one month later

 

უკვე 1 თვე გავიდა, რაც რუმინეთში ვარ. თავდაპირველმა აღფრთოვანებამ გადამიარა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა თავს ცუდად ვგრძნობ. უბრალოდ ნელნელა აქ ცხოვრებაც ყოველდღიურ ყოფაში გადაიზარდა. ხანდახან დღე ისე გადის სახლიდან მხოლოდ მაღაზიაში თუ გავალ, დანარჩენ დროს კი სახლში ვატარებ – კომპიუტერთან და გოგოებთან ერთად.

ჰო, მართლა – შეიძლება, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობა ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ  ის კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთთან მიმართებაში “ყველა ქალი ერთნაირია”… და მეც ასე, ქალურად, ხანდახან საშინლად ასოციალური ვხდები, ხან კი პირიქით, ვზივარ და ვფიქრობ – 7 თვე რომ გავა და სახლში დავბრუნდები, როგორ მომენატრებიან-მეთქი… თუმცა ჯერ იქამდე დიდი დროა.

7 ქალი სამზარეულოში

7 ქალი სამზარეულოში

კიდევ ერთი “ქალური” საიდუმლო გაგიმხილოთ? საქორწინო ალბომების თვალიერება მიყვარს ხოლმე, ჰოდა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ასეთ ალბომში ნაცნობ სახეს წავაწყდი: გამოწკეპილა შარვალ-კოსტუმში, გაუპარსავს წვერი და, მოკლედ, ოჯახი შეუქმნია. სულ არ ჟღერს, ვიცი, კეთილშობილურად, მაგრამ სამაგიეროდ გულწრფელი ვარ – ერთი სიამოვნებაა ამ დროს მის გვერდით საპატარძლო კაბაში გამოწყობილი მსუქანი გოგოს დანახვა.

ისე, ხანდახან მეც ვფიქრობ ხოლმე, როგორი იქნება ჩემი ქორწილი. ეს სიტყვა ბევრში უარყოფით ასოციაციებს იწვევს და, პრინციპში, გასაგებიცაა. არც მე მინდა 300 და 400 კაციანი სუფრა

  • სადაც სტუმრების ნახევარს არც კი იცნობ
  • სადაც თამადა ყველას თავს აბეზრებს ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით
  • სადაც საშინელ მუსიკას უკრავენ
  • სადაც “ჩვენი გოგო/ბიჭი ჯობია”
  • სადაც ბოლოს აუცილებლად ჩხუბობენ

საიდან სად გადავხტი, ისე… მოკლედ, ერთი თვე გავიდა რაც რუმინეთში ვარ და ცხოვრება თავისი გზით მიდის. როცა ეს პოსტი გამოქვეყნდება უკვე პრედეალში ვიქნები, მოხალისეების arrival meeting-ზე, გავიცნობ ბევრ ახალ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და იმედი მაქვს, სასიამოვნო დროს გავატარებ.

დაგიბრუნდებით დეკემბერში : )

Advertisements

EVS ანუ რას ვაკეთებ აქ

 

წინა პოსტის კომენტარებში ჩემმა (და, ალბათ, თქვენმაც) ერთერთმა საყვარელმა ბლოგერმა სოფიმ მკითხა, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა მისიით წახვედი მანდ მაინც ვერ გავიგეო. ჰოდა, მოგიყვებით:

პირველ კურსზე რომ ვიყავი, რუსულზე დავდიოდი და იქ გავიცანი ერთი ბიჭი, გიორგი (მის შესახებ ამ პოსტის მეორე ნაწილში მიწერია). თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ისიც ჩართული იყო ჩემს “გზაზე დაყენებაში”, ჰოდა ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ საზღვარგარეთ მოხალისედ წასვლა შემომთავაზა. მაშინ ისე წარმოუდგენლად მომეჩვენა ეს ყოველივე – არადა, რა ვიცოდი თუ გაივლიდა წლები და … ))

პრინციპში, ბევრ წელს არც გაუვლია – მეორე თუ მესამე კურსზე ვიყავით, როცა ირმა EVS-ზე ალაპარაკდა: დაიწყო პროექტების ძებნა, სამოტივაციო წერილების წერა და ბოლოს დადებითი პასუხიც მოუვიდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ სწავლა დამესრულებინა და შემდეგ მეც წავსულიყავი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ EVS-ისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე იწყება.

