თმები (ჩემი ფობიოგრაფია)

შესულია მოთხრობათა კრებულში

ინსომნია

მე და ჩემი ძმა ძალიან ვგავდით ერთმანეთს. დაახლოებით ხუთი წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ის მეოთხე ბიჭი, რომელიც ჩვენთან ერთად თამაშობდა, სარკეში არეკლილი მე ვიყავი.

რვა   წლისამ   გავაცნობიერე   რომ   გოგო   ვარ.   მაშინ   ბიჭებმა   კატეგორიულად მთხოვეს შარვალი ჩამეხადა. არ ვიცოდი რისი მრცხვენოდა, როცა მათ პატარა მატლებს ვუყურებდი, მაგრამ სირცხვილი მაშინ გენახათ, ჩემს უბეში სიცარიელე რომ აღმოვაჩინე.

ათი წლისამ დედას ნივთებში გაზეთში გამოხვეული შავი თმა ვიპოვე. მახსოვს ჩემი გახარებული სახე და მასზე გადღაბნილი წითელი პომადა. თმა ძალიან ცოტა იყო, სულ ორი-სამი კულული, მაგრამ ყურს უკან მაინც გადავიწევდი რამეს.

შემდეგი სამი წელი ამაოდ ვცდილობდი თავზე მიმეწებებინა, სამი წლის შემდეგ კი, როცა რამდენიმე ღერიღა დარჩა – დავნებდი…

თმები - ფობიოგრაფია

ცამეტი წლისას დაბადების დღეზე მხრებამდე გაშლილი ქერა თმები მაჩუქეს. დედამ საგულდაგულოდ დავარცხნა ღამის სანათზე ჩამოცმული პარიკი და ნაწნავიც კი გაუკეთა. ასე იყო ყოველ საღამოს, მე საწოლიდან ვადევნებდი თვალს როგორ ნაზად უსმევდა დედა სავარცხლის კბილებს სხვა გოგონას მკვდარ თმებს და ვცდილობდი წარმომედგინა თუ რა შეიძლებოდა მეგრძნო.

ვფიქრობდი იმაზე, თუ ვის ეკუთვნოდა სინამდვილეში ეს თმები – ჩემს გონებაში ნელ-ნელა გამოისახა ჩემი თანატოლი გოგონა, რომელიც სულ ჩუმად იჯდა, საღებავაქერცლილი მაკრატელი კი მის თვალებთან, ყურებთან და ყელთან დახტოდა. ძალიან, ძალიან ბევრი თმა ცვიოდა იატაკზე, ის კი ჩუმად იჯდა და ტუჩებს იკვნეტდა. დრო და დრო, როცა სახე გამოუჩნდებოდა, მე ვცდილობდი მის თვალებში ჩახედვას, თუმცა ის მათ არასოდეს ახელდა. ვფიქრობდი, თუ დაჟინებით მივაშტერდებოდი, ცდუნებას   ვერ   გაუძლებდა,   თუმცა   ამასობაში   მისი   თმა   კვლავ   იზრდებოდა   და უფარავდა თვალებს.

მე და ჩემი ძმა უკვე აღარ ვგავდით ერთმანეთს – ის თავს აღარ იპარსავდა და თითქოს ჩემს ჯინაზე კიკინად შეკრულ თმასაც ატარებდა, რომლის სიგრძეც თვიდან თვემდე იზრდებოდა. რამდენჯერმე ვთხოვე დაემოკლებინა, თუმცა მპასუხობდა, რომ მისი სულელური როკჯგუფისათვის ასე იყო საჭირო.

თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც დედამ პატარა მაღაზიაში შემიყვანა. იქ ძველი ტანსაცმლისა და ნესტის სუნი იდგა, თოკზე კი რამდენიმე პარიკი ეკიდა. ჰაერში ქანაობდნენ მკვდარი თმები, თვალებდახუჭული გოგონები და მათი გრძელი, თეთრი კაბები.   მაღაზიიდან   გულშეწუხებული   გამომიყვანეს.   ჩემი   პარიკი   კი   თავზე   ისე მიჭერდა, რომ სუნთქვა მეკვროდა. მთელი ძალით ვცდილობდი მის მოგლეჯას, თუმცა ძალა საერთოდ აღარ მქონდა.

hanging-girls

თვალები რომ გავახილე ჩემს საწოლში ვიწექი, ის კი, რა თქმა უნდა, სანათზე იყო ჩამოცმული – უჩვეულოდ აბურდული და მოუწესრიგებელი. შვებით ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე. ის ისევ იქ იჯდა, მაკრატელი ეჭირა და თმას იჭრიდა. სულ არ მინდოდა,  მაგრამ  მაინც  მივაშტერდი.  უეცრად  თვალები  გაახილა.  მეც  სასწრაფოდ გავაღე.

მთელი  ღამე  ვკითხულობდი,  რომ არ ჩამძინებოდა,  მაგრამ  გამთენიისას  მაინც ჩამთვლიმა.  ჩემს  ფანჯარასთან  იდგა,  აჩეჩილი  თმა  უკან  გადაეყარა  და  მაკრატელს ხელში ათამაშებდა – პირს ხან გაუხსნიდა, ხან კი მოულოდნელად, ხმაურით ხურავდა.

-დღეს დედას არ დავუვარცხნივარ.

მომიახლოვდა და მაკრატელი ყურთან მომიტანა.

– გესმის? რა სასიამოვნო ხმაა…

თავზე რკინის წვერის შეხება ვიგრძენი – ფრთხილად და ძალდაუტანებლად ხაზავდა  რაღაცას.  მე  ჩუმად  ვიწექი,  ტუჩები  კი  ზუსტად  ისე  მქონდა  მოკუმული, როგორც მას ადრე, ჩემს წარმოდგენებში.

ნელ-ნელა მაკრატელი კანზე დამაჭირა. სიმწრისგან ტუჩზე ვიკბინე, მაგრამ ხმა არ ამომიღია.

-დედას უნდა რომ ჩემნაირი თმები გქონდეს, ჩემნაირი მხიარული და ლამაზი იყო… ჩუმად!

ვიგრძენი, როგორ ჩამომიგორდა საფეთქელზე სისველე. მან კი თავიდან ბღუჯა თმა მოიძრო და სისხლში ამიზილა.

-აი, ასე… აი, ასე, – ჩურჩულებდა  და მაკრატლის წვერით თავზე წერტილოვან ჭრილობებს მაყენებდა, შემდეგ კი მათში თმას „რგავდა“.

მივხვდი, რომ გონებას ვკარგავდი და შევეცადე მაკრატელი წამერთმია.

-არ მოგცემ, არა! – უკვე ყვიროდა და მაკრატელს უფრო გამეტებით იქნევდა. ერთ მომენტში მოვახერხე და ხელში ჩავიგდე, თუმცა  ის ჩემზე ღონიერი იყო – მამაკაცური, ბალნით დაფარული ხელები ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მამას.

* * *

თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც კლინიკაში წამიყვანეს და მითხრეს, რომ მალე საკუთარი თმა მექნებოდა. ახლა თვრამეტი წლის ვარ და მას ყურებს უკან ვიწევ.

ჩემი ძმის როკჯგუფი ისეთი სულელური აღარ მეჩვენება, თმა ისევ გადაიპარსა. მისმა დრამერმა კი კომპლიმენტი მითხრა და სხვა ჯგუფის კონცერტზე დამპატიჟა. სამზადისში მთელი ოჯახი ჩაერთო – ეს ხომ ჩემი პირველი პაემანია.

