Notes from Europe: alone in Budapest

 

ორშაბათ დილას ჰენის რაღაც საქმეები ჰქონდა. შემომთავაზა შუა დღემდე დავლოდებოდი და მერე ერთად გაგვესეირნა, თუმცა გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა და მარტოს მებოდიალა – თან ჩემი მოგზაურის სქილებსაც გავიხსენებდი.

ბუდაპეშტი საკმაოდ მარტივად საორიენტაციო ქალაქი აღმოჩნდა. ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ის რომ მთავარი ღირსშესანიშნაობები დუნაის სანაპიროებზეა განლაგებული და მათი შემჩნევა შორიდანაც შეიძლება.

საწყის წერტილად ჩემთვის უკვე ნაცნობი ჯაჭვის ხიდი ავირჩიე და პეშტის მხარეს პარლამენტისაკენ გავუყევი. სულ რაღაც 10-15 წუთში მივადექი ამ ულამაზეს შენობას, რომელიც ახლოდანაც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც გემიდან ჩანდა.

20141020_101710  

 20141020_111750

ამავე გზაზე ვნახე ძალიან საინტერესო მონუმენტი – მდინარის პირას ჩამწკირვებული ფეხსაცმელები, რომლებიც ალაგ-ალაგ ყვავილებითაა შემკობილი და იმ ებრაელთა ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ბუდაპეშტში, დუნაის სანაპიროზე დახვრიტეს. მათ უბრძანეს რომ გაეხადათ ფეხსაცმელები და დამდგარიყვნენ მდინარის კიდეზე, რათა სიკვდილის შემდეგ ცხედრები წყალს წაეღო…

20141020_100801  20141020_100734

შემდეგ გადავკვეთე ყვითელი ხიდი და ბუდას სასახლისაკენ წამოვედი. გზად აღმოვაჩინე, რომ უნგრელები საკმაოდ სპორტულად ცხოვრობენ – ძალიან ბევრი გადაადგილდება ველოსიპედითა და ძუნძულით :) თანაც ეს ორშაბათ დილას – წარმომიდგენია რა ხდება შაბათ-კვირას.

ამ სეირნობისას, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ღირსშესანიშნაობებს, უნგრელ ბიჭებსაც შევავლე თვალი. საკმაოდ სიმპათიურები არიან – მაღლები და ნავარჯიშები სხეულებით. იმავეს ვიტყოდი ავსტრიელებზეც, თუმცა უნგრელები მაინც უფრო უბრალო ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამას, ალბათ, სოციალური ფონიც განაპირობებს. ავსტრია ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყანაა და შესაბამისად ხალხიც იქ უფრო მოვლილი და კარგად ჩაცმულია. ვენის ქუჩებში სეირნობისას მე და ჰენის ზუსტად ეს სიტყვა მოგვივიდა თავში, როცა ადგილობრივებს ვაკვირდებოდით – Classy!

აი, უნგრეთის ეკონომიკას რაც შეეხება, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა… უფრო სწორად, კინაღამ მოხდა – მათმა პრემიერ მინისტრმა გადაწყვიტა ინტერნეტზე დამატებითი გადასახადი დაეწესებინა, საიდანაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდოდა, თუმცა საბოლოოდ ეს კანონპროექტი არ დამტკიცდა, რადგან უნგრელებმა საპროტესტო აქცია გამართეს (სხვათა შორის, ზუსტად იმ ჯაჭვის ხიდზე, საითკენაც ჩემი სეირნობა განვაგრძე)…

მოკლედ, დავუბრუნდი საწყის წერტილს, თუმცა ამჟამად ბუდას მხარეს, რათა სასახლე მენახა. იქ ძველებური ტრამვაის საშუალებით ავედი და კიდევ ერთხელ დავტკბი ქალაქის ულამაზესი ხედით. თვითონ სასახლე ახლოდან იმდენად შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა, თან არც შიგნით შევსულვარ – იქვე მზის გულზე მოვკალათდი და წიგნის კითხვით შევიქციე თავი.

2014-10-20 21.30.03  20141020_124051

ეს ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო ჩემს მოგზაურობაში – როცა მარტო ხარ, სრულიად უცხო ადგილას, ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა, მზე ანათებს, მებაღეები გაზონებს კრეჭენ, შენ კი ზიხარ, რიგითი ტურისტი, ხელში წიგნი გიჭირავს, სადაც იმ მომენტში მხოლოდ შენთვის გასაგები ალფაბეტით წერია შორეული იაპონიის ამბები და ცხოვრება მშვენიერია…

მით უმეტეს რომ წინ კიდევ ერთი მოგზაურობა და სასიამოვნო შეხვედრა გელის – ჰენის სახლისაკენ მიმავალ გზაზე ნეპლიგეტის ავტოსადგურში შევიარე და ბრნოსაკენ მიმავალი ავტობუსის ბილეთი ვიყიდე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s