Archive: vol. Again

პოსტი დაწერილია მძაფრი ემოციების ქვეშ

2 წლის წინ, გაზაფხულზე, სტამბულში გავემგზავრე. მთავარი მიზეზი Archive-ს კონცერტი იყო. შემდეგ, ყოველთვის, როცა იმ მომენტს ვიხსენებდი, მეუფლებოდა ბედნიერების უსაზღვრო შეგრძნება და მახსენდებოდა ის ემოციები, რაც საყვარელი ბენდის ლაივში მოსმენას სდევს თან.

სტამბულიდან ჩამოსულმა აღმოვაჩინე, რომ ჯგუფის ვოკალისტს, Dave Pen-ს ვორდპრესზე ბლოგი ჰქონდა და, რა თქმა უნდა, მისი ერთგული მკითხველი გავხდი. მისი პოსტები ძირითადად ტურნეების და იმ ქვეყნების შესახებაა, სადაც არქივთან ერთად მოგზაურობს. რა თქმა უნდა, თურქეთის შესახებაც დაწერა, სათაურით “Across The Bosphorus“, სადაც ახსენა თავისი საყვარელი წიგნი, რეი ბრედბერის “451 ფარენჰეიტი” და ისიც, რომ აგროვებდა ამ წიგნის სხვადასხვაენოვან ეგზემპლარებს.

ზუსტად მაშინ დავუტოვე ეს კომენტარი:

“I’m happy I found this blog. I was in Istanbul to attend your concert and it was great. Thank you very much for these 2 hours! I’m from Georgia and I hope you’ll come here someday, maybe soon :)

P.S.: If you want, I can send you Georgian copy of Fahrenheit 451.”

რომელზეც არ უპასუხია, თუმცა მე მისი კოლექციონერობის ამბავი არასოდეს დამვიწყნია.

არც ისე soon, მაგრამ 2 წლის შემდეგ, Altervision Group-მა მართლაც ყველაზე მაგარი საჩუქარი გაგვიკეთა და Tbilisi Open Air-ზე სხვა ძალიან მაგარ ბენდებთან ერთად Archive-ც ჩამოიყვანა. როდესაც ეს ამბავი პირველად გავიგე, თვალებს ვერ ვუჯერებდი – რამდენჯერმე გამოვედი და შევედი facebook-ზე, რომ დავრწმუნებულიყავი –  არ მეჩვენება!!!

გუშინ კი დადგა ის დღე, როცა მე კიდევ ერთხელ უნდა მომესმინა მათთვის. სახლიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გამახსენდა, რომ “451 ფარენჰეიტი” მქონდა და გადავწყვიტე თან წამეღო. დიდხანს ვეძებე და ის-ის იყო, დანებებას ვაპირებდი, წიგნის თაროზე ბრედბერის სახელმა გამოანათა. მაშინვე ჩავიდე ჩანთაში და გავიქეცი.

ფესტივალზე ასულს შესასვლელში აჩიკო გულედანი შემხვდა. არ ვიცნობ, მაგრამ მივედი და ვუთხარი, რომ დეივისთვის საჩუქარი მქონდა. მეგონა, გამომართმევდა და თვითონ გადასცემდა, მაგრამ მითხრა, წამომყევიო. ასე აღმოვჩნდი backstage-ში, სადაც შევხვდი არქივის ქართველ მენეჯერს, მარის და ის შემპირდა, რომ აუცილებლად მიიტანდა წიგნს ადრესატამდე. იმ მომენტში, ეს სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის. მართალია, პირადად ვერ გადავეცი, მაგრამ მაინც უბედნიერესი ვიყავი და სულ ხტუნვა-ხტუნვით დავბრუნდი საფესტივალო ტერიტორიაზე.

რამდენიმე საათში არქივის გამოსვლის დროც დადგა. უამრავი ხალხი იყო. რამდენადაც შემეძლო ახლოს დავდექი სცენასთან. ცოტა ხანში ნაცნობი მელოდია შემომესმა… Feel it!

და ასე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ლაივი, რომელზეც მხოლოდ მე კი არა, ყველა იქ მყოფი ადამიანი ცხოვრებაში ყოფილა. იმის გარდა, რომ არაამქვეყნიურ მუსიკას უკრავენ, იგრძნობოდა, როგორ აფასებენ თავიანთ მსმენელს და თვითონაც რამხელა ენერგიას იღებდნენ ჩვენგან.

ემოციებით ისე ვიყავი დატვირთული, რომ მათი გამოსვლა დამთავრდა თუ არა, სახლში წამოვედი. არ მინდოდა, რაიმე სხვა მუსიკისთვის მომესმინა. თავში მიტრიალებდა მათი ბოლო სიმღერა Lights და ახლაც, 24 საათის შემდეგ, ჩემი გონება, გული, სული და სხეული ისევ იქ, მათი მუსიკის სამყაროში ტრიალებს!

დილიდან უცნაურ განწყობაზე ვიყავი, მოზღვავებულ ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი და თან მოლოდინი მქონდა, რადგან facebook-ზე რამდენიმე მესიჯი დამხვდა, სადაც მეკითხებოდნენ, მივიღე თუ არა სურპრიზი. მივხვდი, რომ ჩემმა წიგნმა დეივამდე მიაღწია, მაგრამ არსად ჩანდა საპასუხო ფოტო. შინაგანი პანიკა მქონდა, ტირილი მინდოდა, თუმცა ვერ ვახერხებდი…

მაგრამ საღამოს facebook გავხსენი და დამხვდა ის, რასაც ასე ველოდი:

“თამთა, გამარჯობა
მე ARCHIVEის მენეჯერი ვარ, გუშინ შევხვდით ერთმანეთს. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე შენი და დეივის შეხვედრა, მაგრამ წიგნი სასტუმროში მივუტანე. აღფრთოვანებული იყო.. ვერ წარმოედგინა, რომ ვინმე საქართველოში გაუკეთებდა მისთვის ასეთ მნიშვნელოვან საჩუქარს, იქ მყოფ ბენდის სხვა წევრებს სათითაოდ ანახა გახარებული სახით და დიდი მადლობა შემოგითვალა :) “

Dave Pen for Tamta

აი, ზუსტად ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება. მთელი დღის ნაგროვები ცრემლები წამსკდა და ბედნიერებისაგან გიჟივით ვტიროდი, თანაც ყურებამდე გაღიმებული სახით. უკვე მერამდენედ ვუყურებ ამ ფოტოს და ვკითხულობ ამ სიტყვებს.

ეს ჩემი ჯადოსნური ამბავია… ერთ-ერთი საუკეთესო ამბავი, რომელიც ოდესმე გადამხდენია!!!

Looking forward to meeting you AGAIN <3

Advertisements

11 thoughts on “Archive: vol. Again

  1. ძალიან მაგარია და წარმომიდგენია შენი ემოციები. მეც გული ამიჩქარდა, შენ რა დაგემართებოდა ამ წერილსა და ფოტოზე, შემიძლია წარმოვიდგინო.

    • ძალიან სასიამოვნო ემოცია იყო… საშვილიშვილოდ რომ მოვყვები, ისეთი ამბავია ))

  2. Lika says:

    მაგარია :) ტვიტერზე დადო თქვენი ნაჩუქარი წიგნი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s