What’s eating Tamta Jap?

 

იცით ეს ფილმი გილბერტ გრეიფის შესახებ?

ახალგაზრდა ჯონი დეპი და სულ მთლად ცხვირმოუხოცავი ღლაპი ლეო : )

Whats_Eating_Gilbert_Grape

ორიგინალში ისე ქვია, როგორც ჩემს პოსტს “What’s eating Gilbert Grape”, მაგრამ რუსებმა და შემდეგ უკვე ჩვენც ვთარგმნეთ, როგორც “რა აწუხებს გილბერტ გრეიფს” – Recommended.

Tamta Jap ეს უკვე მე ვარ… სათაურში ჩემი გვარის შემოკლებული ვერსია უფრო კარგად ჩაჯდა, თორემ ასე არავინ მეძახის – ერთადერთი ქეთა იყო, მაგრამ ბევრი, ბევრი წლის წინ. ახლა რაც შეეხება დღევანდელი პოსტის მთავარ თემას – მე არა, მაგრამ ჩემს მშობლებს კი ნამდვილად აწუხებდათ ის საკითხი თუ რას შევჭამდი რუმინეთში. ამას ორი მიზეზი აქვს:

  1. ძალიან პრეტენზიული ვარ (ანუ, როგორც დედაჩემი იტყოდა, პირის გემო არ გამაჩნია). წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით – წვნიანებს მივირთმევ მხოლოდ გაწურულ მდგომარეობაში (ანუ მარტო წვენი და კარტოფილი… არ უნდა შემყვეს ხახვი ან რომელიმე სხვა მოთუშული ბოსტნეული). როცა დედაჩემი ლობიოს მოხარშავს ხოლმე, ჩემთვის ცალკე ქვაბში იღებს და შემდეგ დანარჩენს სხვადასხვა მწვანილეულით აზავებს… მე მხოლოდ სვანურ მარილს ვჯერდები. ვეგეტარიანელი არ ვარ, თუმცა ხორცი მაინც არ მიყვარს – მხოლოდ ქათმის და ისიც თეთრი. ცხოვრებაში ხინკალი მხოლოდ ორჯერ მაქვს ნაჭამი. მწვადს არ გავეკარები, თუ ძალიან მჭლე ნაჭერი არ შემხვდა. არასოდეს გამისინჯავს შაურმა, ქაბაბი და კიდევ ძალიან ბევრი კერძი. უკვე 10 თუ მეტი წელი იქნება არ მიჭამია კარაქი. თუმცა, ბოლო დროს პროგრესიც მაქვს – შევიყვარე სოკო და ნიგვზიანი ბადრიჯანი… ყველა იმ სუფრაზე, სადაც კი უფროსებთან ერთად მოვხვდები ხოლმე, სალაპარაკო თემა არის, როგორ არ ვჭამ არაფერს ხაჭაპურის გარდა და მუდმივად ისმის კითხვა – რამ გამზარდა ამხელა :D
  2. არ ვარ კარგი კულინარი (ანუ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, დედამთილი (!) სახლიდან გამომაგდებს). ხანდახან თავს იმით ვიმართლებ, რომ დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობ და სამზარეულოში ჩემი ადგილი აღარ არის, თუმცა სიმართლე რომ ვაღიარო, მართლაც სხვისი მორთმეული მირჩევნია უმეტეს შემთხვევებში. მხოლოდ ხანდახან თუ დავდგები ხოლმე მზარეულობის ხასიათზე და ეს ხანდახან იმდენად იშვიათად ხდება, რომ შემიძლია თითებზეც კი ჩამოვთვალო ჩემ მიერ მომზადებული კერძები… თუმცა, რაც მართალია, მართალია – ქათმის სალათი კარგი გამომდის. ქათმის სალათი საერთოდ, ვერც ვიტყვი, რომ ჩვენს ოჯახში კულინარიის კულტია. დედა და ბებია გემრიელ საჭმელებს აკეთებენ, მაგრამ ექსპერიმენტები არ უყვართ ანუ საჭმელი მზადდება იმისთვის, რომ ვჭამოთ და არა იმისთვის, რომ რაიმე სიახლე გავსინჯოთ. ამ მხრივ მე თან მაქვს პოტენციალი, თან არა – რადგან იდეები უხვად მომდის, მაგრამ განხორციელება მაგრად მეზარება.

ჰოდა, ყოველთვის როდესაც იმ მოლოდინებზე ვფიქრობ ან ვლაპარაკობ, რაც ჩემს აქ ყოფნას ახლავს თან, აუცილებლად ვახსენებ ხოლმე “Start cooking”-ს, რადგან გინდა თუ არა, მაინც გიწევს. კი, უმეტესწილად მაინც ლიდლში შეძენილი ნახევარფაბრიკატებით ვიკვებები, მაგრამ ნელ-ნელა ახალ რეცეპტებსაც ვსწავლობ… ჩემი მეგობარი ბარბისგან განსხვავებით, ალბათ, საკუთარი კაფეტერია არასოდეს მექნება, მაგრამ ვინ იცის – იქნებ დედამთილის (და, შესაბამისად, ბებიაჩემის) გული მაინც მოვიგო? :D

Advertisements

14 thoughts on “What’s eating Tamta Jap?

  1. მამაჩემი მეუბნება, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და რაც პურ-ფუნთუშეული მაქვს ნაჭამი ქონებში მექნება წასული :)))
    ისე კი, მგონი, სიმაღლის ხარჯზე ვარ გამხდარი… არვიცი ))

  2. 3 წლის წინ მეც ასეთი პრეტენზიული მჭამელი ვიყავი, ახლა კომბაინივით ვარ, სიყვარულით ბევრი კერძი არ მიყვარს,მაგრამ როცა მშია კარგად გეახლებით :) ალბათ შენთანაც დადგება ეგ დრო რომ შეჭამ უპრობლემოდ,ან შეიძლება არც დადგეს :)
    სამზარეულოში ტრიალი მიყვარს, ექპერიმენტებიც… თუ ისე არ გეხერხება კერძების მზადება არც ეგაა პრობლემა :) თავის დროზე,როცა დაგჭირდება, დამიჯერე გამოგივა ყველაფერი :) :)

  3. გაუმარჯოს ლიდლს!!! მეც ლიდლის ერთგული ვიყავი ყოველთვის, დღემდე მანდ ვყიდულობთ პროდუქტებს, თუმცა ნახევარფაბრიკატებს არა :D რამდენადაც მე მსოფლიოში ყველაზე არაპრეტენზიული მჭამელი ვარ, იმდენად გურმანია ჩემი ქმარი და შესაბამისად, სულ ექსპერიმენტებს ვატარებ სამზარეულოში… ხშირად საშინელ საჭმელებს ვაკეთებ, მაგრამ სიბერემდე სწავლისაა, ხომ იცი და წინ იმდენი დრო გაქვს შენ :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s