ახლა კი (თუ ჯერ არ დაგიგუგლავთ) გადავალ პოსტის ძირითად ნაწილზე – და მაინც რა არის ეს EVS?

აბრევიატურა EVS იშიფრება როგორც European Voluntary Service. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ საზღვარგარეთ ცხოვრება, გამოცდილების მიღება და სოლიდარობისა და თანამეგობრობის ზრდაში წვლილის შეტანა. პროექტების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია – თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ, ამ ლინკზე იხილოთ.

მას შემდეგ რაც შეარჩევთ სასურველ პროექტს (გირჩევთ მხოლოდ ერთს არ დასჯერდეთ და ბევრგან სცადოთ ბედი), უნდა დაუკავშირდეთ კოორდინატორს მითითებულ ელ.ფოსტაზე და ჰკითხოთ თუ აქვთ ვაკანტური ადგილი მოხალისეებისათვის.

მეც სწორედ ასე მოვიქეცი, თუმცა ჩემი სიზარმაციდან გამომდინარე სულ 3 თუ 4 მეილი დავაგზავნე. ჩემი მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ პროექტი ყოფილიყო მედიის სფეროდან. პირველი (და პრინციპში უკანასკნელიც) გამოხმაურება რუმინეთიდან მივიღე. მომწერეს რომ დარჩენილი იყო ადგილი რადიოში. ძალიან გამიხარდა, სასწრაფოდ გავაშანშალე სამოტივაციო წერილი და სივი. შემდეგ იყო ონლაინ გასაუბრება, რამდენიმეთვიანი ლოდინი პროექტის საბოლოო დამტკიცებისათვის, საბუთებისა და ვიზის ამბების მოგვარება და აი, მეც აქ ვარ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თითქმის ყველა ხარჯს თავის თავზე ევროკავშირი იღებს მიმღები და გამგზავნი ორგანიზაციების სახით. თქვენ, მაქსიმუმ, 10%-ის დაფარვა მოგიწიოთ. ასევე პროექტის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებით საცხოვრებელი ადგილით, საკვებითა და ჯიბის ფულით.

თუ სერიოზულად გადაწყვეტთ რომ თქვენც სცადოთ ბედი, გირჩევთ “დრონის” დაუკავშირდეთ – სწორედ ესაა ჩემი გამგზავნი ორგანიზაცია და უფრო დეტალურ ინფორმაციასაც ისინი მოგაწვდიან, მე კი განვაგრძობ კონკრეტულად ჩემს პროექტზე საუბარს.

“Development support for Transylvania”-ს მიზანია ხელი შეუწყოს რუმინეთის პატარა ქალაქში სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას. ჩანაფიქრში ბევრად მეტი რამ იყო, თუმცა რეალურად, როგორც ჩანს, რთული განსახორციელებელი აღმოჩნდა. მაგალითად, რადიოს რაც შეეხება – ჩვენს ქალაქში არის პატარა რადიოსადგური, თუმცა მან უარი თქვა მოხალისეების მიღებაზე, ამიტომ გვიწევს სხვა ქალაქში სიარული. იგივე მოხდა ტელევიზიის შემთხვევაში და ახლა გოგონები მუშაობენ, რათა საკუთარი ინტერნეტტელევიზია შექმნან.

