Notes from Europe: Brno

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს სტატუსს რამდენიმე მეგობარი გამოეხმაურა. მათგან ყველაზე ახლოს მიხალი იყო ჩეხეთიდან.

2014-10-15 14.05.54

ის პოლონეთის საზღვართან, პატარა სოფელში ცხოვრობს, თუმცა მითხრა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს ბრნოში, რომელიც მისი სახლიდან დაახლოებით 100 კმ.შია და იმის მიუხედავად, რომ აქ სანახავი არც თუ ისე ბევრია, მაინც სიამოვნებით გამიწევდა პერსონალურ გიდობას :)

მე და მამაჩემს განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით – ის თვლის, რომ მხოლოდ ღირსშესანიშნავ ადგილებს უნდა ეწვიო, მე კი მგონია, რომ ყველგან შეიძლება რაიმე საინტერესოს პოვნა, მით უმეტეს, როცა მეგობარს სტუმრობ.

ასე აღმოვჩნდი ბრნოში – ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქში. დღის პირველ ნახევარში მე და მიხალი უბრალოდ ქუჩებში დავხეტიალობდით. საინტერესო სანახაობას წავაწყდით ქალაქის მთავარ სკვერში – როგორ გგონიათ, რა არის ეს შავი მონუმენტი? :D არა, ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ!

20141021_134502

ეს მხოლოდ და მხოლოდ ასტრონომიული საათია, თუმცა როგორც მიხალმა მომიყვა, თავად მისმა დამპროექტებელმაც კი არ იცის მასზე დროის ცნობა :D

ამის შემდეგ ვეწვიეთ პეტრე და პავლეს ეკლესიას. თვითონ ეს გოთიკური შენობა შედარებით ახალია, თუმცა ამ ადგილზე სალოცავი მე-12 საუკუნიდან ყოფილა. კათოლიკურ ეკლესიებში აქამდეც ვყოფილვარ, თუმცა პირველად ვნახე აღსარების ჩასაბარებელი კაბინა, რომელიც აქამდე მხოლოდ ფილმებიდან ვიცოდი.

2014-10-22 09.51.482014-10-22 09.54.58

ამის შემდეგ გავისეირნეთ ფერადი ფოთლებით მოფენილ პარკში. გავსინჯე ჩეხური სასმელი ბეჩეროვკა, რომელიც 80-მდე ბალახისგან საიდუმლო რეცეპტით მზადდება, საღამოს კი წავედით მიხალის მეგობრებთან შესახვედრად ერთ-ერთ ბარში, სადაც ვეზიარე ჩეხურ ლუდს და ჩემი პირადი რეკორდი – ერთ დღეში 3 ბაკალი მოვხსენი :D

ღამით ასევე მიხალის მეგობრებთან დავრჩი. გამახსენდა EVS-ის პერიოდი, როცა couchsurfing-ს აქტიურად ვიყენებდით. ჩემი ავტობუსი ბუდაპეშტისკენ დილით, 9:30-ზე გადიოდა. მიხალმა მიმიყვანა სადგურამდე და შევთანხმდით, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა საქართველოში შედგება.

ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მეგობრის ნახვა მოვახერხე. ნეტავ ვინ იქნება შემდეგი?! :)

Notes from Europe: alone in Budapest

 

ორშაბათ დილას ჰენის რაღაც საქმეები ჰქონდა. შემომთავაზა შუა დღემდე დავლოდებოდი და მერე ერთად გაგვესეირნა, თუმცა გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა და მარტოს მებოდიალა – თან ჩემი მოგზაურის სქილებსაც გავიხსენებდი.

ბუდაპეშტი საკმაოდ მარტივად საორიენტაციო ქალაქი აღმოჩნდა. ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ის რომ მთავარი ღირსშესანიშნაობები დუნაის სანაპიროებზეა განლაგებული და მათი შემჩნევა შორიდანაც შეიძლება.

საწყის წერტილად ჩემთვის უკვე ნაცნობი ჯაჭვის ხიდი ავირჩიე და პეშტის მხარეს პარლამენტისაკენ გავუყევი. სულ რაღაც 10-15 წუთში მივადექი ამ ულამაზეს შენობას, რომელიც ახლოდანაც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც გემიდან ჩანდა.

