Дождь

ჩემი საგამოცდო ესე 

მედიამენეჯმენტში

ისტორია

„უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან … შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე“ (ძვ. აღთქმა, თავი მეშვიდე, 1; 4) – ეს არის ბიბლიური ისტორია იმისა, თუ როგორ შეიქმნა წვიმა, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ამის შესახებ საუბარს არ ვაპირებ. უბრალოდ, როდესაც საპრეზენტაციოდ ჩემ მიერ არჩეული მედიასაშუალების სახელსა და წარდგენაზე ვფიქრობდი, პირველ რიგში სწორედ ეს ამბავი გამახსენდა.

სინამდვილეში კი ყველაფერი 2010 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც რუსულ ტელეარხებს შორის ნამდვილი ალტერნატივა გამოჩნდა და მისი თავდაპირველი გამოჩენა მართლაც შეიძლება შევადაროთ უეცრად მოვარდნილ კოკისპირულ წვიმას. როგორც ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“ წერს, მანამდე რუსი მაყურებელი მიჩვეული იყო დამონტაჟებულ საინფორმაციო გამოშვებებსა და რუსული ესტრადის „ბრწყინვალებით“ თვალის მოჭრას, „წვიმამ“ კი მათ სრულიად ახალი და უპრეცენდენტო ხედვა შესთავაზა – მანამდე ტაბუდადებული პოლიტიკური თუ სოციალური თემები და ადამიანები, რომელთათვისაც სხვა რუსული ტელევიზიების კარები, როგორც წესი, დაკეტილი იყო.

„რაღაც ეტაპზე, რუსეთში საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ შეწყვიტა ტელევიზორის ყურება, ცენტრალური არხები მხოლოდ თრეშს გვთავაზობდნენ, მოაზროვნე ადამიანისათვის კი ეს ნაკლებად საინტერესოა. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ გამეკეთებინა ტელევიზია, განკუთვნილი იმ ხალხისთვის, რომელსაც მისი აღარ სჯერა.“ – ასე იხსენებს „дождь“-ის შექმნის ისტორიას მისი დამაარსებელი და გენერალური დირექტორი, ნატალია სინდეევა.

dojd_optimistic_channel

დამფუძნებელი

ნატალია სინდეევა მანამდეც პოპულარობით სარგებლობდა რუსეთში, 14 წლის განმავლობაში იყო რადიო სადგურ „ვერცხლის წვიმის“ და რამდენიმე ტელეგადაცემის გენერალური პროდიუსერი. ამბობს რომ ყოველთვის სწამდა ადამიანის განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა და სჯეროდა რომ თავი ყველა სფეროში უნდა მოესინჯა. სწორედ ამიტომ, 2009 წელს სინდეევამ გადაწყვიტა მოსკოვის ერთ-ერთ ელიტარულ უბანში თავისი სასახლე გაეყიდა და ეს ფული „დოჟდში“ საწყის კაპიტალად ჩაედო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ის არ იყო დამწყები ჟურნალისტი, რომელიც მოსკოვში თავის დამკვიდრებას ცდილობდა – 2004 წელს მას უკვე მიღებული ჰქონდა რუსეთში საუკეთესო მედია მენეჯერის ჯილდო და წოდება. ახლა კი, ბიზნესჟურნალ „The Next Women”-ის მონაცემებზე დაყრდნობით რუსეთის ათ ყველაზე გავლენიან ქალს შორის იკავებს ადგილს.

sindeyeva

თუმცა, როგორც სინდეევა „Open democracy“-სა და რადიო თავისუფლების ჟურნალისტებთან საუბარში იხსენებს, ბავშვობაში ის ჩვეულებრივი პიონერი იყო, რომელმაც ბრეჟნევის გარდაცვალების გამო გულწრფელად იტირა. ნატალია მიჩურისნკის რაიონში, ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა. როდესაც წამოიზარდა, გადაწყვიტა სანქტ-პეტერბურგში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაებარებინა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ თავის მოხუცებს ვერ მიატოვებდა და ადგილობრივ ინსტიტუტში, დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო.

„მიჩურინსკში თავს ყოველთვის დატყვევებულად ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ გაცილებით მეტის პოტენციალი მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე მოსკოვში წავსულიყავი და იქ ცხოვრების 1 კვირის თავზე მე უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი ქალაქი იყო. არასოდეს შევუწუხებივარ კომპლექსებს იმის გამო, რომ ჩამოსული ვიყავი. მიზნად დავისახე, რომ რუსულ შოუბიზნესში შემეღწია და ეს გამომივიდა კიდეც. დამოუკიდებლობითა და მიზანსწრაფულობით მივაღწიე იმას, რაც ახლა მაქვს და რასაც ახლა წარმოვადგენ.“

სინდეევამ და მისმა გუნდმა „დოჟდ“-ს ოპტიმისტური ტელეარხი უწოდეს, თუმცა ზემოთხსენებულ ინტერვიუში მან განმარტა – „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ კარგ ამბებზე ვლაპარაკობთ!“

