my crazy 2013

 

არ დაიჯეროთ რომ 13 თარსი რიცხვია! ყოველშემთხვევაში 20-იანთან ერთად და არც მათ დაუჯეროთ, ვინც გველზე ცუდ რამეს გეტყვით, იმიტომ რომ მე ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი, დატვირთული წელი მქონდა – ამოსუნთქვას ვერ ვასწრებდი, ისე ენაცვლებოდა ერთი სიახლე მეორეს.

ადრეც მითქვამს, რომ ჩემთვის ახალი წლის ათვლა 20 დეკემბრიდან იწყება, ამიტომ სწორედ ახლა დადგა დრო ჩემი 2013 შევაჯამო… (წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს პოსტი ძალიან, ძალიან ვრცელი იქნება! )

დაბადების დღეზე ჩემმა გოგოებმა საუკეთესო სიურპრიზი გამიკეთეს – ტ ე ლ ე ს კ ო პ ი !!! აჩემებული მქონდა, უნდა ვიყიდო-მეთქი, თუმცა აღარ დამჭირდა. ჰო, სხვათა შორის, მეც დავასაჩუქრე საკუთარი თავი და ცხოვრებაში პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი – თუ თქვენ პირადად არ მიცნობთ, შეიძლება გაგიკვირდეთ ეს აქ რა მოსატანი იყოო, მაგრამ დამიჯერეთ 1,83სმ გოგონების ცხოვრებაში ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე.

მოკლედ, 20 დეკემბერს ვიყავი კიდევ უფრო მაღალი და უზომოდ გახარებული.

present and high heels

ისე მოხდა რომ ძველ წელს გავაყოლე ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობაც, რომელიც 2007 წელს დაიწყო და მართალია შემდეგ სტაბილურად არ გაგრძელებულა, თუმცა რაღაცნაირად მაინც მოიტანა 2012-მდე თავი. ზუსტად 31 დეკემბერს მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი დამთავრდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა დამთავრდა…

სხვათა შორის, მაშინ ცხოვრებაში პირველად შევხვდი ახალ წელს ოჯახის გარეშე, მეგობრებმა სახლი ვიქირავეთ კოჯორში. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე გოგუამ მოკლე ჩართვა მოახდინა და გავიყინეთ მთელი ღამე :D ახლა მაინც რა კარგად მახსენდება ვერ წარმოიდგენთ – ჩვენი გიჟური ცეკვები, არაადეკვატური ♥ ლევან ჩიგოგიძე, რომელიც ასაფეთქებლებს გარედან სახლში ისროდა, მსოფლიოში ყველაზე კონცეპტუალურეე ნაძვისხე (როგორც ჩვენ შეგვეფერება), საკუბოვე ტახტზე 3 ადამიანთან ერთად ძილი (და, რა თქმა უნდა, ყოვლად “ისეთი” დიალოგები აქ რომ არ დაიწერება), ახალგაღვიძებულზე გაჩენილი კითხვა “ეს ხალხი ვინ არის” და ჰო, ჩემი იასამნისფერი იუბკა, რომელიც, ქუსლიანი ფეხსაცმლის არ იყოს, როგორც იქნა ჩავიცი (მეორე კურსიდან სახლში მედო და შესაფერის მომენტს ველოდი)

კონცეპტუალური ნაძვის ხე და იასამნისფერი იუბკა

მოკლედ, ასე მხიარულად და გამორჩეულად დაიწყო ჩემი 2013 წელი… 1-სა და 2-ში რას ვაკეთებდი მართლა არ მახსოვს (ალბათ, არც თქვენ), მაგრამ დადგა 3 იანვარი და მე ჩემს პირველ, ნამდვილ სამსახურში გავეშურე. თუ ჩემს ბლოგს კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ 15 წლიდან ხან რას მივედე, ხან რას, მაგრამ ყოველთვის რაღაც ვერ იყო რიგზე – “ელფში” კი ნამდვილი სამუშაო გარემო დამხვდა… იქ სულ 7 თვე გავატარე, მაგრამ, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე – გამიჩნდა ჩემი საოცნებო პარასკევები, საკუთარი ფული და, რაც მთავარია, საინტერესო საქმე… რატომაც არა, ოდესმე სიამოვნებით დავუბრუნდები საგამომცემლო სფეროს, წიგნების სამყაროს და ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, საიდანაც დავიწყე.

