homecoming

 

ისე ჩავალაგე ჩანთები, ისე ჩავჯექი ტაქსში, წავედი აეროპორტში, დავემშვიდობე ჩემს გამოსაცილებლად წამოსულ სუზანსა და არპის, გავიარე ყველანაირი კონტროლი და ავედი თვითმფრინავში, რომ ერთხელ არ შემფართხალებია გული. ბოლო წუთამდე იდიოტივით ვიკრიჭებოდი და ვიძახდი “I don’t believe, I can’t realize”… მხოლოდ ცაში გამოკიდებულმა გავიფიქრე ერთი წუთით, იქნებ ვიტყუებით, როცა ვამბობთ, რომ ერთმანეთს აუცილებლად ვინახულებთ და ვესტუმრებით-მეთქი. ეს აზრი სწრაფადვე უარვყავი – არ არსებობს რაიმე გინდოდეს და ვერ მოახერხო. მაგრამ ჯერ, სანამ ისინი მომენატრებიან, აქაური მეგობრები მელოდებიან.

ორი მათგანი – ნუცა და ნათია, აეროპორტში დამხვდნენ დედასთან და ჩემს ძმასთან ერთად, ბუშტებით, პლაკატით და შამპანურით. ძალიან მხიარული შეხვედრა გვქონდა, მაგრამ სად იყო ის შეგრძნება, რომ მე სადმე ვიყავი დიდი ხნით წასული? მსგავსი არაფერი მიგრძნია – მეორე დღიდან ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგა. არანაირი გაუცხოება ან ეიფორია – ყველაფერი ისევ ისეთია, როგორიც დავტოვე. ალბათ, ეს არის სახლი, როგორც ცნება და არა როგორც ფიზიკური საცხოვრებელი – სადაც ბრუნდები და აგრძელებ ცხოვრებას.

მეკითხებიან ხოლმე, ახლა როგორ შეეგუები ისევ ოჯახზე დამოკიდებულებასო? საქმე იმაშია, რომ მაგას ვერც ვერასოდეს ვეგუებოდი… რაც თავი მახსოვს, სულ ცალკე გადასვლა მინდოდა და EVS-იც ამ სურვილის განხორციელების ერთერთი გზა იყო.

ჩემს ოჯახში ისევ ისე ცხოვრობენ, ყველა წვრილმანზე ნერვებს იშლიან, ტელევიზორი სულ ჩართულია, იმავე ადგილებზე სხედან და ისევ აინტერესებთ, რომელ საათზე მოვალ სახლში. საერთოდ არ არის ეს იმაზე უფრო მეტად რთული ან აუტანელი, ვიდრე მანამდე. ჰო გეუბნებით, არაფერი შეცვლილა.

ერთადერთი ახალი შეგრძნება, რაც გამიჩნდა – თბილისი მეჩვენება ძალიან დაპატარავებული. პრინციპში, EVS-ის შემდეგ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მსოფლიო თურმე არც ისეთი დიდი ყოფილა, როგორც წარმომედგინა, მით უმეტეს, ევროპა. შეიძლება ეს მართლაც იმ მანძილების დამსახურებაა, რუმინეთში რომ გავდიოდი ხოლმე. მაგალითად, ჩემს სოფლამდე, რომელიც სამეგრელოშია, თბილისიდან 300 კმ.-ია, ჰოდა ოჯახისთვის ეს 300 კმ. მხოლოდ ზაფხულში გასავლელი გზაა, რომელსაც ბევრი მომზადება, ჩაბარგება, მანქანაში საწვავის ჩასხმა და კიდევ ათასი რამ სჭირდებოდა…რუმინეთში კი 300 კმ. ჩემთვის ლამის 2 ნაბიჯად იქცა – ვიკენდისთვის უფრო მეტი კილომეტრიც კი გამივლია, თანაც გამართლებაზე – ვინმე მანქანას თუ გაგვიჩერებდა (და ჩვენც ყოველთვის გვიმართლებდა).

