notes from Europe

მოგზაურობა ევროპისაკენ ქუთაისიდან დაიწყო, სადაც გაფრენამდე დარჩენილი რამდენიმე საათი ირაკლისთან და მის მეგობრებთან ერთად გავატარე. ვნახე ბაგრატი, რომელიც ჩემს გონებაში მეათე კლასის ექსკურსიიდან ნანგრევებად იყო შემორჩენილი, ახლა კი თავიდან ბოლომდე განახლებულია.

20141014_232336

უკვე ბევრი იმსჯელეს იმაზე, ეს კარგია თუ ცუდი, ამიტომ მეც არ გადავუხვევ ჩემს ძირითად თემას, მით უმეტეს რომ, იმ მომენტშიც ჩემი გონება მთლიანად ფრენისკენ იყო მიმართული, რომელზეც მეგონა, მაგვიანდებოდა, ბიჭები კი სულაც არ ჩქარობდნენ.

2014-10-15 00.18.21

საბოლოოდ, აეროპორტში რეგისტრაციის დასრულებამდე ზუსტად 10 წამით (!) ადრე მივედი, ჩავაბარე ბარგი, დავემშვიდობე მასპინძელ-გამცილებლებს და Wizzair-ის ფერად თვითმფრინავში მოვკალათდი. საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ რეისით – ზუსტად 3 საათში ბუდაპეშტში ვიყავი.

ჰენი აეროპორტში მელოდებოდა. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, თუმცა საერთოდ მოკლებული იმ განცდას, რომ დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. პრინციპში, 3 თვე ძალიან ბევრი მართლაც არ არის… საქართველოშიც მყავს მეგობრები, რომლებსაც თვეობით ვერ ვნახულობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში მეგობართან ჩასვლას სულ სხვა ემოციები ახლავს.

2014-10-15 05.10.26

ეს შანსი კი ჩემმა მშობლებმა მომცეს და ძალიან მადლობელი ვარ, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ შემდეგ მოგზაურობას თავიდან ბოლომდე მე დავგეგმავ და დავაფინანსებ და ეს არც თუ ისე შორეულ მომავალში იქნება :D

კარგი, დავბრუნდეთ ბუდაპეშტში, სადაც გვიან ღამით ჩავფრინდი და პირდაპირ ჰენის სახლში წავედი. ის დედასთან, დასთან და 2 კატასთან ერთად ცხოვრობს. მე კი სულ ცოტა ხანია აღმოვაჩინე, რომ კატის ბეწვზე ალერგიული ვარ. ამჯერად, რა თქმა უნდა, თბილისიდანვე შევიარაღდი წამლებით და ასე თუ ისე ვუმკლავდებოდი ახალგამოჩეკილ ალერგიას.

ბუდაპეშტი – დღე 1

ჰენი გარეუბანში ცხოვრობს, სადაც ბევრი ერთნაირი კორპუსი დგას. ამ დასახლებამ, შეიძლება, თბილისის რომელიმე ადგილიც კი მოგაგონოთ, მაგრამ როგორც კი ბუდაპეშტის ცენტრში აღმოჩნდებით, ირგვლივ სულ სხვა სამყარო იშლება.

ქალაქს ორ ნაწილად ყოფს მდინარე დუნაი, რომელიც ჩვენი მტკვრისაგან განსხვავებით გაცილებით ფართოა და, მგონი, უფრო სუფთაც. პირველ დღეს გადავწყვიტეთ მასზე გემით გაგვესეირნა, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიეკუთვნება და შესაბამისად დამატებითი ფულის გადახდა არ გიწევს – შეგიძლია გამოიყენო იგივე ბილეთი, რომლითაც მეტროში, ავტობუსით და ტრამვაითი მგზავრობ.

მე ვიყიდე 2 კვირიანი ბილეთი, რაც 6 300 ფორინტი ანუ დაახლოებით 20-22 ევრო დამიჯდა. ეს კი საკმაოდ ეკონომიურია, რადგან ბუდაპეშტში გადასაადგილებლად, მით უმეტეს, თუ გარეუბანში ცხოვრობ, საკმაოდ ხშირად გიწევს ტრანსპორტის შეცვლა.

2014-10-16 00.02.46

გემი დუნაის მიუყვება, რომელზეც რამდენიმე ხიდია გადებული – მარჯვნივ ანუ პეშტის მხარეს არის პარლამენტის შენობა, რომელიც სიდიდით მეორეა მთელ ევროპაში. სხვათა შორის, პირველ ადგილზე ამ მხრივ ბუქარესტის პარლამენტია, რომელიც ასევე ნანახი მაქვს, მაგრამ მასშტაბების მიუხედავად მაინც რაღაცნაირი უსახურია. ბუდაპეშტის პარლამენტი კი აი ასე, გოთიკურად და შთამბეჭდავად გამოიყურება:

20141015_135847

ჰო, მართლა – თქვენ გინახავთ მცურავი ავტობუსი? ალბათ, წყალდიდობის დროს ან მხოლოდ ფილმებში… მაგრამ ბუდაპეშტში ნახავთ ავტობუსს, რომელიც დამთვალიერებლებს ჯერ ხმელეთზე დაასეირნებს, შემდეგ კი სპეციალური პანდუსის საშუალებით მდინარეში ჩაგორდება ხოლმე :D