თამთა ჯაფარიძე - ელფის გამომცემლობა

ამავე პერიოდში გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში დათო. ჰო გეუბნებით, სიახლეები ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლებოდნენ მეთქი. თავიდან სერიოზულად საერთოდ არ ვუყურებდი უცნობ ბიჭს, რომელიც დილა-საღამოს სიმღერებს მახვედრებდა ინბოქსში. ის ძველი ურთიერთობაც სულ ახალი დასრულებული მქონდა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არ მჩვევია ხოლმე წარსულზე გადაყოლა და საინტერესო თავგადასავლებზე უარის თქმა (როგორც გოგუა იტყოდა, ტიპიური მშვილდოსანი ვარ)… მაგრამ არც ვნანობ, იმიტომ რომ ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში გადადგმული ყველა სერიოზული ნაბიჯი დათოს უკავშირდება. რადგან ამ პოსტს შესაბამისი ფოტოებით ვაფორმებ, ამას ვერ გამოვტოვებ:

მე და დათო

“ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”

უკვე რამდენი დავწერე, არა? არადა ჯერ მხოლოდ თებერვალს მივადექი – ირმას საფრანგეთში წასვლას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლი! უნივერსტეტში მისვლის პირველივე დღეებიდან ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა… გარეგნულად ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი სახელებიც კი ეშლებოდათ, იმდენად განუყრელები ვიყავით. ის, რომ მას ოცნება აუხდა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ გული მწყდებოდა, რომ სწავლას მის გარეშე დავასრულებდი და, საერთოდ, კიდევ 10 თვის განმავლობაში ვეღარ ვნახავდი (ახლა ეს 10 თვე უკვე წელიწადნახევრად იქცა)… გაცილებისას scrapbook ვაჩუქე, სადაც ყველა ის მოგონება ჩავწერე თუ ჩავაკარი, რომელიც ერთმანეთთან და ჩვენს საერთო მეგობრებთან გვაკავშირებდა. სურათი ჩვენი ბოლო შეხვედრიდან 2013-ში:

ირმას გაცილება

გაზაფხულდა!!

11 ახალ მეგობართან ერთად მოვიკიდე ზურგჩანთა, გამოვნახე ცოტა ფული, ცოტაც დრო და გავუდექი გზას სტამბულისაკენ, სადაც ჩვენს საყვარელ ჯგუფს კონცერტი უნდა გაემართა. ამ ქალაქთ ქალაქმა გადამრია და გამაგიჟა. სულ 3 დღე გავატარე იქ, მაგრამ ხანდახან ძალიან მენატრება ხოლმე… აუცილებლად რომ დავბრუნდები, ისედაც ვიცი – ბევრი რამე დამრჩა სანახავი… მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ

  • ცოცხლად მოვუსმინე Archive-ს (ამის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის)
  • ვესტუმრე ქესქინების ოჯახს (ე.ი. “უმანკოების მუზეუმს”)
  • ვიბოდიალე სტამბულის ვიწრო თუ ფართე ქუჩებში არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად

stambuli

აპრილში პირველად ვითამაშე “რა? სად? როდის?” – ჯერ უნივერსტეტში საკუთარ გუნდთან ერთად, შემდეგ კი კომაროვში დათოსიანებთან. აუ, იცით რა მაგარია??? მართალია სულ ჯამში 5 ან 6 თამაში ჩავატარე, მაგრამ უკვე მოწამლული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად განვაახლებ

რა? სად? როდის?

მაისში პირველად ვიჯომარდე და წავედი პახოდში. სულ მეგონა, რომ მსგავსი რამეები ჩემი საქმე არ იყო, რადგან კომფორტის მოყვარული ვარ, მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი… ბევრჯერ მომისმენია, რომ ლაშქრობაში წასული გოგონები საკუთარ ჩანთას ბიჭებს ათრევინებენ, წუწუნებენ, მალე იღლებიან და ა.შ.