20141020_101710  

 20141020_111750

ამავე გზაზე ვნახე ძალიან საინტერესო მონუმენტი – მდინარის პირას ჩამწკირვებული ფეხსაცმელები, რომლებიც ალაგ-ალაგ ყვავილებითაა შემკობილი და იმ ებრაელთა ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ბუდაპეშტში, დუნაის სანაპიროზე დახვრიტეს. მათ უბრძანეს რომ გაეხადათ ფეხსაცმელები და დამდგარიყვნენ მდინარის კიდეზე, რათა სიკვდილის შემდეგ ცხედრები წყალს წაეღო…

20141020_100801  20141020_100734

შემდეგ გადავკვეთე ყვითელი ხიდი და ბუდას სასახლისაკენ წამოვედი. გზად აღმოვაჩინე, რომ უნგრელები საკმაოდ სპორტულად ცხოვრობენ – ძალიან ბევრი გადაადგილდება ველოსიპედითა და ძუნძულით :) თანაც ეს ორშაბათ დილას – წარმომიდგენია რა ხდება შაბათ-კვირას.

ამ სეირნობისას, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ღირსშესანიშნაობებს, უნგრელ ბიჭებსაც შევავლე თვალი. საკმაოდ სიმპათიურები არიან – მაღლები და ნავარჯიშები სხეულებით. იმავეს ვიტყოდი ავსტრიელებზეც, თუმცა უნგრელები მაინც უფრო უბრალო ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამას, ალბათ, სოციალური ფონიც განაპირობებს. ავსტრია ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყანაა და შესაბამისად ხალხიც იქ უფრო მოვლილი და კარგად ჩაცმულია. ვენის ქუჩებში სეირნობისას მე და ჰენის ზუსტად ეს სიტყვა მოგვივიდა თავში, როცა ადგილობრივებს ვაკვირდებოდით – Classy!

აი, უნგრეთის ეკონომიკას რაც შეეხება, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა… უფრო სწორად, კინაღამ მოხდა – მათმა პრემიერ მინისტრმა გადაწყვიტა ინტერნეტზე დამატებითი გადასახადი დაეწესებინა, საიდანაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდოდა, თუმცა საბოლოოდ ეს კანონპროექტი არ დამტკიცდა, რადგან უნგრელებმა საპროტესტო აქცია გამართეს (სხვათა შორის, ზუსტად იმ ჯაჭვის ხიდზე, საითკენაც ჩემი სეირნობა განვაგრძე)…

მოკლედ, დავუბრუნდი საწყის წერტილს, თუმცა ამჟამად ბუდას მხარეს, რათა სასახლე მენახა. იქ ძველებური ტრამვაის საშუალებით ავედი და კიდევ ერთხელ დავტკბი ქალაქის ულამაზესი ხედით. თვითონ სასახლე ახლოდან იმდენად შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა, თან არც შიგნით შევსულვარ – იქვე მზის გულზე მოვკალათდი და წიგნის კითხვით შევიქციე თავი.

2014-10-20 21.30.03  20141020_124051

ეს ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო ჩემს მოგზაურობაში – როცა მარტო ხარ, სრულიად უცხო ადგილას, ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა, მზე ანათებს, მებაღეები გაზონებს კრეჭენ, შენ კი ზიხარ, რიგითი ტურისტი, ხელში წიგნი გიჭირავს, სადაც იმ მომენტში მხოლოდ შენთვის გასაგები ალფაბეტით წერია შორეული იაპონიის ამბები და ცხოვრება მშვენიერია…

მით უმეტეს რომ წინ კიდევ ერთი მოგზაურობა და სასიამოვნო შეხვედრა გელის – ჰენის სახლისაკენ მიმავალ გზაზე ნეპლიგეტის ავტოსადგურში შევიარე და ბრნოსაკენ მიმავალი ავტობუსის ბილეთი ვიყიდე.