მოგვიანებით, როცა მაყურებელმა მათ ოპოზიციურის იარლიყი მიაკერა, მან აღნიშნა: „როცა ამას მეუბნებიან, მე ვპასუხობ – მოიცადეთ, თქვენ აშკარად სხვა რამეზე საუბრობთ. ჩვენ არც ბარიკადებზე ასვლას ვაპირებთ და არც გიჟი რადიკალები ვართ. ჩვენ ერთადერთი პასუხისმგებლობა გვაქვს მაყურებლის წინაშე – მას ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ!“

ამის მიუხედავად, სინდეევას არ აუკრძალავს ჟურნალისტებისათვის პირდაპირ ეთერში თავიანთი პოზიცია გამოეხატათ – მიტინგების პერიოდში, რომელსაც „დოჟდი“ აქტიურად აშუქებდა ზოგიერთ წამყვანს გულზე თეთრი ლენტი, არჩევნების გამყალბებელთა წინააღმდეგ გამოსულ მომიტინგეთა სიმბოლო ეკეთა.

„ჩვენ და ჩვენი მაყურებელიც არაგულგრილი, აქტიური მოქალაქეები ვართ, რომელთათვისაც სულერთი არ არის თუ რა ხდება ჩვენ გარშემო.“

ამის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა აპირებდა თუ არა თავად სინდეევა პოლიტიკური კარიერის მოწყობას, რასთან დაკავშირებითაც მან განაცხადა – „ მე არასოდეს ჩამითვლია, რომ რაიმე მესაქმება პოლიტიკაში, რადგან გავაცნობიერე რომ მისი არაფერი გამეგება და ის ძალიან ბინძურია.“

წარმატება და მარცხი

ამ განცხადების მიუხედავად, „დოჟდი“ ძალიან აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. „The Moscow Times“-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ის აღმოჩნდა პირველი ტელევიზია რუსეთში, რომელმაც 2011 წელს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული მასობრივი დემონსტრაციები გააშუქა.

თუმცა მანამდე, 2011 წლის აპრილში საინტერესო შემთხვევა მოხდა – „დოჟდ“-ის სტუდიას პრეზიდენტი მედვედევი ესტუმრა. ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მაყურებელი გაოცებული უყურებდა იმას, თუ როგორ შესციცინებდა თვალებში ნატალია სინდეევა დიმიტრი ანატოლევიჩს.

dmitry-medvedev-nataliya-sindeyeva-2012-2-16-9-0-48

ამის შემდეგ რუსულ ინტერნეტსივრცეში დიდხანს არ ცხრებოდა ვნებათაღელვა, ბლოგერების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ აღარასოდეს აკრეფდნენ ელექტრონულ მისამართს TVRAIN.RU, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა – არხის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, ბევრმა თანამგზავრულმა და საკაბელო ტელევიზიამ „დოჟდი“ თავის ძირითად პაკეტში შეიტანა, ბიზნესმენებმა კი იქ რეკლამის განთავსება დაიწყეს.

ტელესტუდიაში სტუმრობიდან 7 თვის თავზე მედვედევმა „დოჟდი“ ტვიტერიდან ამოშალა – დეკემბერში ყველა დარწმუნდა, რომ „ოპტიმისტური ტელევიზია“ მართლაც არ ეძებდა კრემლში მფარველებს. ამის შემდეგ, „დოჟდი“ გახდა უპირობო ლიდერი ყველა იმ გამოკითხვაში, რომელიც რუსი საზოგადოების საყვარელი და ყველაზე სანდო მედიასაშუალების გამოვლენას ისახავდა მიზნად. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს არის ის ჯილდო, რომელიც ამ ტელეარხმა მიიღო.

 ყველაზე საინტერესო პროექტი

          იქიდან გამომდინარე, რომ „დოჟდ“-ის ყველაზე ცნობილი სახე მისივე დამფუძნებელი ნატალია სინდეევაა, გადავწყვიტე თემის ბოლო ნაწილში არა პოპულარული სახის, არამედ პოპულარული ინიციატივის შესახებ მესაუბრა, რომელიც სწორედ „დოჟდ“-მა განახორციელა, იდეის ავტორი კი არხის კრეატიული რედაქტორი და პროდიუსერი, ვერა კრიჩევსკაია იყო – „დოჟდ“-ის პირდაპირ ეთერში ცნობილი ადამიანები არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას კითხულობდნენ.

