my crazy 2013

 

არ დაიჯეროთ რომ 13 თარსი რიცხვია! ყოველშემთხვევაში 20-იანთან ერთად და არც მათ დაუჯეროთ, ვინც გველზე ცუდ რამეს გეტყვით, იმიტომ რომ მე ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი, დატვირთული წელი მქონდა – ამოსუნთქვას ვერ ვასწრებდი, ისე ენაცვლებოდა ერთი სიახლე მეორეს.

ადრეც მითქვამს, რომ ჩემთვის ახალი წლის ათვლა 20 დეკემბრიდან იწყება, ამიტომ სწორედ ახლა დადგა დრო ჩემი 2013 შევაჯამო… (წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს პოსტი ძალიან, ძალიან ვრცელი იქნება! )

დაბადების დღეზე ჩემმა გოგოებმა საუკეთესო სიურპრიზი გამიკეთეს – ტ ე ლ ე ს კ ო პ ი !!! აჩემებული მქონდა, უნდა ვიყიდო-მეთქი, თუმცა აღარ დამჭირდა. ჰო, სხვათა შორის, მეც დავასაჩუქრე საკუთარი თავი და ცხოვრებაში პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი – თუ თქვენ პირადად არ მიცნობთ, შეიძლება გაგიკვირდეთ ეს აქ რა მოსატანი იყოო, მაგრამ დამიჯერეთ 1,83სმ გოგონების ცხოვრებაში ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე.

მოკლედ, 20 დეკემბერს ვიყავი კიდევ უფრო მაღალი და უზომოდ გახარებული.

present and high heels

ისე მოხდა რომ ძველ წელს გავაყოლე ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობაც, რომელიც 2007 წელს დაიწყო და მართალია შემდეგ სტაბილურად არ გაგრძელებულა, თუმცა რაღაცნაირად მაინც მოიტანა 2012-მდე თავი. ზუსტად 31 დეკემბერს მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი დამთავრდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა დამთავრდა…

სხვათა შორის, მაშინ ცხოვრებაში პირველად შევხვდი ახალ წელს ოჯახის გარეშე, მეგობრებმა სახლი ვიქირავეთ კოჯორში. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე გოგუამ მოკლე ჩართვა მოახდინა და გავიყინეთ მთელი ღამე :D ახლა მაინც რა კარგად მახსენდება ვერ წარმოიდგენთ – ჩვენი გიჟური ცეკვები, არაადეკვატური ♥ ლევან ჩიგოგიძე, რომელიც ასაფეთქებლებს გარედან სახლში ისროდა, მსოფლიოში ყველაზე კონცეპტუალურეე ნაძვისხე (როგორც ჩვენ შეგვეფერება), საკუბოვე ტახტზე 3 ადამიანთან ერთად ძილი (და, რა თქმა უნდა, ყოვლად “ისეთი” დიალოგები აქ რომ არ დაიწერება), ახალგაღვიძებულზე გაჩენილი კითხვა “ეს ხალხი ვინ არის” და ჰო, ჩემი იასამნისფერი იუბკა, რომელიც, ქუსლიანი ფეხსაცმლის არ იყოს, როგორც იქნა ჩავიცი (მეორე კურსიდან სახლში მედო და შესაფერის მომენტს ველოდი)

კონცეპტუალური ნაძვის ხე და იასამნისფერი იუბკა

მოკლედ, ასე მხიარულად და გამორჩეულად დაიწყო ჩემი 2013 წელი… 1-სა და 2-ში რას ვაკეთებდი მართლა არ მახსოვს (ალბათ, არც თქვენ), მაგრამ დადგა 3 იანვარი და მე ჩემს პირველ, ნამდვილ სამსახურში გავეშურე. თუ ჩემს ბლოგს კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ 15 წლიდან ხან რას მივედე, ხან რას, მაგრამ ყოველთვის რაღაც ვერ იყო რიგზე – “ელფში” კი ნამდვილი სამუშაო გარემო დამხვდა… იქ სულ 7 თვე გავატარე, მაგრამ, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე – გამიჩნდა ჩემი საოცნებო პარასკევები, საკუთარი ფული და, რაც მთავარია, საინტერესო საქმე… რატომაც არა, ოდესმე სიამოვნებით დავუბრუნდები საგამომცემლო სფეროს, წიგნების სამყაროს და ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, საიდანაც დავიწყე.

