მე მყავს

 

le petit prince

Advertisements

სტამბული

 

სტამბულზე არ დამიწერია არაფერი, რამდენიმე სიტყვის გარდა… ვერ ვიტყვი, შთაბეჭდილებები გამინელდა მეთქი, მაგრამ ამ რადიო სიუჟეტში მაინც ყველაფერი უფრო ცხელ-ცხელი და საინტერესოა

უნივერსტეტის შუალედური გამოცდისათვის მოვამზადე (Special Thanks to Ani), მაგრამ ჩვენი მოგზაურობის სამახსოვროდაც გამოდგება :)

Save Our Home

 

ჩემს დაბადების დღეზე, როდესაც გოგონებმა ტელესკოპი მაჩუქეს, facebook-ზე ყველამ თითო პლანეტის ფოტო დაიყენა. გადავწყვიტე მათთვის მეც მიმებაძა და ბევრი არ მიფიქრია ისე ავტვირთე ჩემი საყვარელი პლანეტის სურათი ქავერების ალბომში:

dedamiwa

დღეს დედამიწის დღეა.

დღე იმისთვის, რომ გვახსოვდეს რამდენი საფრთხე ემუქრება ჩვენს საერთო სახლსა და თავშესაფარს.

earthday.org-ზე ვკითხულობ: “კლიმატის ცვლილება, შესაძლოა, შორეულ პრობლემად ეჩვენებოდეთ ჩვენს ლიდერებს, თუმცა ფაქტია, რომ ის უკვე ზიანს აყენებს ადამიანებს, ცხოველებსა და საყვარელ ადგილებს.”

ჩვენ თავად ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვზივართ და არ ვფიქრობთ შედეგებზე. მე თვითონაც, ვერ ვიტყვი, რომ ხშირად მიდარდია ამ საკითხზე, თუმცა დღევანდელმა დღემ ნამდვილად გამახსენა პრობლემა, რომელიც ხშირად გვავიწყდება სხვა, ყოველდღიური წვრილმანებიდან გამომდინარე.

დავინტერესდი, ჩვენ, უბრალო ადამიანებს, რომელთაც არ გვაქვს რაიმე მნიშვნელოვანი ბერკეტები ხელში, ვერ ვაკონტროლებთ სად შენდება ქარხნები, ჰესები და ა.შ., რა შეგვიძლია გავაკეთოთ დედამიწისთვის.

პირველ რიგში, თავში ხეების დარგვა მომდის. სხვათა შორის, არასოდეს დამირგავს ხე და ბოლო დროს ამის დიდი სურვილი მაქვს. თან, თურმე, ჩინური ანდაზა ამბობს, რომ ხის დარგვა არის ის აუცილებელი რამ, რაც ადამიანმა სიცოცხლეში სახლის აშენებასთან და შვილის გაჩენასთან ერთად უნდა მოასწროს.

ასევე, კარგი იქნება თუ გამონაბოლქვს შევამცირებთ. ამის რამდენიმე გზა არსებობს: საერთოდ უარი ვთქვათ ავტომობილზე და ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით, ან გადავსხდეთ ეკოლოგიურ მანქანებზე.

ნუ, იმის თქმა, რომ ნაგავი ძირს არ დავყაროთ, მე მგონი, ზედმეტია, მაგრამ რადგან ქუჩაშიც და ბუნებაშიც ხშირად შევსწრებივარ მსგავს ფაქტს, მაინც განვმეორდები :)

23 მარტს, დედამიწის დღემდე 1 თვით ადრე, მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვან და გაჩახჩახებულ ობიექტებში ერთი საათით ირთვება ელექტრო ენერგია, რაც, როგორც ამბობენ მნიშვნელოვან  და პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს კლიმატური ცვლილებისაკენ მიმავალ გზაზე. ასე რომ, ჩავაქაროთ შუქი, მაშინ როცა არ არის ამის საჭიროება – ამით დედამიწის საათთან ერთად საკუთარ ჯიბესაც დავზოგავთ. :D

იქიდან გამომდინარე, რომ მაინცდამაინც ვერ ვერკვევი გარემოსდაცვით საკითხებში, სხვა ინიციატივები თქვენთვის მომინდია. ინტერესით გავეცნობი კომენტარებს :)

ჩვენც ინტელექტუალები ვართ

 

“რა? სად? როდის?” ჯერ კიდევ მაშინ ვუყურებდი, თუ არ ვცდები ძველ მე-9 არხზე რომ გადიოდა, გიორგი ბაქრაძე რომ ძალიან ახალგაზრდა იყო და ჩემი მეზობელი აჩიკო პატარების კლუბის კაპიტანი.

