ლაშქრობა ბირთვისში

 

კარავში აქამდე ერთხელ მეძინა.

უფრო სწორად, არ მძინებია, რადგან ეს კარავი ასფალტზე იყო გაშლილი, ძალიან ციოდა, გვერდზე კი ერთი ბიჭი ყურისწამღებად ხვრინავდა. მახსოვს, როგორ ველოდებოდი მზის პირველ სხივებს, რომ წამოვმხტარიყავი და სახლში მეტროთი დავბრუნებულიყავი.

თუ გაინტერესებთ, რა მინდოდა შუა პავლოვზე კარავში, დააჭირეთ აქ, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდით კითხვის გასაგრძელებლად, რადგან ჩემი პირველი, ნამდვილი “პახოდის” ამბები უნდა მოგიყვეთ.

რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ტყე-ღრეში კილომეტრობით ბოდიალი, ღამით მიწაზე ძილი და კბილების ცივ მდინარეში გამოხეხვა (ესეც საუკეთესო შემთხვევაში, მდინარე თუ იპოვე) ჩემთვის სრულებით შეუძლებელი იყო, ამიტომ ყოველთვის უარს ვამბობდი მეგობრებთან ერთად მსგავს ლაშქრობებზე და, ძირითადად, ერთდღიანი ექსკურსიებით შემოვიფარგლებოდი.

ჩემს მეგობრებს, იმედია, არ ეწყინებათ, თუ ვიტყვი, რომ დათოს გაცნობის შემდეგ პახოდების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა, ისეთი სიყვარულით და აღფრთოვანებით მელაპარაკებოდა ხოლმე. ამიტომ როგორც კი მან და მისმა მეგობრებმა პირველი გასვლა დაგეგმეს, უყოყმანოდ და დიდი სიხარულით “ავეკიდე”. მარშუტიც ისეთი შეარჩია, როგორიც ჩემნაირ გამოუცდელ მეპახოდეს შეეფერებოდა.

ასე დავადექით ბირთვისისკენ მიმავალ გზას: ზურგზე ჩანთა მკიდია და მგონია, საკუთარ სახლს ბეჭებით ვატარებ. რა მომხიბლავი ყოფილა…

ავტოსტოპით აქამდეც მიმგაზვრია, თუმცა ტრაქტორით არასოდეს:

traqtori

ამ კეთილმა ადამიანებმა თეთრიწყაროს გადასახვევიდან ბირთვისის ასასვლელამდე “აგვწიეს”, შემდეგ კი ფეხით შევუდექით აღმართს, რა თქმა უნდა, სვენებ-სვენებით.

agmarti

დაახლოებით 2 კილომეტრის შემდეგ მივადექით ხეობის ვიწრო ჩასასვლელს. გზადაგზა დათო მიყვებოდა, რომ ამ ლანდშაფტს ჩვენი წინაპრები საკმაოდ მოხერხებულად იყენებედნენ მტრისაგან თავის დასაცავად. ახლა როგორც ვკითხულობ, ციხე ისტორიულ წყაროებში მე-11 საუკუნიდან გამოჩენილა და მე-15 საუკუნემდე აუღებელ სიმაგრედ ითვლებოდა, თუმცა 1403 წელს თემურ ლენგს მოუხერხებია მისი დაპყრობა.

chasasvleli

ხეობაში ჩასულებმა დაბანაკება მდინარესთან ახლოს გადავწყვიტეთ. ძალიან ლამაზი ადგილები დაგვხვდა: ხეებით გადაბურული და უზარმაზარ კლდეებს შორის მოქცეული.

tye

klde

ვიცოდი, რომ დამღლელი სიარულის შემდეგ ბალახზე წამოგორება ერთი სიამოვნება იყო, ეს მართლაც ასე აღმოჩნდა. ცოტა ხანს დავისვენეთ, სული მოვითქვით და ბუნებით დავტკბით, შემდეგ კი საქმეები გადავინაწილეთ: კარვების გაშლა, მდინარიდან სასმელი წყლის მოტანა, ცეცხლის დანთება და სამწვადის მომზადება.

მალე იქაურობა ჩვენს სახლად იქცა, ჩვენ კი კოცონს შემოვუსხედით და ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. პირველად გავსინჯე ფოლგაში გაკეთებული საჭმელი, ასევე გავიგე, რომ ღამით ჩვენი კარვების გარშემო ტურები ისუნსულებდნენ. ამან ცოტათი შემაშინა, თან ბიჭები ძველ პახოდებს იხსენებდნენ, სადაც ხან ტურასთან და ხან მელასთან, ხანაც საერთოდ უჩინმაჩინ არსებასთან დაკავშირებული ისტორიები გადახდენიათ.

საჭმლის და ნაგვის პარკები მაღლა ტოტებზე ჩამოვკიდეთ და კარვებში გადავნაწილდით. ცოტა უჩვეულოა სპალნიკში გახვეული წოლა, ყველანაირ ხმას აყურადებ, ფოთლების შრიალზე გული გეკუმშება, თან ცდილობ მოხერხებულად დაწვე და დაიძინო. ამასობაში ტურების კივილიც გესმის:

“ნინ, გღვიძავს?”

“კი”

“კარავში ხო ვერ შემოვლენ?”

“ვერა, ვერა…”

ნელნელა ეჩვევი იმ აზრს, რომ ზუსტად შენი კარვის გვერდზე გარეული ცხოველი დაძრწის, შიში ქრება და ძილბურანში იძირები. იმას, რომ სადღაც, კილომეტრების იქით ცივილიზაცია არსებობს, თვითმფრინავების ხმა გახსენებს, მაგრამ ნელნელა ეს ხმაც სიზმრებში ქრება და დილით ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს.

ახალი დღე დაიწყო, ახალი თავგადასავლები…

karavi dila

Advertisements

6 thoughts on “ლაშქრობა ბირთვისში

  1. როგორ მინდა ერთხელ პახოდში მეც :(
    მაგრამ ასე მგონია ვერ გავუძლებ მაგდენ სიარულს :(

  2. ულამაზესია ბირთვისი <3 მაგრამ მე ალბათ ვეღარასდროს წავალ…
    რატომ არ გეტყვი, არ მინდა განწყობა გაგიფუჭო : )) თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი პირადი მიზეზია..

    და კიდე მიხარია რომ ლაშქრობას ეზიარე <3 ერთი დიდი ბედნიერებაა <3

    • სალომე, მგონი, ვხვდები…

      @siyvarulovna, ბირთვისში არ არის ბევრი სასიარულო… გზადაგზა დასვენების საშუალებაც გაქვს.. თან იცი, რომ არ დაგიღამდება, ამიტომ არც არსად გეჩქარება. ამიტომ მე გირჩევ, წახვიდე და გამოსცადო პახოდის მუღამი :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s