ჩე(მი) მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში

“მოგზაურობას აქვს ორი პუნქტი: დაწყება და დამთავრება”

15 წლის ვიყავი, როცა პირველად დავიწყე მუშაობა – სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ჟურნალი მალევე დაიხურა, თუმცა 1 ნომრის გამოშვება მაინც მოასწრეს. ნამდვილად არ მახსოვს ჩემი სურვილი იყო თუ რედაქტორებმა დამავალეს, მაგრამ ამ პირველ და, როგორც შემდეგ გაირკვა, უკანასკნელ “ვიტამინში” (ასე ერქვა ჟურნალს) ჩე გევარას შესახებ დავწერე.

ეს ამბავი ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ გუშინ დავამთავრე მისი ანუ მოტოციკლეტისტის დღიურების კითხვა და შემდეგ ფილმსაც ვუყურე.

ernesto-che-guevara-

რაღა დაგიმალოთ და წიგნის კითხვის პროცესი საკმაოდ გამიჭიანურდა, ფაქტობრივად, პირველ 150 გვერდს 3 კვირის განმავლობაში ვკითხულობდი, თუმცა დანარჩენი 150 ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

ეს იმის ბრალია, რომ თავიდან ამ დღიურებს მივუდექი როგორც ნაწარმოებს, რომელიც მწერალმა დაწერა – მოუფიქრა სიუჟეტი, ჯერ ჩახლართა და შემდეგ გახსნა კვანძები, შემოგვთავაზა საინტერესო და მოულოდნელი დასასრული… ამის ფონზე კი ყველაფერი ცოტა მდორედ მეჩვენებოდა – მიდიოდნენ ერნესტო და ალბერტო, მიდიოდნენ და მიდიოდნენ… მათი თავგადასავალი თითქოს ყოველ გვერდზე ერთმანეთს გავდა – შიოდათ, ციოდათ, ფული არ ჰქონდათ, თავშესაფარს ეძებდნენ, მოტოციკლეტი უფუჭდებოდათ და აკეთებდნენ (ბოლოს საერთოდ გამომშვიდობება მოუწიათ მასთან და გზის ნახევარზე მეტი ნაწილი ჰიჩჰაიკინგით, გემებით და, როგორც ხედავთ, ტივითაც კი გაიარეს)…

Alberto Granado and Ernesto Che Guevara-420x0

შემდეგ საკუთარ თავს შევახსენე, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ლიტერატურული პერსონაჟები და არც დღიურში აღწერილი ამბები იყო გამოგონილი. ამას დაერთო ის, რომ წიგნის მეორე ნაწილში ჩე გევარა უფრო მეტად ინტერესდება სამხრეთ ამერიკელი ხალხით და დეტალურად გვიყვება მათი ცხოვრების შესახებ.

მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ ამ მოგზაურობამ იმაზე მეტად შეცვალა, ვიდრე თავად წარმოიდგენდა – ამას მკითხველიც კარგად ხედავს და გრძნობს. თუ თავიდან ჩე და ალბერტო საკუთარ სამედიცინო ცოდნასა და გამოცდილებას მხოლოდ თავის გამოსაჩენად და გამორჩენის მიზნით იყენებენ, ბოლოს ისინი მართლა იწყებენ იმ ადამიანებზე ზრუნვას, რომელთაც ეს სჭირდებათ.

სხვათა შორის, კეთროვანთა კოლონიის მომენტი ფილმში კარგადაა გადაღებული. დღიურებისგან განსხვავებით, ფილმი, რა თქმა უნდა, უფრო მოითხოვს სიუჟეტურობას, რის გამოც რაღაც დეტალები შეცვლილია, ჩეს პერსონაჟი კი უფრო გაიდეალებული.

წიგნის და ფილმის ბოლოში დართულია ის ფოტოსურათები, რომლებიც მოტოციკლეტისტებმა ამ მოგზაურობისას გადაიღეს. ჩემთვის, როგორც დროში მოგზაურობის სურვილით შეპყრობილი ადამიანისათვის, ძალიან საინტერესო იყო იმ ყველაფრის ვიზუალურად გაცოცხლება, რაც მანამდე წიგნში ამოვიკითხე.