„როდესაც ამ პროექტს ვიწყებდით, არც კი წარმოგვედგინა თუ რა შედეგამდე შეიძლებოდა, რომ მივსულიყავით – აღმოჩნდა, რომ თითქმის არავის ჰქონდა წაკითხული კონსტიტუცია. ასე რომ, ჩვენს ამ ინიციატივას არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ საგანმანათლებლო დატვირთვაც კი აღმოაჩნდა – ადამიანებმა შეიტყვეს საკუთარი უფლებების შესახებ და აღმოაჩინეს, რომ დღევანდელი რუსეთი, ფაქტობრივად, წინააღმდეგობაში მოდის მათთან.“

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ამ ყოველივეს შემდეგ „დოჟდი“ რუსეთის მომავალს, სინდეევა პასუხობს – „როგორ პომპეზურადაც არ უნდა ჟღერდეს, მჯერა რომ რუსეთს განსაკუთრებული როლი და მისია აკისრია, მჯერა რომ რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება. ძალიან კარგად მახსენდება 90-იანი წლები – როგორ მიყვარდა ის დრო ! ჩვენ ყველანი ძალიან ამაყები ვიყავით იმით, რომ რუსეთში ვცხოვრობდით და, იმედი მაქვს, ახლაც დავიბრუნებთ ამ შეგრძნებას. მე რაციონალურად ვაზროვნებ და ვხვდები, რომ ის რაც ახლა ხდება, კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს, მაგრამ ჩემი გული და სული არ ეთანხმება ჩემს გონებას – თუ ასე მოხდება, გამოდის რომ უნდა შევწყვიტოთ იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდით და რისიც გვჯეროდა. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება!“

გოგონა პოტერის ტატუთი

 

რამდენიმე დღის წინ tumblr-ზე ერთ ბლოგს წავაწყდი, სადაც ხალხი მთელი მსოფლიოდან ტვირთავს ფოტოებს. მათ კი ერთი რამ აერთიანებთ – Harry Potter-ის ტატუები : ) ჰოდა, იქვე წავიკითხე ასეთი სიტყვები “Harry Potter Generation” და უცბად მივხვდი where I belong to ))

იმიტომ რომ, ჩვენ მართლა ერთად გავიზარდეთ… ზუსტად 10 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ფილმი “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” გამოვიდა, შემდეგ კი სულაკაურის გამომცემლობამ წიგნი ქართულად თარგმნა და დაიწყო ჩემი საახალწლო ტრადიცია – 7 წლის განმავლობაში “თოვლის ბაბუასაგან” თითო-თითო ტომს ვიღებდი საჩუქრად.

არის წიგნები და ფილმები, რომლებიც მიყვარს, მაგრამ ჰარი პოტერი (ისევე, როგორც უფრო ღრმა ბავშვობიდან პეპი გრძელიწინდა და ლინდგრენის სხვა ნაწარმოებები) ჩემთვის გაცილებით მაღლა დგას. ნუ, მე მათ ჩემს მეგობრებს ვეძახი, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია…

ჰოდა, გუშინ, ამ ტატუს რომ ვიკეთებდი ვფიქრობდი როგორ მკითხავენ 19 წლის შემდეგ (როცა All will be well) ჩემი შვილები:

– After all this time?

და მე ამაყად ვუპასუხებ:

-ALWAYS!

Harry Potter Tattoo

იყო და არა იყო რა

 

ბებია ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო.

და ყოველთვის, როცა ბებია ამას ამბობს, მე ძალიან მწყინს და ვცდილობ მის გადარწმუნებას – ის კი მეუბნება: “შენ რა იცი, მე ვცხოვრობდი მაშინ და ძვირფასი ახალგაზრდობა მქონდა!”

არ მახსოვს ვის ვუსმენდი ამას წინათ ტელევიზორში, მაგრამ ის კი დამამახსოვრდა რომ თქვა – როცა ადამიანებს ენატრებათ საბჭოთა კავშირი, ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ სინამდვილეში სწორედ თავიანთ ახალგაზრდობას მისტირიანო.

“არ გამიმართლა” და უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე, სადაც დროის მანქანა ჯერ კიდევ არ გამოუგონებიათ. სამაგიეროდ, არსებობს ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც, მგონი, ყველას უყვარს – ზოგს როგორც მწერალი, ზოგს როგორც უბრალოდ კაი ტიპი, რომელიც ტელევიზორში ხშირად გამოდის ხოლმე და გულის მოსაფხან რაღაცეებს ამბობს.

დათო ტურაშვილი

ჰოდა, რამდენიმე დღის წინ სწორედ მისი რომანი “იყო და არა იყო რა” ვიყიდე – უფრო მეტად, იმიტომ რომ ვიცოდი იქ 9 აპრილზე ბევრი რაღაც ეწერა და შეიძლებოდა ჩემი საბაკალავროსათვისაც გამომეყენებინა, თუმცა წიგნში კიდევ უფრო მეტი რამ ვიპოვე (და სანამ ამის შესახებ ბლოგზე წერას დავიწყებდი, მანამდე თავად ავტორს ვაცნობე, რომელმაც ავტოგრაფთან ერთად თავისი mail-იც დამიტოვა).