და ვუყურებ ახლაც, რუსთავი 2-ზე. ამას წინათ კითხვაც კი გავაგზავნე და ყოველ ახალ გადაცემაში ველოდი გავიდოდა თუ არა. იმედია, მომავალ სეზონებზე მაინც გათამაშდება. თუ მოვიგებ, გამიხარდება, თუ ვერ მოვიგებ მაინც გამიხარდება, ყოველთვის მაინც მოაზროვნეების მხარეს ვარ ხოლმე. :D

ისე, მე და ირმას პირველი კურსიდან გვინდოდა სპორტული “რა? სად? როდის” გვეთამაშა, მაგრამ ორი თავმოუბმელი ადამიანი რომ შეხვდება ერთმანეთს… მერე ირმამ საფრანგეთში წასვლას კი მოაბა თავი და მე მხოლოდ მეოთხე კურსის მიწურულს, თსუ-ს და ინტელექტკლუბის მოწყობილი “ბროლის ბუსათვის’ მოვახერხე გუნდის შეკრება “სალტკროკელების” სახელით.

სალომე აფხაზიშვილი

გუშინ იყო თამაში. 5-დან მხოლოდ 3-ნი მივედით. დაახლოებით, 25-30 გუნდი მაინც იქნებოდა, უმრავლესობა უკვე გამოცდილი და 5-5ივე წევრით წარმოდგენილი. ვნერვიულობდით, კითხვებზე ‘რომელ ლიგაში ხართ?” და “უი, საერთოდ პირველად თამაშობთ?” უხერხულად ვიცინოდით და თავს ვიმშვიდებდით “მთავარია მონაწილეობაო”.

საბოლოოდ, მთავარი მართლა მონაწილეობა აღმოჩნდა, შემდეგ ეტაპზე ვერ გადავედით (რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება, თითოეულ გუნდს მეექვსე წევრად “ბროლის ბუს” თითო მფლობელი დაუჯდება). პრინციპში ამის მოლოდინი არც გვქონია, უბრალოდ გვინდოდა გამოცდილება და სიამოვნება მიგვეღო.

“რა? სად? როდის?” მართლა განსაკუთრებული ადრენალინი ჰქონია და იმ შემთხვევაში თუ შემოდგომაზე ისევ აქ ვიქნები, აუცილებლად და აქტიურად ჩავერთვები მასში, რა თქმა უნდა, ჩემს სალტკროკელებთან ერთად !

ჩვენც სალტკროკელები ვართ

ჩვენც სალტკროკელები ვართ

something new

 

ყველაზე მეტად, ალბათ, რუტინას ვერ ვიტან. არადა რა რთულია მისგან თავის დაღწევა.

ამაზე ადრეც ბევრჯერ მიფიქრია და დამიწერია. ის რაც თავიდან სიახლეა, შემდეგ თუ სისტემატიურ ხასიათს იღებს, თავისთავად რუტინაში გადაიზრდება.

ასე იყო, მაგალითად, უნივერსიტეტი. 4 წლის წინ როგორ მიხაროდა იქ ჩაბარება, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ახლა კი, თითქოს, ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ და მოვიშორებ. თან ის ხიბლიც დაკარგა, რაც თავიდან ჰქონდა – ბავშვები რომ ერთად დავდიოდით ექსკურსიებზე, მზიურში, იპოდრომზე, დასასვენებლად ან უბრალოდ პირველი/მეექვსე კორპუსის წინ ვიკრიბებოდით, ვთამაშობდით, ვერთობოდით და გვიხაროდა.

მოხუცივით ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ყველაფერი მართლა წარსულში დარჩა.

ახლა ჩემი დღეები ასეთია: სამსახური, უნივერსტეტი, საღამოს მეგობრებთან ერთად “სადმე” გასვლა ან სახლში ჯდომა, facebook, facebook დიდი დოზით… რამდენიმე საღამოა ჩვეულებად ვაქციე, ძილის წინ 1 კარგ ფილმს მაინც ვუყურო ხოლმე. წიგნები კი, აწყვია თავისთვის, ფურცელ-ფურცელ მივუყვები უკვე რამდენი ხანია, მაგრამ ისე არა და ვერა, მე რომ მინდა და მე რომ ვიცი…

ახლა ისე გამოდის თითქოს მუდმივად უკმაყოფილო ვარ. არადა, არ არის ეგრე: სამსახურში კარგი გარემოა, უნივერსტეტში ხანდახან მაინც ვხვდები იმ ადამიანებს, რომლებიც მენატრებიან, მეგობრებთან ერთადაც სადაც არ უნდა ვიყო, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები რომ ცხოვრებაში დადგა ის მომენტი, როცა ისევ სიახლე მჭირდება.