ჰოდა, ახლა ნეტავ მართლა მალე გამარტივდეს ეს სავიზო რეჟიმი, რომ ბევრი ვიმოგზაურო და ყველა ის ადამიანი ვნახო, რომლებთანაც ჩემი ცხოვრება ძალიან უცნაურად გადაიკვეთა…

 

ქალაქი ამბობს

 

რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა პროექტი “ქალაქი ამბობს”, რომლის საშუალებითაც ქუჩაში გამვლელები აფიქსირებენ თავიანთ აზრებს, სურვილებს, პრობლემებსა და შენიშვნებს თბილისის მიმართ. მე უკვე 7 თვეა მანდ არ ვყოფილვარ… თითქოს არც ისე დიდი დროა ძირეული ცვლილებებისთვის, მაგრამ ვიცი რომ ჩამოვალ რაღაც სიახლეები მაინც დამხვდება.

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ქვეყანა, სადაც ვარ და, მითუმეტეს, მისი დედაქალაქი საერთოდ არაა სამაგალითო იმ კუთხით, რომ გაკვირვებისგან პირი დამეღო – აქ კიდევ უფრო მეტ ხელგამოწვდილ ადამიანს ნახავთ, ვიდრე ჩვენთან, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ბოშაა და მათი უმრავლესობა აქაც ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც ჩვენი “ციგნები” – დადიან ჯგუფ-ჯგუფად, მოუვლელები, ზურგზე ბავშვებაკიდებულები და მათხოვრობენ.

ვერც განსაკუთრებული სისუფთავით დაიკვეხნიან, თუმცა რაც ძალიან მომწონს ბუქარესტში და, ზოგადად, რუმინეთში, არის ბევრი სიმწვანე. “ქალაქი ამბობს” ვიდეოებში თითქმის ყველა გამოთქვამს უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით და მართალიცაა… ტელევიზიიდან სულ გვესმის ხოლმე, რომ ხეებს რგავენ და ა.შ., თუმცა რეალურად უფრო მეტი იჩეხება და თბილისში სუნთქვა თითქმის შეუძლებელია. ასევე, მართლა ჩემი ოცნებაა ერთი წესიერი პარკი ქალაქის შუაგულში, თორემ სანამ მთაწმინდამდე ააღწევ, იმავე დროში წყნეთშიც კი ახვალ…

მინდა იყოს ძალიან დიდი მინდორი, სადაც შეგეძლება ბალახზე წამოგორება, ხეების ჩრდილში თავის შეფარება… ამისთვის, მზიური, ალბათ იდეალური ვარიანტია, მაგრამ, როგორც გავიგე, იქაც ასფალტის საფარი გაუკეთებიათ… ასევე, გარშემო ნელ-ნელა იმატებს დასახლებები, შუაგულში რამდენიმე წელია გზა გაიყვანეს. ეს, ალბათ, ხილიანელებისთვის შვებაა, მაგრამ გაქრა მზიური, გაქრა იპოდრომი, ზოოპარკი ჰო საერთოდ შუა მაგისტრალზე გამოიჭიმა… არადა, კაი, რუმინეთს თავი დავანებოთ – გერმანიის ზოოპარკში რომ ვიყავი, თავი ტყეში მეგონა, ცხოველები ისეთ მაგარ ბუნებრივ პირობებში არიან. და თან ეს არ იყო ბერლინში, ეს იყო მაგდებურგში, რომელიც საერთოდ არაა გერმანიის პირველხარისხოვანი ქალაქი.

ჰო, ამაზეც მინდოდა მეთქვა – არ მომწონს რომ ყველაფერი თბილისშია კონცენტრირებული. ძალიან მინდა, რომ ამ მხრივ მცირე არჩევანი მაინც იყოს. მესმის, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ქუთაისის და ბათუმის არსებობა მაინც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოდნავ მაინც გადავანაწილოთ რესურსები და არა მარტო იქიდან მოდიოდნენ ჩვენთან, ჩვენც მივდიოდეთ იქ სასწავლებლად, სამუშაოდ და ა.შ.

