What Dreams May Come

Mama’s gonna keep you right here under her wing
She won’t let you fly but she might let you sing

ახლა რომ ვუკვირდები, რაც კი ცხოვრებაში გამფიქრებია და ოდნავ მაინც რეალისტური იყო, თავისით მიხდება… თუმცა დრო რომ გადის, შესაძლოა სულაც აღარ გინდოდეს ის, რაც წლების წინ შენი ოცნება იყო. ასეა თუ ისე, მაინც სასიამოვნოა იმის გაანალიზება, რომ ცხოვრებისაგან განებივრებული ადამიანი ხარ.

ეს აზრი რამდენიმე დღის წინ, ცხელ შხაპში დგომის დროს მომივიდა თავში – პატარა რომ ვიყავი ძალიან მინდოდა ბასტი-ბუბუში მევლო. ყოველთვის ვუყურებდი მათ გადაცემებს, ვესწრებოდი კონცერტებს და ვეხვეწებოდი მშობლებს მეც მივეყვანე, თუმცა რატომღაც ამისთვის ვერ მოიცალეს.

ახლა წლები გავიდა და მაინც ამოვყავი თავი ბასტი-ბუბუში. რა თქმა უნდა, ეს სულ სხვა ამპლუაა, მაგრამ მოდი, მაინც ბავშვობისდროინდელი ოცნების ახდენას მივაწერ.

დღეს კი სულ სხვა მიზნები მაქვს. უფრო მეტს ვგეგმავ, ვიდრე ვოცნებობ. ალბათ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი რაციონალური გავხდებოდი და სიმართლე გითხრათ, ამის გამო გული ძალიან მწყდება. ჩემს თავში ყველაზე მეტად იმ ბავშვს ვებღაუჭები, რომელიც დიდი ხანია გაიზარდა.

რთულია ამ სამყაროში ბავშვად დარჩე – გარშემო იმდენი ვალდებულება და პასუხისმგებლობებია. 7-8 წლის ვიყავი სახლიდან რომ გავიპარე. წერილი დავტოვე, ჩემი ლექსების რვეული ავირე და სადღაც წავედი. უკან ძალიან მალე მოვბრუნდი. არ მახსოვს რატომ… ახლა კი ვეღარსად მივდივარ. თითქოს ყელზე უხილავი ჯაჭვი მაქვს გამობმული.

Nana Peter Pan

ახლა აღარ მეშინია იმ უცხო სამყაროსი, რომელიც ჩემი პირადი საზღვრებს მიღმაა. ახლა ის უფრო მაშინებს, რითიც ვარ გარშემორტყმული. ზურგზე ტვირთად მაწევს ის შეგრძნება, რომ ვალი მაქვს გადასახდელი, რომლიდანაც მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ.

ამ სიტყვებისაც მეშინია.

მეშინია, რომ შეიძლება არასწორად ამიხდეს…

23 in Armenia

შარშან, ცხოვრებაში პირველად, ძალიან განსხვავებული დაბადების დღე მქონდა – 20 დეკემბრის დილას ზურგჩანთა მოვიკიდე და სამოგზაუროდ წავედი.

გადავწყვიტე ტრადიცია არც წელს დამერღვია, მით უმეტეს რომ 20 დეკემბერი შაბათს ემთხვეოდა. ასე აღმოვჩნდი სომხეთში :)

ბევრს უკვირდა რატომ ავირჩიე მაინც და მაინც ეს ქვეყანა… პრინციპში, არავის ვამტყუნებ, რადგან 3 წლის წინ მეც ზუსტად იგივე რეაქცია მქონდა, როცა ჩემმა დაქალმა მითხრა, რაღაც სომხურ ფილმს ვუყურე და ერევანში წასვლა მომინდაო.

ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ EVS-მა ბევრი რამ შეცვალა ჩემში – მაგალითად ის, რომ ახლა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა მინდა. მით უმეტეს, როცა იქ ძალიან კარგი მეგობარი გეგულება. (თუმცა ერთ დღეს, ვიცი, სულ მარტოც სიამოვნებით წავალ სადმე კომპანიონისა და მასპინძლის გარეშე!)