ახალი გარემო? ახალი ადამიანები? ახალი ინტერესები?

კი, კი, კი !

9

 

წინა სემესტრში  9 აპრილის ამბებმა განსაკუთრებით დამაინტერესა (საარქივო ჟურნალისტიკისა და ქართული ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ისტორიის ლექციებიდან). ბლოგზეც დავდე ნაწყვეტი ერთერთი სახელმძღვანელოდან.

ჰოდა, ამ სემესტრში, როცა საბაკალავრო თემის არჩევაზე მიდგა საქმე, ბევრი არ მიფიქრია.

გუშინ საბოლოოდ შევათანხმე ჩემი არჩევანი თამარ ბელქანიასთან. ის უნდა იყოს ჩემი საბაკალავროს ხელმძღვანელი.

დღეს კი რუსთაველზე გავისეირნე. ყოფილი პარლამენტის შენობასთან ხალხი იყო შეკრებილი, მემორიალი ყვავილებით შემკული. კიბეზე ვიღაც კაცი იდგა მეგაფონით და გარშემო შეჯგუფებულთ მოუწოდებდა კვირაში ერთხელ მაინც შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთსო.

თავიდან მინდოდა მივსულიყავი, მეკითხა, ვინ იყვნენ, რატომ იკრიბებოდნენ, მეგონა ტრაგედიის ამბებთან ჰქონდათ რაიმე საერთო.

მაგრამ ბოლოს იმ კაცმა ისეთი რამე თქვა, ყოველგვარი ინტერესი გამიქრა:

– რომ მცოდნოდა ასე ცოტა იქნებოდით, კარგ პურმარილს გაგიშლიდითო… – იხუმრა.

ცოტა ხანს ვიჯექი ტროტუარზე, ვცდილობდი 24 წლის წინ მომხდარი მოვლენები დამენახა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ტელეპათიის არანაირი ნიჭი არ გამაჩნია და ისევ სახლისკენ წამოვედი…

ნუ ყვირი, ბიორკ, Sssshhhh!

 

გუშინ ღამით, როცა მარტო მოვსეირნობდი ქუჩაში, ფეხი აყვავებული ხის ჩრდილს დავაბიჯე და მივხვდი, რომ ეს იყო პირველი აყვავებული ხის ჩრდილი, რომელიც ცხოვრებაში მინახავს ისე, რომ ზემოთ არ ამეხედა. მერე ჩემს თავს შევპირდი, რომ არასოდეს დავივიწყებდი იმ შეგრძნებას, რაც მაგ მომენტში გამიჩნდა და კიდევ ვცადე ეს მოგონება ფოტოდაც მექცია – სამწუხაროდ, ჩემმა ტელეფონმა ლამპიონის შუქზე მხოლოდ რაღაც გაურკვეველი, შავი ლაქა გადაიღო.

დღეს კიდევ, როცა სამსახურიდან მოსულმა, სულ რამდენიმე წამში, კარებზე ზარის დარეკვიდან მის გაღებამდე თვალით გადავზომე ჩემი ორივე ქუჩა, გამახსენდა, რამხელა მეჩვენებოდა ეს დაღმართები 10 და მეტი წლის წინ: ბაქრაძის დაღმართი ზამთარში, როცა მოიყინებოდა და ციგის მაგივრად რაიმე ფიცარზე მაგრად ჩაჭიდებულები ჩავსრიალდებოდით, ბარნოვის ჩიხის დაღმართი კი ზაფხულში, როცა მე და ქეთი, კაბების ფრიალით და სიცილ-კისკისით ჩავირბენდით ხოლმე…

მაშინ ჩემი სახლიც დიდი მეჩვენებოდა. ახლა ამ სახლში ვეღარ ვეტევი, ვერ ვპოულობ კუთხეს, სადაც სიმშვიდე იქნება, დავჯდები და წიგნს ისე წავიკითხავ, ყურადღება რომ არ გამეფანტოს.

აი, ეხლაც, ჩემი ძმა მოვიდა და ისეთი მუსიკა (კაბუ) ჩართო ამ პოსტს ფონად რომ არაფრის დიდებით შეეფერება…

როგორ მინდა ცოტა სიჩუმე.