Notes from Europe: Vienna waits for you

პოსტის სათაური ინსპირირებულია

სოფი გოლდენისა და ბილი ჯოელის მიერ :)

ვენაში მამაჩემის მეგობართან უნდა გავჩერებულიყავით, თუმცა მას იმ საღამოს ესპანეთში გაფრენა მოუწია და ამიტომ ჩვენთვის სასტუმროს ნომერი იქირავა. ჰო, ეს ცოტათი გავდა ორი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტის მოხვედრას მდიდრულ აპარტამენტებში – ისევე როგორც ვენის ქუჩაში აღმოჩენილი ეს 2 street art გოგონა გვგავდა ჩვენ :)

2014-10-18 01.22.34

სასტუმრო ვენის ერთერთ ცენტრალურ ქუჩა Mariahilfer-ზე აღმოჩნდა, რომელიც სავსეა მაღაზიებით, კაფე-ბარებით და ტურისტებით. დილით ჩასულებს წვიმიანი ამინდი დაგვხვდა, ამიტომ შუადღემდე სასტუმროში ვიყავით, სადაც მე კარგად გამოვიძინე, შემდეგ კი გავედით ქალაქში სახეტიალოდ.

აქამდეც გამიგია, თუმცა ახლა უკვე ჩემი თვალით ვნახე – ვენა ნამდვილი მუზეუმია. ყველა შენობა ხელოვნების ნიმუშია. მაგალითად, როცა პარლამენტის შენობას ვეძებდით თითქმის ყველა სახლთან გავჩერდი, აუცილებლად ეს იქნება მეთქი :D ისე კი, პირველ დღეს ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარით, ამიტომ sightseeing მეორე დღისთვის გადავდეთ. ის საღამო კი იზისთან ერთად გავატარეთ.

2014-10-18 01.23.15

იზი კიდევ ერთი მოხალისეა რუმინეთიდან – ეთნიკურად ვიეტნამელი, თუმცა ავსტრიის მოქალაქე. სრულიად შემთხვევით, ჰენის facebook check in-იდან გაიგო, რომ ვენაში ვიყავით და ასე გადავეყარეთ ერთმანეთს. მასთან განსაკუთრებით ახლოს არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ამ დაუგეგმავმა შეხვედრამ ძალიან გამახარა – უმაგრესი შეგრძნებაა, რომ ახლა უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში გყავს ადამიანები, რომელთაც შესაძლოა ისევე შემთხვევით გადააწყდე სხვადასხვა ქალაქში, თითქოს რუსთაველზე მისეირნობო ))))

სხვათა შორის, იმავე სტატუსს გამოეხმაურნენ კუნი (ჰოლანდიიდან), კატი (გერმანიიდან) და მიხალი (ჩეხეთიდან) – სამივემ გამოთქვა სურვილი მათთანაც ჩამესეირნა. და მეც გავიფიქრე:

რატომაც არა? 

თუმცა მანამდე ვენაში გასატარებელი კიდევ ერთი დღე გვრჩებოდა.

მზიანი შაბათი დილა გათენდა

20141018_091238

გემრიელად ვისაუზმეთ

20141018_101236

სასტუმროდან დავჩექაუთდით და ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურეთ. გიდობა “პატარა” მარიამმა გაგვიწია – ბავშვობაში ჩემი მეზობელი იყო და ასე ვეძახდით, თუმცა ახლა უკვე კონსერვატორიის სტუდენტია და კლასიკური მუსიკის დედაქალაქში არფაზე დაკვრას სწავლობს.

ჩვენი ავტობუსი ბუდაპეშტისკენ 7 საათზე გადიოდა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ვენისათვის ერთი თვალის შესავლებად – წმ. სტეფანეს ტაძარი, ოპერა, პარლამენტი, დედოფალ სისის სასახლეები, ბელვედერე, შენბრუნი (მათ სურათებს შეგნებულად არ ვდებ, რადგან ყველა მათგანი და ყველა რაკურსით უკვე არაერთხელ არის გადაღებული)… ასევე მოვინახულე ჰუნდერტვასერის სახლი, რომელიც პირველად გერმანიაში, ქეთისთან სტუმრობისას ვნახე და საერთოდ მაშინ აღმოვაჩინე ეს არქიტექტორი.

20141018_171153

ძალიან ლამაზი, ფერადი და ზღაპრული სტილი აქვს. ახლა უკვე მისი ორი ნამუშევარი მაქვს ნანახი (თუმცა ჯერჯერობით მაგდებურგის სახლი მაინც ჩემი ფავორიტია)… საინტერესოა, რომელი ქალაქი იქნება შემდეგი ?! :)

გამგზავრებამდე დარჩენილი თავისუფალი დრო ჯერ სტარბაქსის კაფეში, შემდეგ კი დუნაისპირა პარკში გავატარეთ. სხვათა შორის, ბუდაპეშტისაგან განსხვავებით ვენაში დუნაის გაცილებითვიწრო არხი ჩამოედინება.

