სხეულის თავისუფალი ვარდნა

ეს მოთხრობა დავწერე ფესტივალ “ინსომნიას” ფარგლებში,

2013 წლის 19 სექტემბერს,

Book city-ში მთელი ღამით მარტო გამოკეტილმა…

ძალიან გამიჭირდა წერა და აი, ესაა, რაც საბოლოოდ გამომივიდა :)

ყოველ დილით, როდესაც დედა ჩემს ოთახში შემოდის, მე თავს ვიმძინარებ ხოლმე, სინამდვილეში კი, უკვე ძალიან დიდი ხანია, ღამით აღარ მძინავს. ეს ყველაფერი იმ გოგონას ბრალია, რომელსაც ახალ სახლში გადმოსვლიდან ძალიან მალევე გადავეყარე.
 
მაშინ ჩემი ძველმანები გადასაყრელად რომ გამემეტებინა, ალბათ, მას კიდევ დიდხანს ვერ გავიცნობდი, თუმცა, ვიფიქრე, შეიძლება ოდესმე რამეში გამომადგეს მეთქი და ჩემი კარადის ზედა, ყველაზე მაღალ თაროზე ავძვერი. ის სწორედ იქ იჯდა და ელოდა, როდის იპოვიდნენ.…
თავიდან ერთი დაბნეული, შეშინებული სული იყო. ისიც კი არ იცოდა სინამდვილეში რას წარმოადგენდა. თუმცა ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვალა, როდესაც ძილიდან საკუთარმა სიმღერამ გამომაღვიძა.
ის ჩემი საწოლის კიდეზე იჯდა და იმ სიმღერას ღიღინებდა, რომელიც დედამ ბავშვობაში მასწავლა, თანაც ზუსტად ჩემი ხმით.
მაშინ პირველად შემეშინდა მისი და მივხვდი, რომ მან ეს იგრძნო.
იმ ღამიდან მოყოლებული, მოჩვენებამ ჩემთან თამაში დაიწყო. მე კი იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვიშორო თავიდან. თვალის მოხუჭვის საშუალებას აღარ მაძლევს. სიამოვნებს, როდესაც ხედავს, როგორ ვკრთები მის ახალ ოინებზე. მას კი ისინი არასოდეს ელევა – ხან ჩემი საბნის პირიდან გამოძვრება ხოლმე, ხან სარკეში მეცხადება თმებჩამოშლილი, ხანაც სხეულში მიძვრება და საკუთარ თავზე კონტროლს მართმევს.
ძალიან მეშინია, რომ ერთ დღესაც სამუდამოდ ჩასახლდება ჩემში, რადგან ვხედავ, როგორ მოსწონს ასე ცხოვრება. მას ხომ აღარც კი ახსოვს, თუ ოდესმე ჩემნაირი იყო.
როგორც კი მისგან დროებით თავის დაღწევას ვახერხებ, ვცდილობ სამუდამოდ მოშორების ხერხებზე ვიფიქრო. ამის შესახებ ლაპარაკს, რა თქმა უნდა, ვერავისთან ვბედავ, მათ შორის, ვერც დედასთან, რომელიც ბოლო დროს სულ დადარდიანებულია და ხმას თითქმის არ მცემს. არ ვიცი, რა მოუვიდა. იქნებ მასაც ჰყავს საკუთარი მოჩვენება? თუმცა მე, ჯერჯერობით, ამ საძაგელი გოგონას გარდა სახლში სხვას არავის შევხვედრილვარ.
დიდი ხნის წინათ წავიკითხე, რომ ბოროტი სულები ძალას კარგავენ, როდესაც მათი აღარავის სჯერა და საკუთარ არსებობაში თავადაც ეპარებათ ეჭვი, თუმცა იმის შესახებ, თუ როგორ გამოგვეწვია ეს ყოველივე წიგნში ერთი სიტყვაც არ ეწერა.
აი, ახლა, წუთი წუთზე გამოჩნდება. შეიძლება, სწორედ წიგნიდან ამოფრინდეს ან საწოლში გადავბრუნდე და უკვე იქ იწვეს. თვალებს თუ დავხუჭავ, იფიქრებს, რომ მძინავს და შეეცდება გამაღვიძოს, მაგრამ არ გავახელ. მანამ არ გავახელ, სანამ ჩემი სახლიდან სამუდამოდ არ წავა, ან ისევ თავის თაროზე არ შემოჯდება შეშინებული.
ქუთუთოებს მთელი ძალით ვაჭერ ერთმანეთს და ვცდილობ, ცნობისმოყვარეობამ არ მძლიოს. დარწმუნებული ვარ ის აქ არის და სადმე იმალება. შეიძლება, უკვე ჩემს საწოლთანაც კი იდგეს ან კიდევ უარესი, ჰაერში ტივტივებდეს, ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა.
მხოლოდ ერთი წამით ვიჭყიტები, რომ უბრალოდ შევამოწმო… იქნებ უკვე წავიდა?!
ოთახში სრული სიჩუმეა, ისეთი ავის მომასწავებელი სიჩუმე, როგორიც არასოდეს მსმენია. ფრთხილად ვიწევი საწოლიდან და ირგვლივ ვიხედები, მერე მის ქვეშეთსაც ვამოწმებ, თუმცა იქ შემთხვევით შეგორებული ბურთის, სათამაშოებისა და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმლის მეტი არაფერია.
ხომ შეიძლება საკუთარ სამალავშიც იჯდეს ?!… თვალს შიშით ვაპარებ ჭერამდე აზიდული კარადისაკენ. უნდა ავდგე და შევამოწმო. იქამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია – ერთი, ორი და სამი!
უეცრად ყველა კარი და ფანჯარა თავისით, ერთდროულად იღება. ის არსად არის, თუმცა ყველაფერშია. ოთახში ფურცლები დაფრინავენ, ფარდები ერთმანეთში იხლართებიან.
– დედააა, დედააა! – ვყვირი ბოლო ხმაზე და საბნის ქვეშ ვიკუნტები, თუმცა ქარი მასაც ჰაერში აფრიალებს. მე კი საწოლის თავს მთელი ძალით ვეჭიდები, რომ თან არ წამიყოლოს და ყვირილსაც არ ვწყვეტ.
როგორც იქნა, ნაბიჯების ხმა მესმის. დედა უკვე ჩემს ოთახშია, თუმცა ჩემკენ არც კი იხედება, ისე კეტავს ფანჯარას. ქარიც დგება.
– დედიკო, მოდი ჩემთან, ძალიან მეშინია! – ვტირი და ცრემლებს ბალიშზე ვიმშრალებ.
ის კი ჩემკენ კი არა, კარისკენ მიდის, თუმცა გზად კარადასთან ჩერდება. დგას და მაღლა იყურება.
იქნებ მან ყველაფერი იცის? რას ეძებს იქ, ზედა თაროზე?
– ჩემი პატარა გოგო, – ამბობს უმისამართოდ და კარადის კარს ხმაურით ხურავს.
აქ ძალიან ბნელა და ცივა. ვზივარ და ველოდები, როდის მიპოვნიან.