თამთა ჯაფარიძე - ელფის გამომცემლობა

ამავე პერიოდში გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში დათო. ჰო გეუბნებით, სიახლეები ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლებოდნენ მეთქი. თავიდან სერიოზულად საერთოდ არ ვუყურებდი უცნობ ბიჭს, რომელიც დილა-საღამოს სიმღერებს მახვედრებდა ინბოქსში. ის ძველი ურთიერთობაც სულ ახალი დასრულებული მქონდა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არ მჩვევია ხოლმე წარსულზე გადაყოლა და საინტერესო თავგადასავლებზე უარის თქმა (როგორც გოგუა იტყოდა, ტიპიური მშვილდოსანი ვარ)… მაგრამ არც ვნანობ, იმიტომ რომ ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში გადადგმული ყველა სერიოზული ნაბიჯი დათოს უკავშირდება. რადგან ამ პოსტს შესაბამისი ფოტოებით ვაფორმებ, ამას ვერ გამოვტოვებ:

მე და დათო

“ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”

უკვე რამდენი დავწერე, არა? არადა ჯერ მხოლოდ თებერვალს მივადექი – ირმას საფრანგეთში წასვლას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლი! უნივერსტეტში მისვლის პირველივე დღეებიდან ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა… გარეგნულად ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი სახელებიც კი ეშლებოდათ, იმდენად განუყრელები ვიყავით. ის, რომ მას ოცნება აუხდა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ გული მწყდებოდა, რომ სწავლას მის გარეშე დავასრულებდი და, საერთოდ, კიდევ 10 თვის განმავლობაში ვეღარ ვნახავდი (ახლა ეს 10 თვე უკვე წელიწადნახევრად იქცა)… გაცილებისას scrapbook ვაჩუქე, სადაც ყველა ის მოგონება ჩავწერე თუ ჩავაკარი, რომელიც ერთმანეთთან და ჩვენს საერთო მეგობრებთან გვაკავშირებდა. სურათი ჩვენი ბოლო შეხვედრიდან 2013-ში:

ირმას გაცილება

გაზაფხულდა!!

11 ახალ მეგობართან ერთად მოვიკიდე ზურგჩანთა, გამოვნახე ცოტა ფული, ცოტაც დრო და გავუდექი გზას სტამბულისაკენ, სადაც ჩვენს საყვარელ ჯგუფს კონცერტი უნდა გაემართა. ამ ქალაქთ ქალაქმა გადამრია და გამაგიჟა. სულ 3 დღე გავატარე იქ, მაგრამ ხანდახან ძალიან მენატრება ხოლმე… აუცილებლად რომ დავბრუნდები, ისედაც ვიცი – ბევრი რამე დამრჩა სანახავი… მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ

  • ცოცხლად მოვუსმინე Archive-ს (ამის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის)
  • ვესტუმრე ქესქინების ოჯახს (ე.ი. “უმანკოების მუზეუმს”)
  • ვიბოდიალე სტამბულის ვიწრო თუ ფართე ქუჩებში არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად

stambuli

აპრილში პირველად ვითამაშე “რა? სად? როდის?” – ჯერ უნივერსტეტში საკუთარ გუნდთან ერთად, შემდეგ კი კომაროვში დათოსიანებთან. აუ, იცით რა მაგარია??? მართალია სულ ჯამში 5 ან 6 თამაში ჩავატარე, მაგრამ უკვე მოწამლული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად განვაახლებ

რა? სად? როდის?

მაისში პირველად ვიჯომარდე და წავედი პახოდში. სულ მეგონა, რომ მსგავსი რამეები ჩემი საქმე არ იყო, რადგან კომფორტის მოყვარული ვარ, მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი… ბევრჯერ მომისმენია, რომ ლაშქრობაში წასული გოგონები საკუთარ ჩანთას ბიჭებს ათრევინებენ, წუწუნებენ, მალე იღლებიან და ა.შ.

