სხეულის თავისუფალი ვარდნა

ეს მოთხრობა დავწერე ფესტივალ “ინსომნიას” ფარგლებში,

2013 წლის 19 სექტემბერს,

Book city-ში მთელი ღამით მარტო გამოკეტილმა…

ძალიან გამიჭირდა წერა და აი, ესაა, რაც საბოლოოდ გამომივიდა :)

ყოველ დილით, როდესაც დედა ჩემს ოთახში შემოდის, მე თავს ვიმძინარებ ხოლმე, სინამდვილეში კი, უკვე ძალიან დიდი ხანია, ღამით აღარ მძინავს. ეს ყველაფერი იმ გოგონას ბრალია, რომელსაც ახალ სახლში გადმოსვლიდან ძალიან მალევე გადავეყარე.
 
მაშინ ჩემი ძველმანები გადასაყრელად რომ გამემეტებინა, ალბათ, მას კიდევ დიდხანს ვერ გავიცნობდი, თუმცა, ვიფიქრე, შეიძლება ოდესმე რამეში გამომადგეს მეთქი და ჩემი კარადის ზედა, ყველაზე მაღალ თაროზე ავძვერი. ის სწორედ იქ იჯდა და ელოდა, როდის იპოვიდნენ.…
თავიდან ერთი დაბნეული, შეშინებული სული იყო. ისიც კი არ იცოდა სინამდვილეში რას წარმოადგენდა. თუმცა ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვალა, როდესაც ძილიდან საკუთარმა სიმღერამ გამომაღვიძა.
ის ჩემი საწოლის კიდეზე იჯდა და იმ სიმღერას ღიღინებდა, რომელიც დედამ ბავშვობაში მასწავლა, თანაც ზუსტად ჩემი ხმით.
მაშინ პირველად შემეშინდა მისი და მივხვდი, რომ მან ეს იგრძნო.
იმ ღამიდან მოყოლებული, მოჩვენებამ ჩემთან თამაში დაიწყო. მე კი იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვიშორო თავიდან. თვალის მოხუჭვის საშუალებას აღარ მაძლევს. სიამოვნებს, როდესაც ხედავს, როგორ ვკრთები მის ახალ ოინებზე. მას კი ისინი არასოდეს ელევა – ხან ჩემი საბნის პირიდან გამოძვრება ხოლმე, ხან სარკეში მეცხადება თმებჩამოშლილი, ხანაც სხეულში მიძვრება და საკუთარ თავზე კონტროლს მართმევს.
ძალიან მეშინია, რომ ერთ დღესაც სამუდამოდ ჩასახლდება ჩემში, რადგან ვხედავ, როგორ მოსწონს ასე ცხოვრება. მას ხომ აღარც კი ახსოვს, თუ ოდესმე ჩემნაირი იყო.
როგორც კი მისგან დროებით თავის დაღწევას ვახერხებ, ვცდილობ სამუდამოდ მოშორების ხერხებზე ვიფიქრო. ამის შესახებ ლაპარაკს, რა თქმა უნდა, ვერავისთან ვბედავ, მათ შორის, ვერც დედასთან, რომელიც ბოლო დროს სულ დადარდიანებულია და ხმას თითქმის არ მცემს. არ ვიცი, რა მოუვიდა. იქნებ მასაც ჰყავს საკუთარი მოჩვენება? თუმცა მე, ჯერჯერობით, ამ საძაგელი გოგონას გარდა სახლში სხვას არავის შევხვედრილვარ.
დიდი ხნის წინათ წავიკითხე, რომ ბოროტი სულები ძალას კარგავენ, როდესაც მათი აღარავის სჯერა და საკუთარ არსებობაში თავადაც ეპარებათ ეჭვი, თუმცა იმის შესახებ, თუ როგორ გამოგვეწვია ეს ყოველივე წიგნში ერთი სიტყვაც არ ეწერა.
აი, ახლა, წუთი წუთზე გამოჩნდება. შეიძლება, სწორედ წიგნიდან ამოფრინდეს ან საწოლში გადავბრუნდე და უკვე იქ იწვეს. თვალებს თუ დავხუჭავ, იფიქრებს, რომ მძინავს და შეეცდება გამაღვიძოს, მაგრამ არ გავახელ. მანამ არ გავახელ, სანამ ჩემი სახლიდან სამუდამოდ არ წავა, ან ისევ თავის თაროზე არ შემოჯდება შეშინებული.
ქუთუთოებს მთელი ძალით ვაჭერ ერთმანეთს და ვცდილობ, ცნობისმოყვარეობამ არ მძლიოს. დარწმუნებული ვარ ის აქ არის და სადმე იმალება. შეიძლება, უკვე ჩემს საწოლთანაც კი იდგეს ან კიდევ უარესი, ჰაერში ტივტივებდეს, ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა.
მხოლოდ ერთი წამით ვიჭყიტები, რომ უბრალოდ შევამოწმო… იქნებ უკვე წავიდა?!
ოთახში სრული სიჩუმეა, ისეთი ავის მომასწავებელი სიჩუმე, როგორიც არასოდეს მსმენია. ფრთხილად ვიწევი საწოლიდან და ირგვლივ ვიხედები, მერე მის ქვეშეთსაც ვამოწმებ, თუმცა იქ შემთხვევით შეგორებული ბურთის, სათამაშოებისა და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმლის მეტი არაფერია.
ხომ შეიძლება საკუთარ სამალავშიც იჯდეს ?!… თვალს შიშით ვაპარებ ჭერამდე აზიდული კარადისაკენ. უნდა ავდგე და შევამოწმო. იქამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია – ერთი, ორი და სამი!
უეცრად ყველა კარი და ფანჯარა თავისით, ერთდროულად იღება. ის არსად არის, თუმცა ყველაფერშია. ოთახში ფურცლები დაფრინავენ, ფარდები ერთმანეთში იხლართებიან.
– დედააა, დედააა! – ვყვირი ბოლო ხმაზე და საბნის ქვეშ ვიკუნტები, თუმცა ქარი მასაც ჰაერში აფრიალებს. მე კი საწოლის თავს მთელი ძალით ვეჭიდები, რომ თან არ წამიყოლოს და ყვირილსაც არ ვწყვეტ.
როგორც იქნა, ნაბიჯების ხმა მესმის. დედა უკვე ჩემს ოთახშია, თუმცა ჩემკენ არც კი იხედება, ისე კეტავს ფანჯარას. ქარიც დგება.
– დედიკო, მოდი ჩემთან, ძალიან მეშინია! – ვტირი და ცრემლებს ბალიშზე ვიმშრალებ.
ის კი ჩემკენ კი არა, კარისკენ მიდის, თუმცა გზად კარადასთან ჩერდება. დგას და მაღლა იყურება.
იქნებ მან ყველაფერი იცის? რას ეძებს იქ, ზედა თაროზე?
– ჩემი პატარა გოგო, – ამბობს უმისამართოდ და კარადის კარს ხმაურით ხურავს.
აქ ძალიან ბნელა და ცივა. ვზივარ და ველოდები, როდის მიპოვნიან.
Advertisements

2 thoughts on “სხეულის თავისუფალი ვარდნა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s