როცა მამაჩემმა წიგნი გადაათვალიერა, ჩაილაპარაკა – რა არის, რამდენიმე გვერდს მხოლოდ “ჟუაჩკაზე” ლაპარაკს უთმობსო და გვერდზე გადადო. ისე, მაინც რა სუბიექტურია არა აღქმები ?! მამაჩემისგან განსხვავებით ამ რამდენიმე გვერდმა და საღეჭი რეზინის, როგორც “ევროპაში გაჭრილი სარკმლის” ისტორიამ განსაკუთრებით მომხიბლა. დავფიქრდი იმაზე რამდენი პატარა დეტალი შეიძლება იყოს იმაზე გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით (ან, სულაც, ერთი გაღლაჭუნებით) ჩანს : )

მეილში დათოს ისიც მივწერე, შენმა წიგნებმა უკვე მეორედ მომანდომა, რომ “მაშინ” დავბადებულიყავი-მეთქი (პირველი წიგნი “ჯინსების თაობა” იყო). პრინციპში, ჩემგან ეს გასაკვირი ნაკლებადაა, ბავშვობიდან მოყოლებული, როცა რაიმეს ვკითხულობდი და ეს რაიმე მომწონდა, თავს აუცილებლად მის გმირად წარმოვიდგენდი ხოლმე და სწორედ ამიტომ იყო, რომ ხან პეპის გადმოსვლაზე ვოცნებობდი ჩემს მეზობლად, ხან კარლსონის სახლს დავეძებდი ჩემი სახლის სახურავზე, ხან პიტერ პენს ვუტოვებდი ფანჯარას ღიად და ხანაც კიდევ ბუს ველოდი ჰოგვორტსიდან.

ჰოდა, ასე მგონია, რომ დღევანდელობა ნაკლებად ჰგავს ზღაპარს. თუმცა, ვინ იცის – იქნებ ჩვენ შორისაც არის ვინმე “დათო ტურაშვილი”, რომელიც თავის საფიქრელაში ისეთ ისტორიებს აგროვებს, ჩვენ რომ ყოველ დღე “ვღეჭავთ” და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ოდესმე მათ შესახებ ძალიან კარგი წიგნი დაიწერება…

ჩემი 4 წელი

 

სულ რამდენიმე წუთია, რაც ჩემი ბაკალავრიატში სწავლის ბოლო ლექციიდან დავბრუნდი, მერე ცოტა ხანს მეექვსე კორპუსთან ვიჯექი, მანამდე კი … მანამდე პირველის ეზოში ვიყავი, აქციაზე  (ისე, უნივერსტეტში ჩაბარება გარკვეულწილად ამ კორპუსის სიყვარულის გამოც გადავწყვიტე, თუმცა იქ მხოლოდ აქციებზე მომიწია სიარული, არც ერთი ლექცია არ ჩამტარებია :  ) საერთოდ, ჩემს ოთხწლიან სტუდენტობას ფონად სულ აქციები და პროტესტი გასდევდა, ასე რომ, სიმბოლურიც კი იყო ასეთი დასასრული.

მგონია, რომ 2009 წელს სოც.პოლზე ჩარიცხულებმა ცოოტათი მაინც გამოვაფხიზლეთ უნივერსიტეტი – იმის მაგივრად რომ თვითმმართველობის მოწყობილ ექსკურსიებზე გვევლო, მათგან იმას ვითხოვდით რაც პირველ რიგში ევალებოდათ. ექსკურსიებზე კი დამოუკიდებლად დავდიოდით.

პირველი და მეორე კურსი ზუსტად ამით გამოირჩეოდა ჩემთვის. მაშინ ვიყავი იმ ადამიანებთან ყველაზე ახლოს, რომლებიც ახლა ჩემი მეგობრები ან უკვე ძველი მეგობრები არიან. “ძველი” იმიტომ, რომ მესამე კურსიდან ყველაფერი შეიცვალა – გაჩნდა “ლაბორატორია 1918”.

შეიძლება, ძალიან ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ როცა რამდენიმე კვირის წინ გავიგე, რომ “ლაბორატორია” დაიშალა, ცოტათი გამიხარდა კიდეც. რატომღაც ვიფიქრე, რომ ახლა ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით, თუმცა მალევე მივხვდი, რომ აღარასდროს აღარაფერი ისე აღარ იქნება, როგორც ეს მაშინ იყო…

მესამე კურსიდან უკვე გამიჩნდა იმის აღქმა, რომ “სოც.პოლი” კი არა “ჟურნალისტი” ვიყავი. მართალია, მაშინ ჩემს პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით გაუგებრობები მქონდა და სხვაგან გადასვლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ რატომღაც ვერ შეველიე. საერთოდ, უცნაური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა თსუ-ს მიმართ, ალბათ, დაახლოებით ისეთი, როგორიც, ზოგადად, საქართველოს მიმართ მაქვს – მიყვარს, თან ძალიან მიყვარს, ვარ მისი დიდი გულშემატკივარი და მინდა რაიმე კარგი გავუკეთო, თუმცა ბევრი რამ არ მომწონს, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს!

