გასეირნება მთაწმინდაზე

 

თბილისში უცნაური ამბები ხდება.

რამდენიმე დღის წინ, სანამ ჯერ კიდევ თბილი და მზიანი ამინდები იყო, გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად პიკნიკი მომეწყო. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ჩემ გარდა არავის ეცალა, ზოგს რა საქმე გამოუჩნდა, ზოგს რა.

მაინც გამოვაცხვე ჩემი საფირმო ქადა (რეცეპტს მოგვიანებით ჩაგაწერინებთ), მოვიკიდე ზურგზე რუგზაკი და მთაწმინდის გზას დავადექი – ეს გზა გულისხმობს სახლიდან რუსთაველის მეტრომდე ფეხით მისვლას, სადაც № 124 ავტობუსი ჩერდება. როგორც ყოველთვის, ახლაც მგზავრების უმრავლესობას ბავშვები და მათი მშობლები წარმოადგენდნენ. ასევე იყო 2-3 შეყვარებული წყვილი და რამდენიმე მოხუცი. მოხუცები პარკამდე ჩავიდნენ, ზოგი სოლოლაკში, ზოგიც უფრო ზევით.

სხვათა შორის, მთაწმინდაზე მოხვედრის მეორე, უფრო მარტივი გზაც არსებობს განახლებული ფუნიკულიორით, მაგრამ ყოველთვის ხანგრძლივ მგზავრობას ვამჯობინებ ხოლმე. ასე, ფიქრისთვის მეტი დრო მრჩება.

ზუსტად ამ ფიქრებიდან გვერდზე მჯდომი ბავშვისს დაჟინებულმა მზერამ გამომაფხიზლა. ის დედაზე მკერდით იყო მიკრული და თავი ჩემკენ ჰქონდა მობრუნებული. რა თქმა უნდა, გავუცინე და ტუჩების უსიტყვო მოძრაობით “რაო, პატარა, რაო?” წარმოვთქვი. რატომღაც, ჩვევა მაქვს ასეთი… მას კი მიმიკაც არ შესცვლია – ისევ ისე, გაყინული თვალებით მაშტერდებოდა. ხელმეორედ გაღიმებამაც რომ არ გაჭრა, ფანჯრისკენ მივტრიალი და ისევ ჩემს ფიქრებს დავუბრუნდი.

რამდენიმე წუთში ავტობუსი საბოლოოდ გაჩერდა. აჟიტირებული ბავშვები ჟივილ-ხივილით ჩაცვივდნენ ქვემოთ, წყვილები კი, პირიქით, ზლაზვნით. ყველა გავატარე და ბოლოს მეც ჩამოვედი. ჩემი თანამგზავრების უმეტესობა ზემოთ, პარკისკენ დაიძრა, ჩემი გზა კი ქვევით მიდის. ალბათ, შემჩნეული გექნებათ რომ მთაწმინდიდან მამა დავითის და ნარიყალას მიმართულებით ორი ბილიკი ეშვება. მე მარჯვნივ, ნარიყალასკენ გავუხვიე.

ცოტა ხანში ზემოდან ნაბიჯების ხმა მომესმა. საერთოდ, ამაში უცნაური არაფერია, რადგან ეს გზა ჩემს გარდა ბევრმა იცის, თუმცა იმან გამაკვირვა, რომ თავიდან ჩემს უკან არავინ შემინიშნავს. თავი შეუმჩნევლად მივაბრუნე – ეს ის ქალი იყო, რომელიც გვერდზე მეჯდა, ბავშვი კი ისევ გულზე ჰყავდა მიხუტებული.

ჩემთვის ზედ არ შემოუხედავს ისე ჩამიარა გვერდით. სამაგიეროდ, მისი პატარა მიყურებდა ისევ ისე, დაჟინებით. ახლა უკვე ძალიან უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, თუმცა იმაში, რომ მეშინოდა ჩემს თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი. მოკლედ, კარგა ხანს ვიდექი ასე, ერთ ადგილზე და ვფიქრობდი, გზა გამეგრძელებინა თუ უკან მივბრუნებულიყავი.

