვე ადგილზე შეიტყობს (თუ მანამდე ანამ არ გამცა : )

FM

 

პირველად ვიყავი რადიოში. ძალიან მომეწონა გარემო და, რაღაც ეტაპზე, სიამოვნებით ვიმუშავებდი.

თუმცა, არა მგონია, რადიოს მოსწონდეს ჩემი მოგუდული და ცხვირში მოდუდღუნე ხმა :D

whatever, ჩანაწერი

რადიო

<3