მართალია, ბირთვისი არც ისე შორსაა და სულ რაღაც 3-4 კილომეტრია ფეხით სასიარულო, თუმცა დასაწყისისთვის ვფიქრობ თავი ყოჩაღად გავართვი. ყველაზე კარგად მახსენდება კლდეზე აცოცების მომენტი… მგონი, სერიოზულად უნდა მოვკიდო ხელი ამ საქმეს. ან, მინიმუმ, ჰობის დონეზე მაინც. მოკლედ რომ ვთქვა, ერთი სული მაქვს კიდევ როდის მოვიკიდებ 60 ლიტრიან ზურგჩანთას და დასალაშქრად გავემგზავრები :)

პახოდი

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაისი არა მარტო ჩემთვის, სრულიად საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თვე იყო, თუმცა სხვადასხვაგვარი პრიორიტეტებით. მიხვდებით, ალბათ, 17 მაისზე ვსაუბრობ, თუმცა ამ დღის გახსენება ახლა მხოლოდ ერთი მიზეზით გადავწყვიტე – ჩემი სამსახურის ფანჯრები ზუსტად მოვლენების ეპიცენტრს გადაჰყურებდა. ვერანაირად მოვახერხე, გულგრილად ვმჯდარიყავი ან უბრალო ცნობისმოყვარეობა გამომეჩინა. პასიური მოქალაქე მანამდეც არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემში ჟურნალისტის სული კი ნამდვილად მიძინებული იყო. დაახლოებით ვიცი, ეს რამაც გამოიწვია – იმედგაცრუებამ უნივერსიტეტში, ცუდმა გამოცდილებამ “ჯეონიუსში”, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 2013 წლის მაისში მე მივხვდი – პროფესია სწორად შევარჩიე!

მე - ჟურნალისტი

ზაფხული

ივნისში კი უკვე ვიცოდი, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვლებოდა – EVS-ს ვგულისხმობ… მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი და დათოს ურთიერთობაც უნდა დასრულებულიყო, რადგან მალე მაინც მივდიოდი. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მეტ-ნაკლებად მარტივად იღებ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობას ძალიან რაციონალურად უდგები და სადღაც, რაღაც ემოცია გაკლია… სიმართლე გითხრათ, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი,  ჟრუანტელები თინეიჯერობის ასაკს გავაყოლე, მაგრამ ზაფხული რის ზაფხულია თუ შენი წარმოდგენები თავდაყირა არ დააყენა?

ჩემს მუცლებში პეპლები დაბრუნდნენ… ამ თემასთან მიმართებაში ვერ ვიქნები ისეთი უხვსიტყვიანი, როგორც პოსტის პირველ ნაწილში, თუმცა იყოს ეს ფოტო აქ:

მე და ანრი

ჩემს ბიოგრაფიაში 2013 წელს კიდევ იმიტომ ექნება მნიშვნელოვანი ადგილი, რომ უნივერსტეტი დავამთავრე. იქ გატარებულ ბოლო დღეზე საკმაოდ ვრცელი პოსტი მიწერია, ამიტომ აქ ბევრს აღარ მივედ-მოვედები და პირდაპირ მანტიებიან ფოტოს შემოგთავაზებთ (ისე კი, ამ მანტიების მოპოვება ნამდვილად იყო საგნების არჩევის ვირტუალური, ე.წ. “ვირთხების რბოლის” ხორცშესხმული მაგალითი, მაგრამ დაგპირდით ბევრს არ მივედ-მოვედები მეთქი და… : )

Graduation

ასევე უკომენტაროდ – ჩემი ახალი ტატუ ჰარი პოტერიდან:

ტატუ

ზაფხულის ყველაზე საინტერესო მოგზაურობა კი უკავშირდება სვანეთს, სადაც პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა… მაშინ ისიც ვთქვი, აუცილებლად დავწერ-მეთქი ამაზე, მაგრამ დღემდე ვერ მოვაბი თავი. რა გითხრათ? ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, როგორ ცხოვრობდა და კიდეც ცხოვრობს მთის ხალხი!

სვანეთი

შემოდგომა

2013 წლის ყველაზე მოულოდნელი მოვლენა ჩემთვის მაინც ინსომნიაში მონაწილეობის მიღება იყო… სულ შემთხვევით დავწერე და გავაგზავნე, უძილობისგან შეწუხებულმა : ) მერე კი რა მოხდა? – ძალიან, ძალიან საინტერესო პროექტის ნაწილი გავხდი: “Book city”-ში გათენებული ღამე, ინტერვიუები, შეხვედრები, წიგნის პრეზენტაცია, ავტოგრაფები…

დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რომ ჩემი სახელი წიგნში წერია – მაგრამ ფაქტი ჯიუტია. არსებობს კრებული სახელად “ინსომნია” და მასში თამთა ჯაფარიძის ორი მოთხრობა “თმები” და “სხეულის თავისუფალი ვარდნაა” შეტანილი :)

insomnia

ბოლოს კი, EVS – ჯერ ერთი თამთა წავიდა საფრანგეთში, რამდენიმე დღეში კი მე – რუმინეთში… ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი ოჯახისგან, მეგობრებისგან, საყვარელი ადამიანებისგან და სამშობლოსგან ათასობით კილომეტრი მაშორებს, მაგრამ ბევრჯერ დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ კარგად ვარ და მიხარია, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი…

მე, რუმინეთი

ამ ყოველივეს შემდეგ, როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო და ვიწუწუნო? თან აქ ჩამოთვლილი ფაქტები ხომ სინამდვილეში სრული სურათიც არ არის? – ნებისმიერი ისტორიის უკან იმდენი ვინმე და რამე დგას:

ჩემი ახალი მეგობრები, ნაცნობები, ცოდნა, გამოცდილება, წარმატება თუ შეცდომები!

წელს მე მართლა მივხვდი, რომ გავიზარდე, ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ლინდგრენის წაკითხვა აღარ მომინდება ან ჰოგვორტსში მოხვედრაზე არ ვიოცნებებ?! არა, გავიზარდე როგორც ადამიანი და ამისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გზად შემხვდა ცხოვრებაში, ვინც ჩემგან რაღაც წაიღო და რაღაც დამიტოვა.

პოსტს კი ასე დავასრულებ- სილივრუს სარკის წინ მდგომ პროფესორ დამბლდორს ჰარი პოტერი ეკითხება თუ რას ხედავს ის მასში… და რას პასუხობს ჰოგვორტსის დირექტორი და ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი?

“”აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინცდამაინც წიგნი მაჩუქოს”

ჰოდა, ამ ფრაზას ცოტა ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, წიგნს პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების, წინდებს კი ზრუნვისა და სიყვარულის სიმბოლოდ მივიჩნევთ, მაშინ ვიტყვი, რომ მე ძალიან კარგად მესმის მისი.

ბრძენმა გველმა მართლაც ძალიან საინტერესო წიგნი დამიწერა. აი, 2014 წელს მომავალ ცხენზე კი, იმედია ჩემი ბიჭია ამხედრებული თბილი წინდებით ხელში, რადგან ღამ-ღამობით გაყინულ ფეხებს ჯერ კიდევ ვერაფერი მოვუხერხე :)

მანდარინები და ისტორია

 

თქვენ უკვე ნახეთ ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ? მე სულ ახლახანს მოვრჩი ყურებას.

სიუჟეტი ვითარდება ესტონელებით დასახლებულ აფხაზეთის სოფელში, სადაც თითო-ოროლა კაცი თუ შემორჩა. ერთერთი მათგანია ივო, რომლის სახლშიც ერთდროულად აღმოჩნდებიან დაჭრილი ჩეჩენი აჰმედი და ქართველი ნიკა. თავიდან, რა თქმა უნდა, ერთმანეთს უღრენენ და მოკვლით ემუქრებიან, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შორის ყინული ლღვება…

ივო - მანდარინები

იმის მიუხედავად, რომ მოქმედება ერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს და სულ რამდენიმე პერსონაჟს ვხვდებით, ფილმი არ არის მოსაწყენი ან უაზროდ გაწელილი – სულ რაღაც საათნახევარი გრძელდება. ჩემი აზრით, მინიმუმამდეა დაყვანილი დიალოგებიც. მართალია, პერსონაჟები სულ საუბრობენ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის ხელოვნური და ზედმეტი პათეტიკით გაჯერებული. საერთოდ, მომეწონა მსახიობების ოსტატობა ამ ფილმში.

ერთადერთი, მიშა მესხის მიმართ ვიყავი კრიტიკულად განწყობილი თავიდან – რატომღაც ამ თემატიკის ყველა ქართულ ფილმში ის არის ხოლმე მთავარ როლში და ვფიქრობდი, ნეტა მართლა ასეთი ნიჭიერია თუ უკვე ბრენდად იქცა და მისი გამოჩენა ავტომატურად ფილმის წარმატებას ნიშნავს-მეთქი? ალბათ, ერთიც არის და მეორეც… საბოლოო ჯამში, არტისტობას ვერ დავუწუნებ (მართალია, მისი რუსულის გარჩევა ყველაზე მეტად გამიჭირდა, თუმცა გმირიდან გამომდინარე ესეც ეპატიება).