ყველაზე უცნაური კიდევ ის გრძნობაა, ირმასთან ერთად რომ არ ვამთავრებ უნივერსიტეტს. სწავლის პირველივე კვირაში გავიცანი, ზუსტად მახსოვს, ქართულის ლექციაზე დააგვიანდა – ყვითელი თმა ჰქონდა და ყვითელი მაისური ეცვა. რამდენიმე საათის გაცნობილი მყავდა, როცა ვუთხარი – შენ, ალბათ, მშვილდოსანი იქნები მეთქი. არ შევმცდარვარ :)

სამაგიეროდ, კიდევ ერთი დამთხვევა მოხდა დღეს – პირველი ლექცია, რომელიც თსუ-ში ჩამიტარდა ინგლისური იყო. მაშინ გვერდზე ერთი ხუჭუჭა ბიჭი მეჯდა, რომელსაც აუდიტორია აერია და იმდენად გადამდებად ნერვიულობდა, რომ რატომღაც მეც ავნერვიულდი და ჩავთვალე, რომ სხვაგან ვიჯექი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის მართლა დაიკარგა, მე კი არა. ჰოდა, დღეს ჩვენი ბოლო ლექცია მე და გიოს ისევ იმავე აუდიტორიაში, იმავე მერხთან მიმსხდარებს გვქონდა:

ბოლო ლექცია

ბოლო ლექცია

პირველი სემესტრი ისეთი სასაცილო იყო, დავდიოდით მე და ირმა ლექციებზე და ჩვენს პოტენციურ მეგობრებს ვეძებდით დაახლოებით შემდეგი ტექსტებით “აი, ეს კარგი ტიპი ჩანს, მოდი, გავიცნოთ” )))) ბევრი, ვისთანაც მაშინ ვმეგობრობდით, ახლა ისეთი შორეულია ჩემთვის, ბევრი კი პირიქით – მაგალითად, ჩვენი თამთა. თავიდან გვეგონა, რომ ძალიან არ მოვწონდით, ქართულის ლექციაზე ჩვენ წინ იჯდა, ერთ დღეს კი უბრალოდ გადაჯდა და ჩავთვალეთ, რომ ჩვენმა გაუთავებელმა ლაპარაკმა შეაწუხა. მერე მახსოვს, ირმა როგორ გამომიტყდა, იმ დღეს თამთასთან ერთად თონის პური ვჭამე, ვილაპარაკეთ და კარგი გოგო აღმოჩნდაო :D

სამაგიეროდ, სულ სხვა მეგობარზე მხოლოდ 3-4 ჭიქა არყის მერე გამოვუტყდით ერთმანეთს, რომ მხოლოდ ერთმანეთის ხათრით ვემეგობრებოდით. აუ, ჩვენი სმა კიდევ ცალკე ისტორია იყო – პირველად, მარტო ჩვენ ორმა დავლიეთ, ჩემთან სახლში. ეს, ალბათ, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა ჭაჭა ვისხი პირში და შემდეგ, ვითომც არაფერი ლექციაზე წავედით.

ამის შემდეგ, ორივე ჩვენგანმა გამოსცადა ისეთი სიმთვრალე, ხან მე რომ წავიყვანე არც მეტი, არც ნაკლები რესპუბლიკურში და ხან მან რომ მომიტანა და მიმაყუდა სადარბაზოს კართან. ისე, ყველა მოგონების წერა რომ დავიწყო, რაც უნივერსტეტთან მაკავშირებს, ძალიან დიდი პოსტი გამომივა, თუმცა გამომივიდეს – ჩემი ბლოგი არ არის ? :D

მერე იყო “ჯეობლოგნოტი” – ჩემი, ირმას, ლაშას და ულისეს პირველი ნაბიჯი “დიდ ჟურნალისტიკაში”, მაშინ მართლა გვჯეროდა, რომ რაღაცას შევცვლიდით… მერე იყო პერიოდი, როცა აღარ გვჯეროდა, მაგრამ ახლა ისევ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. (ახლა აქ ლაშა ქავთარაძე შემოვა და მოკუკავს : ))))

მნიშვნელოვანი იყო ის დღეები, რომლებიც დასში გავატარე – მართალია იქიდან ძალიან მალე წამოვედი, თუმცა ის ფაქტი, რომ ბევრ სტუდენტში ამომარჩიეს (თანაც, მხოლოდ ერთი კასტინგით) და თეატრთან შეხება მქონდა, სასიამოვნო გასახსენებლია ჩემთვის (ისე, ეტყობა, მაშინ სცენაზე მტვერი კარგად იყო გადაწმენდილი. აბა, ჰო ამბობენ თუ გადაყლაპე, თავს ვეღარ დაანებებო ?! : ))))

2010 წლის 5 თებერვალი იყო დღე, როცა პირველად შევიკრიბეთ. მაშინ ერთმანეთს კარგად არც კი ვიცნობდით და ზუსტად მაგ მიზნით გადავწყვიტეთ, ერთად გვექეიფა. ზუსტად მაგ დღიდან დაიწყო ის მეგობრობა, რომელზეც პოსტის დასაწყისში ვსაუბრობდი და რომელსაც ძალიან ბევრი კარგი დღე მოჰყვა – ტაბახმელაში, აბასთუმანში, ბორჯომში, ბათუმში და ა.შ.

