თმები – რა მოხდა სინამდვილეში?

ნაწილი II, რომელიც

I უნდა ყოფილიყო

ტყუილია ის, რასაც ჩემზე გიყვებიან. ნუ კითხულობთ ამ ფერად-ფერად ზღაპრებს. გამორთეთ ტელევიზორიც… არავის გამოვუკეტივარ კოშკში, არც უფლისწული ამოცოცებულა ჩემს ნაწნავზე და, ღმერთო ჩემო, დრაკონები საერთოდ არ არსებობენ!

Rapunzel

იყო (და არა იყო რა) ჩემი ოჯახი – დედა, მამა და მერე უკვე მე. ადრეული ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი რომ ბედნიერად ვცხოვრობდით. ჩემი მშობლები დიდხანს ელოდნენ ჩემს გაჩენას და, როგორც იქნა, შუახნის ასაკს მიღწეულებს ეყოლათ ნანატრი შვილი.

ის კი მართალია, რომ გრძელი და ლამაზი თმა მქონდა. ყველას უკვირდა, რადგან ჩვეულებრივზე სწრაფად მეზრდებოდა და სკოლაში რომ შემიყვანეს, უკვე წელამდე მწვდებოდა. თავს ვიწონებდი ჩემი თეთრი ბაფთითა და ნაწნავით, თუმცა სახლში დაბრუნებულს თავის საშინელი ქავილი დამეწყო. მეორე დღეს მთელ სოფელში ხმა გავარდა, რომ პირველკლასელებს ტილები დაესივნენ.

გამოვიდნენ დედები ეზოებში, დააფინეს ძირს თეთრი ზეწრები, ზედ დაგვსვეს, თავები დაგვახრევინეს და დაიწყეს წვრილკბილა სავარცხლებით ჩვენი დავარცხნა. ტკაპ, ტკაპ, ტკაპ – ირგვლივ ფრჩხილებშორის მოქცეული ტილების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ატყდა. ჯერ ბიჭების დედები მორჩნენ, შემდეგ მოკლეთმიანი გოგონების, ბოლოს გრძელთმიანებისაც… მე კი ისევ თავდახრილი ვიჯექი.

მზე უკვე სახლს უკან იყო მოქცეული, როცა მამამ დედას უთხრა, გადავპარსოთ, სხვა რა გზა გვაქვსო. შემიყვანეს ჩვენს სააბაზანოში, მომიდგეს გვერდით წყლით სავსე ვარცლი, საპონი, მაკრატელი და მამას სამართებელი. დედამ თმა დამიწნა და გარეთ გავიდა, ამას ვერ ვუყურებო. მისმა სიტყვებმა შემაშინა, თუმცა მამამ დამამშვიდა, თავშესაქცევი ამბების მოყოლა დაიწყო და ხელში მაკრატელი შეათამაშა.

შემდეგ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ უზურგო სკამზე წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და იატაკზე გავგორდი. მამა თავზე მადგა, ხელები, სახე და პერანგი კი სისხლით ჰქონდა მოსვრილი…

 * * *

რამდენიმე დღე თავშეხვეული ვიწექი, ყოველ საათში ერთხელ მიცვლიდნენ სახვევს, მაგრამ სისხლი მაინც ჟონავდა. დედა მამას ეჩხუბა, ეგონა, რომ მოუხერხებლობით თავი გამიჭრა, თუმცა ვერც მან და ვერც სოფლის ექიმმა ჭრილობა ვერ იპოვეს – სისხლი თმის ღერებიდან მოდიოდა.

pillow-blood

მსგავსი არაფერი გვინახავსო, თავი გადაიქნია ყველამ – სოფლად და ქალაქად.

ტკივილმა მხოლოდ მას შემდეგ გამიარა, თმამ რომ ზრდა დაიწყო. ნელ-ნელა სისხლდენაც შეჩერდა და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი. მხოლოდ ჩემი მშობლები ვერ ისვენებდნენ, ყველას ეკითხებოდნენ ასეთი და ასეთი რამ თუ გაგიგიათო… პასუხი არავის ჰქონდა.

ჩემი თმა კი იზრდებოდა და იზრდებოდა. სკოლა რომ დავამთავრე, უკვე კოჭებამდე მცემდა. ძალიან მძიმე იყო და ამიტომ ბეჭებში მოხრილი დავდიოდი. მალე ისე დაგრძელდა, რომ სიარულის თავიც აღარ მქონდა – თუ დედა კოსად ამიკეცავდა, მისი სიმძიმე კისერს მწყვეტდა, გაშლილი კი ფეხებში მედებოდა.

ასეა, კოშკში არავის გამოვუკეტივარ. მე თვითონ დავჯექი სახლში და თმა ფანჯარაზე გადავფინე, რადგან ხანდახან ქარი დაუბერავდა და შემიმსუბუქებდა ხოლმე. რამდენიმე წლის განმავლობაში გარეთ სულ ორჯერ გავედი – ორჯერვე ჩემი მშობლების დასაკრძალად…

არ გასულა დიდი ხანი, რომ ფანჯრის რაფაზე ჩაძინებული თმაზე მსუბუქმა ჩამოქაჩვამ გამაღვიძა. ეზოში ახალგაზრდა კაცი იდგა – აი, ის, თქვენ რომ პრინცი გგონიათ. თუმცა სახლში ჩვეულებრივ შემოვიდა, თავად შემოვიპატიჟე… გაიხუმრა, შენს თმას ამოვყვებიო, თუმცა, რა თქმა უნდა, კარებით ისარგებლა. მითხრა რომ ჩემი მშობლების მეგობრის ვაჟი იყო და მამამ ჩემს მოსავლელად გამოგზავნა. იცოდა, რომ გარეთ ვერ გავდიოდი, უმწეო ვიყავი და მომარაგებული საკვებიც მალე შემომელეოდა.

დარჩი-მეთქი, ვუთხარი და დარჩა.

დილით უკვე აქ გავიღვიძე. თავი ისე მსუბუქად ვიგრძენი, ბევრი აღარც მიდარდია. მხოლოდ ის წუთები იყო მძიმე, როდესაც ჩემი სიკვდილის სცენა მაჩვენეს: მიწაზე თეთრი ზეწარი დედაჩემივით დააფინა, ზედ ჩემი თმები დააწყო, ფანჯრამდე ამოცოცდა და დიდი, სარეველას საჭრელი მაკრატლით წამჭრა. სისხლმა დენა დაიწყო თუ არა ხელი მკრა და სახლში შემაგდო, თვითონ კი მარდად ჩახტა ქვევით, ზეწარს პირი მოუკრა და გუდიანი კაცივით სიბნელეში გაუჩინარდა…

fake

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s