summertime

 

გუშინ ჩამოვედი ბათუმიდან, სადაც ჩემს მეგობარ ირმასთან და მის მეგობარ ელენასთან ერთად ვისვენებდი. ელენამ და ირმამ ერთმანეთი EVS-ის დროს, საფრანგეთში გაიცნეს და ახლა 2 კვირით ჩამოაკითხა.

მეც, როგორც მოცლილი, მათთან ერთად დავდიოდი ხოლმე. თან ისედაც მქონდა ეგ გეგმა, საქართველოში ტურისტად ვქცეულიყავი.

ახალი ადგილები, რომლებიც ამ 2 კვირის განმავლობაში ვნახე – გერგეთი და აჭარის მთიანეთია.

რამდენჯერ გაგვიტკეპნია ქობულეთი-ბათუმის გზატკეცილი, თუმცა გზიდან არასოდეს გადაგვიხვევია. გუშინწინ, წამოსვლამდე, რამდენიმე საათი გამოვნახეთ და სოფელ მახუნცეთში წავედით. მანამდე ისიც გვინდოდა, უფრო მაღლა ავსულიყავით, თუმცა საბოლოოდ ვიზარმაცეთ და ჩანჩქერისა და ხიდის ნახვას დავჯერდით.

20140723_173452  20140723_155025

სხვათა შორის, ეს იყო ადგილი, სადაც 2 კვირიანი მოგზაურობის განმავლობაში ელენამ პირველად თქვა სიტყვები “როცა საქართველოში დავბრუნდები…

ბევრი რამ უკვირდა ქართველებისგან – მანქანას რანაირად ატარებთო, ადგილს რატომ მითმობთო, ყველაფერზე რატომ მპატიჟებთო, რატომ არ იღიმებითო,  ამ პაპანაქება სიცხეში ჯინსის შარვლებით რატომ დადიხართო და ქუჩაში ბიჭები რატომ მოგვდევენ “ძივჩონკი, ძივჩონკის” ძახილითო…

ჰო, როგორც ჩანს, აჭარაში წელს მართლა განსაკუთრებულად ელიან უკრაინელ გოგოებს… იმდენად, რომ ჩვენც მათი წარმომადგენლები ვეგონეთ. საერთოდ, ძალიან სასაცილოა – უკვე ოდნავ მაინც ღია ფერებში თუ ხარ, თავიდანვე რუსულად გელაპარაკება ყველა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი აღმოაჩენთ რომ ორივენი ქართველები ხართ :D

ასეთი გამოკიდებები განსაკუთრებით ქობულეთში შეიმჩნეოდა, სადაც, მგონი, მარტო ბიჭები ისვენებენ. ჩვენ პირველი 3 ღამე იქ გავჩერდით და მართლა შევამჩნიე, რომ ბიჭები ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობდნენ და თვალებს ხარბად აცეცებდნენ. ნუ, გასაგებია – მზეა, ზღვაა, ირგვლივ (წესით) გარუჯული გოგონები უნდა დასეირნობდნენ ფერად-ფერად საცურაო კოსტუმებში, ხვდებოდნენ ბიჭებს და აბამდნენ საზაფხულო რომანებს, მაგრამ ნუურას უკაცრავად )))) ქობულეთის პარკში შევესწარი ერთ ასეთ ფაქტს – 2 ახალგაზრდა ბიჭი მოდიოდა, ცოტათი ნასვამები იყვნენ და ერთმანეთს უაზროდ ეჯაჯგურებოდნენ… იქვე გვერდზე მესამე მთვრალი კაცი მოფრატუნობდა, მოუბრუნდა ამათ შეწუხებული და წადით, ეს ენერგია სადმე სხვაგან დახარჯეთო და კლუბისკენ მიანიშნა…

…მაგრამ იმ კლუბთანაც ბიჭების დიდი ჯგროს მეტი არავინ იდგა :D

აი, აქ კი მე და ირმამ ერთმანეთს გადავხედეთ და გადავწყვიტთ – “არავითარი სუფთა ზღვა, ხვალ ბათუმში გადავდივართ…”

ასე აღმოვჩნდით ძალიან ოჯახურ ჰოსტელში, რომელიც ზედ ჩვენი საყვარელი “პრივეტის” თავზეა და გავატარეთ 3 ძალიან საინტერესო, თავგადასავლებით სავსე დღე .

ბათუმში ბევრჯერ ვყოფილვარ, თუმცა, მგონი, მხოლოდ წელს შემიყვარდა ეს ქალაქი. თითქმის ყველა ახალი შენობა მომწონს, რასაც მაგალითად თბილისზე ვერ ვიტყვი. და, საერთოდ, ძალიან შემტკივა თბილისზე გული… ასე მგონია, რომ გალამაზების მაგივრად უკან მიდის.

მე კი ისევ ვფიქრობ ერთ დიდ  პარკზე ქალაქის შუაგულში, სადაც ზაფხულის ასეთ ცხელ დღეებს გავატარებდი.

central park NY

 

მაგრამ სანამ ჩემი ოცნება რეალობად იქცევა (ან სანამ New York-ში გადავბარგდები), თავს კოჯრის ტყეს შევაფარებ :D

Advertisements

and then we kiss

 

თავს ისევ ფილმის გმირად ვგრძნობ.

რომლის სახელიც, ალბათ “ერთი გაღიმებით შეყვარება” ან რაიმე მსგავსი იქნებოდა : )

თუმცა, შეყვარებული არ ვარ, მაგრამ პირველად მგონია,

რომ ჩემი ამბავი, შესაძლოა, სადღაც ზევით წყდებოდეს.

მართლა მინდა, რომ მოუსმინოთ ამ სიმღერას და ყურადღება მიაქციოთ ტექსტს,

იმიტომ რომ ეს არ არის სიმღერა, რომელიც მე ავირჩიე,

ეს არის სიმღერა, რომელმაც მე ამირჩია.

და ეს მოხდა OLIVER KOLETZKI-სგან სულ 2-3 მეტრში,

სანამ ის სცენაზე იდგა და უკრავდა.