13 ივნისი

პირველად ეს ჩემგან ძალიან შორს მოხდა.

მაშინ მე 10 წლის ვიყავი და კლასელის დაბადების დღიდან სახლში ვბრუნდებოდი. გზად მაღაზიაში შევიარეთ, ალბათ, პური უნდა გვეყიდა. გამყიდველს პატარა, შავ-თეთრი ტელევიზორი ქონდა ჩართული… ახლა ჩემს ტელეფონს ზუსტად იმხელა ეკრანი აქვს, თუმცა თავში მაინც მკაფიოდ ჩამებეჭდა ის კადრები – მაღალი, ცეცხლმოკიდებული შენობებიდან ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანები რომ ხტებოდნენ.

11 სექტემბერი იყო.

ამის შემდეგ ხშირად მინახავს ტრაგედიის ამსახველი კადრები – უფრო დიდ, ფერად, პლაზმურ ტელევიზორებში. 2008 წლის აგვისტოს ომმაც კი ეკრანზე ჩაიარა ჩემთვის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ეს მორიგი მხატვრული ფილმი არ იყო, რომ ამ ყველაფრის მიღმა ნამდვილი ადამიანები იდგნენ, რომლებიც ნამდვილ ტკივილს განიცდიდნენ, ნამდვილად კვდებოდნენ, ნამდვილად კარგავდნენ საყვარელ ადამიანებს… და მაინც, თითქოს ეს ყველაფერი ჩემგან შორს ხდებოდა.

რამდენიმე დღის წინ, 13 ივნისს ჩემთან სტუმრად ჩამოსულ ჰარიეტს ძველი თბილისი დავათვალიერებინე და საღამოს იქვე ბარში დავსხედით. ვიცოდით, რომ რამდენიმე საათში არპინეც შემოგვიერთდებოდა. მართლაც, დაახლოებით 9 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ უკვე სომხეთ-საქართველოს საზღვარზე იყო და 11-ის ნახევრისთვის ისნის მეტროსთან დავხვედროდით.

ამ დროს გარეთ უკვე წვიმდა. ჩვენ ვისხედით მყუდრო კაფეში, ვიცინოდით და ზაფხულის შხაპუნა წვიმით ვტკბებოდით. 10 საათი რომ გახდა, მამას დავურეკე, მოგვაკითხა და ისნისკენ დავიძარით. შხაპუნა წვიმა სინამდვილეში კოკისპირული აღმოჩნდა. ფანჯრებს ბოლომდე ვერ ვწვედით, რადგან მანქანაში ისხმებოდა, მაგრამ ვერც ვკეტავდით – მინები სულ დაბურული იყო და არაფერი ჩანდა.

წვიმაში საცობი არავის უკვირს, თუმცა როდესაც სანაპიროზე გავედით (ამ დროს უკვე არპინეც მანქანაში გვეჯდა), მივხვდი რომ ეს ჩვეულებრივი წვიმა და საცობი არ იყო. გვერდზე მიმავალ მანქანებს წყალი ბორბლებს უფარავდა. ზოგიერთი მძღოლი გზას საერთოდ ვეღარ აგრძელებდა და ეს კიდევ უფრო აფერხებდა მოძრაობას.

როგორც იქნა გავედით ვაკისკენ მიმავალ ახალ გზაზე. მამიდაჩემმა თავისი ბინა დამითმო და ჩემს სტუმრებთან ერთად წყნეთის ქუჩაზე ვცხოვრობდი. კორპუსთან დიდი გუბე დაგვხვდა, რომელში გატოპვასაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხიარულება და სიცილი მოყვა. სახლში სულ სველები ავედით, მაგრამ ეს გვამხიარულებდა – მით უმეტეს, რომ რუმინეთის შემდეგ სამნი ერთად პირველად შევიკრიბეთ. დიდხანს ვისხედით და ვლაპარაკობდით. მერე გოგოებს ძილი მოერიათ და დასაწოლად წავიდნენ, მე კი facebook-ში ჩავძვერი და უცბად აღმოვაჩინე, რომ ქალაქში ტრაგედია ტრიალებდა – ადიდებული მდინარე სახლებში შეიჭრა, ძაღლების თავშესაფარი და ზოოპარკი გაანადგურა…