20141015_140013

აქვე ხშირად ნახავთ ნაოსნებს – როგორც ჩანს, კანოე უნგრეთში ძალიან პოპულარულია – სულ პატარა ბავშვები, ახალგაზრდა გოგო -ბიჭები და ხანში შესული ადამიანებიც ღღონივრად უსვამენ ნიჩბებს და მცურავი ავტობუსის მხარდამხარ მიაპობენ დუნაის “ზვირთებს”…

გემიდან ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ხანს ფეხით ვისეირნეთ. გზად შეგვხვდა წმ. სტეფანეს (უნგრულად იშტვანის) სახელობის ეკლესია და კიდევ რამდენიმე სკვერი, სადაც ფოტოები გადავიღეთ და შემდეგ სახლში დავბრუნდით, რადგან მე უძინარი და დაღლილი ვიყავი. გავიცანი ჰენის დედა და და, მერე კი მალე დავწექი… მეორე დღეს ბუდას უნდა ვსტუმრებოდით.

Advertisements

Magyarország

სამშაბათს 11 დღით ბუდაპეშტში მივემგზავრები. ერთი სული მაქვს, თვითმფრინავში როდის ჩავჯდები და ცაში ავფრინდები. ზუსტად მაგ მომენტიდან იწყება ახალი თავგადასავალი. მახსოვს ჩემი პირველი ფრენა – მაშინაც მარტო წავედი ბერლინში, მინსკის გავლით.

თვითმფრინავში გვერდზე დაბნეული ბიჭი მეჯდა, ალბათ, ისიც პირველად მგზავრობდა. ვგიჟდები აფრენის მომენტზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტათი ტურბულენტურ ზონაში მოხვედრაც მიყვარს ხოლმე – ამ დროს კარგად შეიგრძნობ რომ ცაში ხარ გამოკიდებული :D

wizzair

ამჯერად ქუთაისის, უფრო სწორად კოპიტნარის აეროპორტიდან მივფრინავ – უკვე 10 დღეა, რაც wizzair-მა ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი რეისები დანიშნა. ბილეთი ზაფხულშივე ვიყიდე, აი ვიზა კი 3 დღის წინ ავიღე. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და სხვა აღარც არაფერი მაღელვებს.

პირველ რიგში მიხარია ის, რომ ვნახავ ჰარიეტს – ადამიანს, რომელთან ერთადაც 8 თვე ვიცხოვრე რუმინეთში და რომელიც ძალიან შემიყვარდა. ყოფილა ისეთი მომენტები, როცა დახმარება მჭირდებოდა და ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ხანდახან დედასაც ვეძახდი. ძალიან მზრუნველი და ორგანიზებულია, ადამიანებზე მეტად კი კატები უყვარს, თუმცა ახლობელ ადამიანებს, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ :D

Heni and me

ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ საერთო ინტერესებიც გვაქვს – მაგალითად, walking dead, რომლის ახალი სეზონიც ხვალ იწყება და, შესაბამისად, ნაწილობრივ მაინც აღდგება ჩვენი ტრადიცია, როცა ყოველ ორშაბათს სერიებს ერთად ვუყურებდით ხოლმე (უბრალოდ ახლა სუზანის გარეშე).

ჰენის გარდა ჩემს პროექტში კიდევ 2 უნგრელი გოგო იყო – ჟუჟი ინგლისშია, დორა კი ბუდაპეშტში არ ცხოვრობს და ჩამოსვლასაც ვერ მოახერხებს, რადგან ფეხი მოიტეხა. სამაგიეროდ, შეიძლება, ჩემმა სხვა მეგობრებმა ჩამომაკითხონ მეზობელი ქვეყნებიდან. ზუსტად არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, რომ ყველა მათგანმა თვითონ გამოთქვა ამის სურვილი და ინიციატივა.

budapest

ბუდაპეშტის გარდა, ვენაც უნდა მოვინახულო, რომელიც სულ რაღაც 3 საათის სავალზეა. თუ დრო დამრჩა იქნებ ბრატისლავაშიც ჩავიდე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დაგეგმილი და გაწერილი მაქვს ყველაფერი, თუმცა ვფიქრობ 11 დღე არც ისე ცოტა დროა იმისთვის, რომ ქალაქი კარგად დაათვალიერო. მე მუზეუმებში სიარული დიდად არ მიყვარს, უფრო მეტად ქუჩებში ხეტიალი და ადამიანებთან ურთიერთობა მაინტერესებს.

ახლა მხოლოდ დღეებსღა ვითვლი გაფრენამდე, თუმცა ჯერ ბარგი არ ჩამილაგებია :D ვეცდები მოგზაურობის ჩანაწერებით ცოტათი გამოვაცოცხლო ბლოგი, რომელსაც ბოლო დროს აშკარად დაეტყო ჩემი პესიმისტური განწყობა, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდხანს არ გაგრძელებულა. ამის საშუალებას თვითონ ცხოვრება არ მაძლევს და ძალიან მიხარია.

სიამოვნებით მოვისმენ თქვენს რჩევებს & შთაბეჭდილებებს, თუ ნამყოფები ხართ ბუდაპეშტში ან ვენაში.