The half

 

ზუსტად 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთის მიწაზე დავდგი ფეხი.

არ იყო ბევრი და არც ცოტა… იყო ზუსტად ნახევარი.

the half

გუშინ მეგობარს ველაპარაკებოდი და საუბარმა ალტერნატიული რეალობების თემა მოიტანა – ანუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ახლა. ალბათ, თქვენც გიფიქრიათ ამაზე… შეიძლება დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მას მაინც ვეღარ შევცვლით (ზოგიერთი ფილმისა და წიგნისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები დროში მოგზაურობენ), მაგრამ მაინც საინტერესოა იმის გააზრება, თუ რომელი ნაბიჯები იყო გადამწყვეტი შენს ცხოვრებაში, რამ მოგიყვანა აქამდე და სად შეიძლება ყოფილიყავი, თუ “ასე” კი არა, “ისე” მოიქცეოდი…

აქ წამოსვლამდე ფსიქოლოგთან ვიყავი. ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ჩემთვის, მაინტერესებდა ეს პროცესი მართლა ჰგავდა თუ არა ფილმებში ნაჩვენებს. ცოტათი, ალბათ, რაღაც პრობლემების გადალახვის იმედიც მქონდა… მაგრამ ყველაზე საინტერესო, რაც იქ აღმოვაჩინე, ცხოვრებისეული ჯაჭვია. ვიჯექი, ვლაპარაკობდი და ვაანალიზებდი, როგორ ებმოდა ყოველი მოვლენა ერთმანეთს… თითქოს რაღაც კანონზომიერება არსებობს, რომელსაც ვექვემდებარებით, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებთ, რადგან ბევრი რამ ჩვენს ქვეცნობიერში ისე ღრმად ილექება, რომ ადვილად ვივიწყებთ.

მოკლედ, ფსიქოლოგი არ არის ადამიანი, რომელიც დაგამშვიდებთ. პირიქით, მასთან ვიზიტმა თავდაპირველად, შეიძლება, ძალიან აგაფორიაქოთ. მოგკიდებთ ხელს და შეგიყვანთ თქვენი თავის ჩაბნელებულ, გამოკეტილ ოთახებში… შეიძლება, თვითონ კარებთან დაგელოდოთ, მაგრამ თქვენ აუცილებლად შეხვალთ შიგნით და ნელ-ნელა დალაგებას დაიწყებთ. ალბათ, ზუსტად ამ მომენტში არის საჭირო დახმარება, რადგან ზოგიერთი ძალიან მგრძნობიარეა, უჭირს საკუთარი ემოციების მართვა და, შესაძლოა, ამდენ სიახლესთან შეჯახებამ (რაც, სინამდვილეში, კარგად დავიწყებული ძველია) არასასურველ შედეგამდე მიიყვანოს.

ვიცი, რომ თერაპევტთან 2 ვიზიტით, ზერელედ გავლილი ფსიქოლოგიის შესავლითა და აქა-იქ წაკითხული სტატიებით ამ თემას ვერ ამოვწურავ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ მაქვს კარგი ალღო, რაც ადამიანების გაცნობაში მეხმარება. გარკვეული პერიოდის და ზოგჯერ, პირველივე შევხედრის დროსაც კი, ვხვდები, რა იქნება ჩემი ნაცნობის რეაქცია ან შემდეგი ნაბიჯი. მგონია, რომ ვხვდები იმასაც, თუ რატომ ამბობენ ან აკეთებენ რაღაცას, რა აწუხებთ და რის დამალვას ცდილობენ.

მოკლედ, რაღა მე და რაღა ირაკლი ლომაია :D

ლომაია

რაც შეეხება, აქ გატარებულ 4 თვეს – შეიძლება ითქვას, რომ გამოვიზამთრე… ახლა კი, ველოდები გაზაფხულს, რადგან ძალიან ბევრი მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი – საფრანგეთი, იტალია, ავსტრია და უნგრეთი.

რა თქმა უნდა, ჯერ რუმინეთიც არ ამომიწურავს… დარჩა რამდენიმე საინტერესო ადგილი, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ და აუცილებლად უნდა წავიდე. მერე კი, საქართველოში რომ დავბრუნდები, მანდ უნდა ვიბოდიალო!