უშუალოდ აკადემიურ პროცესებს რაც შეეხება, ბევრჯერ და ხმამაღლა დამიფიქსირებია ჩემი აზრი იმის შესახებ, რომ ამ მხრივ უნივერსტეტში ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი, თუმცა მაინც მახსენდება ისეთი ლექციები, რომელთაც სიამოვნებით ვესწრებოდი, მახსენდება ისეთი ლექტორები, რომლებთანაც ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ მომცა და, დარწმუნებული ვარ, მათ რომ ხელშეწყობა ჰქონოდათ კიდევ უფრო ბევრს მომცემდა.

არასოდეს დამავიწყდება ბატონი ვახტანგ იმნაიშვილი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. არასოდეს დამავიწყდება თამაზ ჯოლოგუას ლექციები და მისი კეთილი ღიმილი. არასოდეს დამავიწყდება ის შემთხვევა, როცა სოციალური მუშაობის ლექტორს, თეონა მატარაძეს სიზარმაცის გამო სხვისი დავალება გადავუგზავნე, ის კი ამას მიხვდა და მაინც მომცა შანსი ეს შეცდომა გამომესწორებინა – მაშინ უკვე პასუხისმგებლობით მოვეკიდე პრეზენტაციას და მთელი აუდიტორიის წინაშე გამოვედი.  არ დამავიწყდება მარინა ვაშაყმაძე და მისი ენერგიულობა და გაბედულობა თუნდაც მაშინ როცა “თარგმნეს” ამბებზე გიორგის და ლაშას სწორედ მისი ლექციის დაწყებამდე გაურჩიეს საქმეები “თვითებმა” . არ დამავიწყდება ნიკო ნერგაძე, რომელსაც ლექციებამდე ბევრი წლით ადრე “ოზონში” Coldplay-ზე გამოქვეყნებული რეცენზიის გამო გაბრაზებული მეილი მივწერე და მაშინ არც კი წარმომედგინა თუ ჩემი ერთერთი საყვარელი ლექტორი გახდებოდა, რომელიც ერთხელ, უბრალოდ facebook-ზე მომწერდა და მომიკითხავდა, როგორც თვითონ თქვა “დამხედავდა” რას ვშვებოდი. არ დამავიწყდება გია ბუღაძის ლექციები, ჯერ სამხატვრო აკადემიის ულამაზეს დარბაზში და შემდეგ ჩვენთან, მეექვსეში. არ დამავიწყდება ნანა საჯაია, რომელიც ჩვენზე სულ რამდენიმე წლითაა უფროსი, ლექციებზე საკმაოდ მკაცრია, თუმცა შესვენებაზე ჩვენთან ერთად გამოდიოდა ხოლმე ყავის დასალევად. არ დამავიწყდება თათია მჟავანაძე, რომელმაც რადიო და მონტაჟიც კი შემაყვარა. არ დამავიწყდება ნათია კუპრაშვილი, რომლის დავალებამაც მე და ირმას აი ეს ჩაგვაწერინაა, არ დამავიწყდება ჩემი საბაკალავროს ხელმძღვანელი, თამარ ბელქანია.

P.S.: რაღაც სამადლობელო სადღეგრძელოსავით კი გამომივიდა ეს ბოლო ნაწილი, მაგრამ ვაი თუ ოდესმე სკლეროზი დამემართოს და ეს ყოველივე მაინც დამავიწყდეს :)

P.P.S.: ახლა ჯობს წავიდე, ბოლო ლექცია კი მქონდა, მაგრამ ხვალ პირველი გამოცდა მაქვს ნანასთან და არა მგონია მარტო აქ მოხსენიების გამო დამიწეროს ქულა :D :D

Deadline-მდე 1 კვირით ადრე

 

ჟურნალისტებისათვის საბაკალავრო ნაშრომის დაწერა სავალდებულო აღარ არის, თუმცა სხვა ვარიანტზე არც კი მიფიქრია – როგორც ჩანს, ცხოვრებაში რთული გზებით მოვლა უფრო მიყვარს. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი იმ ფაქტს, თუ რატომ “ავიტკიე აუტკივარი თავი”.