ასე რომ, EVS არ არის რაღაც სრულფასოვანი და დატვირთული სამსახური. ხანდახან მგონია, ხანგრძლივ არდადეგებზე ვიმყოფები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვაკეთებ – რადიოს გარდა, გვაქვს კიდევ რამდენიმე ჩანაფიქრი, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ და აუცილებლად გაგაცნობთ.

არ ვიცი, ჯამში, რამდენად ინფორმაციული პოსტი გამომივიდა, მაგრამ კომენტარების სისტემა იმისთვის შეუქმნია მამაზეციერს, რომ თქვენ მკითხოთ და მე გიპასუხოთ…

Monday Morning

 

როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი. აი, შემოვდივარ ხოლმე აქ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუ ახალი კომენტარი, ლაიქი ან ფოლოუერი მხვდება ხომ საერთოდ – სიხარულით ვივსები, მაგრამ ხანდახან უხერხულობის შეგრძნებასაც მიჩენს, უფრო მაშინ, როცა ჩემი ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები კითხულობენ. ნუ, განსაკუთრებით, დედაჩემი, რომელიც მერე სულ იწყებს ამა თუ იმ თემის განხილვას ჩემთან… ერთხელ ისიც მახსოვს დაბადების დღეზე ვიყავი და შევხვდი ერთ გოგოს, რომელსაც ისე რა ვიცნობ, ჰოდა თითქმის ყველაფერი იცოდა ჩემზე. ანუ, ისე გამოდის, თითქოს უცხო ადამიანებისთვის წერა უფრო მსიამოვნებს, მაგრამ რომ დავუფიქრდე, მთლად ეგრეც არაა და ზოგჯერ მწყინს კიდეც, თუ ჩემი მეგობრები არ მკითხულობენ.

ახლა რაც შეეხება აქაურ ამბებს. გუშინ საღამოს ჩამოვიდა რუთა – მეშვიდე და ჯერჯერობით საბოლოო მოხალისე ჩვენს სახლში. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე კარგი განწყობა გვაკლდა მეთქი, მაგრამ ასე მგონია, მან კიდევ უფრო მეტი დადებითი ენერგია და მხიარულება შემოიტანა – ხმამაღალი, გულიანი სიცილი, ბრჭყვიალა თვალები, პოზიტიური შეხედულებები ცხოვრებაზე. ყველა ჩვენგანზე უფროსი და გამოცდილია, მოხალისეობაც მისთვის ახალი ხილი არ არის. მოკლედ, მჯერა, მასთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს…

დღეს ორშაბათია – რაც ნიშნავს იმას, რომ მე და ჰენი დილით ძალიან, ძალიან ადრე ვდგებით. როდესაც არ ვმუშაობდი და არდადეგები მქონდა, ხანდახან ამ დროს ვიძინებდი ხოლმე თბილისში. მე თვითონაც მიკვირს საკუთარი თავისგან, რომ საერთოდ არ გამჭირვებია ამ რეჟიმზე გადაწყობა. თუმცა ის კი ნამდვილად მიხარია, რომ ეს კვირაში მხოლოდ სამჯერ ხდება და დანარჩენი დღეების განმავლობაში თავისუფალი გრაფიკი მაქვს.

morning

ჩემს ინსტაგრამზე დავდე ეს ფოტო. მატარებლის ფანჯრიდან გადავიღე, როცა სამსახურში მოვდიოდი. ძალიან ლამაზია ხოლმე გათენება. სახლიდან რომ გამოვდივართ, ძირითადად, ბნელა, მაგრამ ნელნელა, ასე ცის კიდეებს ცეცხლი ეკიდება და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ჩვენი ვაგონი სწორედ მისკენ მიექანება (თუმცა, მთლად გაქანებასაც ვერ დავარქმევთ მატარებლის სიჩქარეს).

უკვე მესამე კვირა დაიწყო ამ გზას გავდივარ, მაგრამ სულ არ მომბეზრებია. რა თქმა უნდა, ჩემი ერთერთი საყვარელი საქმიანობით, ადამიანებზე დაკვირვებით ვარ დაკავებული. ზოგიერთ მათგანს უკვე ვცნობ კიდეც. ვიცი, რომელ გაჩერებაზე ამოვლენ, რომელზე ჩავლენ.

