Blue is a dangerous colour

დიდხანს და ბევრი ვიფიქრე იმაზე, გამომექვეყნებინა თუ არა ეს პოსტი. ჩემი ოჯახის წევრებს ვუფრთხილდებოდი – ვიცი, თუ წაიკითხავენ, ინერვიულებენ და ცოტათი გაბრაზდებიან კიდეც. მაგრამ ასე ხდება – 23 წლის გოგონები ბიჭებს ხვდებიან და პაემნებზე მიდიან ხოლმე. ზუსტად იმ გოგონებისთვის ვყვები ამ ისტორიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადამხდა და არც კი ვიცი, როგორ დასრულდებოდა, ცოტაოდენი დედუქციის უნარი რომ არ აღმომჩენოდა.

ამბავი

ცოტა ხნის წინ ერთი ბიჭი გავიცანი. მეორე დღეს ყავაზე დამპატიჟა. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა – ვსაუბრობდით, ვხუმრობდით, ვიცინოდით. შემდეგ ბილიარდის სათამაშოდ წავედით. მე, საერთოდ, ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ როცა კოქტეილი შემომთავაზა, უარი არ მითქვამს და თამაშთან ერთად წრუპვა დავიწყე. უცნაური ფერის სასმელი იყო – ცოტათი ამღვრეული, მაგრამ საკმაოდ გემრიელი.

როგორც ვიცით ხოლმე “ბოლომდე, ბოლომდეო” მაძალებდა და მეც ბოლო ყლუპი რომ მოვსვი ჭიქის ფსკერზე რაღაც დანალექივით შევამჩნიე. მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის. ჭიქა მაგიდაზე დავდგი და თამაში გავაგრძელე.

ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ამ ბიჭს ტუჩზე ლურჯი ლაქა ჰქონდა – დაახლოებით ისეთი, კალამს რომ დაღეჭავ და მელანი გადმოიღვრება. ალბათ კიას ცარციაო, მითხრა და ლუდების მოსატანად გავიდა. რომ დაბრუნდა ჩემგან ზურგით მიტრიალდა და ბოთლები გახსნა. დავინახე რომ ჯიბეში რაღაც ჩაიდო – ალბათ, გასახსნელიანი დანა, სხვა რა?!

შემდეგ მოვიდა და ბოთლი გამომიწოდა – ღიმილით მივუჭახუნე და მოვიყუდე. უცბად ლუდი აქაფდა, ამიტომ ტუჩებიდან მოვიშორე და დავინახე როგორ ამოიფრქვა იქიდან ლურჯი სითხე. 

ელემენტარულია, ვოტსონ!

რამე ჩამიყარე-მეთქი? – საკმაოდ მშვიდად ვკითხე.

არა, დას ვფიცავარო და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, რომ თავისი უმცროსი დის ფოტოები ეჩვენებინა, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებდა მეორე ჯიბეში რა ედო.

აი, სანთებელააო – მაჩვენა, მაგრამ ორივემ კარგად დავინახეთ რომ ხელს რაღაც სხვაც ამოყვა და ძირს დავარდა. დავიხარე და იატაკიდან კაფსულის ლურჯი გადანაჭერი ავიღე – აი, ზუსტად ასეთი, შიგნით ფხვნილები რომ ყრია ხოლმე.

blue

რა თქმა უნდა, იქიდან მაშინვე გამოვიქეცი – ძალიან შეშინებული ვიყავი. მართალია, დროულად მივხვდი, რომ სასმელში რაღაცას მიყრიდა, მაგრამ 1 ჭიქა უკვე დალეული მქონდა და არ ვიცოდი, რა დამემართებოდა. დავურეკე ჩემს დაქალს და ვთხოვე ჩემთან ერთად ყოფილიყო, რომ თუ რამე მომივიდოდა, მოეხედა – შემდეგ კი ტელეფონი გავთიშე, რადგან ისიც ისტერიულად მირეკავდა და რომ არ ვპასუხობდი მესიჯებს მწერდა, სადაც მთხოვდა მისთვის მომესმინა და ახსნის შესაძლებლობა მიმეცა.

მე და ჩემი დაქალი პირველივე აფთიაქში შევვარდით და ფარმაცევტებს ვთხოვეთ დახმარება, რომ გაგვერკვია რა ჩამიყარეს სასმელში. ზუსტად ვერ მიპასუხეს, თუმცა მითხრეს, რომ სავარაუდოდ ეს იყო რომელიმე ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი საშუალება.

