on my mind

 

გუშინ დავბრუნდი მოხალისეთა შემაჯამებელი შეხვედრიდან, სადაც ძალიან კარგად გავერთე, ახალი მეგობრები შევიძინე, ახალი იდეები გამიჩნდა და იმის საშუალებაც მომეცა, რომ დავფიქრებულიყავი გასულ 5 თვეზე.

ცოტა ხნის წინ თინათინმა მომწერა, შენი პოსტებიდან ვხვდები, რომ გაიზარდე და უფრო თავდაჯერებული გახდიო. შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ მე თვითონ საკუთარ თავს დიდ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ. ალბათ იმიტომ რომ არასოდეს ვყოფილვარ ძალიან მორცხვი, ჩაკეტილი ან ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანი. განვითარებითაც ყოველდღიურად წინ მივდიოდი,  თუმცა, რა თქმა უნდა, აქ მიღებულმა გამოცდილებამ ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივზე მეტად შეცვალა და ბევრ რამეში დამეხმარა. მაგალითად, დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებაში.

მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს პუნქტი ბოლომდე გამწვანებულა, რადგან აქ უზრუნველყოფილი ვარ საცხოვრებლით, არ მიწევს კომუნალური გადასახადებისთვის ფულის ხარჯვა და ა.შ. ნამდვილი დამოუკიდებლობა ის იქნება, თუ უკან დაბრუნებული მოვახერხებ ეს ყოველივე საკუთარ თავზე ავიღო.

მოდი, დავარქვათ ჩემს აქ ცხოვრებას რეპეტიცია თავისუფლებისათვის.

გარდა ამისა, ვაგრძელებ ფიქრს იმაზე, თუ რა მინდა გავაკეთო უახლოეს მომავალში. სულ რაღაც 2 წლის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ მარკეტინგში მუშაობა მინდოდა, ახლა ისევ ჟურნალისტიკისკენ მოვტრიალდი და თან ისე, რომ თუ ჩემი გეგმა განვახორციელე, შესაძლოა, გარკვეული წვლილი შევიტანო მის წინსვლაში.

თუმცა საღი აზრი და თვითშეფასების უნარი ჯერ არ დამიკარგავს – სანამ რაიმე სფეროს განვითარებაზე ზრუნვას დავიწყებ, ჯერ მე თვითონ უნდა განვვითარდე ამ მიმართულებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ამაში საბოლოოდ მაგისტრატურა დამეხმარება.

რადიოში მუშაობა ძალიან მომწონს… მართალია, ჩემი პროექტი მთლად ჟურნალისტიკა არ არის, თუმცა მაინც მედია სივრცეში ვტრიალებ და ეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი მეგობარი სალომე რამდენიმე თვეა რადიო “ჯიპასთვის” გადაცემა “იმპულსს” ამზადებს და საშინლად საინტერესო თემები აქვს ხოლმე – აი, თუნდაც დღევანდელი ჩანაწერი მომავლის ჟურნალისტიკაზე.

მიხარია, რომ ბევრი ჩემი მეგობარი უკვე სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. თუნდაც, გიორგი გოგუა – ბიჭი, რომლითაც ვამაყობ. კარგად მახსოვს, როგორც დაიწყო – წერდა და რედაქციებში მიჰქონდა. მერე “კვირის პალიტრაში” სვეტი მისცეს, მერე “ლიბერალში” გადავიდა – ავღანეთში გაუშვეს გადასაღებად, უკრაინაში თვითონ წავიდა. დღეს, თუ არ ვცდები, პირველ არხზე და რადიო თავისუფლებაშია. ზუსტად რამდენიმე წუთის წინ გადავაწყდი მის ფოტოს, სადაც თურმე სკოლის დამამთავრებელი კლასების ბავშვებს ჟურნალისტიკაზე ესაუბრება. კი, მას ნამდვილად აქვს ამის უფლება : )

იმედი მაქვს, რომ მალე საკუთარი თავითაც ასე ვიამაყებ… EVS-მა მომცა ის ყველაფერი, რაც საფუძვლისთვის მაკლდა. პიროვნულად, პროფესიულად – ყველა მხრივ შემამზადა შემდეგი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის.

ახლა კი ზუსტად 3 თვე დამრჩა – მოგზაურობის, გართობისა და მუსიკის 3 თვე.

ორი შავი წინდა

 

საახალწლო პოსტში მეწერა ეს:

“სილივრუს სარკის წინ მდგომ პროფესორ დამბლდორს ჰარი პოტერი ეკითხება თუ რას ხედავს ის მასში… და რას პასუხობს ჰოგვორტსის დირექტორი და ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი?