დამღლელი, თუმცა სასიამოვნო და ნაყოფიერი დღე იყო. პარკში ყოფნისას ვიფიქრე, რომ ვენა ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, სადაც დაბრუნება აუცილებლად მომინდება.

ბუდაპეშტში საღამოს 11 საათზე ჩავედით და მაშინვე დავიძინეთ.

კვირა კი სულ სახლში გავატარეთ. უნგრელები ძალიან სტუმართმოყვარეები აღმოჩნდნენ. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მანამდე ასე არ ვფიქრობდი, რადგან რუმინეთში ცხოვრებისას ჰენის, დორას და ჟუჟის თითქმის არასოდეს ჰყოლიათ სტუმრები, ჩვენ კი თითქმის ყოველ ვიქენდზე მეგობრებს ვიღებდით. აქედან გამომდინარე ცოტა მეშინოდა და ვნერვიულობდი, ჰენის ოჯახს ხომ არ შევაწუხებდი ჩემი ხანგრძლივი სტუმრობით, თუმცა იქ ჩასულს მსგავსი არაფერი მიგრძნია.

Gloomy Sunday-ს თვითმკვლელი უნგრელების სიმღერასაც ეძახიან… მისტიკური ამბავია, არა?

რატომღაც მომინდა პოსტი სწორედ ამ მელოდიით დამესრულებინა, რომელიც მართალია სევდიანია და ჩემს განწყობას არ შეესაბამება, თუმცა მაინც ძალიან მიყვარს და თქვენც სიამოვნებით გიზიარებთ :)

Notes from Europe (II)

დილით ჩემზე მოსეირნე კატამ გამაღვიძა, რომელსაც მათიაში ქვია, უნგრელი მეფის სახელი და იმ დღეს ზუსტად მისი სახელობის ეკლესია მოვინახულეთ, რომლის გარშემოც გაშენებულია ე.წ. მეთევზის ბასტიონი და ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.

20141016_131024

ასევე ბუდას მხარეს, ცოტა კიდევ უფრო მაღლობზეა ციტადელი და უნგრეთში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმინდა გელერტის ქანდაკება, რომელიც ჩვენი ქართლის დედასავით მთელ ბუდაპეშტს გადმოჰყურებს

20141016_144932.

ეს კი უკვე მე ვარ ))

20141016_143014

ბუდადან პეშტში დასაბრუნებლად გადავკვეთეთ ე.წ. ჯაჭვის ხიდი, რომელიც მდინარე დუნაიზე გადებული პირველი კონსტრუქცია ყოფილა. ხიდს თავსა და ბოლოში ლოები დარაჯობენ

20141016_151632

საინტერესოა, ნეტავ მათ ბეწვზეც ალერგია მექნებოდა? ))

სახლისკენ მიმავალ გზაზე მოვინახულეთ გმირთა მოედანი და ასევე ეს უცნაური მონუმენტი, რომელიც ბუდაპეშტელებისთვისაც სიახლეა…

20141016_152535

ასევე გზად შევიარეთ ავტოსადგურში, სადაც ვიყიდე ბილეთები ვენის მიმართულებით – ავსტრიის დედაქალაქი ბუდაპეშტიდან სულ რაღაც 3 საათის სავალზეა და მგზავრობაც ძალიან იაფია – round trip დაახლოებით 25 ევრო ღირს.

საღამოს ჰენის მეგობრებთან ერთად წავედი ბარში, სადაც გავსინჯე უნგრული კოქტეილი “მაცი” – მართლაც საჩემო სასმელია, ალკოჰოლი თითქმის არ იგრძნობა – ღვინის, გაზიანი წყლისა და მაყვლის სიროფის ნაზავისაგან კეთდება. მოგვიანებით ვაპირებდით ინსტანტში წასვლას, რომელიც ყველაზე ცნობილი კლუბია ბუდაპეშტში, თუმცა საბოლოოდ გადავიფიქრეთ, რადგან მეორე დილას ძალიან ადრე უნდა ავმდგარიყავით – ვენის ავტობუსი სადგურიდან 7 საათზე გადიოდა…