ამის შემდეგ ჩემს დაქალს გაახსენდა ამერიკაში და ევროპაში ძალიან გავრცელებული roofie, ასევე ცნობილი, როგორც date rape drug !!! მაშინვე დავგუგლეთ და აღმოჩნდა, რომ ეს წამალი მართლაც ლურჯი შეფერილობისაა, ამიტომ მას “მსხვერპლს” მუქი ფერის სასმელებით აპარებენ ხოლმე. მისი მიღების შემდეგ კი ადამიანს უჭირს მოძრაობა, საუბარი, აქვს სიმთვრალის ეფექტი და რაც მთავარია იწვევს ამნეზიას – ანუ არ გახსოვს არაფერი რაც ხდებოდა, სანამ ამ მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდი.

არ ვიცი რეალურად მართლა ეს წამალი იყო თუ არა ჩემს ორგანიზმში, თუმცა ფაქტია რაც არ უნდა ყოფილიყო, ძალიან მცირე დოზით მოხვდა და ფაქტობრივად არ ჰქონია არანაირი ეფექტი, მაგრამ როგორც პოსტის დასაწყისში დავწერე, შესაძლოა მე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარმა დაკვირვებულობამ გადამარჩინა და არც კი ვიცი, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ სასმლის მიღებას გავაგრძელებდი.

ის ადამიანი მეორე დღესაც მირეკავდა და მწერდა, რომ მისთვის ახსნის საშუალება მიმეცა. მეუბნებოდა რომ ყველაფერი არასწორად გავიგე. არ ვიცი, რეალურად შესაძლოა მართლაც სულ სხვა ფხვნილი ჩამიყარა სასმელში, მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ამას ჩემგან დაფარულად აკეთებდა. შესაბამისად, არა მგონია რაიმე კარგი მიზნები ჰქონოდა.

როგორც ხედავთ მის ვინაობას არ ვასახელებ – ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მირჩია მეჩივლა მისთვის, ბიჭებმა შემომთავაზეს ვნახავთ და მაგრად ვცემთო, მაგრამ არ მინდა ამ ისტორიას რაიმე გაგრძელება მოჰყვეს. თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა ეს ამბავი მხოლოდ ჩემთვის დასრულდა მშვიდობიანად, მაგრამ არსებობენ სხვა გოგონები, რომლებსაც ასევე არ აქვთ ინფორმაცია მსგავს მედიკამენტებზე და ჩემზე გულუბრყვილოებიც არიან.

ჰოდა, მინდა რომ ამ პოსტმა ზუსტად მათ ყურამდე მიაღწიოს, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ! 

დღეს, შარშან (01.02)

თუ ჩავთვლით, რომ ბლოგზე ახალ პროექტს ვიწყებ, ალბათ ამ პროექტს “ნოსტალგია” უნდა დავარქვა.

შარშან ამ დროს ხომ რუმინეთში ვიყავი – უფრო ზუსტად გეტყვით, კრაიოვასკენ მიმავალ რომელიმე მანქანაში ვიჯექი სუზანთან ერთად. თარიღი ასე კარგად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ თამარას დაბადების დღე იყო და მასთან მივიჩქაროდით. კრაიოვაში მოსაღამოებულზე ჩავედით. მძღოლს ვთხოვეთ რომელიმე მაკდონალდსთან ჩამოვესვით, რადგან იქ სითბო და wifi გვეგულებოდა. ანგარიშზე არც ერთს არ გვქონდა, თამარას კი facebook გაუუქმებია. ამიტომ ინსტაგრამზე ასეთი მესიჯი დავუტოვე

for Tamara

მართლაც ცოტა ხანში ხოსემ დაგვირეკა და გვითხრა რომ უნივერსიტეტთან შეგვხვდებოდა. უნივერსიტეტის შენობას როგორღაც მივაგენით, თუმცა შემდეგ დაახლოებით 1 საათიანი ლოდინი მოგვიწია – საშინლად ციოდა და რომ არ გავყინულიყავით კიბეებზე დავრბოდით. ბოლოს როგორც იქნა ხოსე გამოჩნდა და წაგვიყვანა თამარას სახლისკენ. ახლა გამახსენდა, რომ დიდი თოვლი იდო – ერთ ქუჩაზე გაგვატარა, სადაც სულ საქორწინო კაბები იყიდებოდა.

