პირველი შთაბეჭდილებები

 

მგზავრობა იყო ძალიან ხანგრძლივი – თითქმის 24 საათიანი, თუმცა მე უფრო დიდხანსაც ვყოფილვარ გზაში, ამიტომ ამას სულაც არ შევუწუხებივარ. ერთი ესაა, როდესაც საბოლოო ტრანსპორტში, ტაქსიში ჩავჯექი (მანამდე თვითმფრინავი, ავტობუსი და მატარებელი გამოვიცვალე) ძალიან მალე მივხვდი, რომ ვითიშებოდი, ისე მეძინებოდა.

დილით ადრე გამეღვიძა, მაგრამ 1 საათამდე ჩემს ოთახში ვიყავი და ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა ჩავსულიყავი ქვედა სართულზე, როგორ შევხვედროდი ჩემს ახალ თანამობინადრეებს და ა.შ.

პირველი, ვინც გავიცანი იყო არპინი – სომეხი გოგონა, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ. მასთან საერთო ენის გამონახვა (სხვათა შორის, პირდაპირ თუ გავიგებთ, ეს საერთო ენა ინგლისურთან ერთად რუსულიცაა) ძალიან გამიადვილდა. მოგვიანებით შევხვდი ჰენის, ჟუჟის და დორას – ეს გოგონები უნგრელები არიან. სამივე მათგანი ძალიან საყვარელია. საერთოდ, ამ სახლში ყველა ერთმანეთს უღიმის და ეხმარება. იმედი მაქვს, ეს ასე გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც…

მას შემდეგ რაც პროექტის ორგანიზატორებმა მომცეს ფული – 750 ლეი, მე და არპინი წავედით მარკეტში პროდუქტების საყიდლად.

როგორც არპინმა მითხრა, ჩვენი სახლი ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერი ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან, რადგან ძალიან პატარა დასახლებაა – თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ სულ რაღაც 9 672 მოსახლით (ოღონდ ეს 2002 წლის მონაცემებია და, ალბათ, ახლანდელი რიცხვი ცოტათი განსხვავებულია, თუმცა წარმოდგენის შესაქმნელად ესეც საკმარისია).

ქალაქი არის ძალიან მშვიდი და წყნარი. აქ ვერ ნახავთ მაღალ კორპუსებს – დგას მხოლოდ კერძო, ძირითადად, ორსართულიანი, ფერადი სახლები, ასევე რამდენიმე ეკლესიაც. მოსახლეობის უმრავლესობას უნგრელები შეადგენენ, ამიტომ ამ მხარეში თითქმის ყველაფერი ბილინგვურია – რუმინულ და უნგრულ ენებზე.

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ მე და არპინი სუპერმარკეტში წავედით. სალაროსთან მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ 2 თუ 3 ლეი დაგვაკლდა. შეგვეძლო რომელიმე პროდუქტი უკან დაგვებრუნებინა (გამყიდველმა ქალმა ღიმილით გვითხრა, რომ ეს პრობლემა არ იყო), თუმცა ჩვენს გვერდით მდგომმა კეთილმა ბიჭმა გადაწყვიტა, მას დაეფარა სხვაობა… მოკლედ, პირველივე დღეს ადგილობრივებზე ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება შემექმნა.

სხვათა შორის, დღეს უკვე მარტო ვიყავი სუპერმარკეტში, მინდოდა ჭვიშტრის გამოსაცხობად ჭადის ფქვილი მეყიდა, მაგრამ ვერაფრით მივაგენი… იქვე ერთი ასაკოვანი ქალი დააგორებდა კალათას. ინგლისური არ იცოდა, თუმცა მე წინასწარ შეგულებული სიტყვა Kukorica listz (სიმინდის ფქვილი) ვუხსენე. იმ მომენტში ვერ ამიხსნა სად იყო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაბრუნდა და წამიყვანა იმ ადგილისკენ, სადაც ეს ფქვილები იდო. გარდა ამისა, ჩემი დაბნეულობის წყალობით დავაქციე რომელიღაც სარეცხი საშუალებაც. ვიფიქრე, რომ მაინც გადავიხდიდი მის საფასურს, თუმცა მოვიდა მარკეტის დაცვის თანამშრომელი (აქ დავიძაბე და მოვემზადე თავის გასამართლებლად, ოღონდ არ ვიცი რა ენაზე), უბრალოდ გამომართვა ეს ნახევრამდე დაცლილი ბოთლი და საწყობში გაუჩინარდა ))

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ვისთანაც კი შეხება მქონდა, ყველა ძალიან კეთილგანწყობილი და თავაზიანია. ამას ასე ძალიან იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ აქ ჩამოსვლამდე ბევრისგან მოვისმინე, თითქოს რუმინელები ქურდბაცაცები, სომხები ანგარებიანები, უნგრელები კი ცივები იყვნენ – ჩემთვის ყველა ეს სტერეოტიპი 2 დღეში დაიმსხვრა…

ამის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა, თუმცა ყველაფერს თანდათანობით მოგიყვებით.

Advertisements

8 thoughts on “პირველი შთაბეჭდილებები

    • მადლობა :) სხვათა შორის, ცოტა მოჰორორო ამბავიც გადამხდა (უფრო სწორად, ჩემმა ფანტაზიამ ჩათვალა, რომ შეიძლებოდა გადამხდენოდა). ამის შესახებ სხვა პოსტში დავწერ ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s