სტერეოტიპები

 

როგორც იცით წინა კვირა პრედეალში, მოხალისეთა შეკრებაზე გავატარე. ძალიან საინტერესო ტრენინგები ჩაგვიტარდა. ჯამში 17 ქვეყნის, ალბათ, 50-მდე წარმომადგენელი ვიყავით, თუმცა ჩემს ჯგუფში, რომელიც 14 ადამიანისაგან შედგებოდა იყვნენ – იორდანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, არგენტინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ლატვიიდან. ასევე 2 რუმინელი ტრენერი და ორიც ჩვენ, ქართველები…

შეხვედრიდან მეორე დღეს დაგვავალეს, რომ ჩამოგვეწერა ერთმანეთის ქვეყნებზე გავრცელებული სტერეოტიპები. სიმართლე გითხრათ, ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც ჩვენს პლაკატს შევხედე:

stereotypes

ეს ფოტო Facebook-ზეც ავტვირთე და დიდი განხილვა მოჰყვა. ზოგი ძალიან შეწუხდა, ზოგმა კი ირონიით აღნიშნა, რომელი არ არის მართალიო ? ჩემი აზრით, პირველი… ახლა აქ არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, რა ღირსშესანიშნაობები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუმცა იქ გატარებული დღეების განმავლობაში კი ნამდვილად ვცდილობდი მოხალისეების ამაში დარწმუნებას.

როგორც ხედავთ შემოხაზულია, No good people – საერთოდ, მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ უსამართლობა მგონია “ცუდი და კარგი ყველგანაა” პრინციპით.

ბოლოს კი მივადექით იმ პუნქტს, რომელიც მე არა, მეორე ქართველმა და დიახ, თქვენ სწორად გამოიცანით, ბიჭმა გააპროტესტა. იცით, იქ თავი დიდად აღარ გამომიდია მასთან კამათით, რადგან მაინც მოვუფრთხილდი ქვეყნის “იმიჯს”, თუმცა ჩემს გონებაში კი ათასი აზრი დატრიალდა. გიორგის მთავარი არგუმენტი No gender equality-ს გასაბათილებლად მეთორმეტე საუკუნეში გამეფებული ქალი იყო.

ადრეც არა ერთხელ მიფიქრია იმაზე, რომ ხანდახან მხოლოდ ისტორიის ამარა ვართ ხოლმე დარჩენილები – ეგრე, ოდესღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც ვყოფილვართ გადაჭიმულები, ახლა კი, საქართველოს რუკას რომ ვუყურებ, გული მეწურება. ჰოდა ფაქტიც ისაა, რომ გენდერულ თანასწორობამდე ბევრი გვიკლია. თუნდაც ავიღოთ ლურჯი ფლომასტრით დაწერილი ფრაზა: Men should have sex when they are 13, Girls virgin until they marry.

ვიცი, ახლა ბევრი თქვენგანი იმასაც იტყვის რაღა დროს ეგ არისო, მაგრამ, მე ვფიქრობ, ეს შეხედულება მხოლოდ გარკვეულ ვიწრო წრეებში მოძველდა, საზოგადოების დანარჩენ ნაწილს კი კვლავ თავზე აქვს მოხვეული – ალბათ, მათ, ვისთვისაც იუსტიციის სახლისათვის ქარიშხლისაგან ახდილი სახურავი ID ბარათების გამო განრისხებული ღვთის სასჯელია…

ჰოდა, კი, მართლები ხართ – სტერეოტიპები ჰაერიდან არ მოფრენილან, უბრალოდ არც ისეა საქმე, რომ ჩვენზე მხოლოდ ცუდი გვესმოდეს. დიდი იმედი მაქვს, იმ ადამიანებს, რომელთან ერთადაც ეს კვირა გავატარე მომავალში უფრო სასიამოვნო ასოციაციები გაუჩნდებათ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით.