დეტალურად არ ვიცნობ ჩე გევარას შემდგომი მოღვაწეობის დეტალებს, ამ  ყველაფრის შესახებ მხოლოდ ზოგადი და ზედაპირული წარმოდგენა მაქვს, ამიტომ ამ პოსტში თავს შევიკავებ მისი, როგორც რევოლუციონერისა და პოლიტიკოსის შეფასებისაგან. ცალკე აღებული ეს წიგნი კი მაინც საინტერესოა ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც სურს გაიგოს თუ როგორი იყო 50-იანი წლების სამხრეთ ამერიკა – ნამდვილი სამხრეთ ამერიკა, სადაც მაჩუ-პიკჩუს მახლობლად ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ინდიელები…

che

MissTanbul

 

არქივს ვუსმენდი და უცბად მივხვდი, რამხელა მნიშვნელობის ამბავი იყო ის, რომ სტამბულში ვიყავი, მათ კონცერტს დავესწარი, უმანკოების მუზეუმში წიგნით ხელში შევაბიჯე და ქემალ ბეის საწოლთან ემოციებისგან ვიტირე…

მე კი ჩამოვედი და ჯერ რაღაც ცარიელი პოსტი დავწერე, შემდეგ კი რადიოსიუჟეტი გავაკეთე, რომელშიც ერთი სიტყვაც კი არ იყო ჩემი… რა უგუნურებაა : ))

სტამბული, იცით, როგორი ქალაქი აღმოჩნდა? – თავს რომ მოგანატრებს…

სად არ ვყოფილვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ სადღაც მაინც ჰო ვიყავი და ასეთი ძლიერი მიჯაჭვულობა არც ერთის მიმართ მიგრძნია.

დილით იღვიძებ და გემების ხმა გესმის (ან მოლების : )

მიუყვები დაღმართს, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩას, გზად გამოფენილი მაღაზიებით, ყვავილებით, გრაფიტებით, ტაბურეტებზე ჩამომჯდარი ადამიანებით, კატებით, ფიქრებით და შთაბეჭდილებებით.

Istanbul

ჩადიხარ ბოსფორზე… ბოსფორის სრუტე – რამდენჯერ გაგიგია ეს სიტყვა და რამდენჯერ გიფიქრია იმაზე, რომ იქაურობა აუცილებლად ფოსფორივით კაშკაშა უნდა ყოფილიყო … მართლაც ასეა, უბრალოდ, ეს ბოსფორ-ფოსფორი ცისფრად კაშკაშებს.

Bosphorus

სანაპიროზე კაფეებია, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი ზის. საერთოდ, ბევრი ადამიანის ქალაქია სტამბული – სულ ფუსფუსი, მიმოსვლა და ხმაურია. ღამითაც კი საცობებია, ავტობუსებსა და მეტროებში კი ზუსტად ისეთივე ჭყლეტაა, როგორიც ჩვენთან, თბილისში.

ალბათ, ყველა ქალაქში უნდა იხეტიალო, მაგრამ ასე მგონია აქ არ დაიკარგები – ძალიან დიდია, მაგრამ მისი ყველა გზა ტაქსიმზე ადის.

ყველა ტურისტის ათვლის წერტილი ტაქსიმია. ჩემთვის ფამუქის ტაქსიმი… უფრო სწორად, ქემალის და ფუსუნის ტაქსიმი (აბა, მაშინ ფამუქის სხვა არაფერი მქონდა წაკითხული)

ე.ი. აქვე სადღაც “უმანკოების მუზეუმიც” უნდა იყოს – რამდენიმე მიხვეულ-მოხვეული ქუჩა და უკვე იმ ბორდოსფერ შენობასთან ხარ, რომლის შესახებაც ჯერაც არ იცი სიმართლე – ყველაფერი გამოგონილია !

ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ 3 სართულის განმავლობაში მჯეროდა მათი არსებობის. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ თავი ქესქინების ნამდვილ ოჯახში მეგონა. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ აქ, ამ საწოლთან რამდენიმე წუთი ვიჯექი და მეგონა, რომ სულ ცოტა ხნის წინ იქ ჩემი უფროსი მეგობარი, ქემალ ბეი იწვა, რომელმაც სიკვდილის წინ მითხრა – თამთა ხანუმ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე…

ღია ბარათი უმანკოების მუზეუმიდან ...

ღია ბარათი უმანკოების მუზეუმიდან …

To be continued…

 

წიგნების ფესტივალი 2013

2010-2011 წლები

(შარშან ვიყავი  თუ არა ვერ ვიხსენებ)

წელს მართლა მეშინოდა იმის, რომ წიგნების ფესტივალზე ვერ წავიდოდი… იმიტომ რომ, ალბათ, ყველაზე გადატვირთული დღეები მაქვს მათ შორის, რაც კი ცხოვრებაში მქონია. საბედნიეროდ, დღეს შუადღისას გამოვნახე 1 თავისუფალი საათი და მივაშურე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონს 100 ლარით შეიარაღებულმა :D

პირველ რიგში “წიგნის სამყაროს” სტენდთან მივედი. ჯერ ერთი, იმიტომ რომ შესასვლელშივეა, მერე კიდევ, ძალიან მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა ელფის კუთხე. აი, ისიც <3

ელფის წიგნები ელფის წიგნები

ამის შემდეგ ჩამოვუყევი სხვა გამომცემლობებს. შევხვდი სალომეს, რომელიც 2 დღეა ლამის პირად ფოტოგრაფად მექცა : ))

სალომეს ფოტო წიგნების ფესტივალიდან

შევიძინე 12 ახალი წიგნი:

  • ასტრიდ ლინდგრენის 6 ტომი – 30 ლარი
  • ორჰან ფამუქის 3 წიგნი – 35 ლარი
  • ანე ფრანკის დღიური – 11,5 ლარი (ინგლისურად)
  • 2013 წლის 15 საუკეთესო მოთხრობა – ფასი არ მახსოვს
  • ჩემი გეოგრაფიის მასწავლებლის, მაია ბლიაძის მოთხრობების კრებული – არც ამის ფასი მახსოვს

კიდევ მინდოდა რამდენიმე წიგნის შეძენა, თუმცა აღარც ფული მქონდა ჯიბეში და აღარც ძალა მკლავებში.

დატკბით:

ლინდგრენი ფამუქი

ანე და სხვები ქართული მოთხრობები

ბევრი პოზიტივი ერთ პოსტში

 

ანუ ჩემი ანტიდეპრესანტები:

1. ცეკვა – არ არის აუცილებელი კლუბში წასვლა. შემიძლია ვიცეკვო ყველგან, მაგალითად, სახლში, მარტომ, სარკის წინ… თუ ოჯახის რომელიმე წევრი ავიყოლე, მით უკეთესი – ისიც კარგ ხასიათზე დადგება.

2. მუსიკა – ოღონდ რომელზეც ვერ იცეკვებ… ამ შემთხვევაში, ტექსტი უნდა იყოს გამამხნევებელი. ერთი ასეთი ადრეც გაგიზიარეთ… აი, კიდევ:

3. საშინელებათა ფილმები – ამ ჟანრის განსაკუთრებული მოყვარული ვარ… შეიძლება იფიქროთ, დეპრესიის დროს რა დროს საშინელებებია, კომედია ჯობსო, მაგრამ ამ დროს უფრო მეტი ადრენალინი გამოიყოფა და თითქოს თავისუფლდები უარყოფითი ემოციებისგან…

4. ჭამა – საერთოდ, მივხვდი, რომ თვითონ შიმშილი იწვევს სერიოზულ უხასიათობას ჩემში, ასე რომ, მისი გამოსწორების გზა ძალიან მარტივია – კარგად დანაყრება და შემდეგ გემრიელი დესერტი (შოკოლადი, ნაყინი, etc.)