მივედით თამარასთან, ყველანი შეკრებილები იყვნენ და სამზარეულოში სვამდნენ. მაგიდაზე შოკოლადები ეყარა, რომელიც თამარას აჩუქეს ლიენემ და გურკანმა. მგონი, ძალიან ბევრი სახელი ვახსენე – Let me introduce them to you :)

სუზანი აუცილებლად გეცოდინებათ, თუ ჩემს ბლოგს აქამდეც კითხულობდით – ის ჩემი ფრანგი რუმმეითი იყო. ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებოდით, მაგრამ მაინც დავმეგობრდით. ერთადერთი “წყვილი” ვიყავით ჩვენს სახლში, რომელიც ბოლომდე ერთად დარჩა- ანუ თავიდან 2-2 ვცხოვრობდით ოთახებში, მაგრამ გაზაფხულზე ჩვენმა “ბოსებმა” მოგვცეს უფლება ცალცალკე გადავსულიყავით ოთახებში, რადგან გათბობა საჭირო აღარ იყო და ეკონომიის გაკეთება არ უწევდათ. მხოლოდ ჩვენ ორმა გადავწყვიტეთ ერთად დავრჩენილიყავით, დანარჩენები დაიშალნენ – არადა თავიდან ამას როგორ ვიფიქრებდი. არა იმიტომ, რომ დასაწყისში ცუდი ურთიერთობა გვქონდა, უბრალოდ სუზანი ხვრინავდა, ეს კი ჩემთვის ჯოჯოხეთის ტოლფასია. მერე შევეჩვიე და აღარ მაწუხებდა ხოლმე. ხანდახან მასზე ადრე დაძინებასაც ვასწრებდი და, მოკლედ, კარგად ავეწყვეთ :)

თამარა პრედეალში, მოხალისეების arrival meeting-ზე გავიცანი – სიაში წავიკითხე რომ ქართული სახელი და გვარი ეწერა, თუმცა ბელარუსიის გასწვრივ. იქვე ვიკითხე ხომ არ იცით ვინაა-მეთქი, ერთ-ერთმა გოგომ მიპასუხა – მე ვარო :) აღმოჩნდა რომ მამა ქართველი ჰყავდა, თუმცა ბელარუსიაში გაიზარდა და აქ სულ რამდენჯერმეა ნამყოფი. თვითონ ამბობს რომ ის არის “Bellarusian Girl with Georgian Heart”. სწორედ მისი დაბადების დღე იყო იმ 1 თებერვალს, მე რომ ვიხსენებ და, შესაბამისად – დღესაც. ახლა უკვე მოსკოვში ცხოვრობს და სტიუარდესობისთვის ემზადება.

ხოსე ესპანელია. ისიც პრედეალში გავიცანი – მხიარული ბიჭია, თუმცა მასთან ბევრი საერთო არასოდეს მქონია. ამ პერიოდში სუზანის secret boyfriend იყო ან გნებავთ, friend with benefits :D

ლიენე და გურკანი ერთმანეთს ასევე პრედეალში შეხვდნენ და მას შემდეგ, ე.ი. დღემდე ერთად არიან. ზუსტად რამდენიმე დღის წინ სუზანი რიგაში გაემგზავრა მათ მოსანახულებლად. გურკანი თურქია, მაგრამ EVS-ის შემდეგ ლიენესთან გადაცხოვრდა ლატვიაში.

ამ ფოტოზე კი ჩემთან, სუზანთან და თამარასთან ერთად ლიტველი იუსტინაა. მას პირველად ბუქარესტში შევხვდი, ჩვენს საახალწლო trip-ზე ახლდა ხოსეს. აღმოჩნდა რომ საქართველო შორიდან უყვარდა, რომელიღაც ქართულ-ლიტვური სერიალიდან :)

feb1

თამარას წვეულება ბოულინგ კლუბში გაგრძელდა და შემდეგ უკვე მოსაყოლიც აღარაფერია :) აი, ჩემს პროექტს რაც შეეხება მინდა რომ თარიღეების შესაბამისად შარშანდელი დღეებზე ვწერო და ფოტომოგონებებიც დავურთო. ამით ცოტათი მაინც მოვიკლავ მონატრების გრძნობას და იმედია, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ^^