BIAFF

 

რამდენიმე წელია ვადევნებს თვალს, რომ სექტემბერში ქართველი ბლოგერები გუდა-ნაბადს იკრავენ და ბათუმში მიემგზავრებიან. შემდეგ კი ვკითხულობ მათს პოსტებს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისა და წარმოდგენილი ფილმების შესახებ.

წელს, ინტერესის გამო, გადავწყვიტე მეც დავსწრებოდი პრეზენტაციას, რომელიც სპეციალურად ბლოგერებისთვის ჩატარდა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, BIAFF-სა და ბლოგერებს საკმაოდ “მეგობრული” დამოკიდებულება აქვთ. უფრო დეტალურად ამის შესახებ ფესტივალის ბლოგზე წაიკითხავთ.

პრეზენტაცია დაახლოებით ორი თვის წინ ჩატარდა. მაშინ ზუსტად არ ვიცოდი, მოვახერხებდი თუ არა სექტემბერში ბათუმში წასვლას. პრინციპში ზუსტად არც ახლა ვიცი, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს.

BIAFF

პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლო დროს პირად თემებზე წერა აღარ მხიბლავს, ჩემს draft-ებში, ძირითადად, ნანახი ფილმების ან წაკითხული წიგნების განხილვებია, თუცა ისინიც ნახევრამდე მიყვანილი. BIAFF-ზე კი ჩემი ერთგვარი მოვალეობა იქნება ყველაფერი გავაშუქო. თანაც, ბლოგერების კონკურსი ამისთვის შესანიშნავი მოტივატორია.

გარდა ამისა, მინდა რომ ერთი კვირა განსხვავებულ გარემოში გავატარო. მართალია, ზღვაზე ახლაც მივდივარ, თუმცა აგვისტოს ბათუმი სულ სხვაა. სექტემბერში, ალბათ, უფრო ნაკლები ტურისტი იქნება და, შესაბამისად, მეტი შესაძლებლობა, რომ შენს გემოზე დაისვენო.

თუ თქვენც ბლოგერი ხართ და დაინტერესდით ამ ფესტივალით, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ტრანსპორტირებისა და იქ ცხოვრების ხარჯების დაფარვა თავად მოგიწევთ. ხოლო, ბენეფიტები, რომელსაც BIAFF გვთავაზობს, შემდეგნაირია:

  • აკრედიტაცია, რაც საშუალებას მოგვცემს დავესწროთ ნებისმიერ კინოჩვენებას ფესტივალის ფარგლებში
  • ასევე, შესაძლებლობა გვექნება დავესწროთ ნებისმიერ მასტერკლასსა და პრესკონფერენციას, ჩავწეროთ ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ორგანიზატორები
  • ბეჯი – ჩვენი სახელით, გვარითა და ბლოგის მისამართით
  • მოსაწვევები გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე

ასევე, შევძლებთ მონაწილეობა მივიღოთ კონკურსში, რომლის გამარჯვებულსაც საკამოდ საინტერესო პრიზები გადაეცემა. ნახეთ:

  • BIAFF პრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს  და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგლისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.
  •   კავკასიის მედია სკოლის პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  მოკლევადიანი კურსების უფასო სწავლების ვაუჩერი
  • სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის
  • კინოფესტივალის პარტნიორი ტურ-კომპანიის პრიზი –  3 ბლოგერს გადასცემს 2-3 დღიან სამოგზაურო ვაუჩერს (საქართველოს ფარგლებში
  • ჰოსტელი „ანრის პრიზი (ბათუმი– საუკეთესო 4 ბლოგერს გადაეცემა 5 დღიანი საგზური ჰოსტელში დასვენებისთვის.

აბა, რას იტყვით? პირადად მე ძალიან მომწონს და იმედი მაქვს შევძლებ, რომ 15 სექტემბერს ბათუმში გავემგზავრო. თუ ამის სურვილი თქვენც გაგიჩნდებათ, მოასწარით და დღეს 12 საათამდე დარეგისტრირდით ამ ბმულზე.

შევხვდებით ბათუმში <3

Advertisements

როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომი

 

რადგან უკვე 240 კრედიტის სრულუფლებიანი მფლობელი ვარ და, შესაბამისად, ბაკალავრის ხარისხიც მოვიპოვე, გადავწყვიტე ერთგვარი ტუტორიალი დავწერო მათთვის, ვინც მომავალ წელს დაგუგლავს შემდეგ სიტყვებს “საბაკალავრო ნაშრომი ჟურნალისტებისთვის”.

ადრეც აღვნიშნე, რომ ეს უკანასკნელი ჩვენთვის სავალდებულო სულაც არ არის, მაგრამ მე ყველას ვურჩევ მასზე მუშაობას. მართალია, წერის პროცესში სულ ვწუწუნებდი, რა მინდოდა, რატომ ვიღებდი-მეთქი, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს მინიმუმ ერთი თემა მაინც, რომელიც კარგად შევისწავლე და რომელშიც მეტ-ნაკლებად კომპეტენტური ვარ.

საბაკალავრო თემის არჩევა თავად შეგიძლიათ. ჩემი რჩევა არ იქნება, რომ აიღოთ ის მიმართულება, რომელშიც უკვე კარგად ერკვევით. რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო. მაგალითად, შემეძლო ნაშრომი დამეწერა სოციალური მედიის, თუნდაც, კონკრეტულად, ბლოგინგის შესახებ, რაც გაცილებით მარტივი იქნებოდა, თუმცა ეს თემა უკვე ათასჯერაა დამუშავებულ-შესწავლილი და, ვფიქრობ, უფრო ნაკლები შანსია მასში რაიმე სიახლე აღმოაჩინო.

თემასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ხელმძღვანელის შერჩევაც. მისი კომპეტენცია აუცილებლად უნდა ფარავდეს თქვენი ინტერესის სფეროს. სწორედ ამიტომ, 9 აპრილის გაშუქებაზე მუშაობისას, ხელმძღვანელად ავირჩიე საარქივო ჟურნალისტიკის ლექტორი, რომლისთვისაც წელს პირველი საბაკალავრო ჯგუფი აღმოვჩნდით. ამას, გარკვეულწილად, გართულება მოჰყვა ერთ-ერთი გოგონას შემთხვევაში. ასე რომ, თუ მაინცდამაინც რისკზე წასვლა არ გიყვართ, შეარჩიეთ ამ მხრივ გამოცდილი ლექტორი, რომელიც საგანთან ერთად კარგად ერკვევა ნაშრომის წერის სტანდარტებშიც.

ამ უკანასკნელში მხოლოდ ხელმძღვანელის იმედზე ნუ იქნებით, თავადაც გაერკვიეთ მათში. საბაკალავრო ნაშრომის წერისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ მის შინაარსობრივ მხარეს, არამედ ვიზუალსაც, თუმცა ეს უფრო ბოლო ეტაპია. პირველ რიგში, გირჩევთ დაიწყოთ თემის შესახებ არსებული კვლევებისა და ლიტერატურის გაცნობით და აარჩიოთ მათ შორის რომელს გამოიყენებთ საკუთარ ნაშრომში. შეეცადეთ, თავი აარიდოთ პლაგიატს. ზემოთ ნახსენები გართულება რეცენზენტის მხრიდან სწორედ ამ ბრალდებით წარმოიშვა – ნუ გადააკოპირებთ არსებულ ტექსტს მთლიანად და თუ ამას საჭიროება მაინც მოითხოვს, აუცილებლად მიუთითეთ “გამოყენებულ ლიტერატურაში”, შემდეგ კი თან დაურთეთ საკუთარი მსჯელობა და ანალიზი.

გირჩევთ, თავიდანვე განსაზღვროთ საკვლევი პერიოდის მოცულობა და არ შეეჭიდოთ ძალიან ვრცელ მასალას ან დროის მონაკვეთს. ყოველთვის აკონტროლეთ თავი, რათა არ გადაუხვიოთ თემიდან. ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან თავად 9 აპრილის მოვლენა არის ძალიან საინტერესო და ბევრი საიდუმლოთი მოცული, რაც ისე მიტაცებდა, რომ ხშირად ვიწყებდი იმის გარკვევას თუ რა მოხდა რეალურად, რაც სინამდვილეში არ წარმოადგენდა ჩემი კვლევის მიზანს.

თუმცა სურათის შეძლებისდაგვარად აღდგენა მაინც გამომადგა ნაშრომის შესავალ ნაწილში, სადაც უნდა დაასაბუთო თუ რატომ აირჩიე ესა თუ ის თემა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობასა და აქტუალობას. არ ვიცი არის თუ არა განსაზღვრული შესავალი ნაწილის მოცულობა, თუმცა, ჩემი რეკომენდაციით, როდესაც ნაშრომი საშუალოდ 30 გვერდიანია, შესავალს 3-4 გვერდი უნდა დაუთმოთ.

ნაშრომზე მუშაობისას თავადაც ჩავატარე მცირე გამოკითხვა და თქვენც გირჩევთ, თუ თემა ამის საშუალებას იძლევა. ეს დაგეხმარებათ უფრო მეტად გაამდიდროთ საკუთარი კვლევა და ის არა მხოლოდ კონტენტ ანალიზს, არამედ სულიერ წყაროებსაც დაეყრდნოს. აქვე აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. ექსპერტის მოსაზრების ჩართვაც. ეს ნაშრომსაც გაამრავალფეროვნებს და თქვენც დაგეხმარებათ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემაში. შესაძლოა, ჩაწეროთ იმდენი ადამიანი, რამდენზედაც ხელი მიგიწვდებათ. ასევე გამოიყენეთ საინტერესო ციტატები და ცნობილი ადამიანთა კონტექსტური მოსაზრებები.

მას შემდეგ, რაც მთლიან შავ მასალას თავს მოუყრით, დაიწყეთ ნაშრომის გაფორმება:

  • თავფურცელი
  • ანოტაცია
  • სარჩევი
  • შესავალი
  • ძირითადი ნაწილი (დაყავით ქვეთავებად)
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა

ასევე, მოამზადეთ power point პრეზენტაცია, რომლითაც უნდა წარსდგეთ კომისიის წინაშე. სანამ ნაშრომს ჩააბარებთ, კიდევ ერთხელ, გულდასმით გადახედეთ მას – რეცენზენტებს თვალში ხვდებათ გრამატიკული შეცდომები, არეული შრიფტები და ა.შ.

დაცვაზე ნუ ინერვიულებთ, იყავით თავდაჯერებული და მაქსიმალურად გამოავლინეთ ის ცოდნა, რომელიც წერის პროცესში დააგროვეთ.

წარმატებებს გისურვებთ :)