დღეს, შარშან (25.06.2014)

შეიძლება, უნაკლო მეხსიერებით არ გამოვირჩევი, მაგრამ დღემდე მახსოვს ყველა ის თარიღი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ბუქარესტში მატარებლით წამოვედი. ჩემოდნების ჩალაგებას გამთენიისას მოვრჩი, გოგოებს დავემშვიდობე და სადგურზე წავედი. ჩემს ბილეთზე ეწერა, რომ სიგიშოარაში გადასაჯდომად ზუსტად 1 წუთი მქონდა. იქ მისულს კი მატარებელი ბაქანზე არ დამხვდა – ვიფიქრე, გამასწრო-მეთქი, მაგრამ რეალურად 1 საათი ლოდინი მომიწია.

ბუქარესტში წვიმდა და გიოსთან რაღაც ძვირიანი ტაქსით წავედი. ის პოლონელი გოგო, რომლის ოთახშიც გვეძინა ხოლმე, ჩამოსული დამხვდა. ოთახში რომ შევედი “ოლაო” მითხრა. მეგონა, მომესალმა – თურმე ასე რქმევია :) გავისეირნე ბუქარესტში და გადავიღე ზუსტად ისეთი ფოტო, როგორიც მამაჩემს აქვს გადაღებული ჩემს ასაკში – ანუ 40 წლის წინ.

Bucharest

მერე ღია ცის ქვეშ რაღაც მატჩსაც ვუყურე გიოსთან, შეილასთან და სხვა მოხალისეებთან ერთად. საღამოს სუზანი და არპინეც ჩამოვიდნენ ავტოსტოპით. 50 ლეი მქონდა დარჩენილი, ტაქსმა 25 დაწერა. ვიფიქრე, რომ ხურდას გოგოებს დავუტოვებდი, მაგრამ მძღოლმა საბარგულიდან ჩემოდნები ამომილაგა, მანქანაში ჩახტა და გაიქცა. 8 თვის განმავლობაში პირველად “გამქურდეს” :)

აეროპორტში აღმოჩნდა, რომ ჩემი ბარგი-ბარხანა დაშვებულ წონას აჭარბებდა. იქვე ამოვყარე რაღაცეები და გოგოებმა გადაინაწილეს თავიანთ ჩანთებში. მერე ორივეს ჩავეხუტე და წავედი. უკან რომ მოვიხედე, იქ იდგნენ და ხელს მიქნევდნენ.

goodbye

მაშინ ცოტათი მეშინოდა, რომ ეს შეიძლებოდა ჩვენი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო. არა იმიტომ, რომ ავიაკატასტროფაში ვაპირებდი მოყოლას, უბრალოდ მეშინოდა, რომ უკან დაბრუნებულები ერთმანეთისთვის ვეღარ მოვიცლიდით. ამ 1 წელში ეს შიში გამიქრა, რადგან 3 თვეში მე თვითონვე წავედი ბუდაპეშტში ჰარიეტის და ბრნოში მიხალის სანახავად. სულ რაღაც 10 დღის წინ კი არპინე და ჰარიეტი იყვნენ ჩემთან. ახლა უკვე ვიცი, რომ მალე მილდასაც ვნახავ, თამარასაც და დარკოსაც… შევხვდები სხვა ბავშვებსაც, როგორც უკვე შევხვდი იზის, რუტას და ეველინას.

და ერთ დღეს რუმინეთშიც დავბრუნდები. კიდევ ერთხელ გავივლი ყველა იმ გზას, რომელიც ჩემი ხელის გულივით მახსოვს და იმ გზებსაც, რომელთა გავლაც ვერ მოვასწარი.

და თუ საქართველოში ჩამოსულმა ეს სიმღერა გავიზიარე, იქაც თამამად მოვუსმენ, რადგან რუმინეთი ჩემი სახლია და  someday I’m coming home again!

13 ივნისი

პირველად ეს ჩემგან ძალიან შორს მოხდა.

მაშინ მე 10 წლის ვიყავი და კლასელის დაბადების დღიდან სახლში ვბრუნდებოდი. გზად მაღაზიაში შევიარეთ, ალბათ, პური უნდა გვეყიდა. გამყიდველს პატარა, შავ-თეთრი ტელევიზორი ქონდა ჩართული… ახლა ჩემს ტელეფონს ზუსტად იმხელა ეკრანი აქვს, თუმცა თავში მაინც მკაფიოდ ჩამებეჭდა ის კადრები – მაღალი, ცეცხლმოკიდებული შენობებიდან ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანები რომ ხტებოდნენ.

11 სექტემბერი იყო.

ამის შემდეგ ხშირად მინახავს ტრაგედიის ამსახველი კადრები – უფრო დიდ, ფერად, პლაზმურ ტელევიზორებში. 2008 წლის აგვისტოს ომმაც კი ეკრანზე ჩაიარა ჩემთვის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ეს მორიგი მხატვრული ფილმი არ იყო, რომ ამ ყველაფრის მიღმა ნამდვილი ადამიანები იდგნენ, რომლებიც ნამდვილ ტკივილს განიცდიდნენ, ნამდვილად კვდებოდნენ, ნამდვილად კარგავდნენ საყვარელ ადამიანებს… და მაინც, თითქოს ეს ყველაფერი ჩემგან შორს ხდებოდა.