გადაfaceბა

 

ამ პოსტს facebook-ზე არ დავაშეარებ.

ზუსტად 56 დღის წინ დიდი ხალისით და შემართებით წამოვიწყე ვირტუალური თამაში 100 happy days, რომლის იდეაც არის, რომ ადამიანებმა შევამჩნიოთ ის მცირედი დეტალები, რაც გვაბედნიერებს და გავუზიაროთ გარშემომყოფებს და არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ ყველას, ვინც დარეგისტრირებულია facebook-ზე…

ალბომს ალეგორიულად დავარქვი ალექსანდრ სუპერტრამპის სიტყვები “happiness only real, when shared” და, მგონი, არც ერთ საქმეში რომ არ გამომიჩენია, ისეთი სიბეჯითით დავიწყე ყოველდღე სურათების ატვირთვა… თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ დანებებაც არ მინდოდა, რადგან ერთგვარი აზარტი გამიჩნდა, დამესრულებინა “თამაში”, რომელშიც თურმე მონაწილეთა 71% ჩაფლავდა (სიტყვა Fail-ის ასე თარგმნა ძალიან მომწონს :D )

ბოლოს გადავწყვიტე, ალბომი უბრალოდ დამეხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოების ატვირთვას გავაგრძელებ, თუმცა მათ მხოლოდ მე დავინახავ. შესაძლოა, ოდესმე მომინდეს და გავხსნა, თუმცა ამ ეტაპზე მართლა არ მაქვს სურვილი ჩემი ბედნიერებები ვაშეარო … და არა მხოლოდ ეს, სხვა ალბომებიც ჩავკეტე. იცით რამდენი იყო?