რადიოში, ჯერჯერობით, საინტერესოს არაფერს ვაკეთებთ. წესით, პირველი დეკემბრიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი პროექტი, ამიტომ უფრო ვრცლად შემდგომში დავწერ.

Sziastok :)

How to hitchhike in Romania

 

ამ პოსტში მოგიყვებით ჩემი და არპის მოგზაურობის შესახებ იაშში.

ეს ქალაქი ჩვენგან 300 კილომეტრის დაშორებით, მოლდოვას საზღვართან ახლოს მდებარეობს. ნამდვილად არ წარმომედგინა თუ რუმინეთში ჩამოსვლიდან 1 კვირაში იქ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ არპინეს შემოთავაზებას დავთანხმდი და დაიწყო ჩვენი თავგადასავალიც.

დილის 5 საათზე, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა ჩავჯექით ოდორეისაკენ მიმავალ მატარებელში. იქ კი ვიპოვეთ ავტობუსი, რომელიც ბრაშოვში მიდიოდა.

Me and Arpiბრაშოვი არის ქალაქი, სადაც აუცილებლად უნდა წავიდე, თუნდაც მხოლოდ დრაკულას სასახლის სანახავად, თუმცა ამ ჯერზე იქ მხოლოდ 1 საათის გატარება მომიხდა – სანამ იაშისკენ მიმავალი მიკროავტობუსი მოვიდოდა. ერთადერთი, რისი დათვალიერებაც მოვასწარი, H&M-ის მაღაზია იყო.

პოსტის დასაწყისში დამავიწყდა მეთქვა – სანამ მე რუმინეთში ჩამოვიდოდი, გოგონები იყვნენ პრედეალში, ე.წ. arrival meeting-ზე, სადაც გაიცნეს სხვა მოხალისეები და ახლა სწორედ ისინი იკრიბებოდნენ იაშში რამდენიმე მათგანის მოწყობილ როკფესტივალზე. გამომგზვარებამდე ვიცოდით, რომ ღამის გასათევი ადგილიც უნდა გვქონოდა, მაგრამ ბოლო წუთებში გაირკვა, რომ ამაზე თავად უნდა გვეზრუნა.

და, აი, სად გამოვცადე ნამდვილი, ქართული სტუმარ-მასპინძლობა. Facebook-ის საშუალებით ვიპოვე ორი გოგონა, ნატო და ნათია, რომლებიც იაშში ცხოვრობდნენ. შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა, რადგან მათი მოხალისეობის ვადა უკვე იწურებოდა და სულ რამდენიმე დღით გვიან რომ ჩავსულიყავი ასეთ კარგ მასპინძლებს ნამდვილად ვერ ვიპოვიდი.

მოკლედ, საღამოს 5-6 საათისათვის ჩავაღწიეთ იაშში. ძალიან დაღლილები ვიყავით მგზავრობით, ამიტომ კონცერტზე დიდხანს არ გავჩერებულვართ – ქალაქის დათვალიერებაც და ბავშვების ნახვაც მეორე დღისათვის გადავდეთ. რა თქმა უნდა, ამ ჯერზეც უამრავი კეთილი ადამიანი დაგვეხმარა იმაში, რომ აბსოლიტურად უცხო ქალაქში არ დავკარგულიყავით.