5. გოგოშკური რამეები – სილამაზის სალონში ვიზიტი, (online) შოპინგი, სარკეში საკუთარი თავისთვის გაღიმება, ბევრი ყურადღება და კომპლიმენტები (ოღონდ ესენიც სარკეში და საკუთარი თავისგან არა :D )

pretty

6. ეს ნაწყვეტი – აუცილებლად

თქვენ რა გაყენებთ კარგ ხასიათზე? :) 

Weekend

 

რაც მუშაობა დავიწყე, პარასკევ საღამოსთან ერთად შაბათ-კვირამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის. ყოველთვის ვცდილობ აზრიანად და სასიამოვნოდ გავატარო, თუმცა ისე მალე გადის, არასოდეს მყოფნის ხოლმე.

17 მაისის მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრებულად ველოდი შაბათის გათენებას, რომ წინა დღეს დაგროვილი უარყოფითი ემოციები ჯომარდობისას დამეხარჯა. 12 საათზე მე, ბარბი, დოდკა და ჩვენი ბიჭები სპორტის სასახლესთან შევიკრიბეთ და rafting.ge-ს ორგანიზებულ საჯომარდო ტურზე გავემართეთ, ფასანაურისაკენ.

ამინდში გაგვიმართლა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მოღრუბლული იყო და წვიმასაც აპირებდა. მაშინებდა იმის წარმოდგენა, რომ ასეთ სიცივეში თავიდან ბოლომდე უნდა გავლუმპულიყავი, კიდევ უფრო შემეშინდა, როცა ინსტრუქტორმა წესებთან ერთად ისიც აგვიხსნა რა უნდა მოგვემოქმედებინა, თუ  ნავი გადაყირავდებოდა ან რომელიმე ჩვენგანი მდინარეში ჩავარდებოდა. თუმცა ყველაფერი გაცილებით მარტივი აღმოჩნდა – არაგვი არც ისე სწრაფად მიექანებოდა, რამდენჯერმე კი შეგვექმნა ექსტრემალური მომენტი, თუმცა ეს მხოლოდ სასიამოვნო იყო. არც სიცივეს შევუწუხებივართ, რადგან გამწარებულები ვიქნევდით ნიჩბებს და ერთმანეთს შეძახილებით ვამხნევებდით.

ყველაზე სასაცილო მომენტი ის იყო, როცა ჩვენ წინ მიმავალი ნავი ქვებზე გაიჭედა და გადავწყვიტეთ გაგვესწრო, თუმცა დინებამ ჩვენც მათკენ წაგვიყვანა და დავეჯახეთ – ისინი გათავისუფლდნენ, ჩვენ კი ისევ უკან აღმოვჩნდით :D

საათნახევარმა უცბად გაიარა, ნავებიდან სულ სველები ამოვედით და მარშუტკაში შევვარდით გამოსაცვლელად. თუ წასვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა წაიღოთ მეორე ხელი ტანსაცმელი, ფეხსცმელი, საცვლები, პირსახოცი… მოკლედ, ყველაფერი მშრალი.

შაბათსვე საღამოს ავედი წყნეთში, სადაც ცხოვრებაში პირველად ვითამაშე სერიოზული პოკერი (არასერიოზულში ის გამყავს დათო რომ მასწავლიდა ორ კაცში) და გადავწყვიტე ოდესმე desperate housewife-ებივით მეც დავამკვიდრო მსგავსი ტრადიცია:

მენატრებიან  ))

მენატრებიან ))

კვირა დღეც საკმაოდ აზარტული აღმოჩნდა – უკვე მესამე თამაშია, რაც სპორტულ “რა? სად? როდის?”-ში ვმონაწილეობ და რაც ყველაზე მთავარია, მართლა ვგრძნობ ჩემს თავს ამ გუნდის საჭირო წევრად (ა.ქ.უ ჰქვიათ, ოღონდ აქუბარდიას პატივსაცემად არა, რაღაც აბრევიატურაა). ძაალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა სწორ პასუხს იცნობთ და კიდევ უფრო მაგარია, თუ ეს სწორი პასუხი შენი ვერსია იყო :D

კვირის დასასრული – ჰოსტელში ჯოკერი ვითამაშეთ პიცაზე და საკმაოდ დიდი ანგარიშით მოვიგეთ, ასე რომ, ჩემი აზარტული weekend გემრიელად და ნაყოფიერად დასრულდა.