როცა ჩემს ოთახში შევედი, ხმაური გავიგე. ფანჯრები ზუსტად ვერეს ხეობას გადაყურებს. სრულ სიბნელეში ბევრი ვერაფერი გავარჩიე, თუმცა მესმოდა როგორ ღრიალებდა ადიდებული მდინარე და როგორ ყვიროდნენ ადამიანები. თავიდან მეგონა, რომ ისინი მე მეძახდნენ, მაგრამ შემდეგ გავარჩიე, რომ იქ პატრულის და სამაშველო მანქანებიც იდგა და ცოტათი დავმშვიდდი. ვიფიქრე, რომ ყველაფერს აკონტროლებდნენ.

ეს რომ ჩემი სახლი ყოფილიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა, რომ იქ, ქვევით, ზუსტად მდინარესთან სხვა სახლებიც იდგა და ზუსტად იქ ტრიალებდა საშინელი ტრაგედია. იმ მომენტში ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ასე ცუდად იყო… იმედი მქონდა, რომ ადამიანები მაინც არ შეეწირებოდნენ წვიმას…

მაგრამ დილით facebook-ზე უამრავი მესიჯი დამხვდა. მეკითხებოდნენ, როგორ ვიყავი, რადგან ჩემი ბოლო აქტივობა wall-ზე ატვირთული 2 ვიდეო იყო – ერთი მანქანიდან, რომელიც ლამის წყალში ტივტივებდა და მეორე ტრაგედიის ერთ-ერთი ეპიცენტრიდან, სადაც ხალხის ყვირილი და მდინარის ღრიალი ისმოდა.

უკვე ცნობილი იყო მსხვერპლის შესახებაც – რამდენიმე გარდაცვლილის ცხედარი უკვე ეპოვნათ, დანარჩენებს კი ეძებდნენ. წერდნენ, რომ ქალაქში მტაცებელი ცხოველები დარბოდნენ… ყოველ წუთს, ახალ-ახალი ინფორმაცია, სურათები და ვიდეოები იდებოდა.

ჩვენ, ალბათ, გაგვიმართლა, რომ სულ ცოტა ხნით გავასწარით მდინარის კალაპოტიდან ამოვარდნას. არპინე ერთი საათით გვიან რომ ჩამოსულიყო, იმ დროს იმავე გზაზე მანქანაში ვისხდებოდით და არავინ იცის ახლა სად ვიქნებოდით. თუმცა მაშინ ამაზე არც ერთს გვიფიქრია, ისევე როგორც არ ფიქრობდნენ ის ადამიანები, რომელთაც სახლში მიეჩქარებოდათ ან უკვე სახლებში იყვნენ კიდეც – დღეს კი 15 მათგანი გარდაცვლილია.

13 ივნისი იყო ის დღე, როდესაც ტრაგედიამ ახლოს, ძალიან ახლოს, გულთან ჩამიარა…

Advertisements

2 thoughts on “13 ივნისი

  1. რა საშინელი რამე მოხდა. ძალიან შორს ვარ გეოგრაფიულად, მაგრამ ფოტოები რომ ვნახე იმ ადგილების, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ზოოპარკი სულ ზეპირად ვიცოდი, ლამის ემოციებიც კი გამეყინა გულთან ერთად. არც ვიცი რა ვთქვა.
    როგორ მეცოდებიან ადამიანები. ცხოველებიც და საერთოდ, მთელი პატარა თბილისი.

    • ჰო, სოფი, საშინელება იყო… ახლა თითქოს ლაგდება ყველაფერი, მაგრამ მგონია, რომ ყოველთვის თუ არა, დიდხანს მაინც დაგვრჩება ეს ნაიარევი :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s