პოსტს კი მხიარულად დავასრულებ ერთი სტერეოტიპით, რომელიც ჩვენზე არა, მაგრამ ჩვენში კი ფართოდაა გავრცელებული:

ჩემსა და არგენტინელ გოგონას შორის საუბარი ჩამოვარდა სტალინზე. ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ ის ქართველი იყო. ამ დროს ისმის კომენტარი: “სხვათა შორის, მაგას ბებია ჰყავდა სომეხი” <3

Advertisements

18 thoughts on “სტერეოტიპები

  1. საინტერესო პოსტი იყო.
    ძალიან მეწყინა მეც ასე რომ გვახასიათებენ. )) გენდერულ თანასწორობას ,რაც შეეხება,ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით,თუმცა თამარ მეფის ხსენება ღიმილისმომგვრელია ))

      • ყველანაირი თანასწორობა თანასწორ შესაძლებლობლებს გულისხმობს .
        მე მინდა,რომ კაცმა დამითმოს ადგილი თრანსპორტში,ტვირთი გამომართვას და სახლამდე მიმატანინოს,კარში წინ გამატაროს,ასე რომ არაფერში არ მჭირდება ეს გენდერული თანასწორობა. ))) არ ვგრძნობ დაჩაგრულად თავს მამაკაცებთან მიმართებით )

      • მე კიდევ ვფიქრობ, რომ როდესაც მსგავსი არგუმენტები მოჰყავთ “თანასწორობაზე” ცოტა ზედაპირული წარმოდგენა აქვთ. გენდერის სპეციალისტად არც მე მომაქვს თავი, თუმცა ტრანსპორტში ადგილის დათმობა და სახლამდე მიცილება ჩემთვის სულ სხვა სფეროა.
        შენ იცი, რომ, მაგალითად, პოლიტიკურ ინსტიტუციებში დაწესებულია გარკვეული კვოტები სქესობრივი ბალანსის დასაცავად? მაგრამ თუ გადახედავ, თუნდაც ჩვენი პარლამენტის სესიებს, ალბათ, შეამჩნევ, რომ ქალები აშკარა უმცირესობაში არიან… ეს საკითხი, მეტ-ნაკლებად მთელ მსოფლიოში დგას და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო იმ მინიმუმის განსაზღვრაც. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს გენდერული კვოტა არსებობს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ე.ი. პრობლემაც არსებობს.
        ახლა რომ გავაგრძელო ძალიან ვრცელი კომენტარი გამომივა, თუმცა ოდესმე აუცილებლად დავწერ პოსტს იმაზე, თუ რა უნდა მოვიაზროთ სინამდვილეში გენდერულ თანასწორობად. ისე კი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არავინ არავის არ დაუშლის შენთვის ადგილის დათმობას ან ნაყინზე დაპატიჟებას :)

      • ხო,ალბათ,არსებობს,მაგრამ მე აშკარად შორს ვარ მაგ პრობლემისაგან და ამ კუთხით,არაფრის შეცვლა არ მინდა,როგორც ინდივიდს. პარლამენტარობა თუ მომინდება,ვერავინ დამიშლის იმ მიზეზით რომ ქალი ვარ. მოკლედ ,მე მართლა ზედაპირული წარმოდგენა მაქვს ამ საკითხზე.მაგრამ მე მაინც მინდა,რომ პაემანზე წასვლისას საფულე სახლშიც რომ დავტოვო,პრობლემა არ შემექმნას :დდ ))) მადლობა**

  2. საინტერესო პოსტია თამთა მაგრამ ნება მომეცი ცოტა გავაპროტესტო ^_^ მთლად ეგრე საშინლადაც არაა საქმე, მოკლედ აგიხსნი: EVS-ს ძალიან ბევრ ქვეყანაში აქვს შერჩევის პრობლემა. ძალიან ბევრი, არა, უამრავი უინტელექტო ადამიანი ხვდება რატომღაც იოლად პროგრამაში, და+მერწმუნე შენი ჯგუფის უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე, ეგ წარწერები კი უბრალოდ მეტიჩრობაა, უბრალოდ მოდი რაღაცა გამიგონია და მივაწერო-ა. ^_^
    მოკლედ დიდი პატრიოტი არ ვარ და ქვეყნის სიყვარული არ მაწერინებს ამ პოსტს მაგრამ, უფრო ერუდირებულ ადამიანებსაც შეხვდები და ძალიან ბევრ სასიამოვნო რამეს გაიგებ შენს ქვეყანაზე დამიჯერე :)) გასართობად შეკრებილ ჯგუფს, უმეტესობას სექსისა და გართობის მეტი რო არაფერი აინტერესებს, მთლად ნუ მიენდობი.