თუ ოდესმე რაიმე ძალიან ტკბილად გამახსენდება, ეს აუცილებლად იქნება ის მომენტი, როცა ნატოს და ნათიას, უფრო სწორად კი მათი მენტორის სახლში, ჩემთვის გაშლილ ტახტზე დავწექი, საბანში გავეხვიე და მომენტალურად ჩამეძინა. მეორე დილით პატარა, საყვარელი მაიას ტიტინმა გამაღვიძა. აი, ისინიც, ჩვენი მასპინძლები:

our hostsსაუზმის შემდეგ გოგონებს დავემშვიდობეთ და წავედით ქალაქის დასათვალიერებლად. ერთი შეხედვით ძალიან ნაცრისფერი, არაფრით გამორჩეული ქალაქია, თუმცა როდესაც მის მთავარ კულტურულ ცენტრს მივადექი, ბევრი საინტერესო რამ ვნახე.

church in Iasi museum in Iasi flowers in Iasi Carousel Iasi

ასევე გავიცანი დანარჩენი მოხალისეებიც და საღამოს, როდესაც ყველანი ერთად შევიკრიბეთ, ვფიქრობდი იმაზე, რა უცნაურად იკვეთება ხანდახან ადამიანთა გზები და როგორ მიჰყავს ცხოვრებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან ისინი ერთ ქვეყანაში, ერთ ქალაქში, ერთ პაბში, ერთ მაგიდასთან:

volunteers

ეს დღე ძალიან გრძელი და დამღლელი, თუმცა სასიამოვნო აღმოჩნდა. რაც მთავარია, მე და არპიმ გადავწყვიტეთ უკან ავტოსტოპით დავბრუნებულიყავით, რადგან ყველა მოხალისე ასე მოგზაურობს. მართალია, საქართველოში ამის გამოცდილება მქონია, მაგრამ უცნობ ქვეყანასა და მხარეში ცოტა ვნერვიულობი (ნუ გეშინია, დედა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა ! )

ამ დღეს შემიყვარდა Google map-იც, რომელზეც უფრო მოკლე და ადვილი გზა ვიპოვეთ. ვიყიდეთ სახატავი რვეული და შავი მარკერი და ჩამოვწერეთ ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც სახლამდე უნდა გაგვევლო.

Arpine hitch hiking

სულ რაღაც 5 წუთიც არ იყო გასული, როცა პირველი მანქანა გაჩერდა. ასე შევხვდით იონელს – ახალგაზრდა პოლიციელს, რომელმაც დანიშნულების ადგილამდე მიგვიყვანა და გზად რამდენიმე რეკომენდაციაც მოგვცა მოსანახულებელ ადგილებთან დაკავშირებით.

Ionelშემდეგი იყო ძალიან სასიამოვნო წყვილი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ბრაშოვთან მდებარე დრაკულას სასახლე სინამდვილეში სულაც არ ყოფილა დრაკულას სასახლე და უბრალოდ ტურისტებისათვის ადვილად მისადგომი “ატრაქციონი” იყო. სამწუხაროდ დამავიწყდა იმ ქალაქის სახელი, სადაც ვლად ცეპეშის ნამდვილი სასახლე მდებარეობს, თუმცა, ახლა უკვე ვიცი, რომ ისიც აუცილებლად უნდა მოვინახულო.

სოვატასაკენ მიმავალ გზაზე შეგვხვდა ძალიან კეთილშობილი კაცი, რომელიც წესით სოვატამდე არც მიდიოდა, თუმცა არ დაიზარა და ჩაგვიყვანა. ასევე გზად გაგვიჩერა ერთ ძალიან ლამაზ ადგილას, სახელად cheile bicazului. წარმოიდგინეთ, ვიწრო გზა და ორივე მხრიდან ცამდე აღმართული კლდეები. თუმცა, წარმოდგენა რა საჭიროა – აგერ ფოტოები:

cheile bicazului cheile bicazului cheile bicazului

შემდეგი მანქანა ახალგაზრდა ბიჭს, ლორის ეკუთვნოდა. მან ოდორეიმდე ჩაგვიყვანა. ოდორეიდან ჩვენს ქალაქამდე ავტოსტოპი კი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, ასე რომ, პოსტს აქ დავასრულებ. პრინციპში, მერე არც არაფერი მომხდარა – სახლში მოვედი, ტანზე გადავივლე და დავიძინე. მთელი დღე და ღამე მეძინა…