უცბად პროტესტის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი თავის მიმართ, რომ ასეთი სიხშირით ვპოსტავ ჩემი ყოველი ნაბიჯის შესახებ. ოღონდ არა იმიტომ, რომ ვირტუალური ცხოვრებით ვცხოვრობ – პირიქით, ძალიან აქტიური რეალური ცხოვრება მაქვს და ჯობს მას ფასი არ დავუკარგო.

ბევრმა თქვენგანმა, შეიძლება, ვერ გამიგოს და ეს პოსტიც კი დამიპირისპიროს – მაშინ აქ რაღატომ წერო? თუმცა ასეც არ განვდგომილვარ ვირტუალურ სივრცეს… გონიერებისა და ზომიერების ფარგლებში ყველაფერი კარგია. ხანდახან, გაბრაზებულ გულზე facebook-ს რომ ვაუქმებთ ხოლმე, სინამდვილეში ეგ, ისევ და ისევ facebook-ისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მიმნიჭებელი ქცევაა. მე თვითონ რამდენჯერმე მოვიქეცი ასე – ხან 2 დღით, ხან 1 კვირით… თუმცა შემდეგ ისევ ვბრუნდებოდი და ვაგრძელებდი ძველებურ რეჟიმში პოსტვასა და სქროლვას…

დღესაც გამიელვა თავში გაუქმების იდეამ, თუმცა უცბად მივხვდი, რომ არავითარი აზრი არ აქვს, თუ მალე ისევ უნდა აღადგინო. უბრალოდ გადავწყვიტე შედარებით პასიურ მომხმარებლად ვიქცე და ჩემმა მეგობრებმა ჩემი ამბები არა საქვეყნოდ დაშეარებული პოსტებიდან, არამედ პირადად ჩემგან გაიგონ.

თმები – რა მოხდა სინამდვილეში?

ნაწილი II, რომელიც

I უნდა ყოფილიყო

ტყუილია ის, რასაც ჩემზე გიყვებიან. ნუ კითხულობთ ამ ფერად-ფერად ზღაპრებს. გამორთეთ ტელევიზორიც… არავის გამოვუკეტივარ კოშკში, არც უფლისწული ამოცოცებულა ჩემს ნაწნავზე და, ღმერთო ჩემო, დრაკონები საერთოდ არ არსებობენ!

Rapunzel

იყო (და არა იყო რა) ჩემი ოჯახი – დედა, მამა და მერე უკვე მე. ადრეული ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი რომ ბედნიერად ვცხოვრობდით. ჩემი მშობლები დიდხანს ელოდნენ ჩემს გაჩენას და, როგორც იქნა, შუახნის ასაკს მიღწეულებს ეყოლათ ნანატრი შვილი.

ის კი მართალია, რომ გრძელი და ლამაზი თმა მქონდა. ყველას უკვირდა, რადგან ჩვეულებრივზე სწრაფად მეზრდებოდა და სკოლაში რომ შემიყვანეს, უკვე წელამდე მწვდებოდა. თავს ვიწონებდი ჩემი თეთრი ბაფთითა და ნაწნავით, თუმცა სახლში დაბრუნებულს თავის საშინელი ქავილი დამეწყო. მეორე დღეს მთელ სოფელში ხმა გავარდა, რომ პირველკლასელებს ტილები დაესივნენ.

გამოვიდნენ დედები ეზოებში, დააფინეს ძირს თეთრი ზეწრები, ზედ დაგვსვეს, თავები დაგვახრევინეს და დაიწყეს წვრილკბილა სავარცხლებით ჩვენი დავარცხნა. ტკაპ, ტკაპ, ტკაპ – ირგვლივ ფრჩხილებშორის მოქცეული ტილების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ატყდა. ჯერ ბიჭების დედები მორჩნენ, შემდეგ მოკლეთმიანი გოგონების, ბოლოს გრძელთმიანებისაც… მე კი ისევ თავდახრილი ვიჯექი.