სინამდვილეში, ძალიან მომწონს ჩემი თემა და იმის წარმოდგენა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვქმნი. არის რამდენიმე საგანი, რომელთა ჩაბარებაც მხოლოდ კრედიტების გამო მინდა, თუმცა საბაკალავრო მათ რიგში ნამდვილად არ დგას. მართალია, ერთი შეხედვით ამის არაფერი მეტყობა, რადგან ყველაფერი მაინც ბოლო წუთამდე მოვიყვანე, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველა ჩემი მეგობარი ანალოგიურ მდგომარეობაშია და, საერთოდ, ამბობენ საბაკალავროების წერა სწორედაც რომ 1 კვირით ადრე იწყება ხოლმეო.

ალბათ, იდეებიც 1 კვირით ადრე ჩნდება ხოლმე თავში, იმიტომ რომ ზუსტად დღეს, ტელევიზია 2-ის ლექციაზე ჯდომისას გადავწყვიტე ჩემს ნაშრომში კვლევაც ჩამერთო და პატარა გამოკითხვა შევადგინე. ძალიან დამეხმარებით თუ შემივსებთ, სულ რაღაც 5 წუთის საქმეა… ოღონდ გაითვალისწინეთ – იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ მომხდარ ამბებში ვიქექები, კვლევაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 40-დან ზევით ასაკის ადამიანებს შეუძლიათ.

გთხოვთ, ამის გამო X-ს ნუ დააჭერთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ გვერდით აუცილებლად იტრიალებს დედა, მამა, ბებია ან ბაბუა, რომელიც არ დაიზარებს და უპასუხებს იმ კითხვებს, რომლებიც მე ე.წ. “პერესტროიკის” დროს ქართული ბეჭდური მედიის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნაში დამეხმარება : )

დააჭირეთ აქ

დიდი მადლობა წინასწარ !

აჩოტები

 

მართლა არ მჯერა, რომ უნივერსტეტში სწავლის ბოლო კვირა დაიწყო. აქ, ბლოგზე, ისე მარტივად შეიძლება 2009 წლის არქივში გადასვლა, თუმცა 4 წელი გავიდა – სრული 4 წელი !

ჯერ ამ ფაქტს მართლა ვერ ვიაზრებ და, ალბათ, სანამ 7-ვე საგანს წარმატებით არ ჩავაბარებ საბაკალავროსთან ერთად, მაინცდამაინც არც ღირს თავის რამეში დარწმუნება. ახლა ყველაზე მეტად მობილიზება მჭირდება იმისთვის, რომ მომავალ წელსაც სტუდენტის სტატუსით აღარ ვწერო.

ამ 1 კვირაში ბევრი რამე უნდა მოვასწრო:

  • მოვამზადო თემა და პრეზენტაცია მედია მენეჯმენტში
  • ჩავწერო მინიმუმ 2 რადიორეპორტაჟი
  • გადავიღო სატელევიზიო სიუჟეტი
  • მეტ-ნაკლებად აღვადგინო გამოტოვებული დავალებები

და, რაც მთავარია:

  • უნდა დავიწყო საბაკალავროს წერა.

პრინციპში, დაწყებული მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი მასალაა დასამუშავებელი, რამდენიმე ადამიანსაც უნდა შევხვდე, რამდენიმე წიგნიც უნდა წავიკითხო და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ 10 დღე დამრჩა… ვერ ვიტყვი, პანიკაში ვარ-მეთქი. ვიცი, რომ თუ დამჭირდა (და, ვეჭვობ, აუცილებლად დამჭირდება) ღამეებსაც გავათენებ და დღე-ღამეს 25 საათიანსაც გავხდი (1 საათი ასეთ დროს ცოტა არ არის, დამიჯერეთ). მამაჩემს უყვარს ხოლმე სიტყვა “ცაიტნოტი”, ჰოდა დაახლოებით მაგ მდგომარეობაში ვიმყოფები ახლა მეც…

ამ ყველაფერს რომ მოვიშორებ, მერე უფრო თავისუფლად და მშვიდად შევუდგები დარჩენილი გამოცდების ჩაბარებას. იმედი მაქვს, ივნისის ბოლომდე ყველაფერს მოვაგვარებ და შემდეგ 2 თვეს დასასვენებლად და სახეტიალოდ გამოვიყენებ.

ჰო, კიდევ – საგაზაფხულო To do list მედო სადღაც, რადგან ამ პოსტში თქვენც და საკუთარ თავსაც აჩოტებს ვაბარებ, ბარემ იმასაც გადავხედავ და ვნახავ, რა შევასრულე, რა არა და რა ვერ…

  • Zumba Fitness – არ დამიწყია, სამაგიეროდ იოგაზე შევედი, ამიტომ ამ პუნქტს შესრულებულად ვთვლი : )
  • მართვის მოწმობა – არ ამიღია… ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ის მარადმწვანე პუნქტია, რომელსაც გვერდით არასოდეს დაისმება პწიჩკა ))
  • სწავლა – იხ. პოსტის ძირითადი ნაწილი ))
  • მუშაობა – ვიმუშავე და ვმუშაობ პატიოსნად, მოგვიანებით დავწერ უფრო ვრცლად ამ თემაზე 
  • მოგზაურობა – ყველაზე გემრიელი პუნქტი, რომელიც 100%-ით შევასრულე. ვიყავი სტამბულში, ვიყავი ბირთვისში, ვიყავი კახეთში და ვგეგმავ, რომ ზაფხულში კიდევ უფრო მეტ ადგილას ვიყო