მართალია, ბირთვისი არც ისე შორსაა და სულ რაღაც 3-4 კილომეტრია ფეხით სასიარულო, თუმცა დასაწყისისთვის ვფიქრობ თავი ყოჩაღად გავართვი. ყველაზე კარგად მახსენდება კლდეზე აცოცების მომენტი… მგონი, სერიოზულად უნდა მოვკიდო ხელი ამ საქმეს. ან, მინიმუმ, ჰობის დონეზე მაინც. მოკლედ რომ ვთქვა, ერთი სული მაქვს კიდევ როდის მოვიკიდებ 60 ლიტრიან ზურგჩანთას და დასალაშქრად გავემგზავრები :)

პახოდი

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაისი არა მარტო ჩემთვის, სრულიად საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თვე იყო, თუმცა სხვადასხვაგვარი პრიორიტეტებით. მიხვდებით, ალბათ, 17 მაისზე ვსაუბრობ, თუმცა ამ დღის გახსენება ახლა მხოლოდ ერთი მიზეზით გადავწყვიტე – ჩემი სამსახურის ფანჯრები ზუსტად მოვლენების ეპიცენტრს გადაჰყურებდა. ვერანაირად მოვახერხე, გულგრილად ვმჯდარიყავი ან უბრალო ცნობისმოყვარეობა გამომეჩინა. პასიური მოქალაქე მანამდეც არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემში ჟურნალისტის სული კი ნამდვილად მიძინებული იყო. დაახლოებით ვიცი, ეს რამაც გამოიწვია – იმედგაცრუებამ უნივერსიტეტში, ცუდმა გამოცდილებამ “ჯეონიუსში”, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 2013 წლის მაისში მე მივხვდი – პროფესია სწორად შევარჩიე!

მე - ჟურნალისტი

ზაფხული

ივნისში კი უკვე ვიცოდი, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვლებოდა – EVS-ს ვგულისხმობ… მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი და დათოს ურთიერთობაც უნდა დასრულებულიყო, რადგან მალე მაინც მივდიოდი. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მეტ-ნაკლებად მარტივად იღებ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობას ძალიან რაციონალურად უდგები და სადღაც, რაღაც ემოცია გაკლია… სიმართლე გითხრათ, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი,  ჟრუანტელები თინეიჯერობის ასაკს გავაყოლე, მაგრამ ზაფხული რის ზაფხულია თუ შენი წარმოდგენები თავდაყირა არ დააყენა?

ჩემს მუცლებში პეპლები დაბრუნდნენ… ამ თემასთან მიმართებაში ვერ ვიქნები ისეთი უხვსიტყვიანი, როგორც პოსტის პირველ ნაწილში, თუმცა იყოს ეს ფოტო აქ:

მე და ანრი

ჩემს ბიოგრაფიაში 2013 წელს კიდევ იმიტომ ექნება მნიშვნელოვანი ადგილი, რომ უნივერსტეტი დავამთავრე. იქ გატარებულ ბოლო დღეზე საკმაოდ ვრცელი პოსტი მიწერია, ამიტომ აქ ბევრს აღარ მივედ-მოვედები და პირდაპირ მანტიებიან ფოტოს შემოგთავაზებთ (ისე კი, ამ მანტიების მოპოვება ნამდვილად იყო საგნების არჩევის ვირტუალური, ე.წ. “ვირთხების რბოლის” ხორცშესხმული მაგალითი, მაგრამ დაგპირდით ბევრს არ მივედ-მოვედები მეთქი და… : )

Graduation

ასევე უკომენტაროდ – ჩემი ახალი ტატუ ჰარი პოტერიდან:

ტატუ

ზაფხულის ყველაზე საინტერესო მოგზაურობა კი უკავშირდება სვანეთს, სადაც პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა… მაშინ ისიც ვთქვი, აუცილებლად დავწერ-მეთქი ამაზე, მაგრამ დღემდე ვერ მოვაბი თავი. რა გითხრათ? ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, როგორ ცხოვრობდა და კიდეც ცხოვრობს მთის ხალხი!