მიყვარს ასეთი კარგი დღეები…

მე, იდენტობა, ჰომოფობია

 

ორი წლის წინ სამსახურს რომ ვეძებდი, ჩემი CV არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობაშიც” გავაგზავნე, რომელიც უმცირესობების თემაზე მომუშავე ჟურნალისტს ეძებდა. დამიბარეს გასაუბრებაზე, მოვეწონე და ამიყვანეს, თუმცა სანამ საბოლოო პასუხს ვეტყოდი, ჯერ მე უნდა ამეწონ-დამეწონა მინდოდა თუ არა მათთან მუშაობა. უარი ვუთხარი ერთი მიზეზით – იმის მიუხედავად, რომ საკუთარ თავს ჰომოფობად არ მივიჩნევ, ჩავთვალე რომ ამ პოზიციაზე ჩემზე უფრო მეტად LGBT friendly ადამიანს უნდა ემუშავა.

ამის მიუხედავად !!! 

ხშირად სვამენ ხოლმე კითხვას – შენი შვილი/და/ძმა/მეგობარი რომ “ასეთი” აღმოჩნდეს, გესიამოვნებაო?

დიახ, არ მესიამოვნება, თუმცა, უფრო მეტად, ალბათ, იმიტომ რომ ვიცი, რამდენი პრობლემა შეექმნება მას ამის გამო, როგორ გარიყავს მას საზოგადოების გარკვეული ნაწილი… ამაზე კიდევ უფრო მეტად მას შემდეგ დავფიქრდი, რაც “prayers for Bobby“-ს ვუყურე. ეს ფილმია რეალური ისტორიის მიხედვით, რომლის ნახვასაც ყველა თქვენგანს ვურჩევ, იმის გასაანალიზებლად, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ადამიანების მსგავსმა სტიგმატიზაციამ. ეს ადამიანები კი, დიახ, ჩვენი ახლობლები შეიძლება აღმოჩნდნენ…

აქცია

იმის მიუხედავად რომ ეს ყველაფერი ვიცოდი და იმის მოლოდინიც მქონდა, რომ დღევანდელი აქცია (ჰომოფობიის წინააღმდეგ) მშვიდობიანად არ ჩაივლიდა, მაინც ვერ წარმომედგინა თუ ასეთ სიძულვილს, აგრესიასა და სისასტიკეს შევეჩეხებოდი. ჩემი სამსახურის ფანჯრები პირდაპირ კოსტავაზე, ფილარმონიასთან გადის და, შეიძლება ითქვას, რომ დილიდან მოვლენების ერთერთ ეპიცენტრში ვიმყოფებოდი. ფანჯრიდან ვიღებდი ფოტოებს და შემდეგ facebook-ზე ვტვირთავდი, მერე სიტუაცია ძალიან რომ გამწვავდა ქვემოთაც ჩავედი. “პოპულთან” ასობით ადამიანი იყო შეჯგუფებული, შესასვლელში კი მამაო იდგა… როგორც გავიგე, მარკეტს თავს LGBT საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელი აფარებდა, ესენი კი გარეთ ელოდნენ. მართლა არ მინდა იმ სიტყვების გამეორება, რაც იმ 5 წუთის განმავლობაში მოვისმინე. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, ბევრი მათგანის სახეზე მე სიხარულს ვხედავდი – უხაროდათ, რომ, როგორც იქნა, ბოღმის ამონთხევის საშუალება მიეცათ.

