signs

ჩემი ცხოვრება სავსეა ნიშნებით, რომლებიც ხანდახან უბრალო ნიშნებადვე რჩებიან და მერე ვფიქრობ, იქნებ სულაც მე გამოვიგონე, უფრო სწორად, მე მივაქციე-მეთქი ზედმეტი ყურადღება. თუმცა ერთ-ერთი ბოლო პოსტის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ დაკვირვება ზედმეტი არასოდესაა – ხანდახან შეიძლება დიდ ხიფათს აგარიდოს, ხანდახან კი შენი ცხოვრების მთავარ გზაზე დაგაყენოს.

დეტალებს თუ დააკვირდებით, მართლა შეამჩნევთ რაღაც უცნაურ კანონზომიერებას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში თითქოს ჩვენგან დამოუკიდებლად მომხდარ მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს. ერთი შეხედვით პატარა, უმნიშვნელო ამბავი – თუნდაც ისეთი, როგორიცაა 3 თვის დაგვიანებით ჩამოსული საახალწლო წერილი – შეიძლება მართლა იქცეს ახალი წლის დასაწყისად შენს ცხოვრებაში, თანაც ზუსტად იმ დღეს, რომელიც წესით უნდა შეგძულებოდა.

არ ვიცი, იქნებ მე ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ?! იქნებ ვინმეს გულსაც კი ვურევ ჩემი პოზიტიური აზროვნებით ?! მაგრამ რა ვქნა თუ ყოველდღე ვრწმუნდები – კოსმოსში რაღაც დიდი ენერგია ტრიალებს. არც ერთი შენი ჩანაფიქრი უკვალოდ არ ქრება, თუმცა ისიც უნდა იცოდე როგორ ჩაიფიქრო… სულ მახსენდება ხოლმე სადღაც ყურმოკრული ფრაზა “არავინ იცის როდის ჩამოივლისო ამინი”.

რადგან ზოგადად ვწერ და კონკრეტულ ამბავს არ ვყვები, შეიძლება ჩემი სიტყვები ბოდვას გავდეს, მაგრამ ბოლო დროს თითქოს დავმძიმდი და ეს აქაურობასაც დაეტყო. მხრებზე აკიდებულ სიმძიმეს რა უჭირს, მთავარია სიმძიმე გულიდან მოიშორო და არ გაბოროტდე. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ სიკეთე ცხოვრებას მიმარტივებს და ვიცი, ერთ დღესაც ისე გავძლიერდები, რომ სხვების ცხოვრებებსაც გავალამაზებ.

ჯერ ისევ საკუთარი თავის ძიებაში ვარ. მივყვები ნიშნებს, ხანდახან არასწორადაც კი, მაგრამ ჯერ ისეთ გზას მაინც არ დავდგომივარ გვერდზე პატარა, საცალფეხო ბილიკი მაინც რომ არ იყოს გადასახვევი.

მოკლედ, დამიბრუნდა ძველი განწყობა და თუ წინა პოსტში მეგონა რომ დავიკარგე, ახლა ჩემს თავს ისევ ვახსენებ:

not-all-who-wander

Advertisements

ფიქრებში დაკარგული

ვზივარ და ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, რა დავწერო. თითქოს ყველაფერი გამომელია – სიტყვები, აზრები, ემოციები.

უკვე ყველაფერი ნაფიქრია. უკვე ყველაფერი გავლილია. რაღა დამრჩა შესაგრძნობი? ან საერთოდ რა შემიგრძნია აქამდე?

სიცარიელის შეუვსებელი განცდა მაქვს, რომელსაც ერთ დღეს დიდ მოგზაურობაში წასვლაზე ოცნებაც აღარ შველის.

I’m lost.