სვანეთი

შემოდგომა

2013 წლის ყველაზე მოულოდნელი მოვლენა ჩემთვის მაინც ინსომნიაში მონაწილეობის მიღება იყო… სულ შემთხვევით დავწერე და გავაგზავნე, უძილობისგან შეწუხებულმა : ) მერე კი რა მოხდა? – ძალიან, ძალიან საინტერესო პროექტის ნაწილი გავხდი: “Book city”-ში გათენებული ღამე, ინტერვიუები, შეხვედრები, წიგნის პრეზენტაცია, ავტოგრაფები…

დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რომ ჩემი სახელი წიგნში წერია – მაგრამ ფაქტი ჯიუტია. არსებობს კრებული სახელად “ინსომნია” და მასში თამთა ჯაფარიძის ორი მოთხრობა “თმები” და “სხეულის თავისუფალი ვარდნაა” შეტანილი :)

insomnia

ბოლოს კი, EVS – ჯერ ერთი თამთა წავიდა საფრანგეთში, რამდენიმე დღეში კი მე – რუმინეთში… ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი ოჯახისგან, მეგობრებისგან, საყვარელი ადამიანებისგან და სამშობლოსგან ათასობით კილომეტრი მაშორებს, მაგრამ ბევრჯერ დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ კარგად ვარ და მიხარია, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი…

მე, რუმინეთი

ამ ყოველივეს შემდეგ, როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო და ვიწუწუნო? თან აქ ჩამოთვლილი ფაქტები ხომ სინამდვილეში სრული სურათიც არ არის? – ნებისმიერი ისტორიის უკან იმდენი ვინმე და რამე დგას:

ჩემი ახალი მეგობრები, ნაცნობები, ცოდნა, გამოცდილება, წარმატება თუ შეცდომები!

წელს მე მართლა მივხვდი, რომ გავიზარდე, ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ლინდგრენის წაკითხვა აღარ მომინდება ან ჰოგვორტსში მოხვედრაზე არ ვიოცნებებ?! არა, გავიზარდე როგორც ადამიანი და ამისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გზად შემხვდა ცხოვრებაში, ვინც ჩემგან რაღაც წაიღო და რაღაც დამიტოვა.

პოსტს კი ასე დავასრულებ- სილივრუს სარკის წინ მდგომ პროფესორ დამბლდორს ჰარი პოტერი ეკითხება თუ რას ხედავს ის მასში… და რას პასუხობს ჰოგვორტსის დირექტორი და ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი?

“”აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინცდამაინც წიგნი მაჩუქოს”

ჰოდა, ამ ფრაზას ცოტა ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, წიგნს პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების, წინდებს კი ზრუნვისა და სიყვარულის სიმბოლოდ მივიჩნევთ, მაშინ ვიტყვი, რომ მე ძალიან კარგად მესმის მისი.

ბრძენმა გველმა მართლაც ძალიან საინტერესო წიგნი დამიწერა. აი, 2014 წელს მომავალ ცხენზე კი, იმედია ჩემი ბიჭია ამხედრებული თბილი წინდებით ხელში, რადგან ღამ-ღამობით გაყინულ ფეხებს ჯერ კიდევ ვერაფერი მოვუხერხე :)

Advertisements

11 thoughts on “my crazy 2013

  1. აი, 2014 წელს მომავალ ცხენზე კი, იმედია ჩემი ბიჭია ამხედრებული თბილი წინდებით ხელში, რადგან ღამ-ღამობით გაყინულ ფეხებს ჯერ კიდევ ვერაფერი მოვუხერხე :) eh ramdeni adamiani elodeba am cxens :):)

  2. მშვენიერი წელი გქონია, მიხარია.
    მე ვერაფრით შევაჯამე 2013 წელი… ჩავაგდე და ეგაა, მეეჭვება ახლა დრო ან სურვილი ვიპოვო ამისთვის :ლოლ:

    შენ კიდევ, ოჰ, როგორი ლამაზი ფეხები გაქვს!!! სულ “იუბკები” უნდა გეცვას და ფეხებს აჩენდე. საქართველოში კი არა, აქაც ბევრს არ აქვს შენნაირი გრძელი და ლამაზი ფეხები. მე ფეხების მანიაკი ვარ, გეუბნები :D არასოდეს არავის ფეხები არ მომწონს საერთოდ, ტარანტინოსი არ იყოს.

    2014 წელი კიდევ უფრო ბედნიერი და წარმატებული გქონოდეს!!!

    • ოუი, სოფი, მადლობა ^^
      ტარანტინოს არც უმა თურმანის ფეხები მოსწონს, ვითომ? :D

      მეც გილოცავ ახალ წელს სულ, სულ საუკეთესო სურვილებით. და გთხოვ, რომ არ მოგვაკლო შენი პოსტები – ყოველთვის გული მწყდება, როდესაც რიდერში შენგან სიახლე არ მხვდება :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s