    • საბა, კეთილი იყოს შენი ფეხი ))
      ჰოდა, კი, მაგ კუთხით მართალი ხარ, ალბათ და ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი კარგიც მოვისმინე ნამდვილად. უამრავი ადამიანია, ვისაც საქართველოში უნდა ჩამოსვლა ან უკვე ნამყოფია და ძალიან მოსწონს, ამიტომ არც ვთვლი, რომ ეს პლაკატი ზოგადად მსოფლიოს მხრიდან ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავს, თუმცა თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ის პრობლემა, რომელზედაც ხაზგასმით ვისაუბრე ნამდვილად დგას ჩვენს რეალობაში…

  3. პირველ რიგში აღვნიშნავ რომ პოსტი მართლაც განსვავებულია :) შენის ნებართვით ჩამოვყვები პუნქტებს:
    1. რაც შეეხება საქართველოს,მართლა არაფრის მცოდნე უნდა იყო რომ ასე თქვა, ასეთ ადამიანს თავისუფლად ვუწოდებ უწიგნურს, უცოდინარს…სანახავი დედამიწაზე არსებულ ყველა კუთხეშია…
    2. დასალევი კი ბევრია,მაგრამ ამოვიდა ყელში ეს ღვინოსთან გაიგივება(ც)
    3.ღარიბი ერი… ჰო გენაცვალე ყველამ თავზე გადაგვიარა, გვივლიან… ვიქნებით აბა რა, ფეხზე ვერ დავდექით…. სამაგიეროდ ბუნებით და სულით ვართ მდიდრები, ვოტ (არ ვაზვიადებ ეხლა, თუმცა არც ყველაზე ვამბობ ;) )
    4.ცუდი ხალხი ამას ვერ იტყვი ასე ხაზგასმით, რადგან ცუდი და კარგი ყველგანაა,
    5. კარგი ჰო ცეკვით და სიმღერით შეგვიძლია ვიტრაბახოთ
    6.სექსი- ვინ როგორ და დღეში რამდენჯერ, 13 წლის ასაკში ან 19 წლის ასაკში პირველად, ნუ ქალიშვილობის ინსტიტუტი კი მოძველებული თემაა თუმცა გარკვეულწილად მაინც ტაბუდადებული და “სათუთი”….
    7.გენდერული თანასწორობა- არ მესმის იმ ხალხის ვინც თლის რომ მამაკაცის სიტყვაა გამაწყვეტი, ის რასაც იტყვის, როგორც მოიქცევა…. ნუ მოკლედ…რა ჯობია ურთიერთშეთანხმებას, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს და არა იმას ვინ იქნება პირველი ოჯახში და ზოაგადად საზოგადოებაში.
    8.ყველა ქალი არ აჯდება ქალიშვილობას ქორწილამდე, ეს უბრალოდ ასე მოდიოდა ძველთაგან და ჰგონიათ რომ ახლაც ასეა, თუმცა ეს იყო და არის ჩვენი მენტალის ნაწილი გარკვეულწილად, ცუდია თუ კარგია, ფაქტია.
    და ბოლოს მინდა დავეთანხმო საბას, მეტს ვერაფერს ვიტყვი… უფროსწორად ვიტყოდი შენი ჯგუფის წევრები რომ პირისპირ შემხვედროდნენ. :)

  4. ჰო რაც გამომრჩა, ვეთანხმები ზევით წაკითხულო კომენტარებს გენდერულ თანასწორობაზე, მე იმას არ ვამბობ რომარ მინდა კაცის დახმარება, მიცილება, მზრუნველობა… უბრალოდ ამის გარდა არის საკითხები რაშიც ერთ მდგომარეობაზე ყოფნა არის საჭირო და ქალის აზრის გათვალისწინება… არც მე ვგრძნობ არანაირად მამაკაცის გვერდით თავს დაჩაგრულად და სუსტად! ^^ ეს იყო ჩემი კომენტარი (მეგრული კილოთი) :დ

    • მადლობელი კაროჩე (ესეც მეგრული კილოთი :D )