მტრები ერთ სახლში

სანამ პოსტის წერას დავიწყებდი რამდენიმე რეცენზიას და კომენტარებს გადავხედე. ზოგი წერდა, საქართველოსთან რა შუაშია ეს ფილმიო… მე აქ ქართველობა ვერ დავინახეო… უცხოელმა რომ უყუროს, ჩვენზე საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ შეექმნებაო.

ძალიანაც კარგი – ეს ნიშნავს იმას, რომ ფილმის არის აბსოლიტურად არაპროპაგანდისტული და აგებულია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანურ ისტორიაზე, რომელშიც ჩემთვის გაუგებარი არაფერია. პრინციპში, ძალიან თუ ჩავუსაფრდებით რამდენიმე “ნამიოკი” მაინც შეიძლება რომ დავიჭიროთ, მაგრამ ჯამში “მანდარინები” მართლა არ ემსახურება რომელიმე ერისთვის ხოტკბის შესხმას ან დაკნინებას…

ჩემთვის ეს ფილმი არ არის აფხაზეთზე… იგივე სიუჟეტი შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში განმეორებულიყო, თუნდაც იქ, სადაც ახლა ვცხოვრობ… მართალია სხვა დროა და არც ქუჩიდან ისმის ავტომატების კაკანი, მაგრამ რაღაც ფარული დაძაბულობა მაინც იგრძნობა რუმინელებსა და უნგრელებს შორის… ამას ყველაზე კარგად ავტოსტოპის დროს ვაცნობიერებ ხოლმე – თუ რუმინელი მძღოლი შეგვხვდა, უნგრელი გოგონები გასუსულები სხედან. დღეს ვკითხე ზუსტად ამის მიზეზი ჰენის და მიპასუხა, გაუნათლებელი ხალხისთვის ეს კონფლიქტი ძალიან გამძაფრებულია და დაზღვეულები არ ვართ, რომ სწორედ ასეთ ფანატიკოსს გადავეყაროთო.

მერე ვფიქრობდი თუ ასეა საქმე, პირველ რიგში პროექტები სწორედ რუმინელებისა და უნგრელების ინტეგრაციას უნდა ისახავდეს მეთქი მიზნად, მაგრამ ამ რეგიონს თუ არ გაცდი, ძალიან მცირე შანსია იმის, რომ თავი რუმინეთში იგრძნო.

ამათ კიდევ ყველას თავიანთი ისტორია აქვთ. უნგრეთს და რუმინეთს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც სომეხ გოგოსთან ურთიერთობაში ვხვდები  – ჩვენ რომ ასე გვასწავლიან, იმათ ისე იციან. ალბათ, იგივე იქნება აფხაზებთან მიმართებაშიც. “მანდარინებში” არის ერთი დიალოგი, როცა ჩეჩენი ქართველებს აფხაზებისათვის მიწის წართმევაში ადანაშაულებს და მიშა მესხის გმირი ეუბნება, ისტორია თუ იცი საერთოდო…

მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ისტორია ყველა სახელმძღვანელოში სხვადასხვანაირად წერია.

ზამთრის სონატა

“ჩვენ უკვე თოვლი აღარ გვაოცებს 
და შემეცოდა ზამთარი, რადგან, 
ყველას აშინებს თეთრი ავდარი,
ავი ძაღლივით მომდგარი კართან!”

ქ. შენგელია

1 დეკემბერს წერა ასე დავიწყე “ერთი რამ მინდა ვინატრო მხოლოდ, ადამიანებს, რომელთაც ზამთრის მოსვლა აშინებთ, არასოდეს გამოელიოთ შეშა ღუმელში და ცხელი წვნიანი ჯამებში“-მეთქი, რადგან ბოლო დროს ხშირად მაწუხებს სინდისი. ჰო, ვიცი, ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც… თუნდაც წინა პოსტში მატრაკვეცულად რომ ჩამოვთვალე, რას ვჭამ და რას არა, ამ დროს კი ადამიანებს პური ენატრებათ.

რამდენიმე წლის წინ 1 ღამე გავათიე დევნილებთან ერთად, რომლებიც კარვებში ცხოვრობდნენ… ყინავდა, როგორ ყინავდა, ბრრ, ახლაც მახსოვს (წაიკითხეთ პოსტი). წელს კი განსაკუთრებით მკაცრი ზამთარია. მართალია, საქართველოში არ ვარ, თუმცა Facebook-ის საშუალებით ვიგებ, რომ უსახლკაროთათვის სპეციალური თავშესაფარი მოეწყო, რაც ძალიან კარგია – გასულ კვირას 1 ადამიანი ქუჩაში აიცივისაგან გარდაცვლილა.