სხვათა შორის, ვხვდები, რომ ველოდები დაბრუნებასაც. იმას ვერ ვიტყვი, რომ მეჩქარება და მზად ვარ ახლავე ფეხი დავკრა და გამოვიქცე, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვითვლი თითქოს თვეებს და ვთქვათ, უცბად, რომ მითხრან კიდევ 2-3 თვე დარჩიო, ზუსტად ვიცი, რომ უარს ვიტყვი. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი დაბრუნება იდეალურად ემთხვევა ზაფხულს – ე.ი. კიდევ ერთ და, შესაძლოა, ბოლო არდადეგებსაც კი ჩემს ცხოვრებაში (რადგან, შემდეგ, უკვე “შვებულებები” გამიჩნდება)…

travel

Advertisements

თმები (ჩემი ფობიოგრაფია)

შესულია მოთხრობათა კრებულში

ინსომნია

მე და ჩემი ძმა ძალიან ვგავდით ერთმანეთს. დაახლოებით ხუთი წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ის მეოთხე ბიჭი, რომელიც ჩვენთან ერთად თამაშობდა, სარკეში არეკლილი მე ვიყავი.

რვა   წლისამ   გავაცნობიერე   რომ   გოგო   ვარ.   მაშინ   ბიჭებმა   კატეგორიულად მთხოვეს შარვალი ჩამეხადა. არ ვიცოდი რისი მრცხვენოდა, როცა მათ პატარა მატლებს ვუყურებდი, მაგრამ სირცხვილი მაშინ გენახათ, ჩემს უბეში სიცარიელე რომ აღმოვაჩინე.

ათი წლისამ დედას ნივთებში გაზეთში გამოხვეული შავი თმა ვიპოვე. მახსოვს ჩემი გახარებული სახე და მასზე გადღაბნილი წითელი პომადა. თმა ძალიან ცოტა იყო, სულ ორი-სამი კულული, მაგრამ ყურს უკან მაინც გადავიწევდი რამეს.

შემდეგი სამი წელი ამაოდ ვცდილობდი თავზე მიმეწებებინა, სამი წლის შემდეგ კი, როცა რამდენიმე ღერიღა დარჩა – დავნებდი…

თმები - ფობიოგრაფია

ცამეტი წლისას დაბადების დღეზე მხრებამდე გაშლილი ქერა თმები მაჩუქეს. დედამ საგულდაგულოდ დავარცხნა ღამის სანათზე ჩამოცმული პარიკი და ნაწნავიც კი გაუკეთა. ასე იყო ყოველ საღამოს, მე საწოლიდან ვადევნებდი თვალს როგორ ნაზად უსმევდა დედა სავარცხლის კბილებს სხვა გოგონას მკვდარ თმებს და ვცდილობდი წარმომედგინა თუ რა შეიძლებოდა მეგრძნო.

ვფიქრობდი იმაზე, თუ ვის ეკუთვნოდა სინამდვილეში ეს თმები – ჩემს გონებაში ნელ-ნელა გამოისახა ჩემი თანატოლი გოგონა, რომელიც სულ ჩუმად იჯდა, საღებავაქერცლილი მაკრატელი კი მის თვალებთან, ყურებთან და ყელთან დახტოდა. ძალიან, ძალიან ბევრი თმა ცვიოდა იატაკზე, ის კი ჩუმად იჯდა და ტუჩებს იკვნეტდა. დრო და დრო, როცა სახე გამოუჩნდებოდა, მე ვცდილობდი მის თვალებში ჩახედვას, თუმცა ის მათ არასოდეს ახელდა. ვფიქრობდი, თუ დაჟინებით მივაშტერდებოდი, ცდუნებას   ვერ   გაუძლებდა,   თუმცა   ამასობაში   მისი   თმა   კვლავ   იზრდებოდა   და უფარავდა თვალებს.

მე და ჩემი ძმა უკვე აღარ ვგავდით ერთმანეთს – ის თავს აღარ იპარსავდა და თითქოს ჩემს ჯინაზე კიკინად შეკრულ თმასაც ატარებდა, რომლის სიგრძეც თვიდან თვემდე იზრდებოდა. რამდენჯერმე ვთხოვე დაემოკლებინა, თუმცა მპასუხობდა, რომ მისი სულელური როკჯგუფისათვის ასე იყო საჭირო.

თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც დედამ პატარა მაღაზიაში შემიყვანა. იქ ძველი ტანსაცმლისა და ნესტის სუნი იდგა, თოკზე კი რამდენიმე პარიკი ეკიდა. ჰაერში ქანაობდნენ მკვდარი თმები, თვალებდახუჭული გოგონები და მათი გრძელი, თეთრი კაბები.   მაღაზიიდან   გულშეწუხებული   გამომიყვანეს.   ჩემი   პარიკი   კი   თავზე   ისე მიჭერდა, რომ სუნთქვა მეკვროდა. მთელი ძალით ვცდილობდი მის მოგლეჯას, თუმცა ძალა საერთოდ აღარ მქონდა.

hanging-girls

თვალები რომ გავახილე ჩემს საწოლში ვიწექი, ის კი, რა თქმა უნდა, სანათზე იყო ჩამოცმული – უჩვეულოდ აბურდული და მოუწესრიგებელი. შვებით ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე. ის ისევ იქ იჯდა, მაკრატელი ეჭირა და თმას იჭრიდა. სულ არ მინდოდა,  მაგრამ  მაინც  მივაშტერდი.  უეცრად  თვალები  გაახილა.  მეც  სასწრაფოდ გავაღე.

მთელი  ღამე  ვკითხულობდი,  რომ არ ჩამძინებოდა,  მაგრამ  გამთენიისას  მაინც ჩამთვლიმა.  ჩემს  ფანჯარასთან  იდგა,  აჩეჩილი  თმა  უკან  გადაეყარა  და  მაკრატელს ხელში ათამაშებდა – პირს ხან გაუხსნიდა, ხან კი მოულოდნელად, ხმაურით ხურავდა.

-დღეს დედას არ დავუვარცხნივარ.

მომიახლოვდა და მაკრატელი ყურთან მომიტანა.

– გესმის? რა სასიამოვნო ხმაა…

თავზე რკინის წვერის შეხება ვიგრძენი – ფრთხილად და ძალდაუტანებლად ხაზავდა  რაღაცას.  მე  ჩუმად  ვიწექი,  ტუჩები  კი  ზუსტად  ისე  მქონდა  მოკუმული, როგორც მას ადრე, ჩემს წარმოდგენებში.

ნელ-ნელა მაკრატელი კანზე დამაჭირა. სიმწრისგან ტუჩზე ვიკბინე, მაგრამ ხმა არ ამომიღია.

-დედას უნდა რომ ჩემნაირი თმები გქონდეს, ჩემნაირი მხიარული და ლამაზი იყო… ჩუმად!

ვიგრძენი, როგორ ჩამომიგორდა საფეთქელზე სისველე. მან კი თავიდან ბღუჯა თმა მოიძრო და სისხლში ამიზილა.

-აი, ასე… აი, ასე, – ჩურჩულებდა  და მაკრატლის წვერით თავზე წერტილოვან ჭრილობებს მაყენებდა, შემდეგ კი მათში თმას „რგავდა“.

მივხვდი, რომ გონებას ვკარგავდი და შევეცადე მაკრატელი წამერთმია.

-არ მოგცემ, არა! – უკვე ყვიროდა და მაკრატელს უფრო გამეტებით იქნევდა. ერთ მომენტში მოვახერხე და ხელში ჩავიგდე, თუმცა  ის ჩემზე ღონიერი იყო – მამაკაცური, ბალნით დაფარული ხელები ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მამას.

* * *

თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც კლინიკაში წამიყვანეს და მითხრეს, რომ მალე საკუთარი თმა მექნებოდა. ახლა თვრამეტი წლის ვარ და მას ყურებს უკან ვიწევ.

ჩემი ძმის როკჯგუფი ისეთი სულელური აღარ მეჩვენება, თმა ისევ გადაიპარსა. მისმა დრამერმა კი კომპლიმენტი მითხრა და სხვა ჯგუფის კონცერტზე დამპატიჟა. სამზადისში მთელი ოჯახი ჩაერთო – ეს ხომ ჩემი პირველი პაემანია.

ცხელი შხაპის ქვეშ ვდგავარ და მასზე ვფიქრობ. დღესვე მაკოცებს? ამის წარმოდგენაზეც კი ჟრუანტელი მივლის. თავი უნდა შევიკავო, თორემ თუ ყველაფერი გავაკეთე და გავუკეთე, რასაც მასზე ვფიქრობ, სერიოზულად აღარ შემომხედავს.

psycho

საჩქაროდ ვათავებ და შამპუნს ბოლოჯერ ვისხამ. როგორ მსიამოვნებს თმაში თითების სრიალი – ალბათ, ისიც ასე მომეფერება. სახეს წყალს ვუშვერ, თვალებს ვხუჭავ და თმას უკან ვიწევ… ძალიან გრძელია.