ბოლოს, მამა დავითისკენ წასვლა გადავწყვიტე. ისე ვიყავი დაზაფრული, რომ ზურგჩანთაში ჩაწყობილი ქადები საერთოდ არ გამხსენებია. ზევიდანვე დავინახე რომ ეკლესიასთან უამრავი ხალხი ირეოდა, მათს ჩაცმულობაში კი შავი ფერი ჭარბობდა. იქვე, კიბეზე ჩამოვჯექი და წიგნის კითხვა დავიწყე. ვიფიქრე, დაველოდები სანამ წავლენ და მერე ჩავალ-მეთქი, რადგან პანთეონში შევლა მინდოდა. კინგი თუ წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რა ჩამთრევი თხრობის სტილი და სიუჟეტები აქვს. დაახლოებით ნახევარი საათი ისე გავიდა, რომ თავიც კი არ ამიწევია და, ალბათ, არც ავწევდი ხმამაღალი ტირილი რომ არ გამეგონა. ხალხი ეკლესიის წინ აჩოჩქოლდა, ზოგი დაღმართზე დაეშვა, ზოგმა კი ცოცხალი დერეფანი შექმნდა.

ცოტა ხანში ეკლესიიდან კუბო გამოიასვენეს – დიდი, მუქი წაბლისფერი… მერე კიდევ ერთი, შედარებით უფრო პატარა.

თხუთმეტ წუთში ყველა და ყველაფერი თვალს მიეფარა, მე კი ადგილიდან ვერ ვიძვროდი.

– სისულელეა იმაზე ფიქრი, თითქოს გარდაცვლილები ავტობუსით მგზავრობენ! – ვუთხარი ბოლოს ჩემს თავს და კიბეზე დავეშვი. შეიძლება, მართლაც ასეა, თუმცა რას გაიგებ? – ამბობენ, რომ თბილისში უცნაური ამბები ხდება…

Advertisements

სახელმძღვანელო მშობლებისათვის

 

არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ასწავლო სხვას ის, რაც თავად არ იცი.

დიახ, ვაღიარებ – მშობელი მართლაც არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ, სამაგიეროდ, შვილად ყოფნის 21 წლიანი სტაჟი მაქვს და, ვფიქრობ, შემიძლია მათ რამდენიმე რჩევა მივცე. ეს, ალბათ, დაახლოებით იმას გავს, როდესაც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანისათვის, საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მომხმარებლის აზრია.

პირველ რიგში, მგონია, რომ შვილს არ უნდა შეხედო, როგორც პრობლემას. ვიცი, რთულია არ იდარდო მაშინ, როდესაც ის სახლში აგვიანებს, ტელეფონს არ პასუხობს და, საერთოდ, შენს წარმოდგენებს ამსხვრევს ცხოვრებაზე.  ამის მიუხედავად, არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ შვილი იყოს “მთავარი სანერვიულო”. ანუ, ყველაფერი დამოკიდებულია მიდგომასა და განწყობაზე. როდესაც შვილი მეყოლება, კი არ ვინერვიულებ, არამედ ვიზრუნებ მასზე და ამით, პირველ რიგში, მე მივიღებ სიამოვნებას.

ისიც უნდა ითქვას, რომ ხანდახან მშობლები ამ მზრუნველობასაც ძალიან გადამეტებულად აღიქვამენ. მაგალითად, ჩვენთან ეს იმ ზრდასრულ ადამიანებში გამოიხატება, რომლებიც 30, 40, 50 წლის ასაკშიც კი არ არიან დამოუკიდებლები, არ შეუძლიათ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და ისევ მშობლებს შეჰყურებენ.