      მიხარია ასეთი ვრცელი და საინტერესო კომენტარები რომ მოჰყვა ამ პოსტს. მე ნამდვილად არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, რომელთაც მამაკაცების მხრიდან ზემოთ აღნიშნული საქციელები არ სიამოვნებთ, პირიქით… )) მაგრამ ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ ჩემთვის გენდერული თანასწორობა არ გულისხმობს მაგ როლების შეცვლას ან გაქრობას :)

  5. კარგი პოსტია :) უბრალოდ ძნ ქართული პონტია :) ჩვენ რატომღაც პარანორმალური მოთხოვნილება გვაქვს ყველას მოვწონდეთ და რეალურ ცხოვრებაში კარგად ჩანს რომ ასე არ არის :)

    • მადლობა :)
      ეს,მგონი, პატარა ერების კომპლექსია… წარმოიდგინე, ზოგმა საერთოდ არც იცის საქართველოს ან თუნდაც სომხეთის შესახებ, ჰოდა ჩვენ ვცდილობთ რომ გავაგებინოთ და კარგი კუთხით წარმოვაჩინოთ. თუმცა, მე პირადად, სიმართლესაც არ ვმალავ ხოლმე და არ ვალამაზებ ფაქტებს.

  6. რამდენი ხანია ამ პოსტზე მინდა კომენტარი დაგიწერო და დღემდე ვერ მოვახერხე.
    პირველ რიგში იმ მკითხველს ვეთანხმები, რომელმაც დაწერა, დიდად განათლებული ადამიანების დაწერილი არ უნდა იყოს ეგ სტერეოტიპები ქართველებზე, სავარაუდოდ თურქების და სომხების :ლოლ: იმიტომ რომ მეეჭვება, არგენტინელს, მაგალითად, წარმოდგენა ჰქონდეს საქართველოზე, მით უმეტეს იმაზე, რამდენი წლისას უნდა ჰქონდეს ბიჭს სექსი და გოგო ქალწული იყოს და ა.შ. ეს სომხები და თურქები კიდევ ხომ საძაგლები არიან :P სტალინის დედა სომეხი იყოო, გაუყიდია თავი და ეგაა :D

    სამწუხაროდ, სტერეოტიპები ყველას გვაქვს თავში ჩაბეჭდილი და ხშირად სიმართლესაც შეესაბამება, მაგრამ მხოლოდ ამით თუ განსჯი ერს და ადამიანებს, შორს ვერ წახვალ.

    კიდევ რაღაცები უნდა დამეწერა და სულ გამომიფრინდა თავიდან.

    • მადლობა, სოფი… მიხარია ამ პოსტს რომ ასეთი ვრცელი და საინტერესო კომენტარები მოჰყვა.

      ჩემი ჯგუფელების “დასაცავად” მინდა ვთქვა ასეთი რამ, რომ შეიძლება თავად სიტყვა “სტერეოტიპი” ადამიანებში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს და ამიტომ ცდილობენ ამ დროს ცუდი რამეები გაიხსენონ ხოლმე… სხვათა შორის, No gender equality არგენტინელი გოგოს დაწერილი, ხოლო სექსის შესახებ კი იტალიელი ბიჭის. ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია სხვა ქართველი მოხალისეებისგან აქვთ. თურქს რაც შეეხება, მას პირველი ფრაზა ეკუთვნის და ყველაზე მეტად ეგ გამიკვირდა – ბოლოს და ბოლოს, მეზობელი ქვეყანაში ცხოვრობს და რატომ არ უნდა იცოდეს რა არის სანახავი და რა არა… ამ შემთხვევაში, შეიძლება, მართლაც გაუნათლებლობის პრობლემა იყოს.

      • ჰაჰა
        აი, ხო ხედავ მეც როგორი სტერეოტიპებით სავსე ვარ, მაშინვე სომხები და თურქები დავადანაშაულე :D
        სამწუხაროდ, სიმართლეა, რაც დაწერეს, ჩვენც ხომ მშვენივრად ვიცით, უბრალოდ სხვებიც რომ დაინახავენ ან იციან, გაუგონიათ, ჩვენი არცთუ ისე კარგი ამბები, გვწყინს. მე მწყინს :/

    • ჰო, მართლა სასაცილო იყო :D :D ალბათ ეს რაღაც “პატარა ერების კომპლექსია”, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მათ თვალში ჩვენც გვაქვს…:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s