-პაემანზე უჩემოდ მიდიხარ?

ჩემთან ერთად დგას, კაბა სულ სველი აქვს და ტანზე ეტმასნება.

-ძალიან გრძელია, არა?

თმას ისტერიულად იჭრის და წყალს ატანს, თუმცა მილი იჭედება და ვგრძნობ როგორ მეხება ფეხებზე მოტივტივე თმები.

ოთახში დაკორტნილი თავით გავდივარ. შეშფოთებული დედა სასწრაფოდ ხალათში მახვევს, ჩემი ძმა კი კიბეზე ჩარბის.

-თავს შეუძლოდ გრძნობს… არა, მეც დავრჩები… ჰო, მიდი, გაერთეთ.

ერთმანეთს ისევ ძალიან ვგავართ…

და მაინც, რას ვაკეთებ აქ?

 

უკვე 3 თვე გავიდა, რაც რუმინეთში ვარ და ბევრი რამეც მოგიყევით, თუმცა, ალბათ, გასაგებია, რომ მარტო საგულაოდ არავინ წამომიყვანდა. :D ადრეც ვახსენე, რომ ეს პროექტი რადიოში მუშაობას ითვალისწინებდა, ჰოდა ახლა მოგიყვებით უფრო დეტალურად ჩემი საქმიანობის შესახებ…

prima radio

მოკლედ, რომ ჩამოვედი, პირველივე ორშაბათს გავეშურე რადიო “პრიმაში”, რომელიც სხვა ქალაქში, ჩვენგან დაახლოებით 40 წუთის სავალზე მდებარეობს. თავიდან, მართლა დიდი შემართებით ვიყავი – დილის 6 საათზე ვდგებოდი, არ ვწუწუნებდი, იმის მიუხედავად, რომ ამ დროს თბილი საწოლიდან გამოძრომა და გარეთ, ყინვასა და სიბნელეში გასვლა ძააალიან ძნელია.

თუმცა, გავიდა 1 თვე, 2 თვე და ვნახე, რომ რეალურად არაფერს ვაკეთებდი. თავიდან გვითხრეს, რომ გვექნებოდა ჩვენი ყოველკვირეული შოუ. მოვიფიქრეთ სახელი, ფორმატი, ყველაფერი – ჩავწერეთ, დავამონტაჟეთ, ვაჩვენეთ, მაგრამ მაგის იქით საქმე არ წასულა.

სიმართლე გითხრათ, დიდად კარგი არგამოგვივიდა, თუმცა არც შენიშვნა მოუცია ვინმეს, არც რაიმე უსწავლებია. მე, პირადად, ასეთმა განწყობამ მოტივაცია დამიკარგა და გამაზარმაცა, რაც საშინელებაა. შეიძლება, უსაქმურობის 1 კვირა სასიამოვნო იყოს, მაგრამ შემდეგ უკვე მოსაბეზრებელი ხდება.

საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებულებსკი ჩვენმა ორგანიზაციამ კარგი ამბავი დაგვახვედრა – ის ჩანაწერი, რომელზეც ზემოთ დავწერე, ლოკალური რადიოს თანამშრომლებისთვის მოუსმენინებიათ და, თქვენ წარმოიდგინეთ, დააინტერესათ.

ასე გადმოვბარგდით Vox fm-ზე, სადაც აბსოლიტურად სხვა გარემო დაგვხვდა.

vox fmპირველ რიგში, 6 საათზე გაღვიძება აღარ გვიწევს, რადგან სტუდია ჩვენი სახლიდან ზუსტად 3 წუთის სავალზეა.

ასევე, საქმე გვაქვს რეალურად: მეც და ჰენისაც მიგვყავს ჩვენ-ჩვენი მუსიკალური გადაცემები – მე ინგლისურ, მას კი უნგრულ ენაზე. გუშინ საღამოს გავიდა ჩემი პირველი შოუ და ჭკუაზე არ ვიყავით. გოგოები შევიკრიბეთ ჩემს ოთახში და ვუსმენდით ერთად.

თქვენც თუ დაგაინტერესებთ, ხუთშაბათობით, საქართველოს დროით საღამოს 10 საათის შემდეგ ამ საიტზე შეგეძლებათ ხოლმე ჩემი მოსმენა.

