ოსკარზე ნომინირებული ფილმები (1 ნაწილი)

 

იყო დრო, როცა ოსკარის დაჯილდოებას მარტო იმიტომ ვუყურებდი, რომ ლამაზ კაბებში გამოწყობილი მსახიობები მენახა. აღფრთოვანებული და, ალბათ, პირდაღებულიც კი შევცქეროდი ეკრანს, საიდანაც ისინი ამერიკულად იღიმებოდნენ და ფურცელზე ჩამოწერილ მადლობებს იხდიდნენ. პირველი გოგო ნამდვილად არ ვიქნები დედამიწაზე, თუ ვიტყვი, რომ ამ სანახაობის შემდეგ სარკის წინ შამპუნის ბოთლით ხელში დიდხანს ვპოზირებდი, სამადლობელო სიტყვასაც ვამბობდი და ვფიქრობდი, რომ ოდესმე ეს შეიძლებოდა მართლაც მომხდარიყო.

ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ოსკარს ვერასოდეს მივიღებ. ამაზე აღარც ვოცნებობ, მაგრამ მაინც ინტერესით ველოდები ხოლმე თებერვლის თვეს. ამ დროისთვის აღარ მიწევს ვინმეს რჩევა ვკითხო ან Facebook-ზე “რამე ფილმი მითხარით” დავისტატუსო.

ახლა რამდენად აქტუალურია ამ პოსტის დაწერა, არ ვიცი, მაგრამ Fb გავაუქმე და გადავწყვიტე ბლოგიდან მაინც ვიღაღადო.  რამდენიმე კაცი მაინც კითხულობს და + მე )))

მოკლედ, ძალიან გრძელი პოსტი რომ არ გამომივიდეს, ჯერ მხოლოდ 4 ფილმს განვიხილავ:

  1.  Amour (სიყვარული) – ფილმი ვნახე კინო სახლში. ალბათ, უმრავლესობას გეცოდინებათ ეს ადგილი, მაგრამ თუ არ ყოფილხართ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ, გამორთოთ მობილური ტელეფონები ქსელიდან (ანდრეის დაჟინებული მოთხოვნით), ცივად მოკალათდეთ გამხმარ სავარძლებში (“მოკალათება” და “სავარძელი” ცოტა ხმამაღლა ჟღერს) და სულ 1 ლარად უყუროთ ფილმს დიდ ეკრანზე. მით უმეტეს, თუ ეს ფილმი არის Amour – ჩუმი, ნაცრისფერი, რაღაც მომენტში მოსაწყენი , რომ ფიქრობ რომ ახლა ადგები და გახვალ, მაგრამ… არ დგები და გადიხარ. ელოდები, ელოდები, ელოდები და ბოლოს ცრემლები გადგება, გინდება რომ შენც უყვარდე ასე ვინმეს 50 წლის შემდეგ, როცა სახე ჩამოგიჭკნება და მაინც გეტყვიან, რომ დღეს ლამაზად გამოიყურები, როცა დამბლა დაგეცემა და შენს თავს საავადმყოფოს თეთრ კედლებს არ გადააბარებენ, როცა დაინახავენ რომ იტანჯები და აგისურულებენ ერთადერთ ნატვრას – სიკვდილს! amour
  2.  Beasts of the Southern Wild (ველური სამხრეთის მხეცები) – სადაც არ უნდა მივიდე, როგორ სერიოზულ ადგილზეც კი, თუ მკითხავენ ვინ არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი, დაუფიქრებლად ვუპასუხებ – პეპი გრძელიწინდა! ხშირად დამწყდომია გული, რომ მასავით ცეცხლისფერი თმა და დაჭორფლილი სახე არ მქონდა. ასეთი გარეგნობის გოგონებს ხომ ხშირად ადარებდნენ პეპის, მე კი ეს სახელი მხოლოდ საკუთარი თავისთვის მემეტებოდა. ამ ფილმის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ შეიძლება ჩემზე ბევრად უფრო მუქი კანი და შავი, ხუჭუჭა თმა გქონდეს, მაგრამ მაინც იყო გოგონა სახელად პეპი, რომლის მამაც ზანგების კუნძულის მეფეა ან გოგონა სახელად ჰაშპაპი, რომელიც მამასთან ერთად აბაზანაში ცხოვრობდა.beasts-of-the-southern-wild-
  3.  Life of Pi (პის ცხოვრება) – წინა 2 შემთხვევისაგან განსხვავებით “პის ცხოვრებას” ამირანში და 3D-ში ვუყურე. ვფიქრობ, მისი ნახვა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ღირს, რადგან ფილმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსებას – სილამაზეს უკეთ აღგაქმევინებს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, 2 საათიდან დაახლოებით საათი და ცოტა მეტიც გაშლილ ზღვაში, ერთი ბიჭისა და რამდენიმე ცხოველის (ძირითადად, ვეფხვის) თანაცხოვრებას ეთმობა. ამის მიუხედავად, 1 წუთითაც არ მომიწყენია. არ ვიცი როგორ იქნებოდა საქმე ფილმი სხვა გარემოში რომ მენახა, მაგრამ გუშინ საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და თუნდაც იმ შეგრძნებების გამო ღირს, კინოში წასვლა და ყურება. და კიდევ, რაღაც მომენტში გავიფიქრე, რომ მე მის ადგილას, ალბათ, 1 დღეც ვერ ვიცოცხლებდი-მეთქი. რა საინტერესოა, რეალურად ვაფასებ თუ არა ჩემს შესაძლებლობებს ?!  :)              life of Pi
  4.  Django unchained (გათავისუფლებული ჯანგო) – ვერ ჩამოვყალიბდი იმაზე, მიყვარს თუ არა ტარანტინო, თუმცა ფაქტია რომ მისი ბოლო 2 ფილმი (“ჯანგო” და “უსახელო ნაბიჭვრები”) მომეწონა. მოგვიანებით, როცა გოგი გვახარიას პოსტი წავიკითხე ამ თემაზე, შემრცხვა მე რატომ არ ვიფიქრე ამდენი, როცა ვუყურებდი-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სანახაობით “ტკბობის” გარდა ერთ რამეზეც დავფიქრდი – “ნეტავ როგორია ამ ფილმის ნახვა შავკანიანებისათვის?”. არ ვიცი რატომ ვიფიქრე ასე, თითქოს უცბად გავემიჯნე ამ რასას ? ფილმის პირველი სცენა (ტყეში ფეხშიშველი და ჯაჭვებით ერთმანეთზე გადაბმული მონები) ჩემთვისაც ისეთივე მტკივნეული უნდა ყოფილიყო, როგორც ნებისმიერი ადამიანისათვის. დანარჩენი ფილმი კი მართლა ერთი ადამიანის ისტორია უფროა, რომელსაც რაღაც მომენტში გაუმართლა და რაღაც მომენტში ფიზიკური და მორალური ძალა აღმოაჩნდა შური ეძია. ამ ფილმთან ერთად უნდა აღვნიშნო უკვე კურიოზად ქცეული ლეონარდო, რომელსაც აგერ უკვე მერამდენედ ტოვებენ ოსკარის გარეშე. არ ვიცი, თვითონ რამდენად განიცდის ამას და შემდეგი სიტყვები რამდენად დაამშვიდებს, მაგრამ მე პირადად გადავცემ ოსკარს, ფეხზე ვუდგები და ვუკრავ ტაშს – ყველა პერსონაჟისთვის !!! “რა აწუხებს გილბერტ გრეიფსიდან” დაწყებული  “ჯანგოში” შესრულებული როლით დასრულებული. აქამდე ჩემთვის ლეო ყველაზე მეტად მაინც ჯეკი იყო “ტიტანიკიდან”, მაგრამ ახლა უკვე ცოტათი ქენდიცაა.DJANGO-UNCHAINED-CALVIN-CANDY

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s