დღეს ერთ სერიალს ვუყურებდი და პირველივე სერიაში შოკი მივიღე, როდესაც დედ-მამამ, დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონას გამოუცახადა, რომ მის რჩენას აღარ აპირებდნენ. თავიდან, რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ ასეთ უმსგავსობას არც ერთი ნორმალური მშობელი არ ჩაიდენს საკუთარი შვილის მიმართ, თუმცა ახლა ვაცნობიერებ, რომ, ძირითად შემთხვევებში, მათი მხრიდან გამძაფრებული ზრუნვა, მხოლოდ და მხოლოდ, დათვური სამსახურია და თუ ხვდები, რომ შენს შვილს შენს კმაყოფაზე ცხოვრება უკვე ჩვევაში გადაეზარდა, სრულიად გამართლებულად მიმაჩნია, აი, ასე, პირდაპირ დააყენო ფაქტის წინაშე (თუმცა, სერიალის ყურება აღარ გამიგრძელებია და არ გამოვრიცხავ, რომ გოგონას მშობლები სინამდვილეში მეორე უკიდურესობაში გადავარდნილი იდიოტებიც კი აღმოჩენილიყვნენ).

ასევე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ბავშვებისათვის კარგი ოჯახური გარემოს შექმნა. პრინციპში, ეს ბავშვებს კი არა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა გაუკეთოს ჭკვიანმა ადამიანმა. ოჯახი არ უნდა იყოს მხოლოდ სახლი, სადაც რამდენიმე ადამიანი უბრალოდ ერთად ცხოვრობს (ეს კიდევ საუკეთესო შემთხვევაა “ოჯახი არ უნდა იყოს” კატეგორიაში). ოჯახი უნდა იყოს სახლი, სადაც რამდენიმე ადამიანს ერთმანეთი ძალიან უყვარს და პატივს სცემს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის საუკეთესო მაგალითი ბავშვისთვის და არა დალაგებული ოთახი, წიგნის თაროზე გამოდებული წითელი დიპლომი და ა.შ.

სიმართლე გითხრათ (სამწუხაროდ) არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემი ეს პოსტი რომელიმე მშობელს “სწორ” გზაზე დააყენებს, თუმცა იმაში კი ნამდვილად გამომადგება, რომ წლების შემდეგ, როდესაც თავად გავხდები მშობელი, როდესაც ჩემში რაღაც შეიცვლება, როდესაც დავაპირებ, რომ გავხდე კიდევ უფრო ეგოისტი, წავიკითხო ეს სიტყვები და მივცე ჩემს შვილს ის, რაც ყველა ადამიანისთვის არის ყველაზე მთავარი:

freedom (oops, რა შეუფერებელი gif შევარჩიე )))

ნუ გაიგებთ ამ სიტყვებს ისე, როგორც ჩემმა მეგობარმა გაიგო რამდენიმე დღის წინ, თითქოს საერთოდ არ ვაპირებ ბავშვის ცხოვრებაში ჩარევას (თუმცა კი ეს სიტყვა ცოტა მეხამუშება), თუმცა, რეალურად, მართლა მგონია, რომ თუ მისთვის მეგობარი იქნები, თავად ჩაგაყენებს ყველაფრის საქმის კურსში რაც საჭიროა და ამგვარად ყოველგვარ ხამუშსაც თავს აარიდებ :D

კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ახლა თავს ვეღარ ვუყრი. დამიტოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში, მართლა ძალიან მაინტერესებს!

ინსომნია (part 2)

 

როგორც წინა პოსტში გითხარით, წუხანდელი ღამე book city-ში უნდა გამეთია და გავათიე კიდეც.

თავიდან, როცა მარტო დავრჩი, ცოტა დავიძაბე. ვფიქრობდი იმაზე, რომ ხალხი მიყურებდა და მათთვის მოწყენის საშუალება არ უნდა მიმეცა, ამიტომ შიგადაშიგ კამერას ვეკონტაქტებოდი, თუმცა მერე, სიმართლე გითხრათ, კამერების არსებობა საერთოდ დამავიწყდა.

ვისაც ჩაკეტილი სივრცის ან მარტო ყოფნის ეშინია, მას შეიძლება გაჭირვებოდა, თუმცა მე ამ მხრივ  ოდნავი დისკომფორტიც კი არ მიგრძნია. მაღაზიაში გადასარევი სიტუაცია იყო. სამომავლოდ, პროექტის ორგანიზატორებს ვურჩევდი, რომ ცოტა უფრო მისტიკური გარემო შექმნან. მაგალითად, ჩემს ინტერვიუში (ლინკი), ფესტივალის ავტორი და მოდერატორი, ზაზა კოშკაძე ამბობს, შემდეგი “ინსომნია” დრაკულას სასახლეში ჰო არ ჩაგვეტარებინაო?