რამდენიმე დღის წინ, 13 ივნისს ჩემთან სტუმრად ჩამოსულ ჰარიეტს ძველი თბილისი დავათვალიერებინე და საღამოს იქვე ბარში დავსხედით. ვიცოდით, რომ რამდენიმე საათში არპინეც შემოგვიერთდებოდა. მართლაც, დაახლოებით 9 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ უკვე სომხეთ-საქართველოს საზღვარზე იყო და 11-ის ნახევრისთვის ისნის მეტროსთან დავხვედროდით.

ამ დროს გარეთ უკვე წვიმდა. ჩვენ ვისხედით მყუდრო კაფეში, ვიცინოდით და ზაფხულის შხაპუნა წვიმით ვტკბებოდით. 10 საათი რომ გახდა, მამას დავურეკე, მოგვაკითხა და ისნისკენ დავიძარით. შხაპუნა წვიმა სინამდვილეში კოკისპირული აღმოჩნდა. ფანჯრებს ბოლომდე ვერ ვწვედით, რადგან მანქანაში ისხმებოდა, მაგრამ ვერც ვკეტავდით – მინები სულ დაბურული იყო და არაფერი ჩანდა.

წვიმაში საცობი არავის უკვირს, თუმცა როდესაც სანაპიროზე გავედით (ამ დროს უკვე არპინეც მანქანაში გვეჯდა), მივხვდი რომ ეს ჩვეულებრივი წვიმა და საცობი არ იყო. გვერდზე მიმავალ მანქანებს წყალი ბორბლებს უფარავდა. ზოგიერთი მძღოლი გზას საერთოდ ვეღარ აგრძელებდა და ეს კიდევ უფრო აფერხებდა მოძრაობას.

როგორც იქნა გავედით ვაკისკენ მიმავალ ახალ გზაზე. მამიდაჩემმა თავისი ბინა დამითმო და ჩემს სტუმრებთან ერთად წყნეთის ქუჩაზე ვცხოვრობდი. კორპუსთან დიდი გუბე დაგვხვდა, რომელში გატოპვასაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხიარულება და სიცილი მოყვა. სახლში სულ სველები ავედით, მაგრამ ეს გვამხიარულებდა – მით უმეტეს, რომ რუმინეთის შემდეგ სამნი ერთად პირველად შევიკრიბეთ. დიდხანს ვისხედით და ვლაპარაკობდით. მერე გოგოებს ძილი მოერიათ და დასაწოლად წავიდნენ, მე კი facebook-ში ჩავძვერი და უცბად აღმოვაჩინე, რომ ქალაქში ტრაგედია ტრიალებდა – ადიდებული მდინარე სახლებში შეიჭრა, ძაღლების თავშესაფარი და ზოოპარკი გაანადგურა…

როცა ჩემს ოთახში შევედი, ხმაური გავიგე. ფანჯრები ზუსტად ვერეს ხეობას გადაყურებს. სრულ სიბნელეში ბევრი ვერაფერი გავარჩიე, თუმცა მესმოდა როგორ ღრიალებდა ადიდებული მდინარე და როგორ ყვიროდნენ ადამიანები. თავიდან მეგონა, რომ ისინი მე მეძახდნენ, მაგრამ შემდეგ გავარჩიე, რომ იქ პატრულის და სამაშველო მანქანებიც იდგა და ცოტათი დავმშვიდდი. ვიფიქრე, რომ ყველაფერს აკონტროლებდნენ.

ეს რომ ჩემი სახლი ყოფილიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა, რომ იქ, ქვევით, ზუსტად მდინარესთან სხვა სახლებიც იდგა და ზუსტად იქ ტრიალებდა საშინელი ტრაგედია. იმ მომენტში ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ასე ცუდად იყო… იმედი მქონდა, რომ ადამიანები მაინც არ შეეწირებოდნენ წვიმას…

მაგრამ დილით facebook-ზე უამრავი მესიჯი დამხვდა. მეკითხებოდნენ, როგორ ვიყავი, რადგან ჩემი ბოლო აქტივობა wall-ზე ატვირთული 2 ვიდეო იყო – ერთი მანქანიდან, რომელიც ლამის წყალში ტივტივებდა და მეორე ტრაგედიის ერთ-ერთი ეპიცენტრიდან, სადაც ხალხის ყვირილი და მდინარის ღრიალი ისმოდა.

უკვე ცნობილი იყო მსხვერპლის შესახებაც – რამდენიმე გარდაცვლილის ცხედარი უკვე ეპოვნათ, დანარჩენებს კი ეძებდნენ. წერდნენ, რომ ქალაქში მტაცებელი ცხოველები დარბოდნენ… ყოველ წუთს, ახალ-ახალი ინფორმაცია, სურათები და ვიდეოები იდებოდა.

ჩვენ, ალბათ, გაგვიმართლა, რომ სულ ცოტა ხნით გავასწარით მდინარის კალაპოტიდან ამოვარდნას. არპინე ერთი საათით გვიან რომ ჩამოსულიყო, იმ დროს იმავე გზაზე მანქანაში ვისხდებოდით და არავინ იცის ახლა სად ვიქნებოდით. თუმცა მაშინ ამაზე არც ერთს გვიფიქრია, ისევე როგორც არ ფიქრობდნენ ის ადამიანები, რომელთაც სახლში მიეჩქარებოდათ ან უკვე სახლებში იყვნენ კიდეც – დღეს კი 15 მათგანი გარდაცვლილია.

13 ივნისი იყო ის დღე, როდესაც ტრაგედიამ ახლოს, ძალიან ახლოს, გულთან ჩამიარა…