P.S.: ისე, რა უცნაურია – დაახლოებით 1 წლის წინ, ბლოგზე დავწერე “რაღაც ეტაპზე რადიოში სიამოვნებით ვიმუშავებდი-მეთქი” და ასე აგიხდეთ ყველაფერი :D

პირდაპირი ჩართვა ჯოჯოხეთიდან

 

ახლა წესით უნდა მეძინოს. იმიტომ არა, რომ ღამეა. უბრალოდ ძალიან მეძინება, მაგრამ სტუმრად ვარ და ჩემი მასპინძელი საოცრად ხმამაღლა ხვრინავს – აი,  ვინ არის ნამდვილი ადამიანი ორკესტრი :| (მისი ვიბრაცია ბოლომდე აწეულ ყურსასმენებშიც კი აღწევს)

ხვრინვა ჩემთვის საძულველი რამეების ტოპათეულშია. ამ დროს თავს ყოველთვის უსუსურად ვგრძნობ და მგონია, რომ აღარასოდეს გათენდება. შეიძლება ჩემი პირადი ჯოჯოხეთი ასეთიც კი იყოს – მე ვერასოდეს ვიძინებდე, ეშმაკები კი გამუდმებით ხვრინავდნენ და ხვრინავდნენ…

დღეს კიდევ იცით, რისი შემეშინდა? ჩაიში შაქარს ვიყრიდი და უცბად დავეჭვდი, მარილი არ იყოს-მეთქი, ჰოდა გავსინჯე და თითქოს გემო ვერ გავარჩიე თავიდან: თან ტკბილიც იყო და თან მლაშეც… ბებიაჩემი სულ იმას იძახის, მირჩევნია კიდურები მომაჭრან ან დავყრუვდე, ვიდრე თვალის ჩინი დავკარგოო… ისე, გემოს შეგრძნება მხედველობასთან მართლა რა მოსატანია? ან რომელი გურმანი მე ვარ, რომ გამოვიდე თავი. და საერთოდ რა სიგიჟეა ეს არსაიდან მოსული შიშები ?

შიშებზე ჩემი ფობიოგრაფია გამახსენდა.  სულ მინდა ხოლმე ბლოგზე დავდო, მაგრამ ხან მავიწყდება, ხან კიდევ გამომცემლობისგან ნებართვის აღება მეზარება.  იმ დღეს გაგრძელების იდეა მომივიდა თავში. მთლად გაგრძელებასაც ვერ დავარქმევ, სულ სხვა ისტორია უნდა იყოს, მაგრამ იმავე ხაზით, ანუ თმებზე.

პრეზენტაციაზე თქვა კოშკამ, ვერასოდეს წარმოვიდგენდო ქუჩაში თუ დადის გოგო, რომელსაც თმების ეშინიაო და ხალხი ჩემკენ გამოახედა. ალბათ, სანამ მოტრიალდებოდნენ იფიქრეს ვინმე თავგადაპარსული დახვდებოდათ. მე კი ვიდექი მხრებს ჩამოცდენილი კულულებით და ვუღიმოდი:

მოგატყუეთ, მოგატყუეთ – დაცვენილი და მოჭრილი თმების მართლა კი არ მეშინია, უფრო მეზიზღება: პირსაბანში, საპონზე, სველ იატაკზე, ავტობუსში შენ წინ მჯდომი ქალის ქურთუკზე, სკოლასთან 50 თეთრად ნაყიდ ფენოვან ხაჭაპურში…

ემანუელი აღარ ხვრინავს. ჯობს, მოვასწრო და დავიძინო. დილის 5 საათი და 30 წუთია და არაფერიც არ არის კარგად. პუტკუნა და ლამაზი იუსტინას გვერდზე, კედელსა და მის მკერდს შორის საწყლად ვარ ჩაკვეხებული და გული მისკდება იმის წარმოდგენაზე, რომ რამდენიმე საათში ხანგრძლივ და ცივ გზას უნდა დავადგე. 3 დღე – 3 ჰიჩჰაიკი.

ჰოდა, იმას ვამბობდი, მაინც ჯობს დავიძინო-მეთქი. ჩემს შიშებზე, მოგზაურობაზე და კიდევ როგორ გავატარე ეს გრძელი ღამე, შემდეგ პოსტში გიამბობთ.