მზე უკვე სახლს უკან იყო მოქცეული, როცა მამამ დედას უთხრა, გადავპარსოთ, სხვა რა გზა გვაქვსო. შემიყვანეს ჩვენს სააბაზანოში, მომიდგეს გვერდით წყლით სავსე ვარცლი, საპონი, მაკრატელი და მამას სამართებელი. დედამ თმა დამიწნა და გარეთ გავიდა, ამას ვერ ვუყურებო. მისმა სიტყვებმა შემაშინა, თუმცა მამამ დამამშვიდა, თავშესაქცევი ამბების მოყოლა დაიწყო და ხელში მაკრატელი შეათამაშა.

შემდეგ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ უზურგო სკამზე წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და იატაკზე გავგორდი. მამა თავზე მადგა, ხელები, სახე და პერანგი კი სისხლით ჰქონდა მოსვრილი…

 * * *

რამდენიმე დღე თავშეხვეული ვიწექი, ყოველ საათში ერთხელ მიცვლიდნენ სახვევს, მაგრამ სისხლი მაინც ჟონავდა. დედა მამას ეჩხუბა, ეგონა, რომ მოუხერხებლობით თავი გამიჭრა, თუმცა ვერც მან და ვერც სოფლის ექიმმა ჭრილობა ვერ იპოვეს – სისხლი თმის ღერებიდან მოდიოდა.

pillow-blood

მსგავსი არაფერი გვინახავსო, თავი გადაიქნია ყველამ – სოფლად და ქალაქად.

ტკივილმა მხოლოდ მას შემდეგ გამიარა, თმამ რომ ზრდა დაიწყო. ნელ-ნელა სისხლდენაც შეჩერდა და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი. მხოლოდ ჩემი მშობლები ვერ ისვენებდნენ, ყველას ეკითხებოდნენ ასეთი და ასეთი რამ თუ გაგიგიათო… პასუხი არავის ჰქონდა.

ჩემი თმა კი იზრდებოდა და იზრდებოდა. სკოლა რომ დავამთავრე, უკვე კოჭებამდე მცემდა. ძალიან მძიმე იყო და ამიტომ ბეჭებში მოხრილი დავდიოდი. მალე ისე დაგრძელდა, რომ სიარულის თავიც აღარ მქონდა – თუ დედა კოსად ამიკეცავდა, მისი სიმძიმე კისერს მწყვეტდა, გაშლილი კი ფეხებში მედებოდა.

ასეა, კოშკში არავის გამოვუკეტივარ. მე თვითონ დავჯექი სახლში და თმა ფანჯარაზე გადავფინე, რადგან ხანდახან ქარი დაუბერავდა და შემიმსუბუქებდა ხოლმე. რამდენიმე წლის განმავლობაში გარეთ სულ ორჯერ გავედი – ორჯერვე ჩემი მშობლების დასაკრძალად…

არ გასულა დიდი ხანი, რომ ფანჯრის რაფაზე ჩაძინებული თმაზე მსუბუქმა ჩამოქაჩვამ გამაღვიძა. ეზოში ახალგაზრდა კაცი იდგა – აი, ის, თქვენ რომ პრინცი გგონიათ. თუმცა სახლში ჩვეულებრივ შემოვიდა, თავად შემოვიპატიჟე… გაიხუმრა, შენს თმას ამოვყვებიო, თუმცა, რა თქმა უნდა, კარებით ისარგებლა. მითხრა რომ ჩემი მშობლების მეგობრის ვაჟი იყო და მამამ ჩემს მოსავლელად გამოგზავნა. იცოდა, რომ გარეთ ვერ გავდიოდი, უმწეო ვიყავი და მომარაგებული საკვებიც მალე შემომელეოდა.

დარჩი-მეთქი, ვუთხარი და დარჩა.

დილით უკვე აქ გავიღვიძე. თავი ისე მსუბუქად ვიგრძენი, ბევრი აღარც მიდარდია. მხოლოდ ის წუთები იყო მძიმე, როდესაც ჩემი სიკვდილის სცენა მაჩვენეს: მიწაზე თეთრი ზეწარი დედაჩემივით დააფინა, ზედ ჩემი თმები დააწყო, ფანჯრამდე ამოცოცდა და დიდი, სარეველას საჭრელი მაკრატლით წამჭრა. სისხლმა დენა დაიწყო თუ არა ხელი მკრა და სახლში შემაგდო, თვითონ კი მარდად ჩახტა ქვევით, ზეწარს პირი მოუკრა და გუდიანი კაცივით სიბნელეში გაუჩინარდა…

fake