მაგალითად, აქ არის ერთი ქალაქი კლუჟ ნაპოკა, რომელიც ცნობილი არის თავისი უნივერსტეტებით და არის სტუდენტური ქალაქი, საკმაოდ შორს ბუქარესტიდან, თუმცა არაფრით ჩამოუვარდება. ძალიან მაგარი იქნება, წარმოიდგინეთ, მაგალითად – ხაშური სტუდენტური ქალაქი რომ გახდეს :D

კარგი, დავუბრუნდეთ რეალობას და ყბადაღებულ “ასფალტი ვჭამოთს”… ჩემი ქუჩა მელიქიშვილის პარალელურია და მას შემდეგ, რაც კოსტავა-ვარაზისხევი-მელიქიშვილის სამკუთხედი შეიკრა, ძალიან დაიტვირთა. ვინც ვაკეში მიდის ყველა ჩვენს ქუჩაზე ატრიალებს და უბრალოდ უნდა ნახოთ რა რახა-რუხი გაუდის გზას… თან მე პირველ სართულზე ვცხოვრობ და ყოველ ვიბრაციას შევიგრძნობ… თუ სადმე ორმოა, ჰო საერთოდ. დილით ძილი შეუძლებელია. პიკის საათებზე აღარაფერს ვამბობ – არის ერთი პიპინი და ღრიანცელი… ჰო იცით, რა მშვიდი მძღოლებიც გვყავს. არადა, ბაქრაძის ქუჩა არის ძალიან პატარა… საპირისპიროდ ორი მანქანა ვერც აუვლის გვერდს მგონი ერთმანეთს. იგივე და უარესი ხდება მრგვალი ბაღისკენ მიმავალ გზაზე – ძალიან ვიწრო ქუჩაა ბარნოვი ამხელა ტრეფიკისთვის.

არ ვიცი როგორ  უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა – ახლა თავიდან ვეღარავინ გადააგეგმარებს თბილისს და გააფართოვებს ქუჩებს, მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მაგალითად, დავიცხროთ ეს უსაზღვრო ჯიპთმოყვარეობა და გადავსხდეთ შედარებით პატარა მანქანებზე… ან ველოსიპედებზე.

ნუ, მესმის მთაგორიანი ქალაქი გვაქვს და არც ისე მოსახერხებელია, თუმცა ვიცით, რომ მაინც არის ხალხი, ვინც ტრანსპორტის ამ სახეობას იყენებს. მათთვის კი არავითარი ხელშეწყობა არაა – არც ცალკე გამოყოფილი ბილიკები, არც პარკინგი… თუმცა სანამ ველოსიპედიანებამდე მივალთ, უფრო დიდი პრობლემა იმ ადამიანებს ექმნებათ, რომელთაც სხვა არჩევანი უბრალოდ არ აქვთ და უნდათ ეს თუ არა ბორბლებზე “ცხოვრობენ”. თბილისი და, საერთოდ, საქართველო ძალიან არაადაპტირებულია შშმ პირებისათვის. დღეს ვაკვირდებოდი ზუსტად სპეციალურად და აქ, ამ მეათეხარისხოვან ქალაქშიც კი დაცულია ეგ სტანდარტი. ასევე, უსინათლოებისთვის შუქნიშანი, მგონი, მხოლოდ სპორტის სასახლესთან გვაქვს… რატომ? სხვაგან ისინი არ ცხოვრობენ?

დღეს ნერვები კიდევ რამდენიმე მორალისტმა მომიშალა – ერთმა ბიჭმა თქვა, ღამის ტრანსპორტი რომ არ არის ეგ პრობლემა მაწუხებსო და ატეხეს ერთი ამბავი “რა დროს ღამის ტრანსპორტი და გართობაა, როცა გარეთ უამრავი მათხოვარიაო”… კი ბატონო, ეს უკანასკნელი გაცილებით დიდი პრობლემაა, თუმცა ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი “გასაჭირი”. ჯერ ერთი, ღამის ტრანსპორტი მხოლოდ კლუბიდან გამოსულთათვის არ არის… ბევრი მუშაობას ამთავრებს ხოლმე გვიან ღამით, ბევრი უბრალოდ სტუმრად შემორჩება ხოლმე 12 საათამდე და ა.შ. რატომაც არ უნდა იყოს მათთვის ღამის ავტობუსები?