ვფიქრობ, მშვენიერი იდეაა

დრაკულას სასახლე

paranormal activity

ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც მქონდა კონტაქტი ღამის განმავლობაში იყო ზაზა, რომელიც google doc-ში დაძვრებოდა და დროდადრო მეხმიანებოდა ხოლმე იქიდან. ჰოდა, ერთხელაც მეკითხება, ჰო არ გეშინიაო… არა, ვიცი, რომ სრულიად მარტო ვარ და უფრო საშიში ის იქნება, უცბად რომ ვიგრძნო ჩემთან ერთად კიდევ ვიღაც არის მეთქი…

არ გასულა 2 წუთი, ფანჯარა გაჭრიალდა… მივედი და იქ ფისო დამხვდა, რომელმაც თითქმის მთელი ღამე ჩემთან ერთად გაატარა :)

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა დავწერე.

პროექტში ისე შევედი, რომ წინასწარ სიუჟეტი არ მომიფიქრებია. მხოლოდ ერთი პერსონაჟი მყავდა აკვიატებული და ვფიქრობდი, რომ მის გარშემო ამეგო ისტორია. მთავარი იდეა ის იყო, რომ მთხრობელი თავად მოჩვენება ყოფილიყო, თუმცა, დაახლოებით მესამე გვერდზე მივხვდი, რომ მოჩვენების მიერ მოყოლილი ჰორორი ისეთივე არასაშიშია, როგორც ვთქვათ დამნაშავის მიერ მოყოლილი დეტექტივია უინტერესო (თუმცა, ალბათ, არსებობენ გენიოსი მწერლები, რომლები ახერხებენ ამ კუთხიდანაც კი კარგად წერონ).

ამის შემდეგ გადავწყვიტე, საერთოდ მესამე პირში დამეწერა, თუმცა ეს კიდევ უფრო გამიჭირდა, რადგან მოულოდნელობის ეფექტის შექმნა უფრო მარტივია, როდესაც გმირი თავად ყვება ისტორიას და საკუთარ ემოციებსაც უფრო დამაჯერებლად გამოხატავს.

დილის 6 საათზე დავიწყე უკვე საბოლოო მოთხრობის წერა, რომელიც, რაღაცნაირად მივიყვანე ბოლომდე, თუმცა ძალიან გამიჭირდა. ვცდილობდი მაქსიმალურად გავქცეოდი ყველა გავლენას, ნანახი თუ წაკითხული სიუჟეტების განმეორებას. არ ვიცი, რა გამომივიდა, თუმცა, იმედი მაქვს, მკითხველი ძალიან კრიტიკულად არ მიუდგება ჩემს ნაწერს.

საბოლოო ჯამში კი, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერიც კი ვარ ამ ფესტივალში მონაწილეობით.

იმედი მაქვს, გავაგრძელებ წერას და ოდესმე შევქმნი, რაიმე ისეთს, რაც მეც მომეწონება და სხვებსაც :)

ინსომნია (ანუ ამბავი იმაზე, რომ ხანდახან უძილობაც კარგია)

 

პირველი აგვისტოს დილას არ გამიღვიძია, პირდაპირ დავიძინე.

მაგრამ სანამ დავიძინებდი ერთ საინტერესო ნიუსს გადავაწყდი ახალი ლიტერატურული ფესტივალის შესახებ, სახელად “ინსომნია“.

ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წერა შევწყვიტე – ლექსებს, მოთხრობებს და ჩანახატებს ვგულისხმობ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს მშვენიერი ქალბატონები მართლა არსებობენ:

მუზები

ყველაზე მეტად, ალბათ, სიტყვა Horror-მა მიმიზიდა და ასე დავწერე სამგვერდიანი ფობიოგრაფია, რომლისთვის სახელის და გვარის მიწერაც კი დამავიწყდა. უფრო სწორად, კი არ დამავიწყდა, საჭიროდ არ ჩავთვალე და მეილიც ასე დავიწყე -“დიდი იმედი კი არ მაქვს, მაგრამ არ მეძინებოდა-მეთქი”… ყოველი შემთხვევისთვის ჩემი ტელეფონის ნომერიც მივუთითე და მერე უკვე ჩამეძინა.