მართლა არ მახსოვს რა ერქვა იმ მოთხრობას, მაგრამ თვალებიდან არ ამომდის ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში ჩაბეჭდილი, გაყინული და-ძმა (ავტორი ქართველია)… ახლა კი “რეალური სივრცის” ამ ვიდეოს ვუყურე და ისევ ყველაფერი თავიდან ამოტივტივდა:

თეო (გადაცემის ერთ-ერთი ჟურნალისტი) წერს:

“ღამის 3 საათზე, როცა ამაას ვიღებდით, თოვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანისთვის ზამთარი ქუჩაში გაყინვას ნიშნავს, მასაც უხარია პირველი თოვლი”

მე მინდა, რომ ყოველ მათგანს ჰქონდეს ჭერი, თბილი კერა… ფანჯრიდან უყურებდნენ ფანტელებს, გადიოდნენ საგუნდაოდ, შვილიშვილების ციგებით გასასეირნებლად, მაგრამ იცოდნენ, რომ ამაღამ საწოლში დაიძინებენ, არ შესცივდებათ და არ შეეშინდებათ.

… და მერე ზამთარი ყველასათვის ისეთი კეთილი იქნება, როგორც ეს ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებშია.

Winter Nino Chakvetadze     Winter Nino Chakvetadze

What’s eating Tamta Jap?

 

იცით ეს ფილმი გილბერტ გრეიფის შესახებ?

ახალგაზრდა ჯონი დეპი და სულ მთლად ცხვირმოუხოცავი ღლაპი ლეო : )

Whats_Eating_Gilbert_Grape

ორიგინალში ისე ქვია, როგორც ჩემს პოსტს “What’s eating Gilbert Grape”, მაგრამ რუსებმა და შემდეგ უკვე ჩვენც ვთარგმნეთ, როგორც “რა აწუხებს გილბერტ გრეიფს” – Recommended.

Tamta Jap ეს უკვე მე ვარ… სათაურში ჩემი გვარის შემოკლებული ვერსია უფრო კარგად ჩაჯდა, თორემ ასე არავინ მეძახის – ერთადერთი ქეთა იყო, მაგრამ ბევრი, ბევრი წლის წინ. ახლა რაც შეეხება დღევანდელი პოსტის მთავარ თემას – მე არა, მაგრამ ჩემს მშობლებს კი ნამდვილად აწუხებდათ ის საკითხი თუ რას შევჭამდი რუმინეთში. ამას ორი მიზეზი აქვს:

  1. ძალიან პრეტენზიული ვარ (ანუ, როგორც დედაჩემი იტყოდა, პირის გემო არ გამაჩნია). წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით – წვნიანებს მივირთმევ მხოლოდ გაწურულ მდგომარეობაში (ანუ მარტო წვენი და კარტოფილი… არ უნდა შემყვეს ხახვი ან რომელიმე სხვა მოთუშული ბოსტნეული). როცა დედაჩემი ლობიოს მოხარშავს ხოლმე, ჩემთვის ცალკე ქვაბში იღებს და შემდეგ დანარჩენს სხვადასხვა მწვანილეულით აზავებს… მე მხოლოდ სვანურ მარილს ვჯერდები. ვეგეტარიანელი არ ვარ, თუმცა ხორცი მაინც არ მიყვარს – მხოლოდ ქათმის და ისიც თეთრი. ცხოვრებაში ხინკალი მხოლოდ ორჯერ მაქვს ნაჭამი. მწვადს არ გავეკარები, თუ ძალიან მჭლე ნაჭერი არ შემხვდა. არასოდეს გამისინჯავს შაურმა, ქაბაბი და კიდევ ძალიან ბევრი კერძი. უკვე 10 თუ მეტი წელი იქნება არ მიჭამია კარაქი. თუმცა, ბოლო დროს პროგრესიც მაქვს – შევიყვარე სოკო და ნიგვზიანი ბადრიჯანი… ყველა იმ სუფრაზე, სადაც კი უფროსებთან ერთად მოვხვდები ხოლმე, სალაპარაკო თემა არის, როგორ არ ვჭამ არაფერს ხაჭაპურის გარდა და მუდმივად ისმის კითხვა – რამ გამზარდა ამხელა :D
  2. არ ვარ კარგი კულინარი (ანუ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, დედამთილი (!) სახლიდან გამომაგდებს). ხანდახან თავს იმით ვიმართლებ, რომ დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობ და სამზარეულოში ჩემი ადგილი აღარ არის, თუმცა სიმართლე რომ ვაღიარო, მართლაც სხვისი მორთმეული მირჩევნია უმეტეს შემთხვევებში. მხოლოდ ხანდახან თუ დავდგები ხოლმე მზარეულობის ხასიათზე და ეს ხანდახან იმდენად იშვიათად ხდება, რომ შემიძლია თითებზეც კი ჩამოვთვალო ჩემ მიერ მომზადებული კერძები… თუმცა, რაც მართალია, მართალია – ქათმის სალათი კარგი გამომდის. ქათმის სალათი საერთოდ, ვერც ვიტყვი, რომ ჩვენს ოჯახში კულინარიის კულტია. დედა და ბებია გემრიელ საჭმელებს აკეთებენ, მაგრამ ექსპერიმენტები არ უყვართ ანუ საჭმელი მზადდება იმისთვის, რომ ვჭამოთ და არა იმისთვის, რომ რაიმე სიახლე გავსინჯოთ. ამ მხრივ მე თან მაქვს პოტენციალი, თან არა – რადგან იდეები უხვად მომდის, მაგრამ განხორციელება მაგრად მეზარება.