თბილისიდან ერევნამდე სულ რაღაც 270 კილომეტრია, თუმცა მიხვეულ-მოხვეული გზების გამო მგზავრობა 4-5 საათს მაინც გრძელდება.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ერევანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რაც კი ცხოვრებაში მინახავს, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ ეს ვიქენდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.

Yerevan Arpine

სომხები რომ ძალიან სტუმართმოყვარეები იყვნენ, ეს აქამდეც ვიცოდი, თუმცა რამაც ნამდვილად გამაოცა ეს იყო მომსახურების დონე. მაგალითად, შევედით ერთ რესტორანში – მაშინვე მოვიდა მიმტანი, თავაზიანად უპასუხა ჩვენს კითხვებს და დაგვეხმარა კერძების არჩევაში. სანამ შეკვეთა გამზადდებოდა მოგვიტანეს ე.წ. აპეტაიზერი. შემდეგ კი თვითონ შეფმზარეული და რესტორნის მფლობელი გამოვიდა და გაგვეცნო.

არადა არანაირად არ ვყოფილვართ special guest-ს :)

საჭმელიც ისეთი გემრიელი იყო, რომ ყოველ ლუკმაზე სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი და ბოლოს შოკი – ეს ყველაფერი, ანუ 3 სხვადასხვა კერძი 2 ადამიანზე + სასმელი სულ რაღაც 6 000 დრამი დაჯდა ანუ დაახლოებით 25 ლარი.

მოკლედ, ერევანში თუ წახვალთ აბსოლიტურ რეკომენდაციას ვუწევ რესტორან Ararat Hall-ს.

საღამოს გართობას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ კალუმეტს. თუ ელბაქიძეზე კანუდოსში ყოფილხართ, დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნებათ რა გარემო დაგხვდებათ ამ ბარში. მფლობელები შუა ხნის ცოლ-ქმარი არიან, თუმცა ახალგაზრდული სულითა და ჰიპური იდეებით :) იქ ყველა ყველას მეგობარი, ყველა ერთად ერთობა, ცეკვავს, სვამს და მღერის :)

Yerevan Calumet

ზუსტად ასეთ ადგილებში შეიძლება გაიცნო ყველაზე საინტერესო ადამიანები – მაგალითად, ვოიჩეკი – ევროპარლამენტის თანამშრომელი პოლონეთიდან, რომელიც ერევანში მივლინებით იმყოფებოდა და რამდენიმე საათსი უნდა გაფრენილიყო, ამიტომ გადაწყვიტა შემორჩენილი დრამები დაეხარჯა და ყველას ყველაფერზე ეპატიჟებოდა. აღმოჩნდა რომ საქართველოშიც არა ერთხელ ყოფილა და ძალიანაც უყვარს. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასაც დაესწრო, თუმცა სანამ ყველაფერი ძალაში შევა, თუ ვიზებთან დაკავშირებით რაიმე დახმარება დაგჭირდება, მე მომმართეო :)

სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მქონდა იმისთვის, რომ ერევანი საფუძვლიანად დამეთვალიერებინა, მაგრამ არპინემ პატარა ექსკურსია მაინც ჩამიტარა. ვიყავით ეჩმიაძინში, ძველ სამონასტრო კომპლექსში, სადაც ბევრი ეკლესია და სასულიერო ტიპის დაწესებულებაა. ასევე ვისეირნეთ ერევნის ცენტრალურ ქუჩებში და დავესწარით ტიგრან ჰამასიანის კონცერტს ოპერაში, მოდერნ ბალეტის თანხლებით.

მოკლედ, ასეთი დაბადების დღე მქონდა და იმედია, მომავალ წელსაც მოვახერხებ მის განსხვავებულ გარემოში აღნიშვნას.

Notes from Europe: Night in Budapest

ბრნოდან დაბრუნებულს ბუდაპეშტში წვიმიანი ამინდები დამხვდა, ამიტომ იმ დღეებში ძირითადად indoor ექთივითებით დავკავდით.

Shopping

მგონი, ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პროცესია ჩემთვის ხანგრძლივი შოპინგი. არ ვიცი, როგორ ახერხებენ ადამიანები ამით სიამოვნების მიღებას.

ამის მიუხედავად, მაინც ვესტუმრე რამდენიმე სავაჭრო ცენტრს. ძირითადად, იგივე ბრენდებია, რომლებსაც უკვე თბილისშიც შეხვდებით. ნუ, კარგი – H & M ჯერ ჩვენთან არ შემოსულა. სხვათა შორის, სწორედ იქ ვიყიდე 30 ევროდ წითელი ბატინკები, რომლებიც ძალიან მომწონს და ჯერჯერობით ხარისხითაც კმაყოფილი ვარ :P

პატარ-პატარა სუვენირები შევიძინე ვაცი უტცაზე განლაგებულ მაღაზიებში, მაგრამ ყველაზე კარგი რაც იქიდან წამოვიღე კურტოშკოლაჩი იყო. მის შესახებ, მგონი ადრეც გითხარით – პირველად ჯერ კიდევ რუმინეთში გავსინჯე. ვისაც ტკბილეული და ცომეული გიყვართ, ძალიან მოგეწონებათ.

ბუდაპეშტში თითქმის ყველა ტურისტულ ადგილას შეხვდებით პატარ-პატარა ჯიხურებს, სადაც კურტოშკოლაჩს გიმზადებენ. ძირითადად, 3 ევრო ღირს, თუმცა ანდრაში უტცაზე, ზუსტად ქართული რესტორნის წინ შეგიძლიათ 1 ევროდ შეიძინოთ.

მართალია, ახალი და ცხელი ბევრად უფრო გემრიელია, თუმცა მე საქართველოშიც ჩამოვიტანე და 1 დღის “დაძველებულმაც” აშკარა მოწონება დაიმსახურა.

2014-10-20 21.32.57

ასევე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სავაჭრო ცენტრი IKEA, სადაც ცხოვრებაში პირველად ვიყავი და აი, იქიდან გამოსვლა კი ნამდვილად აღარ მინდოდა. ეგრევე თვალწინ წარმომიდგა ჩემი ოცნების ინტერიერები. სულ ცოტა დამაკლდა, რომ რომელიმე საწოლზე გავშოტილიყავი (სხვათა შორის, ეს სრულიად მიღებულია – ალბათ, ფილმებიდანაც გეცოდინებათ) და ტკბილად დამეძინა :)

Cinema

წვიმიან ამინდში კინოში წასვლაც მშვენიერი იდეაა – კინოთეატრი ასევე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იყო განთავსებული. ჩვენ “ანაბელის” ინგლისურენოვან სეანსზე შევედით.

ფილმმა იმედები ძალიან გამიცრუა – არავითარი სიუჟეტური სიახლე… მგონი, ჰორორებმა კინემატოგრაფიაში თავიანთი თავი ამოწურეს.

Nightlife

პარასკევს გამიმართლა და არ უწვიმია, ამიტომ მოვახერხე ღამის ბუდაპეშტიც მომენახულებინა. ეს იყო სულისშემკვრელი სანახაობა – დუნაის სანაპიროებს და მის ორივე მხარეს ჩამწკირვებულ, განათებულ შენობებს ვგულისხმობ. წარმომიდგენია, რა ლამაზი იქნება ეს ყოველივე ახლა, წინასაახალწლო პერიოდში.

2014-10-25 11.21.47

სხვათა შორის, ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი მიდის იქ. თავიდან მეც დეკემბერში ვაპირებდი, თუმცა მამამ გადამაფიქრებინა სიცივის გამო. მართალია, შარშან მაგ პერიოდში საერთოდაც ჰიჩჰაიკით ვიმოგზაურე, თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები მართლა კარგი არჩევანი იყო ოქტომბრის მზიან დღეებში ბუდაპეშტის მონახულება. აი, მომავალ შობა-ახალ წელს კი იმედია რომელიმე ახალ ქვეყანას ვესტუმრები…

ღამის სეირნობის შემდეგ წავედით კლუბ ინსტანტაში. ევროპულ კლუბებში ძალიან ხშირია ასეთი ტიპის დაწესებულებები, სადაც რამდენიმე ოთახი და სივრცეა – ყველგან სხვადასხვა სტილის მუსიკა უკრავს და, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი ადგილი.

