Roxanne

 

და აი, დავიწყე ჩემი ბოლო EVS თვის ათვლაც – 25 ივნისს საქართველოში მოვფრინავ.

წინა პოსტის და საერთოდ ვამა ვეკეზე ვიზიტის შემდეგ ცოტა ხანს ძალიან განვიცდიდი წამოსვლის თარიღის ასე მოახლოებას, თუმცა ახლა ნელ-ნელა ვხვდები, რომ მზად ვარ უკან დასაბრუნებლად, სახლში დასაბრუნებლად. სადაც ჩემი ოჯახი და მეგობრები მელიან. დროც თითქოს აღარ მიქრის ისე სწრაფად. ჯერ კიდევ მაისია და ასე მგონია, ივნისამდე და მით უმეტეს, 25-მდე მთელი ცხოვრებაა…

მართლაც ასეა – აქ გატარებული ყოველი დღე ჩემთვის ცხოვრებას უდრის. ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმით რომ აქ აღმოვჩნდი, აი ზუსტად აქ. ნუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მიდგომაზეა დამოკიდებული. იგივე კითხვა ჩემს რომელიმე ფლეთმეითს ან ბევრ სხვა მოხალისეს რომ დაუსვა, დარწმუნებული არ ვარ რომ იმავეს გიპასუხებენ. საერთოდ, ცხოვრებაშიც ჰო ასე ხდება – ადამიანები სულ წუწუნებენ, რაღაცას დარდობენ, რაღაცას მისტირიან და ამასობაში უამრავ მომენტს კარგავენ. შეიძლება, ხანდახან მეც ასე მოვქცეულვარ, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, ვხვდები რომ ამაზე დიდ სისულელეს ვერაფერს გააკეთებ.

Carpediem

ლიზიმ მითხრა ერთხელ, შენი ამბები სულ ფილმის სიუჟეტებს გავსო. თქვენ გგონიათ მართლა ზის სადმე წვერებიანი რეჟისორი და სცენარისტთან ერთად ჩვენს ცხოვრებაზე მსჯელობს? მე პირადად “სამ ტანცუიეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ” ვარ. თუ სადმე თავგადასავლის სუნს ვგრძნობ, გვერდს ვერ ავუვლი… მაგრამ თუ ეს სუნი არ დგას, მე ვაყენებ :D

1 წლის წინ სოფის ბლოგზე ვიფიცებოდი “Finita la Comedia” – მე თამაშს თავს ვანებებ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. ურთიერთობები – ჩემი ცხოვრების მთავარი აზარტია და ამას ვერასოდეს შეველევი… ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ მოედანზე ჩემზე ძლიერი მოთამაშე არ შემოვა :P

ისე არ გაიგოთ, თითქოს ადამიანებს ვიყენებ და მერე სანაგვეზე ვისვრი… არა, პირიქით – მე მომწონს, როდესაც მათ ცხოვრებაში ფეიერვერკები, სიურპრიზები, სიხარული და ბედნიერება შემაქვს. ამიტომაც არასოდეს არის მოსაწყენი ჩემი ცხოვრება… გვერდით სულ არავინ რომ მყავდეს, საკუთარ თავთანაც მშვენივრად ვერთობი. ამის უნარი, მგონი, ბავშვობაში გამოვიმუშავე – ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, თუმცა მარტო დარჩენილიც მშვენივრად ვთამაშობდი ჩემი თოჯინებით, რომელთათვისაც სხვადასხვა ისტორიებს ვიგონებდი.

ზოგადად, ასტროლოგიას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ერთ საინტერესო ლინკს წავაწყდი, გამოგონილი პერსონაჟებისა და მათი ზოდიაქოების შესახებ. საერთოდ არ გამკვირვებია, როდესაც მშვილდოსანის გასწვრივ ეს ფოტო დავინახე:

Sweet-November-sweet-november

თუ ჩემი ბლოგის არქივებს მოქექავთ, ნახავთ რომ თავს ხშირად ვაიგივებდი სარასთან. მერე, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ამან ცოტა შემაშინა – ვიფიქრე, რომ ამ თამაშ-თამაშში ნამდვილ ემოციებსა და გრძნობებს დავკარგავდი, თუმცა გაურკვევლობამ გადაიარა, საკუთარი თავი მივიღე და კიდევ უფრო შევიყვარე. მე მომწონს ჩემი ცხოვრება… მომწონს, რომ მუდმივად ტანგოს ვცეკვავ და ისიც ვიცი, რომ ამით არასოდეს დავიღლები.

