როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომი

 

რადგან უკვე 240 კრედიტის სრულუფლებიანი მფლობელი ვარ და, შესაბამისად, ბაკალავრის ხარისხიც მოვიპოვე, გადავწყვიტე ერთგვარი ტუტორიალი დავწერო მათთვის, ვინც მომავალ წელს დაგუგლავს შემდეგ სიტყვებს “საბაკალავრო ნაშრომი ჟურნალისტებისთვის”.

ადრეც აღვნიშნე, რომ ეს უკანასკნელი ჩვენთვის სავალდებულო სულაც არ არის, მაგრამ მე ყველას ვურჩევ მასზე მუშაობას. მართალია, წერის პროცესში სულ ვწუწუნებდი, რა მინდოდა, რატომ ვიღებდი-მეთქი, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს მინიმუმ ერთი თემა მაინც, რომელიც კარგად შევისწავლე და რომელშიც მეტ-ნაკლებად კომპეტენტური ვარ.

საბაკალავრო თემის არჩევა თავად შეგიძლიათ. ჩემი რჩევა არ იქნება, რომ აიღოთ ის მიმართულება, რომელშიც უკვე კარგად ერკვევით. რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო. მაგალითად, შემეძლო ნაშრომი დამეწერა სოციალური მედიის, თუნდაც, კონკრეტულად, ბლოგინგის შესახებ, რაც გაცილებით მარტივი იქნებოდა, თუმცა ეს თემა უკვე ათასჯერაა დამუშავებულ-შესწავლილი და, ვფიქრობ, უფრო ნაკლები შანსია მასში რაიმე სიახლე აღმოაჩინო.

თემასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ხელმძღვანელის შერჩევაც. მისი კომპეტენცია აუცილებლად უნდა ფარავდეს თქვენი ინტერესის სფეროს. სწორედ ამიტომ, 9 აპრილის გაშუქებაზე მუშაობისას, ხელმძღვანელად ავირჩიე საარქივო ჟურნალისტიკის ლექტორი, რომლისთვისაც წელს პირველი საბაკალავრო ჯგუფი აღმოვჩნდით. ამას, გარკვეულწილად, გართულება მოჰყვა ერთ-ერთი გოგონას შემთხვევაში. ასე რომ, თუ მაინცდამაინც რისკზე წასვლა არ გიყვართ, შეარჩიეთ ამ მხრივ გამოცდილი ლექტორი, რომელიც საგანთან ერთად კარგად ერკვევა ნაშრომის წერის სტანდარტებშიც.

ამ უკანასკნელში მხოლოდ ხელმძღვანელის იმედზე ნუ იქნებით, თავადაც გაერკვიეთ მათში. საბაკალავრო ნაშრომის წერისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ მის შინაარსობრივ მხარეს, არამედ ვიზუალსაც, თუმცა ეს უფრო ბოლო ეტაპია. პირველ რიგში, გირჩევთ დაიწყოთ თემის შესახებ არსებული კვლევებისა და ლიტერატურის გაცნობით და აარჩიოთ მათ შორის რომელს გამოიყენებთ საკუთარ ნაშრომში. შეეცადეთ, თავი აარიდოთ პლაგიატს. ზემოთ ნახსენები გართულება რეცენზენტის მხრიდან სწორედ ამ ბრალდებით წარმოიშვა – ნუ გადააკოპირებთ არსებულ ტექსტს მთლიანად და თუ ამას საჭიროება მაინც მოითხოვს, აუცილებლად მიუთითეთ “გამოყენებულ ლიტერატურაში”, შემდეგ კი თან დაურთეთ საკუთარი მსჯელობა და ანალიზი.

გირჩევთ, თავიდანვე განსაზღვროთ საკვლევი პერიოდის მოცულობა და არ შეეჭიდოთ ძალიან ვრცელ მასალას ან დროის მონაკვეთს. ყოველთვის აკონტროლეთ თავი, რათა არ გადაუხვიოთ თემიდან. ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან თავად 9 აპრილის მოვლენა არის ძალიან საინტერესო და ბევრი საიდუმლოთი მოცული, რაც ისე მიტაცებდა, რომ ხშირად ვიწყებდი იმის გარკვევას თუ რა მოხდა რეალურად, რაც სინამდვილეში არ წარმოადგენდა ჩემი კვლევის მიზანს.

თუმცა სურათის შეძლებისდაგვარად აღდგენა მაინც გამომადგა ნაშრომის შესავალ ნაწილში, სადაც უნდა დაასაბუთო თუ რატომ აირჩიე ესა თუ ის თემა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობასა და აქტუალობას. არ ვიცი არის თუ არა განსაზღვრული შესავალი ნაწილის მოცულობა, თუმცა, ჩემი რეკომენდაციით, როდესაც ნაშრომი საშუალოდ 30 გვერდიანია, შესავალს 3-4 გვერდი უნდა დაუთმოთ.

ნაშრომზე მუშაობისას თავადაც ჩავატარე მცირე გამოკითხვა და თქვენც გირჩევთ, თუ თემა ამის საშუალებას იძლევა. ეს დაგეხმარებათ უფრო მეტად გაამდიდროთ საკუთარი კვლევა და ის არა მხოლოდ კონტენტ ანალიზს, არამედ სულიერ წყაროებსაც დაეყრდნოს. აქვე აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. ექსპერტის მოსაზრების ჩართვაც. ეს ნაშრომსაც გაამრავალფეროვნებს და თქვენც დაგეხმარებათ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემაში. შესაძლოა, ჩაწეროთ იმდენი ადამიანი, რამდენზედაც ხელი მიგიწვდებათ. ასევე გამოიყენეთ საინტერესო ციტატები და ცნობილი ადამიანთა კონტექსტური მოსაზრებები.

მას შემდეგ, რაც მთლიან შავ მასალას თავს მოუყრით, დაიწყეთ ნაშრომის გაფორმება:

  • თავფურცელი
  • ანოტაცია
  • სარჩევი
  • შესავალი
  • ძირითადი ნაწილი (დაყავით ქვეთავებად)
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა

ასევე, მოამზადეთ power point პრეზენტაცია, რომლითაც უნდა წარსდგეთ კომისიის წინაშე. სანამ ნაშრომს ჩააბარებთ, კიდევ ერთხელ, გულდასმით გადახედეთ მას – რეცენზენტებს თვალში ხვდებათ გრამატიკული შეცდომები, არეული შრიფტები და ა.შ.

დაცვაზე ნუ ინერვიულებთ, იყავით თავდაჯერებული და მაქსიმალურად გამოავლინეთ ის ცოდნა, რომელიც წერის პროცესში დააგროვეთ.

წარმატებებს გისურვებთ :)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s