20141024_234703

სამწუხაროდ, იმ საღამოს ჰენის მეგობრებმა ვერ მოახერხეს ჩვენთან ერთად წამოსვლა, ჰენიმ კი რატომღაც გადაწყვიტა, რომ არც გართობა და არც დალევა არ უნდოდა. ჩემთვის პრობლემა არ არის მარტო ცეკვა (თან მარტო მაინც არავინ დაგტოვებს : ))), მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობდი, როცა ვხედავდი, როგორ იდგა ჰენი ვეშოლკასავით ჩემი ქურთუკით ხელში, ვიდრე მე ვერთობოდი… ამიტომ ძალიან მალე მე თვითონ შევთავაზე, რომ სახლში დავბრუნებულიყავით.

აი, ასეთი იყო ჩემი ბოლო საღამო ბუდაპეშტში. შეიძლება, ცოტა disappointing ჩანდეს, იმიტომ რომ მიყვარს ცეკვა, გართობა და ღამის ცხოვრება, მაგრამ თავიდანვე კარგად ვიცოდი, რომ ადამიანი, ვისი სტუმარიც უნდა ვყოფილიყავი ჩემნაირი party person არ არის.

სამაგიეროდ, ძალიან კარგი მეგობარია ! <3

20141025_181144

ჩვენი ბოლო Selfie აეროპორტიდან :)

მოკლედ ვიტყვი უკან დაბრუნების ამბავსაც – თვითმფრინავში ბევრი ქართველი იყო, შესაბამისად ბევრი ხმაურიც… მუდმივად ვიღაც დადიოდა აეთ-იქით. თუმცა არაუშავს, მესმის რომ მოუსვენარი ხალხი ვართ და ამას უარყოფით მომენტად ნამდვილად არ განვიხილავ, მაგრამ უზრდელობა და სითავხედე არის ის, რასაც ვერ ვეგუები…

თვითმფრინავი უკვე ჯდებოდა, როცა პილოტმა ყველას მოგვიწოდა დავმსხდარიყავით და უსაფრთხოების ღვედები შეგვეკრა. უკან მჯდომმა ბიჭებმა, რომლებიც მთვრალები იყვნენ კი ტელეფონზე რეკვა და დერეფანში სიარული დაიწყეს. სტიურდესა შეეცადა დაესვა ისინი და თხოვა, ტელეფონებიც გამოერთოთ, თუმცა მათ გინება ატეხეს.

როცა აეროპორტში შევედით, ამ ორ ბიჭს დაცვა დახვდა (როგორც ჩანს თვითმფრინავიდან გადასცეს, რომ წესრიგს არღვევდნენ)… ამ დროს მივედი მეც და ვუთხარი, რომ სამარცხვინოდ იქცეოდნენ. იმ მომენტში ვერაფერი მიპასუხეს, რადგან დაცვაც იქვე იდგა, მაგრამ გარეთაც შემხვდნენ და “დაიკო, დაიკოს” ძახილით მოინდომეს ჩემთან საქმის გარჩევა. მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ასეთი საქციელით ქვეყანას არცხვენდნენ და მანქანაში ჩავჯექი…

არც კი ვიცი, დავასრულო ეს პოსტი სიტყვებით Welcome to Georgia?

რა ვქნა, რომ ჩემი პოზიტივზე ორიენტირებული ხასიათი ამის ნებას არ მაძლევს და მახსენებს “კარგი რამეებიც ხომ ხდება” ?

კი, ხდება და კიდევ კარგი… მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი აგრესია გვაქვს დაგროვილი. მესმის, ამას თავისი მიზეზები აქვს – გაჭირვება, მძიმე წარსული და ა.შ., მაგრამ იმედია ერთ დღეს უფრო მეტად გავუღიმებთ ერთმანეთს, მეტ დადებით ემოციას გავცემთ და, საერთოდაც, ყველაფერი კარგად იქნება :)