ვიღაცამ, უბრალოდ, ფეხი უნდა ამიწყოს…

ვამა ვეკე, ანუ შავი ზღვა, საიდანაც მზე ამოდის

 

ყველას, ვისაც კი ვამა ვეკეს ვუხსენებდით, თვალებში ეშმაკურად უციმციმებდათ ერთი ფრაზა:

sdrnr

ყოველი წლის პირველ მაისს, რუმინეთის ერთ პატარა, ზღვისპირა სოფელში, რომელიც ბულგარეთის საზღვართან მდებარეობს, სეზონი იხსნება ხოლმე… ამას, რა თქმა უნდა, არ დავაკლდებოდით – მოვიკიდეთ ჩვენი ზურგჩანთები (სხვათა შორის, ახალი, სალაშქრო, იასამნისფერი ზურგჩანთა მაქვს Decathlon-დან) და გავუდექით გზას ტრადიციულად ჰიჩჰაიკით.

SuzzArpi

1 ღამე ბუქარესტში გავათენეთ, მეორე დღეს კი უკვე ზალიკოც შემოგვიერთდა და სულ რაღაც 3 საათში ვამა ვეკეზე ვიყავით.

ჩვენთვის ჰო ემოციური იყო, მაგრამ არპინემ სულ, სულ პირველად ნახა ზღვა. წარმომიდგენია, რა ხდებოდა მის გულში… თუმცა ჩემთვისაც არანაკლები იყო. პოსტი ისე დავიწყე, რომ ახლა შეიძლება ზედმეტ რომანტიკადაც კი მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ რუმინეთში ყოფნის მანძილზე არსად და არასდროს ისე კარგად არ მიგრძნია თავი, როგორც იქ და მაშინ…

ჩვენი კარავი სხვა მოხალისეებთან ერთად გავშალეთ. შუაგულში პატარა წრესავით დავტოვეთ, სადაც ვისხედით, ვთამაშობდით, ვლაპარაკობდით, ვსვამდით და ა.შ. აი, ასე გამოიყურებოდა ჩვენი კემპინგი:

camping

პირველ ღამეს საერთოდ არ მძინებია. დილამდე სანაპიროზე, ცეცხლთან ვიჯექი და ველოდებოდი მზის ამოსვლას შავი ზღვიდან… ჩვენთვის ჰო ყოველთვის პირიქითაა – მზე ზღვაში ჩადის… ერთ ზაფხულს, მე და ირმა ერთად ვიყავით ქობულეთში. დილით მითხრა, მთელი ღამე მზის ამოსვლას ველოდებოდი ზღვაზე… მაშინ მაგრად დავცინე და აი, რამდენიმე წლის მერე მე თვითონ რეალურად მოვხვდი შავი ზღვის დასავლეთით. ამ სანახაობის ძალიან უხარისხო ფოტო მაქვს, რომელსაც აქ არ დავდებ, თუმცა მე ყოველთვის გამახსენებს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღამეს ჩემს ცხოვრებაში, რომელიც, ალბათ, ისედაც არასოდეს დამავიწყდება (და რომელიც მხოლოდ მზეს და ზღვას, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება :D )

ბლოგზე ისიც დამიწერია, რომ საქართველო მენატრებოდა… ისიც, რომ რუმინეთში ყოფნა მომწონდა და კმაყოფილი ვიყავი ჩემი არჩევანით აქ 8 თვე გამეტარებინა, მაგრამ ახლა, როცა ამ 8 თვის ამოწურვას აღარაფერი უკლია, ვხვდები, როგორ ძალიან გამიჭირდება წამოსვლა, მით უმეტეს, ზაფხულში – ყველაზე კარგ სამოგზაურო სეზონზე, როცა ჩემი აქაური მეგობრების რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ რუმინეთში იქნება და მე მხოლოდ facebook-დან უნდა ვუყურო მათ ფოტოებს… ამის წარმოდგენაზეც კი ცუდად ვხდები.

ვიცი, ჩემს ოჯახს და მეგობრებს ცოტათი ეწყინებათ, მაგრამ ასეა – არ მინდა წამოსვლა… არასოდეს, არასოდეს განმეორდება ის, რაც იყო. მეშინია იმისაც, რომ ამ ადამიანებს ვეღარ შევხვდები და ეს ყველაფერი დღითი-დღე წარსულში გადაინაცვლებს, ყოველდღიურობის რუტინაში ჩაიკარგება.

მერე ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე – ჯერ კიდევ 7 კვირა გაქვს-მეთქი წინ.

ეჰ, მხოლოდ 7 კვირა… :(