homecoming

 

ისე ჩავალაგე ჩანთები, ისე ჩავჯექი ტაქსში, წავედი აეროპორტში, დავემშვიდობე ჩემს გამოსაცილებლად წამოსულ სუზანსა და არპის, გავიარე ყველანაირი კონტროლი და ავედი თვითმფრინავში, რომ ერთხელ არ შემფართხალებია გული. ბოლო წუთამდე იდიოტივით ვიკრიჭებოდი და ვიძახდი “I don’t believe, I can’t realize”… მხოლოდ ცაში გამოკიდებულმა გავიფიქრე ერთი წუთით, იქნებ ვიტყუებით, როცა ვამბობთ, რომ ერთმანეთს აუცილებლად ვინახულებთ და ვესტუმრებით-მეთქი. ეს აზრი სწრაფადვე უარვყავი – არ არსებობს რაიმე გინდოდეს და ვერ მოახერხო. მაგრამ ჯერ, სანამ ისინი მომენატრებიან, აქაური მეგობრები მელოდებიან.

ორი მათგანი – ნუცა და ნათია, აეროპორტში დამხვდნენ დედასთან და ჩემს ძმასთან ერთად, ბუშტებით, პლაკატით და შამპანურით. ძალიან მხიარული შეხვედრა გვქონდა, მაგრამ სად იყო ის შეგრძნება, რომ მე სადმე ვიყავი დიდი ხნით წასული? მსგავსი არაფერი მიგრძნია – მეორე დღიდან ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგა. არანაირი გაუცხოება ან ეიფორია – ყველაფერი ისევ ისეთია, როგორიც დავტოვე. ალბათ, ეს არის სახლი, როგორც ცნება და არა როგორც ფიზიკური საცხოვრებელი – სადაც ბრუნდები და აგრძელებ ცხოვრებას.

მეკითხებიან ხოლმე, ახლა როგორ შეეგუები ისევ ოჯახზე დამოკიდებულებასო? საქმე იმაშია, რომ მაგას ვერც ვერასოდეს ვეგუებოდი… რაც თავი მახსოვს, სულ ცალკე გადასვლა მინდოდა და EVS-იც ამ სურვილის განხორციელების ერთერთი გზა იყო.

ჩემს ოჯახში ისევ ისე ცხოვრობენ, ყველა წვრილმანზე ნერვებს იშლიან, ტელევიზორი სულ ჩართულია, იმავე ადგილებზე სხედან და ისევ აინტერესებთ, რომელ საათზე მოვალ სახლში. საერთოდ არ არის ეს იმაზე უფრო მეტად რთული ან აუტანელი, ვიდრე მანამდე. ჰო გეუბნებით, არაფერი შეცვლილა.

ერთადერთი ახალი შეგრძნება, რაც გამიჩნდა – თბილისი მეჩვენება ძალიან დაპატარავებული. პრინციპში, EVS-ის შემდეგ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მსოფლიო თურმე არც ისეთი დიდი ყოფილა, როგორც წარმომედგინა, მით უმეტეს, ევროპა. შეიძლება ეს მართლაც იმ მანძილების დამსახურებაა, რუმინეთში რომ გავდიოდი ხოლმე. მაგალითად, ჩემს სოფლამდე, რომელიც სამეგრელოშია, თბილისიდან 300 კმ.-ია, ჰოდა ოჯახისთვის ეს 300 კმ. მხოლოდ ზაფხულში გასავლელი გზაა, რომელსაც ბევრი მომზადება, ჩაბარგება, მანქანაში საწვავის ჩასხმა და კიდევ ათასი რამ სჭირდებოდა…რუმინეთში კი 300 კმ. ჩემთვის ლამის 2 ნაბიჯად იქცა – ვიკენდისთვის უფრო მეტი კილომეტრიც კი გამივლია, თანაც გამართლებაზე – ვინმე მანქანას თუ გაგვიჩერებდა (და ჩვენც ყოველთვის გვიმართლებდა).

ჰოდა, ახლა ნეტავ მართლა მალე გამარტივდეს ეს სავიზო რეჟიმი, რომ ბევრი ვიმოგზაურო და ყველა ის ადამიანი ვნახო, რომლებთანაც ჩემი ცხოვრება ძალიან უცნაურად გადაიკვეთა…

 

Advertisements

11 thoughts on “homecoming

  1. შენ ერთი სული გაქვს, ჩამოხვიდე.
    მე ერთი სული მაქვს, წავიდე.

    • მე უკვე ჩამოვედი და სიმართლე გითხრა, ერთი სული სულაც არ მქონია…
      წასვლაზეც უკვე ვფიქრობ, თუმცა ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არ მაქვს. შენ?

      • ხოდა წადი აუცილებლად.
        აქ ხომ ხედავ არაფერი ხდება.
        მე 2-3 დღეში მივფრინავ ევროპისკენ.
        და არ მინდა დაბრუნება :(

      • ბედნიერ მგზავრობას გისურვებ ^^
        ისე, ჰა და ჰა – ცალი ფეხი ჩვენც ევროპაში გვიდგას :D

      • აუ აუ მეც ეგ უნდა დამეწერა და აღარ დავწერე :D

        დიდი მადლობა. ერთი სული მაქვს. ვაიმე!!!
        პოსტები, სურათები, პოსტები, სურათები, პოსტები, სურათები. ვაიმე რამდენი უნდა გადავიღო და ვწერო!!!

  2. ეჰ, დავსევდიანდი რაღაცნაირად, სახლში დაბრუნება მე სულ მასევდიანებდა, პარადოქსია, მაგრამ ასეა. ალბათ საქართველო მასევდიანებდა და ამიტომ, თორემ სახლს რა ჯობია. მე ყოველთვის კუნდერას გმირებივით მემართებოდა ხოლმე, საერთოს ვეღარ ვპოულობდი ადამიანებთან და ახლა, წარმომიდგენია, რა იქნება, უკვე 4 წელი ხდება, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ…

    ენივეი, მეც ვიმედოვნებ, რომ ვიზების აღებას გაუადვილებენ ადამიანებს და იმოგზაურებ სადაც გინდა და რამდენსაც გინდა.

    ისე, ევროპა მართლა რა პატარაა :დ

    • როგორც გავიგე, ვიზების გამარტივების მხრივ ერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და აკრედიტირებული ჟურნალისტებისთვის მთელი ეს ბიუროკრატიული პროცედურები წარსულში დარჩა… ეს უკვე კარგი სიახლეა :)

      დაბრუნების სევდას რაც შეეხება, ეს აზრი მეც მქონდა აკვიატებული, მაგრამ ჩემი აქ ჩამოსვლა საერთოდ დაბრუნებაც კი არ იყო, მგონი – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ 8 თვის განმავლობაში საქართველოში დრო გაჩერდა და გაიყინა… ჩემი მეზობლის ძაღლი პელეც კი, მგონი მე მელოდებოდა, რომ მომკვდარიყო, ასე რომ ჩამოსულს მისი სიკვდილის ამბავიც კი არ დამხვედრია სიახლედ – დღეს “გარდაიცვალა” )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s