ჰოდა, ყოველთვის როდესაც იმ მოლოდინებზე ვფიქრობ ან ვლაპარაკობ, რაც ჩემს აქ ყოფნას ახლავს თან, აუცილებლად ვახსენებ ხოლმე “Start cooking”-ს, რადგან გინდა თუ არა, მაინც გიწევს. კი, უმეტესწილად მაინც ლიდლში შეძენილი ნახევარფაბრიკატებით ვიკვებები, მაგრამ ნელ-ნელა ახალ რეცეპტებსაც ვსწავლობ… ჩემი მეგობარი ბარბისგან განსხვავებით, ალბათ, საკუთარი კაფეტერია არასოდეს მექნება, მაგრამ ვინ იცის – იქნებ დედამთილის (და, შესაბამისად, ბებიაჩემის) გული მაინც მოვიგო? :D

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით

ამ ლექსის აუდიოჩანაწერს რამდენიმე თვის წინ გადავაწყდი.

იმის შემდეგ ძალიან ხშირად ვუსმენ ხოლმე…

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,

ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,

მარადიული ის არის მხოლოდ

და ასეთია ყოველთვის ბოლო

ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების

და მეც ამ დიდი კანონის ნებით

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! Continue reading

სტერეოტიპები

 

როგორც იცით წინა კვირა პრედეალში, მოხალისეთა შეკრებაზე გავატარე. ძალიან საინტერესო ტრენინგები ჩაგვიტარდა. ჯამში 17 ქვეყნის, ალბათ, 50-მდე წარმომადგენელი ვიყავით, თუმცა ჩემს ჯგუფში, რომელიც 14 ადამიანისაგან შედგებოდა იყვნენ – იორდანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, არგენტინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ლატვიიდან. ასევე 2 რუმინელი ტრენერი და ორიც ჩვენ, ქართველები…

შეხვედრიდან მეორე დღეს დაგვავალეს, რომ ჩამოგვეწერა ერთმანეთის ქვეყნებზე გავრცელებული სტერეოტიპები. სიმართლე გითხრათ, ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც ჩვენს პლაკატს შევხედე:

stereotypes

ეს ფოტო Facebook-ზეც ავტვირთე და დიდი განხილვა მოჰყვა. ზოგი ძალიან შეწუხდა, ზოგმა კი ირონიით აღნიშნა, რომელი არ არის მართალიო ? ჩემი აზრით, პირველი… ახლა აქ არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, რა ღირსშესანიშნაობები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუმცა იქ გატარებული დღეების განმავლობაში კი ნამდვილად ვცდილობდი მოხალისეების ამაში დარწმუნებას.

როგორც ხედავთ შემოხაზულია, No good people – საერთოდ, მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ უსამართლობა მგონია “ცუდი და კარგი ყველგანაა” პრინციპით.

ბოლოს კი მივადექით იმ პუნქტს, რომელიც მე არა, მეორე ქართველმა და დიახ, თქვენ სწორად გამოიცანით, ბიჭმა გააპროტესტა. იცით, იქ თავი დიდად აღარ გამომიდია მასთან კამათით, რადგან მაინც მოვუფრთხილდი ქვეყნის “იმიჯს”, თუმცა ჩემს გონებაში კი ათასი აზრი დატრიალდა. გიორგის მთავარი არგუმენტი No gender equality-ს გასაბათილებლად მეთორმეტე საუკუნეში გამეფებული ქალი იყო.

ადრეც არა ერთხელ მიფიქრია იმაზე, რომ ხანდახან მხოლოდ ისტორიის ამარა ვართ ხოლმე დარჩენილები – ეგრე, ოდესღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც ვყოფილვართ გადაჭიმულები, ახლა კი, საქართველოს რუკას რომ ვუყურებ, გული მეწურება. ჰოდა ფაქტიც ისაა, რომ გენდერულ თანასწორობამდე ბევრი გვიკლია. თუნდაც ავიღოთ ლურჯი ფლომასტრით დაწერილი ფრაზა: Men should have sex when they are 13, Girls virgin until they marry.

ვიცი, ახლა ბევრი თქვენგანი იმასაც იტყვის რაღა დროს ეგ არისო, მაგრამ, მე ვფიქრობ, ეს შეხედულება მხოლოდ გარკვეულ ვიწრო წრეებში მოძველდა, საზოგადოების დანარჩენ ნაწილს კი კვლავ თავზე აქვს მოხვეული – ალბათ, მათ, ვისთვისაც იუსტიციის სახლისათვის ქარიშხლისაგან ახდილი სახურავი ID ბარათების გამო განრისხებული ღვთის სასჯელია…

ჰოდა, კი, მართლები ხართ – სტერეოტიპები ჰაერიდან არ მოფრენილან, უბრალოდ არც ისეა საქმე, რომ ჩვენზე მხოლოდ ცუდი გვესმოდეს. დიდი იმედი მაქვს, იმ ადამიანებს, რომელთან ერთადაც ეს კვირა გავატარე მომავალში უფრო სასიამოვნო ასოციაციები გაუჩნდებათ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით.

პოსტს კი მხიარულად დავასრულებ ერთი სტერეოტიპით, რომელიც ჩვენზე არა, მაგრამ ჩვენში კი ფართოდაა გავრცელებული:

ჩემსა და არგენტინელ გოგონას შორის საუბარი ჩამოვარდა სტალინზე. ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ ის ქართველი იყო. ამ დროს ისმის კომენტარი: “სხვათა შორის, მაგას ბებია ჰყავდა სომეხი” <3

December Magics

 

დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერი წელიწადის ყველაზე ჯადოსნური თვეა – ერთი რამ მინდა ვინატრო მხოლოდ, ადამიანებს, რომელთაც მისი დადგომით ზამთრის მოსვლა აშინებთ, არასოდეს გამოელიოთ შეშა ღუმელში და ცხელი წვნიანი ჯამებში…

ჩემი დილა კი რუმმეითის მიერ საწოლში მორთმეული ჩაით დაიწყო. რა შეიძლება იყოს ამაზე  თბილი და სასიამოვნო?

Tea in winter

ჰო, მართლა – კიდევ იცით სად შეიძლება იპოვოთ ბედნიერება? არაქისის კარაქის ქილაში!

მე ნუტელაზე გაზრდილი გოგო ვარ და ძალიანაც მიყვარს, მაგრამ თუ უფრო მეტ სიმსუბუქეს ეძებთ აუცილებლად გასინჯეთ ეს:

peanutbutter

და ბოლოს, 1 დეკემბრის კიდევ ერთი მაგია:

თინათინმა მითხრა, თბილისში უკვე დაიწყეს საახალწლო განათებების დამონტაჟებაო…ნეტავ აქაც დააყენონ, მაინც პატარა ქალაქია და ვიფიქრე, იქნებ სულ არ აქვთ მეთქი ასეთი ტრადიცია. მაგრამ როცა მაღაზიიდან სახლისაკენ მოვდიოდი, დავინახე ლამპიონზე მიდგმული კიბე და ზედ აცოცებული კაცი, რომელსაც ხელში ციმციმების დიდი გორგალი ეჭირა.

ზუსტად ამ მომენტში კი გვერდით წითელმა ტრაილერმა ჩამიარა, რომელსაც, მართალია, კოკა-კოლასთან საერთო არაფერი ჰქონდა, თუმცა მე მაინც ამ მელოდიის ღიღინი დავიწყე:

ბევრ ჯადოსნურ დღეს გისურვებთ !