“”აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინცდამაინც წიგნი მაჩუქოს”

ჰოდა, ამ ფრაზას ცოტა ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, წიგნს პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების, წინდებს კი ზრუნვისა და სიყვარულის სიმბოლოდ მივიჩნევთ, მაშინ ვიტყვი, რომ მე ძალიან კარგად მესმის მისი.

ბრძენმა გველმა მართლაც ძალიან საინტერესო წიგნი დამიწერა. აი, 2014 წელს მომავალ ცხენზე კი, იმედია ჩემი ბიჭია ამხედრებული თბილი წინდებით ხელში, რადგან ღამ-ღამობით გაყინულ ფეხებს ჯერ კიდევ ვერაფერი მოვუხერხე :) “

ჰოდა, მერე გამახსენდა, რომ ჩემი ბოლო ბიჭისგან სამახსოვროდ მართლა წინდები დამრჩა. :D

ზაფხული იყო და თბილისში ძალიან ცხელოდა, მაგრამ მე მეგობრებთან მივდიოდი ქალაქგარეთ, სადაც საღამოობით ციოდა ხოლმე. ჩავალაგე ჩანთა და წასვლამდე ამას გავუარე, ჰოდა იქ გამახსენდა ფეხზე თბილი ჩასაცმელი რომ არ მქონდა. თავისი გამატანა. დამრჩა და დამრჩა მერე…

ჰოდა, ასეა – წინდებშიც არ ყოფილა საქმე.

ყოველ შემთხვევაში, თუ პეპი არ ხარ…

ბედის ირონია, ანუ ორჰან ფამუქი თბილისს მიემგზავრება

 

ეს მოხდა 2010 წლის ზაფხულში, თურქეთში, კუშადასში.

ჩანთები რომ ამოვალაგეთ, მამიდაჩემმა წიგნი ამოიღო, საიდანაც სათვალიანი კაცი მიმზერდა.

ორჰან ფამუქი

ვინ არის-მეთქი, ვკითხე.

თანამედროვე თურქი მწერალიაო.

მაშინ “ჯევდეთ ბეის და მისი ვაჟიშვილების” მხოლოდ რამდენიმე გვერდს გადავავლე თვალი და წაკითხვა სამომავლოდ გადავდე… აბა, ამისთვის მეცალა? მთელ დღეებს ან სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისების ათვისებაში ვატარებდი (სხვათა შორის, Carpe diem ერქვა და მეც ვცდილობდი, ყოველი წამი დამეჭირა) ან სკაიპში (სადაც ჩემს მორიგ სასიყვარულო ურთიერთობას ეყრებოდა არც თუ ისე მყარი საფუძველი)…

ნამდვილი სიყვარული კი თურმე “უმანკოების მუზეუმში” იყო და ჩვენც იქ შევხვდით – ჯერ წიგნის ფურცლებზე (გერმანიისკენ მიმავალს, მინსკის აეროპორტში წინა და უკანა გზაზეც 6-6 საათი მიწევდა მარტოს ლოდინი. ჰოდა, სწორედ ეს მარტოობა გადამატანინა)… შემდეგ სტამბულში ჩავაკითხე.

და წიგნების ფესტივალზეც მთელი ფული მას დავახარჯე.

ბედნიერი ვიყავი იმის აღმოჩენით, რომ საქართველოში პირველად ორჰან ფამუქი სწორედ იმ გამომცემლობამ თარგმნა და დაბეჭდა, რომელშიც მე ვმუშაობდი (ოღონდ, ჩემს მისვლამდე დიდი ხნით ადრე). რაღაც არსებობს-მეთქი, მჯეროდა…

მან კი მაინცდამაინც მაშინ მოინდომა თბილისში, ჩემს ქალაქში ჩამოსვლა, როდესაც მე იქ არ ვარ.

დედას გეფიცებით, ზუსტად ისე ვეჭვიანობ, როგორც შეყვარებული ქალი. მშურს ყველა იმ ადამიანის, ვინც მას გაესაუბრება ან უბრალოდ მოუსმენს…

მაგრამ იქნებ ასეც უნდა იყოს? იქნებ ჩვენი პირველი, ნამდვილი შეხვედრა არ უნდა ჩაიკარგოს მის სხვა თაყვანისმცემლებს შორის? იქნებ ის ყველაფერი, რაც უკვე მოგიყევით იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ოდესმე აუცილებლად გავიცნობთ ერთმანეთს.

მაგალითად, სტამბულში…

ორჰანს თამთასგან

P.S.: მაგრამ თუ ჩემთვის ერთ ზედმეტ ავტოგრაფს გამოართმევთ, მაინც გამიხარდება : ))