ახალგაღვიძებულმა კი გავიფიქრე – რა სასიამოვნოა, რომ ეს ყოველივე სიზმარი არ ყოფილა მეთქი :)

მეცამეტე დღე: სიმშვიდე

 

სახლში უკვე ექვსნი ვცხოვრობთ – 2 დღეა რაც სიუზანი ჩამოვიდა. ჩამოიტანა წითელი ღვინო, პატარა ნამცხვარი და კიდევ რამდენიმე ქილა ფრანგული რაღაცეები… აქვს დრედები და ძალიან საყვარელი აქცენტი.

გუშინ საღამოს ჩამოვისხით ეს ღვინო ჩვენს მაღალყელიან ჭიქებში და დავიწყეთ წრუპვა. ალკოჰოლი სულ არ მიყვარს, ვერაფრით ვერ გავუგე თავი და ბოლო – უფრო სწორად, ბოლომდე ნორმალურად ვერც მივედი, რადგან თავშივე არ მომწონს მისი გემო, მაგრამ, აი, თვითონ ეს პროცესი – სამზარეულოში ვსხედვართ გოგონები, წინ გვიდგას ფრანგული ღვინით სავსე ჭიქები და ვამბობთ “Cheers”, მერე ვუჭახუნებთ ერთმანეთს, ვიცინით და ვსვამთ… მე რეალურად მხოლოდ ტუჩებს ვისველებ, მაგრამ მაინც მინდა ჩართული ვიყო ამ მომენტში.

დღეს ჩემი მეცამეტე დღეა რუმინეთში – არ ვიცი მე ვარ ასეთი თუ ისინი, მაგრამ არაფერი გამჭირვებია. თითქოს არც არაფერი შეცვლილა. თითქოს უკვე ძალიან დიდი ხანია, ამ სახლში და ამ გოგონებთან ერთად ვცხოვრობ.

ყველაზე მეტად, რაც მომწონს არის საოცარი სიმშვიდე ჩემ ირგვლივ. აი, როგორ აგიხსნათ – ვზივარ ახლა პლედში გამოხვეული ჩვენს საერთო ოთახში. მაგიდასთან სიუზანი და ჟუჟი უცნაურ რამეებს აკეთებენ – იფიქრებენ თუ რა შექმნან ერთი შეხედვით აბსოლიტურად გამოუსადეგარი ნივთებისაგან. გვერდზე კი მიზის არპი, ისიც ჩემსავით კომპიუტერშია შემძვრალი და Facebook-ს სქროლავს.

და იმის მიუხედავად, რომ ექვსივე მათგანი მუდმივად ვცდილობთ გავითვალისწინოთ ერთმანეთის არსებობა ამ სახლში, მაინც მაქვს უზომო თავისუფლების შეგრძნება, რომელსაც ვეძებდი წლების განმავლობაში. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ არავინ მიგითითებს, როდის და რა გააკეთო. ეს უფრო მეტია და, სამწუხაროდ, სიტყვები არ მყოფნის მის გადმოსაცემად.

როდესაც ჩემმა გარშემომყოფებმა გაიგეს, რომ რუმინეთში მოვდიოდი, 90%-ის რეაქცია იყო “მანდ რა გინდა, სხვა ქვეყანა რატომ არ აარჩიე”… არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ დასავლეთ ევროპის რომელიმე მეგაპოლისში არ ვცხოვრობ. საერთოდ არაფერი მაღელვებს ერთი საკითხის გარდა და ისიც საქართველოდან მაქვს “წამოღებული”… კარგად ვარ, ვისაც გაინტერესებთ.

ვინც მეკითხებით – როგორ ვგრძნობ თავს; შევეგუე თუ არა; ხომ არ მიჭირს… ყველას გპასუხობთ: კარგად ვარ :)