ცხელი შხაპის ქვეშ ვდგავარ და მასზე ვფიქრობ. დღესვე მაკოცებს? ამის წარმოდგენაზეც კი ჟრუანტელი მივლის. თავი უნდა შევიკავო, თორემ თუ ყველაფერი გავაკეთე და გავუკეთე, რასაც მასზე ვფიქრობ, სერიოზულად აღარ შემომხედავს.

psycho

საჩქაროდ ვათავებ და შამპუნს ბოლოჯერ ვისხამ. როგორ მსიამოვნებს თმაში თითების სრიალი – ალბათ, ისიც ასე მომეფერება. სახეს წყალს ვუშვერ, თვალებს ვხუჭავ და თმას უკან ვიწევ… ძალიან გრძელია.

-პაემანზე უჩემოდ მიდიხარ?

ჩემთან ერთად დგას, კაბა სულ სველი აქვს და ტანზე ეტმასნება.

-ძალიან გრძელია, არა?

თმას ისტერიულად იჭრის და წყალს ატანს, თუმცა მილი იჭედება და ვგრძნობ როგორ მეხება ფეხებზე მოტივტივე თმები.

ოთახში დაკორტნილი თავით გავდივარ. შეშფოთებული დედა სასწრაფოდ ხალათში მახვევს, ჩემი ძმა კი კიბეზე ჩარბის.

-თავს შეუძლოდ გრძნობს… არა, მეც დავრჩები… ჰო, მიდი, გაერთეთ.

ერთმანეთს ისევ ძალიან ვგავართ…

Advertisements

13 thoughts on “თმები (ჩემი ფობიოგრაფია)

  1. ვააა, ჩამითრია ისე, 1 სული მქონდა ბოლოს რა იქნებოდა გამეგო…პ.ს. დედაჩემსაც აქვს ჩემი კულულები შენახული ;)

  2. კარგი იყო, მე სიბნელის მეშინია ძალიან :D სიბნელეში გაქრობის და იქიდან რაღაც არსებების გამოჩენის :D
    ძალიან მომეწონა მაგრად ჩამითრია და ერთი სიამოვნებით ჩავიკითხე <3

    • დიდი მადლობა… გამიხარდა ეს შეფასება ძალიან :)

      ჩემს მეგობარს დაახლოებით შენნაირი შიში აქვს – გონია რომ სიბნელეში რაღაც მოეჩვენება და კიდევ, ღამით სარკეში ვერ იხედება – ეშინია, რომ საკუთარი თავი დაეჭყანება :D

      • :D არა მე სიბნელეში იმისაც მეშინია, რომ გავქრები. რაც ფერებზე გავიგე (ანუ ის, რომ ფერი იქიდან ჩნდება ის საგანი რა ფერსაც ირეკლავს, მაგრამ თუ შავია ანუ ვერაფერს ირეკლავს მზისგან) მას შემდეგ იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ სიბნელეში რომ არ ვჩანვარ ვარსებობ კი საერთოდ? იქნებ ეს არსებობაც რაღაცის ნაწილია, რომ დღე ჩანხარ და ღამე არა :D მოკლედ სიბნელეში საწოლიდან ფეხის გადაყოფისაც მეშინია, რომ რამე არ ამოძვრეს და არ მომაჭრას, ან არ მომაჭამოს. როგორც იტყვიან ჩემი ფანტაზია მეხუმრება ხოლმე ძალიან, როცა წარმოვიდგენ არარსებულ ურჩხულებს (თან სიზმარშიც ძალიან ხშირად მესტუმრებიან ხოლმე) მათი არსებობის მჯერა და ისიც სიბნელეში ყველაფერს დაიჯერებს კაცი, როცა არაფერი არ ჩანს. :დ
        წელს მეც გადავწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება და ამიტომ დავგუგლე დავძებნე როგორ სტილში უნდა მეწერა. არ ვიცოდი უბრალოდ უნდა დამეწერა შიშზე თუ მხატვრულად და თან მოთხრობის მაგვარი სახე მიმეცა :დ ხოდა ახლა მივხვდი და ამისთვისაც დიდი მადლობა <3 <3
        ძალიან დამეხმარა ეს ბლოგი ^_^

      • წარმატებებს გისურვებ ძალიან მიყვარს “ინსომნია”… თანაც წელს ბათუმში ტარდება <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s