Home Alone (?)

I ნაწილი

როგორც იქნა, მარტო დავრჩი. ყველა წავიდა – სახლში სიგარეტის და ალკოჰოლის სუნია, იატაკზე ბრჭყვიალა ქაღალდები და ერთჯერადი ჭიქები ყრია, სასტუმრო ოთახის ფარდა კი ნახევრადღაა შერჩენილი საკიდზე. თუმცა ამ ყველაფერს ხვალ მივხედავ, ან ზეგ… მოკლედ, როცა მომინდება – ეს ხომ ჩემი საკუთარი ბინაა, სადაც არავინ მეტყვის, რომ საწოლი გაღვიძებისთანავე დავალაგო, სამზარეულოში ჭურჭელი არ დავაგროვო, 12 საათამდე დავბრუნდე და ა.შ.

ამაზე დიდხანს ვოცნებობდი და როგორც კი ჩემმა შემოსავალმა ოთხნიშნა რიცხვს მიაღწია, ბევრი აღარც მიფიქრია – facebook-ზე სტატუსი დავწერე, განცხადებების რამდენიმე საიტს ვესტუმრე და ბოლოს ჩემს კუთხესაც მივაგენი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში. ოჯახი უკვე შეგუებული იყო ჩემს “ახირებას”, ასე რომ დიდი წინააღმდეგობა აღარც გაუწევიათ. ჩემი ძმა უსიტყვოდ მაზიდინებდა ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს ულიფტო სახლის მეოთხე სართულზე.

შემდეგ ახალმოსახლეობაც აღვნიშნე – ყველას უხაროდა, ახლა უკვე ვიცით სადაც დავლევთ ხოლმეო, მაგრამ ყოველდღე ასეთი წვეულებების მოწყობას ნამდვილად არ ვაპირებ. ის, რომ მარტო ცხოვრება მინდა, ნიშნავს იმას, რომ მარტო უნდა ვიყო და სტუმრები მხოლოდ მაშინ მივიღო, როცა მე მომინდება. მოკლედ ასეთ ფიქრებში გართული ვწევარ ჩემს ახალ საწოლზე, რომელიც რეალურად ძირს დაგდებული დიდი მატრასია და საკუთარი თავით ვტკბები – მე ეს შევძელი!

***

იმის მიუხედავად, რომ აფორიაქებული ვიყავი, სასმელმა მაინც იმოქმედა და ჩამეძინა, მაგრამ მალევე კარზე გაბმული ზარის ხმამ გამაღვიძა. თვალები ძლივს გავახილე. დიდხანს ვარკვევდი სად ვიყავი ან რომელი საათი იყო. როგორც იქნა გავიხსენე საიდან ინთება შუქი და შემოსასვლელში გავფრატუნდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი რომელიმე სტუმარი უკან მობრუნდა, ამიტომ ჭუჭრუტანაში არც გამიხედავს, კარი ისე გავაღე.

– გასაღები დავკარგე, მაპატიე! – მითხრა კაცის მაღალმა ფიგურამ და სახლში შემოვიდა. შიშისგან მომენტალურად გამოვფხიზლდი.

– მემგონი, ბინა შეგეშალათ – სასტუმრო ოთახში დავეწიე. საძინებლიდან გამოსულ სინათლეზე უკვე კარგად ჩანდა მისი სახე. არავითარი გაოცება, არც უხერხულობა, უბრალოდ გამიღიმა და სამზარეულოში გავიდა.

სანამ ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი, მან წყალი მოუშვა, გაზი აანთო და, სავარაუდოდ, ზედ ჩაიდანიც დადგა. ალბათ, მესიზმრება-მეთქი, გავიფიქრე და ის-ის იყო “გაღვიძებას” ვაპირებდი, რომ დამიძახა.

– შემოდი, რა… ვილაპარაკოთ.

“კარიდან მარჯვნივ, კარიდან მარჯვნივ” – სამზარეულოში ჯერ ხელი შევყავი, შუქი ავანთე და მერეღა შევედი. მაგიდასთან იჯდა და თავს აშკარად ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.

– პატრული გამოვიძახო თუ წახვალთ? ძალიან მეძინება და საერთოდ არ ვარ ასეთი ხუმრობების ხასიათზე.

– კარგი, ვიცი რომ შეგაშინე… მაგრამ, მგონი, ასე ჯობდა.

არ ვიცი რა ვუპასუხო. აგრძელებს:

– ნელ-ნელა რომ შემომეპარებინა, უფრო შეშინდებოდი და იფიქრებდი, ვგიჟდებიო.

– რა უნდა შემოგეპარებინათ? პატრულს ვურეკავ!

გაზზე შემოდგმულმა ჩაიდანმა ამ დროს სრულიად უადგილო დაუსტვინა. ესღა მაკლდა, ისედაც გული მისკდება… ის კი ძალიან მშვიდად ადგა და ჩაის დასხმა დაიწყო. იცის სად დევს ჭიქები, კოვზები, შაქარიც…

– შენ რამდენი ჩაგიყარო? – მეკითხება.

ეს უკვე ბოლო წვეთია. საძინებელში გავდივარ ტელეფონის ასაღებად. ბრაზით ვკანკალებ, თუმცა მთავარი სურპრიზი თურმე წინ მელის – ის ჩემს მატრასზე ფეხმორთხმული ზის, ხელში ორი ჩაის ჭიქა უჭირავს და მიღიმის.

“დაკივლება მაინც მომესწრო” – ესღა გავიფიქრე და საძინებლის კარებთან შიშისგან ისედაც წასული გული სულ მთლად წამივიდა.

Advertisements

4 thoughts on “Home Alone (?)

  1. HBO-ს “სერიალი” “Girls”, იცი? ძალიან მაგონებს შენი წერის სტილი იმას. წლებია სერიალები არ მინახავს, მგონი ბოლოს რაღაც ბრაზილიური :ლოლ: მაგრამ აი ეს საკაიფოა, ლენა დუნამია (გვარი სწორად როგორ წარმოეთქმება, აზრზე არა ვარ) სცენარისტი და მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით ცა და დედამიწასავით ხართ, მგონია, წერის სტილი ძაან ერთნაირი გაქვთ, which I love!!!

  2. That guy!!! ბოლო პოსტიდან გადმოვდივარ. მე მქონდა ხოლმე ასეთი შეგრძნებები, რომ აი ვიღაც ვნახე სიზმარში და მეგონა, რომ სინამდვილეშიც მინახავს და მინდოდა, რომ მენახა და… you know, girlie lovey dovey stuff :-D აუ როგორ მომწონს, იცი? დაწერე მალე მესამე თავი და გაახარე ეს ბებერი ბლოგერი დედა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s