მე, იდენტობა, ჰომოფობია

 

ორი წლის წინ სამსახურს რომ ვეძებდი, ჩემი CV არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობაშიც” გავაგზავნე, რომელიც უმცირესობების თემაზე მომუშავე ჟურნალისტს ეძებდა. დამიბარეს გასაუბრებაზე, მოვეწონე და ამიყვანეს, თუმცა სანამ საბოლოო პასუხს ვეტყოდი, ჯერ მე უნდა ამეწონ-დამეწონა მინდოდა თუ არა მათთან მუშაობა. უარი ვუთხარი ერთი მიზეზით – იმის მიუხედავად, რომ საკუთარ თავს ჰომოფობად არ მივიჩნევ, ჩავთვალე რომ ამ პოზიციაზე ჩემზე უფრო მეტად LGBT friendly ადამიანს უნდა ემუშავა.

ამის მიუხედავად !!! 

ხშირად სვამენ ხოლმე კითხვას – შენი შვილი/და/ძმა/მეგობარი რომ “ასეთი” აღმოჩნდეს, გესიამოვნებაო?

დიახ, არ მესიამოვნება, თუმცა, უფრო მეტად, ალბათ, იმიტომ რომ ვიცი, რამდენი პრობლემა შეექმნება მას ამის გამო, როგორ გარიყავს მას საზოგადოების გარკვეული ნაწილი… ამაზე კიდევ უფრო მეტად მას შემდეგ დავფიქრდი, რაც “prayers for Bobby“-ს ვუყურე. ეს ფილმია რეალური ისტორიის მიხედვით, რომლის ნახვასაც ყველა თქვენგანს ვურჩევ, იმის გასაანალიზებლად, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ადამიანების მსგავსმა სტიგმატიზაციამ. ეს ადამიანები კი, დიახ, ჩვენი ახლობლები შეიძლება აღმოჩნდნენ…

აქცია

იმის მიუხედავად რომ ეს ყველაფერი ვიცოდი და იმის მოლოდინიც მქონდა, რომ დღევანდელი აქცია (ჰომოფობიის წინააღმდეგ) მშვიდობიანად არ ჩაივლიდა, მაინც ვერ წარმომედგინა თუ ასეთ სიძულვილს, აგრესიასა და სისასტიკეს შევეჩეხებოდი. ჩემი სამსახურის ფანჯრები პირდაპირ კოსტავაზე, ფილარმონიასთან გადის და, შეიძლება ითქვას, რომ დილიდან მოვლენების ერთერთ ეპიცენტრში ვიმყოფებოდი. ფანჯრიდან ვიღებდი ფოტოებს და შემდეგ facebook-ზე ვტვირთავდი, მერე სიტუაცია ძალიან რომ გამწვავდა ქვემოთაც ჩავედი. “პოპულთან” ასობით ადამიანი იყო შეჯგუფებული, შესასვლელში კი მამაო იდგა… როგორც გავიგე, მარკეტს თავს LGBT საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელი აფარებდა, ესენი კი გარეთ ელოდნენ. მართლა არ მინდა იმ სიტყვების გამეორება, რაც იმ 5 წუთის განმავლობაში მოვისმინე. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, ბევრი მათგანის სახეზე მე სიხარულს ვხედავდი – უხაროდათ, რომ, როგორც იქნა, ბოღმის ამონთხევის საშუალება მიეცათ.

პოპულთან აქცია

ალბათ, ამის მანიშნებელი იყო ის კომენტარებიც, რომლებსაც ხალხი სოციალურ ქსელებში წერდა – ისინი მადლობას უხდიდნენ სასულიერო პირებს და მათ მრევლს, რომ “მათი შვილების და მომავლის გამო ასეთ ცოდვაში ჩაიგდეს თავი” – მოკლედ, გმირები ყოფილან. ეს ადამიანები არც პირად შეურაცხყოფას მორიდებიან… საერთოდ უცხო ადამიანმა facebook-ზე ისე გამომლანძღა, რომ პირი ღია დამრჩა. ეს ადამიანები ეკლესიაში დადიან, მარხვას იცავენ, ეზიარებიან, აღსარებას აბარებენ. ყოველთვის მეგონა, რომ სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ყველაზე კეთილები, სათნოები და მშვიდები, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დროს საწინააღმდეგოში უფრო ვრწმუნდები…

რატომღაც ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი თვლის, რომ ასეთი კომენტარებისაგან თავი უნდა შევიკავო. უკაცრავად, მაგრამ საკუთარი აზრი გამაჩნია და ვაფიქსირებ! არ მომწონს ის, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ადამიანებად არ აღიქვამენ და ასე უსწორდებიან. კიდევ უფრო მეტად არ მომწონს, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. 

ამასთან დაკავშირებით, დღეს სახარებიდან ერთ, ყველასათვის ცნობილ მონაკვეთს მოგიყვანთ, რომელიც ჩვენი, მოკვდავების ქცევას უნდა განსაზღვრავდეს, თუმცა რატომღაც ყველას ავიწყდება… ხოლო თუ ვინმე ამის საპასუხო არგუმენტად სოდომ-გომორის ისტორიას დამიპირისპირებს, შევახსენებ რომ მათზე ღმერთმა თავად იზრუნა და საკუთარი მოვალეობები არც ერთი ჩვენგანისათვის არ გადმოუბარებია !

იოანეს სახარება
თავი მერვე

ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია.
დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს
და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით;
მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?
ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.
მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.
მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო.
ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი…

Advertisements

One thought on “მე, იდენტობა, ჰომოფობია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s