მორჩა, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ ეტაპზე – დროა, მოქმედებაზე გადავიდე და new post-ის მაგივრად word-ის დოკუმენტში, სახელად “საბაკალავრო”, ვწერო : )

“კლასები” კლასში

 

ხანდახან ჩემი ბლოგის არქივებს ვკითხულობ ხოლმე, უფრო იშვიათად – ჩემს დღიურებს. შეიძლება ითქვას, რომ 10 წელია ვწერ. ზუსტად 11 წლის ვიყავი პატარა ბლოკნოტში ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთება რომ დავიწყე.

ასე რომ, იმ დღიდან მოყოლებული, არა მხოლოდ უშუალოდ ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების, არამედ ჩემ გარშემო მყოფი საზოგადოების შესახებაც საკმაოდ კარგი არქივი მაქვს…  ამ ჩანაწერებმა რამდენიმე დღის წინ იმ ადამიანებზე დამაფიქრა, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე რადიკალურად შეიცვალნენ – ასეთები კი საკმაოდ ბევრია ჩემ ირგვლივ. გარდამტეხი მომენტი მათს ცხოვრებებში სკოლიდან უნივერსტეტში წასვლა აღმოჩნდა.

სკოლასა და უნივერსტეტს შორის ხომ ძალიან, ძალიან დიდი განსხვავებაა. ბევრ ჩემს ნაცნობს და მეგობარს სძულს სკოლა. მეც ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ინსტიტუტია, სადაც ბავშვს შეიძლება ისე დაუმახინჯდეს ფსიქიკა, რომ ძალიან ცუდად განვითარდეს. სამწუხაროდ, მე დღეს თითქმის არ მახსენდება მასწავლებელი, რომელიც მსგავს საკითხებზე ფიქრობდა. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი კარგად გვასწავლიდნენ საგანს, თუმცა ამის მიღმა ძალიან ცოტა თუ იხედებოდა. არადა ჩვენს კლასში, ისევე როგორც, ალბათ, კლასების უმრავლესობაში ცუდი რამეები ხდებოდა.

ჩემი სკოლა ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა – აქ, ძირითადად, ვერა-ვაკის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები ვსწავლობდით. იმაზე არ ვილაპარაკებ, თუ როგორ ხდებოდა მიღება “ზემოდან’ ზარის საფუძველზე, რამხელა მნიშვნელობა ენიჭებოდა მშობლების თანამდებობებს და ა.შ.  ამ ჯერზე თავს შევიკავებ კონკრეტული მაგალითების მოყოლისაგან, რადგან, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანისათვის უსიამოვნო იყოს ამის გახსენება, მაგრამ, ზოგადად, ვიტყვი რა პრობლემა იყო – ჩემი კლასელები რეგიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს ერჩოდნენ, დასცინოდნენ და ა.შ.

ორი ასეთი შემთხვევა იყო და დღეს მართლა ვამაყობ საკუთარი თავით, რომ არასოდეს არ აღმოვჩნდი მათ მხარეს, ბავშვობიდანვე შეგნებული ადამიანი ვიყავი და ვემეგობრებოდი და ვესარჩლებოდი მათ, ვისაც სხვები ჩაგრავდნენ. არასოდეს არ მიცდია რაიმე ხელოვნური გზებით დამემკვიდრებინა თავი. ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც კარგადაც სწავლობდა და კარგადაც ერთობოდა. ახლა ჩვენ ყველანი გავიზარდეთ, მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ჩემი კლასელები ამ ყველაფერზე, საერთოდ, არ ვიცი რაიმეს ფიქრობენ თუ არა. შეიძლება, მათი ბრალი სულაც არ იყო მათი ასეთი აზროვნება, შეიძლება, ზუსტად სკოლამ განაპირობა, რომ კლასი “კლასებადვე” დაიყო. მასწავლებელი, ალბათ, არასოდეს გავხდები, მაგრამ სიამოვნებით ვეტყოდი მათ, რომ, პირველ რიგში, ბავშვებს მათემატიკა, ფიზიკა და ბიოლოგია კი არა, ერთმანეთის და სხვების სიყვარული ასწავლონ…

P.S.: პოსტის დასაწყისში სულ არ მიფიქრია ამ თემას თუ შევეხებოდი, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და აქვე დავლინკავ ერთ საინტერესო ბლოგს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი და, რომელიც ზუსტად და კიდევ უფრო გლობალურად ეხმიანება იმ ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე – აუცილებლად წაიკითხეთ !