რამდენიმე დღის შემდეგ ვნახე რომ საპასუხო წერილი იყო მოსული, თქვენი სახელი და გვარი მოგვწერეთო. თავიდან გადავიკითხე ჩემი ნაწერი და იმდენად არ მომეწონა, ვიფიქრე, აზრი არ აქვს მეთქი… მერე დამირეკეს, თუ სახელს და გვარს არ გვეტყვი, შენს ნაწერს ვერ განვიხილავთო.

ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, რომ დეტალებს ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ ეს, ალბათ, ის შემთხვევა იყო, როდესაც ყველაფერი პირიქით მოხდა. მაშინაც კი არ მიფიქრია, რომ ჩემი ნაწერი შეიძლებოდა ვინმეს მოწონებოდა, როდესაც ტელევიზიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ფესტივალთან დაკავშირებით სურდათ ჩემი ჩაწერა.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შანსები არ მქონდა (ლიტერატურული პრემია “საბას” ორ ნომინაციაზე წარდგენილი ავტორი და მე – რა სასაცილოა!), ამიტომ 11 სექტემბერს Book city-შიც არ მივსულვარ, ტყუილად გული დამწყდება მეთქი ვფიქრობდი…

მაგრამ, ერთმა კარგმა კაცმა თქვა, რომ ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება, ჰოდა, მეც მოულოდნელად აღმოვჩნდი ფინალისტ შვიდეულში. ამის შესახებ ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე, რომლებიც იქ იყვნენ და გახარებულებმა დამირეკეს, ასეც ვიცოდითო.

მოკლედ, ასე – ჩემს ცხოვრებაში დიდი სიახლეა.

დღეს უშუალოდ შევხვდი ფესტივალის ორგანიზატორებს, ოთხშაბათს, ღამით კი მარტო უნდა დავრჩე წიგნის მაღაზიაში და ის მოთხრობა დავწერო, რომელიც “ინსომნიის” პირველ კრებულში შევა…

რა მაგარია!!! ოდესმე ჰო უნდა დამფასებოდა ჰორორების სიყვარული? : )))

bu

ბუ !

 

 

ზაფხულიდან გამოყოლილი

 

ჩემს ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯებიდან ერთერთი ყველაზე სწორი ის იყო, რომ ბლოგი შევქმენი და ამდენი წლის განმავლობაში ვუერთგულე. ახლა რომ ვუფიქრდები, არაფერი არ მიკეთებია ასე ხანგრძლივად საკუთარი არჩევანით, თუ არ ჩავთვლით 16 წლიანი სწავლის პროცესს, რომელიც, პრინციპში, აქ მოსატანი არცაა.

ზუსტად დღეს შევჩივლე ბარბის, რომ ჩემი ხასიათი ცოტა მაშინებს, ყველაფერი ძალიან მალე მბეზრდება მეთქი, თუმცა ახლა, როცა new post-ის ფანჯარა გავხსენი და გონებაში დადრაფტული საზაფხულო მოგონებების გახსენება დავიწყე, მივხვდი, რომ ამას უკვე მეხუთე წელია ვაკეთებ – საკუთარი ნებითა და სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

საზაფხულო მოგონებებს რაც შეეხება, უცნაურად მოკლე ზაფხული მქონდა. 20 წლის განმავლობაში 3 თვიან არდადეგებს მიჩვეული წელს ცოტა უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს, როდესაც სიტყვა “შვებულება” მახსენდებოდა, თუმცა, ისე მოხდა, რომ ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და ყოველგვარი შვებულების გარეშე სამსახურსაც სექტემბრამდე დავემშვიდობე. ამის მიუხედევად, მაინც დიდხანს მომიწია თბილისში დარჩენა – პრინციპში, მომიწია არა, უფრო საკუთარი სურვილით დავრჩი. ჯერ ერთი, საკმაოდ გრილი ზაფხული იყო და სიცხეებს არ შევუწუხებივარ, მეორეც 20 ივლისამდე, მოგეხსენებათ, გამოცდებს ვაბარებდი და მესამე – <3

აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე დღით წავედი წილკანში მეგობრებთან და 6 თვის იოანესთან ერთად. გარდა იმისა, რომ ეს რამდენიმე დღე კარგად გავატარე, ასევე გავაცნობიერე რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვის ყოლა. პასუხისმგებლობა, ალბათ, კიდევ არ არის ის სიტყვა, ეს უფრო არის შენი ცხოვრების მთლიანად სხვისთვის მიძღვნა… თუმცა, დედები, ალბათ, იტყვიან, რომ შვილი “სხვა” არ არის. ამას მეც ვაცნობიერებ, მით უმეტეს, რომ დედობრივი ინსტიქტები ყოველთვის გამძაფრებული მქონდა, მაგრამ იმისაც მჯერა, რომ ის მაინც ცალკე ადამიანია, ის შენ არ ხარ, მაგრამ მას შენ ჭირდები, ძალიან ჭირდები – უნდა რომ სულ ყურადღებას აქცევდე, აჭამო, აბანაო, ეთამაშო, ხელში გეჭიროს და არწიო… თუ ნახევარი საათით დაიძინა, ამ დროს უბრუნდები საკუთარ თავს, მაგრამ საკამრისია მეორე ოთახიდან ბავშვის წამოტირება გაიგო, რომ ისევ მისით იწყებ ცხოვრებას… მოკლედ, ძალიან შემეშინდა ამ ყველაფრის და მივხვდი, რომ ჯერ დედობისათვის მზად არ ვარ.

აგვისტოს მეორე ნახევრიდან დასავლეთით დავიძარი – 2 კვირაში ვიყავი საქართველოს 3 კუთხეში.

სამეგრელოში ყოველ ზაფხულს ვისვენებ, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, თუმცა წელს იქაურობამაც დაკარგა ჩემთვის სიმყუდროვე. რაღაცნაირად აფორიაქებული ვიყავი, არც მდინარეზე მივლია,  წიგნიც მხოლოდ ერთი წავიკითხე.

5 დღე გავატარე აჭარაში – თავიდან, ბათუმში, სადაც summerset-ზე დასასწრებად ჩავედი, თუმცა შაბათს ძალიან მაგრად იწვიმა. ნახევარი საათი ცეკვის შემდეგ უკვე ძალიან გავილუმპე და სახლში წამოვედი, კვირას კი საერთოდ ჩაიშალა ფესტივალი.

ორშაბათს გადავედი კვარიათში, სადაც ძალიან კარგი ამინდი და გარემო დამხვდა. ზღვა და მთა ერთად ძალიან მომხიბლავია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ დასვენებით ბოლომდე ვისიამოვნე… ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.

ყველაზე მთავარი მოვლენა ამ ზაფხულს სვანეთის მონახულება იყო. ვფიქრობ, სვანური ვოიაჟი ცალკე პოსტს იმსახურებს, რადგან შთაბეჭდილებებით სავსე ვარ. მოკლედ რომ ვთქვა მაინც – იქ სულ 2 დღე გავატარე, დავათვალიერე მესტია და უშგული. ვიყავი სვანურ მუზეუმში, სვანურ სახლში, სვანურ კოშკში, სვანურ ეკლესიაში…

გუშინ კი დავბრუნდი თბილისში, ძალიან გამიჭირდა დაძინება მანქანების ხმაურში – როგორც კი თვალებს ვხუჭავდი, მეგონა რომ ჩემი ლოგინი შუა ტრასაზე იდგა და ვოცნებობდი ისევ ჩემი სოფლის სიჩუმეზე.

კარგი ის არის, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება.

საბოლოო ჯამში, არ მივტირი ზაფხულს – დაიწყო შემოდგომა, სიახლეებით სავსე. ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყება, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ. მგონია, რომ ის ძალიან ბევრ რამეს შეცვლის და ეს მხოლოდ მახარებს. ის ოდნავი შიშიც, რომელიც ცვლილებებს ახლავს, ჩემში სიამოვნებასა და ადრენალინს იწვევს.