საახალწლო.

შობა-ახალ წელს გილოცავთ, ჩემი ბლოგის მკითხველებო :)

ზოგიერთ თქვენგანს ვიცნობ, ზოგიერთს კი არა, მაგრამ ყველას მიმართ მხოლოდ კეთილი სურვილები მაქვს – მინდა ბევრი სიკეთე მიიღოთ და ბევრიც გასცეთ. მინდა, რომ სანუკვარი ოცნებები აისრულოთ და სხვებსაც დაეხმაროთ ამაში. მინდა საკუთარი თავი და გზა იპოვოთ, თუმცა ყოველდღიურად გააკეთოთ ახალ-ახალი და საოცარი აღმოჩენები.

ახლა ზუსტად მეშვიდე წელი დაიწყო, რაც ჩემს იასამნისფერ ბლოგზე ვწერ – ამბობენ ურთიერთობებში ეს კრიზისული პერიოდიაო, მაგრამ იმედია ამ შემთხვევაში კიდევ დიდხანს შევინარჩუნებთ ჰარმონიას :)

2015 ჩემთვის ნოსტალგიურად დაიწყო – ახალი წლის ღამეს აღმოვაჩინე, რომ “სიყმაწვილის მეგობრები დამეფანტნენ ფოთლებივით” :) ზოგი მათგანი საზღვარგარეთაა, ზოგიერთს კი ხანდახან შემთხვევით თუ შევხვდები და ერთმანეთს თბილად მოვიკითხავთ, მაგრამ იმის ხალისი აღარ გვაქვს, რომ ერთად შევიკრიბოთ და ძველებურად გავერთოთ.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ცხოვრება წინ მიდის და წარსულზე ფიქრის გარდა სამომავლო გეგმებსაც ვსახავთ. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მეილზე საკუთარი თავისგანვე გამოგზავნილი წერილი მივიღე, რომლის არსებობა საერთოდაც აღარ მახსოვდა. ძალიან გამიკვირდა და თან გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ იქ ჩამოწერილი To do list-ის თითქმის ყველა პუნქტი შემისრულებია. თუმცა რამდენიმე ისეთიც იყო, რომელიც ძლივს გავიხსენე იქ როგორ მოხვდა – მაგალითად, იტალიურის სწავლა – კარგა ხანს ვფიქრობდი საიდან მომივიდა ეს აზრი თავში და მერე გამახსენდა, რომ შარშან ამ დროს შეყვარებული ვიყავი ერთ იტალიელ ბიჭზე, რომლის ვიდეოებსაც youtube-ზე გადავაწყდი (სამწუხაროდ შემდეგ წაშალა, არადა მართლა კარგი ტიპი იყო). ზოგადად, ასეთი პლატონური რამეები არ მჩვევია, მაგრამ მან ისე მომხიბლა, რომ იტალიურის სწავლას ვაპირებდი :D

წელს… ოო, წელს თავში კვლავ იმდენი რამ მიტრიალებს, რომ ყველას განხორციელება უბრალოდ შეუძლებელია (თუ, რა თქმა უნდა, ჰერმიონი დროის მდევარს არ მათხოვებს)…  არ ვიცი საბოლოოდ რა გამოვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წელს მაინც აღარ დამეუფლება ის სიცარიელის განცდა, რომელიც შარშანდელმა წელმა დამიტოვა. უცნაურია ამას რომ ვამბობ, რადგან ძალიან დატვირთული – მოგზაურობებით, ურთიერთობებით და შთაბეჭდილებებით სავსე წელი მქონდა, მაგრამ თითქოს ყველაფრის მიმართ ინდეფერენტული ვიყავი… განსაკუთრებით მაინც წლის ბოლოს, როცა თავში ერთგვარი შეჯამება გავაკეთე. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კერძს მარილი დააკლდა :)

პოსტს კი ისევ იმავე სურვილებით დავასრულებ, რითიც დავიწყე, ოღონდ ამჯერად საკუთარი თავის მიმართაც:

მინდა ბევრი სიკეთე მივიღო და ბევრი გავცე.

მინდა სანუკვარი ოცნებები ავისრულო და სხვებსაც დავეხმარო ამაში.

მინდა ვიპოვო ჩემი თავი და გზა, თუმცა ყოველდღიურად გავაკეთო ახალ-ახალი და საოცარი აღმოჩენები.

Advertisements