პოპულთან აქცია

ალბათ, ამის მანიშნებელი იყო ის კომენტარებიც, რომლებსაც ხალხი სოციალურ ქსელებში წერდა – ისინი მადლობას უხდიდნენ სასულიერო პირებს და მათ მრევლს, რომ “მათი შვილების და მომავლის გამო ასეთ ცოდვაში ჩაიგდეს თავი” – მოკლედ, გმირები ყოფილან. ეს ადამიანები არც პირად შეურაცხყოფას მორიდებიან… საერთოდ უცხო ადამიანმა facebook-ზე ისე გამომლანძღა, რომ პირი ღია დამრჩა. ეს ადამიანები ეკლესიაში დადიან, მარხვას იცავენ, ეზიარებიან, აღსარებას აბარებენ. ყოველთვის მეგონა, რომ სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ყველაზე კეთილები, სათნოები და მშვიდები, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დროს საწინააღმდეგოში უფრო ვრწმუნდები…

რატომღაც ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი თვლის, რომ ასეთი კომენტარებისაგან თავი უნდა შევიკავო. უკაცრავად, მაგრამ საკუთარი აზრი გამაჩნია და ვაფიქსირებ! არ მომწონს ის, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ადამიანებად არ აღიქვამენ და ასე უსწორდებიან. კიდევ უფრო მეტად არ მომწონს, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. 

ამასთან დაკავშირებით, დღეს სახარებიდან ერთ, ყველასათვის ცნობილ მონაკვეთს მოგიყვანთ, რომელიც ჩვენი, მოკვდავების ქცევას უნდა განსაზღვრავდეს, თუმცა რატომღაც ყველას ავიწყდება… ხოლო თუ ვინმე ამის საპასუხო არგუმენტად სოდომ-გომორის ისტორიას დამიპირისპირებს, შევახსენებ რომ მათზე ღმერთმა თავად იზრუნა და საკუთარი მოვალეობები არც ერთი ჩვენგანისათვის არ გადმოუბარებია !

იოანეს სახარება
თავი მერვე

ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია.
დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს
და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით;
მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?
ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.
მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.
მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო.
ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი…

ტექნიკური wishlist

 

1) MP3 player – ტელეფონის ყურსასმენები დავკარგე სადღაც და ახლის ყიდვა მეზარება, ტელეფონის გამოცვლასაც ვაპირებ და დავდივარ ასე უმუსიკოდ.

საუკეთესო შემთხვევაში

საუკეთესო შემთხვევაში

2) ახალი ტელეფონი – უკვე 4 წელია რაც სამსუნგ დუოსი მემსახურება ერთგულად, თუმცა ბოლო დროს მალ-მალე ჯდება, თან ცოტა დამიბერდა კიდეც, ფეხს ვერ უწყობს ახალ ტექნოლოგიებს.

ისევ samsung თუ ...

ისევ samsung თუ …

3) ფოტოაპარატი – მქონდა პატარა, ციფრული პანასონიკი, რომელიც ღმერთმა უწყის, სად მივაკარგე… ალბათ, იმიტომ რომ არ ვაფასებდი, არ იღებდა კარგ ფოტოებს და თან სულ რაღაც ლაქები უჩნდებოდა ხოლმე. ამიტომაც, სულ არ მწყდება გული მის დაკარგვაზე. ახალი ფოტოაპარატი ისეთი უნდა იყოს, რომ ამის წარმოდგენაზეც კი გაგაჟრიალოს…

მინიმუმ ასე უნდა გამოიყურებოდეს, ალბათ

მინიმუმ ასე უნდა გამოიყურებოდეს, ალბათ

4) ვიდეო კამერა – რატომღაც აჩემებული მაქვს, რომ მინდა პატარა, ხელის ვიდეოკამერა. აი, ზუსტად ისეთი, მინსკის აეროპორტში რომ მომპარეს. ზემოთ რაც დავდე, ყველა მათგანს შეუძლია გადაღება, თუმცა თუ wishlist-ია, wishlist იყოს

cam

5) რიდერი – ალბათ, ქინდლი. პრინციპში, აქ არაფერში მჭირდება, ისედაც ბევრი წიგნია, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს, თუმცა, მოგზაურობის დროს საუკეთესო რამეა…

kindle

6) დიქტაფონი – თავმოყვარე ჟურნალისტს ყოველთვის უნდა ეგდოს დიქტაფონი ჩანთაში :D

dictaphone

მგონი, მოვრჩი. ტაბლეტი არ მინდა, ვეღარ მოვიფიქრე რაღაში გამოვიყენო… : )))