Home Alone (?) II

დასაწყისი

დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. ოდნავ წამოწევა ვცადე, მაგრამ მაშინვე უღონოდ მივესვენე ბალიშზე. თვალებსაც კი ვერ ვახელდი, ისე მოვაფათურე ხელი ჩემს მატრასზე და სადღაც ტელეფონსაც წავაწყდი.

– ჰო, როგორ ხარ? – ელენემ ისეთი ხმით მიპასუხა, მივხვდი ისიც ჩემს დღეში იყო.

– ვკვდები… ამდენი დავლიეთ?

– აუ, მე ძაან… მთელი ღამე გული მერეოდა, გამთენიისას ძლივს დავიძინე.

– მე კიდე რაღაც კოშმარი დამესიზმრა. ვითომ ჩემს სახლში ვიღაც კაცი ცხოვრობდა და თან ჩვეულებრივი კაცი არ იყო.

– მიდი, წყალს მოუყევი.

– წყალს კი არა, შენ გიყვები და მისმინე.

– გამოვალ, გინდა? ყავა დავლიოთ…

– მიდი და დალაგებაშიც მომეხმარები.

– კაი, მოვდივარ. მიყვარხარ!

ელენეს, ალბათ, მართლა ძალიან ვუყვარვარ, იმიტომ რომ ჩემთან საუბარს ყოველთვის ამ სიტყვით ამთავრებს ხოლმე. მეც მიყვარს, როგორ არა… უბრალოდ ემოციების ღიად გამოხატვა მაინცდამაინც არ მეხერხება.

***

დღის შუქზე სახლი კიდევ უფრო არეული ჩანდა, მაგრამ ჯერ არაფრის თავი არ მქონდა. გავიხადე და აბაზანაში შევედი. დიდხანს ვიდექი ცხელი შხაპის ქვეშ – არც შამპუნი, არც საპონი… უბრალოდ ვიდექი, თვალები დახუჭული მქონდა და ჩემს სიზმარზე ვფიქრობდი.

საინტერესოა, ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც არ ვიცნობთ და მაინც გვესიზმრებიან… ჩვენი ტვინი იგონებს მათ სახეებს თუ სადმე, ოდესმე თვალი მოგვიკრავს, ყურადღებაც კი არ მიგვიქცევია, მაგრამ ჩვენს ქვეცნობიერში დაილექნენ… თუ ასეა, ეს ბიჭი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანი, ვინც ესკალატორით გვერდზე ჩამიარა, ან რომელიმე ეპიზოდური როლის შემსრულებელი ფილმიდან… კარგად აღარც მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა. მაღალი იყო და შავგრემანი, მაგრამ ქუჩაში რომ შემხვდეს, ვიცნობ? რა უცნაური იქნება, ერთ დღეს სადმე რომ გადავეყარო. ალბათ, ვერასოდეს ვეტყვი, რომ დამესიზმრა…

ფიქრებიდან ზარმა გამომაფხიზლა. ვიცოდი, რომ ელენე იქნებოდა, მაგრამ მაინც წარმოვიდგინე, იქ ისევ ის ბიჭი რომ მდგარიყო. ხალათი პირდაპირ სველ ტანზე შემოვიცვი და კარი გავაღე.

– ნაბეღლავი მოგიტანე, როგორ ხარ?

– კარგად, მგონი, უკეთესად… თავი მტკიოდა ძაან.

– აუ, მეც… ბიჭებმა დამირეკეს, ხაშის საჭმელად მივდივართო.

– მოიცა, რა…

– არა, ამ სიცხეში მეც მეზარება… რა პახმელიაზეც არ უნდა ვიყო. ყავა გაქვს?

– ყავაც მაქვს და ნაყინიც. წამო…

სამზარეულოში გავედით. გამახსენდა, როგორ იდგა ჩემს გაზქურასთან და ჩაის აკეთებდა. მგონი, წვერებიც ქონდა… სხვა მართლა არაფერი მახსოვს.

– რა დამესიზმრაო, რას ამბობდი? – ელენე ბოთლით ყავას ანჯღრევდა.

– დამავიწყდა უკვე, დილით მოგესმინა.

– რა ცუდი პახმელია გაქვს, სულ ჯუჯღუნებ. – ყავა ჭიქებში გადმოასხა და ნაყინიც დაუმატა. რა საყვარელია, სულ ასე მივლის ხოლმე.

– დავლიოთ და დავალაგოთ, რა… 5 კაცზე მეტს აქ აღარ შემოვუშვებ. – მართლა ცუდ ხასიათზე ვიყავი. მგონი, მარტო ცხოვრება სულ ტყუილად ავიჩემე.

***

საფუძვლიანი “უბორკა” ჩავატარეთ. ძალიან დავიღალე, მაგრამ გუნება ცოტათი მაინც გამომიკეთდა. საღამოს 8 საათი იყო სავარძლებში რომ მივესვენეთ და წინა დღიდან მორჩენილი ტორტის ნაჭრები ვჭამეთ.

– რას იზამ, გამოხვალ თუ დარჩები? – მეგობრები კუსტბაზე ადიოდნენ, მაგრამ მე არაფრის თავი არ მქონდა. ელენეს კი არასოდეს, არაფერი ეზარება. ცოტა ხანში გამოუარეს და წავიდა. მე facebook-ისთვის მოვიცალე.

“ვინ არიან უცნობი ადამიანები ჩვენი სიზმრებიდან?” – დავწერე სტატუსი და შემდეგ დისკუსიაც გაიშალა. საბოლოოდ ყველანი შევთანხმდით, რომ ეს ადამიანები, მართლაც სადღაც გვყავდა ნანახი. მაქსიმუმი კი, რისი გაკეთებაც ჩვენს ტვინს შეეძლო, მათი სახეების გაერთიანება იყო.

“ar dagsizmrebivar” – უცბად ჩეთში მესიჯი ამომიხტა ვინმე დემეტრე ლაშხისგან. გამეცინა და სანამ ვუპასუხებდი მის პროფილზე გადავედი. საკუთარი ფოტოები არ ედო, ყოევლ შემთხვევაში, თუ მეგობრებში არ ყავდი, ბევრს ვერაფერს გაიგებდი.

“ha ha ha” – მივწერე… ისიც იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ვიყავი, თუმცა ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვალა.

“dges mainc davliot chai… cota xanshi moval :) “