I’ll be awake when September ends

ცხოვრებაში, რომელიც სურპრიზებითაა სავსე, გარკვეულ კანონზომიერებებს მაინც ვხედავ… და ის ფაქტი, რომ ცუდი სექტემბერი მქონდა, ნიშნავს იმას რომ სექტემბერი მართლაც ცუდი იყო. არც კი ვიცი, სამწუხაროა თუ არა, ადამიანებს დათვებივით დიდხანს ძილი და ახლობლებისთვის ამ ფრაზის დაბარება რომ არ შეგვიძლია.

ხანდახან მართლა მინდა მხოლოდ ჩემი სიზმრების სამყაროში გადავსახლდე და ყველა პრობლემა თუ სადარდელი აქ დავტოვო, მაგრამ ხანდახან იმასაც ვხვდები, რომ ეს არასწორია… ისედაც იმდენ დროს ვატარებთ ძილში ან ძილთან გათანაბრებულ “არსებობაში”, ყოველ სექტემბერს ძილის გამოცხობა დიდი ვერაფერი შველაა.

მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, რომლებიც გვერდში მიდგანან და ჩემი თავის, იმიტომ რომ მაინც ვიღიმები და იმედს არ ვკარგავ… არ ვიძინებ : )

Advertisements

feeling Lolita

 For never was a story of more woe than this of Juliet and her Romeo.

რამდენიმე დღის წინ SATC-ის ორივე ფილმს ვუყურე და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძველ მეგობრებს შევხვდი. არადა, ხანდახან მე თვითონ მიკვირს, როგორ შეიძლება ერთნაირად მიყვარდეს ეს 40 წლის ნიუ იორკელი ქალები და პიტერ პენი ნევერლენდიდან ?

ამაზე გამახსენდა – გიო მეუბნება ხოლმე, თან ძალიან საყვარელი ხარ, თან ძალიან სექსუალურიო… ანუ, დაახლოებით ასეთი? :D

lolita

ლოლიტა და კონკრეტულად ეს ლოლიტა ძალიან მიყვარს – ადრე პოსტიც დავწერე და დღემდე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი სასიყვარულო ისტორიაა (მაგრამ პოსტის წანამძღვარში შექსპირი სულ სხვა რამეს გვიმტკიცებს). ბევრი შეიძლება იმაზეც კი მეკამათოს, რომ სიყვარული “ლოლიტაში” საერთოდ არ არის. მოდით, დავუტოვოთ ამ გრძნობას სუბიექტურად აღქმადობის უფლება.

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როდესაც მეგონა, რომ მუცლის სიახლოვეს ჩამოფრენილი ყოველი პეპელა სიყვარულის მომტანი იყო, იყო პერიოდები, როდესაც მეგონა, რომ არ არსებობს არანაირი სიყვარული, იყო პერიოდები, როდესაც მეგონა, რომ არსებობს, მაგრამ მე არ შემიძლია… მოკლედ, ბევრი პერიოდი იყო და ახლაც, ალბათ, ერთ-ერთი მათგანი მიდგას :)

სასექტემბრო

 

შემოდგომა მშვიდობისა :)

1 თვე გავიდა ჩემი ბოლო პოსტიდან და ოჰ, ამ 1 თვეში ჩემს თავს იმდენი რამ მოხდა… რასაც მერე მოგიყვებით.

გუშინ კი უცნაური სიზმარი ვნახე, ვითომ ისევ რუმინეთში ვიყავი, მაგრამ უკვე საქართველოში წამოსვლის დრო იყო, ვჩქარობდი, მატარებელზე მაგვიანდებოდა, ტაქსისთვის ფული არ მყოფნიდა და ყველა ჩემს ფეხსაცმელს ძირი ჰქონდა გამძვრალი :D მოკლედ, ჩემი ქვეცნობიერი ყველანაირად ცდილობდი იქ დავეტოვებინე.

მენატრება EVS – პირველ რიგში, მენატრება ჩემი თავი ისეთი, როგორიც იქ ვიყავი. ჩემი ცხოვრების სტილი, ბევრი მოგზაურობა ან თუნდაც ძალიან ბევრი შოკოლადის ჭამა. მენატრებიან გოგოები და ჩვენი სახლი, დილები და უფრო მეტად საღამოები, როცა სამზარეულოში ერთად შევიყრებოდით. ნეტავ ოდესმე ისევ თუ გავერთიანდებით ექვსივე? მენატრებიან სხვა მოხალისეები, რომელთაც დავუმეგობრდი იქ ყოფნის განმავლობაში ან არც დავუმეგობრდი, მაგრამ “იქ” და “მაშინ” ერთად ვიყავით და გვიხაროდა.

სევდისთვის და მოსაწყენად დრო არ მრჩება, თუმცა ხანდახან კი შემომაწვება ხოლმე სასიამოვნო ნოსტალგია და, ალბათ, ეს სიზმარიც ზუსტად მაგიტომ დამესიზმრა. მაგრამ რეალური ცხოვრება გრძელდება, წინ მიდის… იმ დღეს დედაჩემმა ფეხებზე გადამისვა ხელი და ჩაილაპარაკა, როგორ გაიზარდეო. სიგრძე-სიმაღლეს არ გულისხმობდა, რა თქმა უნდა – ნუთუ ეს იყო მომენტი, როცა მშობელი აცნობიერებს რომ მისი შვილი ბავშვი აღარ არის? როგორც ჩანს, დედაჩემმა ეს აზრი მალევე უკუაგდო, რადგან გუშინ ღამით ისევ რამდენჯერმე დამირეკა, სახლში დროზე მოდიო.

მე მგონი, პატარაობაში კიდევ უფრო მარტივი იყო ეზოში დასარჩენად 5 წუთის გამოტყუება, ვიდრე ახლა… მოკლედ, მძიმე თემაა, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად მშობლების დადანაშაულება სისულელე იქნება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩემზეა (ჩვენზე) დამოკიდებული, მაგრამ ვიხანგრძლივებ იმ პატარ-პატარა კომფორტებს, რომელსაც ისინი მიქმნიან და ვიმიზეზებ, რომ “აი, მაგალითად, ახლა მაგისტრატურაზე ჩავაბარე და მოდი, შევხედავ კიდევ ცოტა ხანს”… თუმცა, ზუსტად ვიცი, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

მალე ყველაფერი შეიცვლება :)