თუმცა სანამ მაქამდე მივალთ, ჯერ დღის ტრანსპორტის პრობლემაც ჰო მოსაგვარებელია ?! ყველაზე ხშირად ჩვენს ქვეყანაში, მგონი, მძღოლები იფიცებიან ხოლმე… კარგი იქნება თუ მათთვის ნორმალური სამუშაო პირობები შეიქმენა და ამის პირდაპირპროპორციულად, ალბათ, მგზავრებიც ამოვისუნთქებთ. მე ყველაზე მეტად 2 რამ მაწუხებდა – მონჯღრეული, ჯაყჯაყა ავტობუსები… ერთხელ კინაღამ ტირილი დავიწყე. თავი ძალიან მტკიოდა და ავტობუსი ისე ხრიგინებდა (როგორც ჩანს, რაღაც ნაწილი არ ჰქონდა წესრიგში), რომ მართლა ცუდად გავხდი. მეორე პრობლემა – გაძეძგილი, უჰაერო, სუნიანი ტრანსპორტი. მაგ დროს ჩემი სიმაღლის მადლიერი ვარ ხოლმე, “ზემოთ” ცოტათი მაინც ისუნთქებ კაცი, მაგრამ ქვემოთ, თუნდაც ბავშვები რომ ამოყავთ, როგორ არ იგუდებიან ხოლმე ვერ ვხვდები… ბრრ, ახლაც მაჟრიალებს, რომ მახსენდება რამდენი კოშმარი მაქვს გამოვლილი ყვითელ ავტობუსებში. არანაკლები ხდება სამარშუტო ტაქსებშიც, სადაც დასაშვებ მაქსიმუმზე 10-ით მეტი მგზავრი ყოველთვის არის და ეს საკმაოდ ბევრ უსიამოვნებას იწვევს. თუ უკან ზიხარ, გაჩერებამდე 5 წუთით ადრე უნდა დაიწყო ადგომა და გასასვლელისკენ გზის გაკაფვა… ოჰ, რა ბრძოლები მელის წინ :D

რამდენი ვწერე და თემა ჯერ კიდევ ვერ ამოვწურე. :D იმედი მაქვს, რომ ჩამოვალ ოდნავ მაინც სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩები. თუ არადა, გაგრძელება იქნება…

 

wanna

 

ზაფხული ჩემთვის სევდიანად დაიწყო – გუშინ მთელი დღე სახლში გავატარე. გარეთ წვიმდა, მე ნაბახუსევი ვიყავი (აი, გაზაფხული კი მხიარულად გავაცილე) და Breaking Bad-ს ვუყურებდი. რომ დამთავრდა დიდხანს ვტიროდი, მაგრამ მე თვითონ არ ვიცოდი კონკრეტულად რა მატირებდა.
ახლა უკვე რადიოში ვარ და ფანჯრიდანაც მზე დამნათის. მე მუსიკას ვუსმენ და ინტერნეტში დავეხეტები. ოღონდ არა facebook-ზე, რადგან გავაუქმე – რა თქმა უნდა, დროებით და ამისთვის საკუთარი მიზეზები მაქვს.
ჩემი წინა პოსტი წავიკითხე და ნერვები მომეშალა. ერთი შეხედვით ჰო girls just wanna have fun ელფერი დაჰკრავს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გოგოს ისტორია, რომელიც მართლა ელოდება ამ ტკბილ ნოემბერს და არა და არ დადგა ))) ჰოდა, ესეც ცდილობს მანამდე ცხოვრება გაიხალისოს, მაგრამ ხანდახან…
ხანდახან უბრალოდ I wanna be your vacuum cleaner: